ეს ნამდვილად სიყვარულია?
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.08
ურთიერთობის განმავლობაში, ალბათ, ყველა ვეუბნებით საყვარელ ადამიანს ისეთ რაღაცას, რასაც შემდეგ ვნანობთ. როცა ეს ნათქვამი ჩარჩოებს არ სცდება, მალე გვავიწყდება, მაგრამ, თუ პარტნიორისგან ხშირად გესმით გულსატკენი სიტყვები, უნდა დაფიქრდეთ – ეს ნამდვილად სიყვარულია?
• რას ჰგავხარ, წონაში უნდა დაიკლო, რა უგემოვნებოდ იცვამ!
თუნდაც ხუმრობით ნათქვამი ეს ფრაზები, ქალისთვის მაინც ემოციურად გამანადგურებელია. ხოლო თუ ამას ხშირად გეუბნებათ, თუნდაც ხუმრობით და თანაც საზოგადოებაში, მაშინ მის დამოკიდებულებას არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან.
• შენი სამუშაო უაზრობაა
თქვენმა პარტნიორმა არასდროს არ უნდა დაამციროს თქვენი საქმიანობა. თუ თქვენ სრულიად კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაოთი, თამამად უთხარით, რომ არავითარ ნეგატიურ კომენტარს არ მოითმენთ.
• მე არ მომწონს შენი ახლობლები და მეგობრები
თუ თქვენი პარტნიორი, ნაცვლად იმისა, რომ ურთიერთობა დაალაგოს, მუდმივად აკრიტიკებს თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს, ეს უნდა შეაფასოთ, როგორც თქვენი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა.
• ჩემი ყოფილი ამას ასე გააკეთებდა
სრულიად მიუღებელია, როცა ის თქვენ თავის ყოფილს გადარებთ, განსაკუთრებით, თუ ეს შედარება თქვენს სასარგებლოდ არ ჟღერს. თუ ის მუდმივად პარალელს ავლებს თავის ძველ ურთიერთობასთან, ურჩიეთ, თავი დაგანებოთ და ძველ შეყვარებულს დაუბრუნდეს.
ძნელად გასაგები ფენომენი
სიყვარული ზოგი ადამიანისთვის ძნელად გასაგები ფენომენია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე საკუთარ გრძნობას ეხება. რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს, ააწყონ ურთიერთობა მეორე ადამიანთან?
1. ისინი მუდმივად აანალიზებენ გრძნობებს ცივი გონებით, როგორც საკუთარს, ასევე სხვისას. ყოველთვის აგროვებენ ინფორმაციას, ძალიან ბევრს ფიქრობენ და გამოაქვთ დასკვნები, ეს კი სასარგებლოც არის და საზიანოც, რადგან პირველივე პრობლემის დროს გარბიან პარტნიორისგან. ვჩხუბობთ? ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილი, მშვიდობით! – ამბობენ და საყვარელ ადამიანთან წყვეტენ ურთიერთობას.
2. სჭირდებათ დიდი დრო, რომ გაიხსნან მეორე ადამიანთან. მათი ტვინი არასოდეს ჩერდება და მუდმივად მუშაობს, ჩაჰკირკიტებენ დეტალებს და მიზეზებს, რატომ არ მიდის ყველაფერი იდეალურად. შედეგად, ჭკვიანი ადამიანები ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ ურთიერთობა რისკია.
3. ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ წინა ურთიერთობის გამოცდილებას. ეს ჭკვიანი ადამიანებისთვის კიდევ ერთი ხაფანგია. მიზეზები, რამაც წინა ურთიერთობა დაანგრია, მოსვენებას არ აძლევს მათ. კარგად ახსოვთ, როგორი მტკივნეული იყო პარტნიორთან დაშორება და გაუაზრებლად აგუებენ თავს, რომ შესაძლოა, ამჯერადაც ყველაფერი ცუდად დამთავრდეს.
4. მარტო ყოფნა მათი გააზრებული არჩევანია. ჭკვიანი ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ მარტოხელობა ბევრად მარტივი და კომფორტულია, ვიდრე იყვნენ ადამიანთან, რომელიც „მათი არ არის“.
გონებრივი შესაძლებლობების მაჩვენებელი
ჭკვიანი ადამიანი არასოდეს ამბობს, რომ ჭკვიანია. შეიძლება, ასე ფიქრობდეს, მაგრამ ხმამაღლა არ იტყვის. ყველაფერი, რასაც აკეთებს, კანონზომიერებად მიაჩნია, იქნება ეს პროფესიული საქმიანობა თუ, უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობა.
ჭკვიანი ადამიანი საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით არასოდეს ტრაბახობს და თუ არ სთხოვენ, არც რჩევებს არიგებს. ის ჩუმადაა, როცა სხვა ლაპარაკობს და დასკვნები თავისთვის გამოაქვს.
ჭკვიან ადამიანებს თავიანთი საიდუმლოებები აქვთ – ისინი ბევრ რამეს მალავენ.
ძირითადად კი სამ რამეს:
1. საკუთარ შიშებს, რომლებითაც შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლოს.
როგორც ყველას, ჭკვიან ადამიანსაც რაღაცის ეშინია. მას ესმის, რომ შიში მისი სისუსტეა, რომელიც არაკეთილისმსურველმა შეიძლება, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ამიტომ მალავს.
2. საკუთარ ამბიციებს, რომლებმაც შესაძლოა, მის მიმართ ნდობა გააქარწყლოს
ზოგჯერ ადამიანები ზედმეტად ამბიციურები არიან და მათი პროვოცირება ძალიან ადვილია. ასეთი პროვოკაციების წყალობით შეიძლება ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოთ ან დააზარალოთ. ეს ჭკვიან ადამიანებს შესანიშნავად ესმით, ამიტომ საკუთარ ამბიციებს მალავენ. თუნდაც ეს რთული იყოს, მათ იციან თავის შეკავება და ამაში ძლიერი ნებისყოფა ეხმარებათ.
3. საკუთარ შემოსავალს, რომელიც შეიძლება შურისა და ანგარების მიზეზი გახდეს
ჭკვიანი ადამიანი თავის ფინანსურ მდგომარეობას მალავს, რათა მისი პროვოცირება ვერავინ შეძლოს. ჭკვიანი ადამიანი არ ცდილობს, მდიდარი გამოჩნდეს. ის არასოდეს აძლევს ადამიანებს შურის ან დაცინვის მიზეზს. ჭკვიანმა ადამიანმა იცის საკუთარ თავზე მუშაობა და ადამიანებს ისეთებს იღებს, როგორებიც არიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან