კამათი არ ნიშნავს ჩხუბს
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.04
ბევრი წყვილი კამათს გაურბის. ფიქრობენ, რომ კამათი აუცილებლად ჩხუბში გადაიზრდება, რომ კამათი ნიშნავს დაძაბულობას, ემოციურ აფეთქებას და ურთიერთობის დაზიანებას.
სინამდვილეში კი, კამათი ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია. როცა ადამიანები ერთმანეთს გულწრფელად ესაუბრებიან, აზრები ყოველთვის არ ემთხვევა. განსხვავებული ხედვა, განსხვავებული გამოცდილება, განსხვავებული ემოციები – ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია.
პრობლემა მაშინ იწყება, როცა კამათის გვეშინია და საკუთარ აზრს აღარ ვამბობთ. როცა ვჩუმდებით, ვაგროვებთ წყენას და ვცდილობთ, მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობაში ჩუმი დაძაბულობა გროვდება, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მძიმე კონფლიქტად შეიძლება, გადაიქცეს.
კამათი კი, პირიქით, ხშირად არის გზა, რომ ადამიანებმა უკეთ გაიგონ ერთმანეთის. როცა კამათში არის პატივისცემა, მოსმენის უნარი და სურვილი, რომ არა მხოლოდ ვილაპარაკოთ, არამედ მოვისმინოთ კიდეც – კამათი ურთიერთობას არ ანგრევს, არამედ აძლიერებს.
მნიშვნელოვანია განსხვავება კამათსა და ჩხუბს შორის.
კამათი არის აზრების გაცვლა. ჩხუბი კი ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.
სწორი კამათი არ არის ბრძოლა, სადაც ვიღაც აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ეს არის დიალოგი, სადაც ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის გაგებას. და ხშირად სწორედ ასეთ კამათებში იბადება უფრო ღრმა ნდობა და ურთიერთობის ახალი ეტაპი.
იმიტომ რომ ურთიერთობა, სადაც არასოდეს კამათობენ, ხშირად იდეალურობისგან ძალიან შორსაა. ის, უბრალოდ, გაუთქმელი სიტყვებითაა სავსე.
რას ამბობს ქალი – რა ესმის კაცს
ურთიერთობაში დისტანცია ხშირად სიტყვებს შორის კი არა, მნიშვნელობებს შორის ჩნდება. საქმე ისაა, რომ ქალი ამბობს ერთს, კაცს კი სულ სხვა რაღაც ესმის. სწორედ აქ იწყება გაუგებრობა.
მაგალითად, როცა
* ქალი კაცის კითხვაზე „რა ხდება“ , ამბობს: - „არაფერი.“ კაცს ესმის: „საკითხი დახურულია“. სინამდვილეში ქალი ამბობს: „მაწყენინე და მინდა, რომ ამას თავად მიხვდე.“
ქალისთვის „არაფერი“ არის ემოციური სიგნალი.
კაცისთვის – ინფორმაციის არქონა.
* ქალი ამბობს: „როგორც გინდა“. ეს კაცს ესმის ასე: „კარგი, არჩევანი ჩემზეა“. სინამდვილეში ქალი ამ დროს ამბობს:
„მინდა, რომ ჩემი აზრი შენთვის მნიშვნელოვანი იყოს.“
რა ქნას კაცმა? ის ვერ ხვდება და აქ უკვე უსიამოვნება გარდაუვალია.
* ქალი ამბობს: „არა უშავს, კარგად ვარ.“ კაცს კი ესმის: „პრობლემა არ არსებობს.“
ქალი ხშირად ამ სიტყვებით მალავს დაღლას, წყენას ან დაუკმაყოფილებელ მოლოდინს. ის არ ითხოვს გამოძიებას, ის ელოდება ინტერესს მამაკაცის მხრიდან.
მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალის „არა უშავს“ ხშირად ნიშნავს: „მაწყენინე, მაგრამ აღარ მინდა კამათი“.
ეს არის კონკრეტულ მომენტში კონფლიქტის თავიდან აცილება და არა პრობლემის გაქრობა.
რა ხდება სინამდვილეში? სად იკარგება დამაკავშირებელი ძაფი? ქალი საუბრობს ემოციით, კაცი კი უსმენს ფაქტს; ქალი ელოდება ჩართულობას, კაცი ეძებს კონკრეტულ მოთხოვნას... და სანამ ორივე თავის ენაზე საუბრობს, ურთიერთობა თარგმანს საჭიროებს.
რა მინდა მე...
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქალის ცხოვრებაში ხშირად დგება ეტაპი, როცა ის იწყებს საკუთარი პიროვნების უფრო ღრმად გაცნობიერებას.
ეს შეიძლება, იყოს პერიოდი, როცა ადამიანი საკუთარ ცხოვრებას გადახედავს და დაუსვამს კითხვებს საკუთარ თავს: რა მინდა მე? რა მაბედნიერებს? სად არის ჩემი პირადი საზღვრები?
ამ პროცესს ხშირად ახლავს ცვლილებები ურთიერთობაშიც. როცა ქალი იწყებს საკუთარი სურვილების გამოხატვას და საკუთარი სივრცის დაცვას, პარტნიორს შეიძლება,, გაუჩნდეს განცდა, რომ ყველაფერი იცვლება. მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესი ბუნებრივია.
ჯანმრთელ ურთიერთობაში ორივე პარტნიორი იზრდება, ვითარდება და იცვლება. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ერთს უნდა, რომ მეორე იმ როლში დატოვოს, რომელშიც ადრე იყო.
ფსიქოლოგების აზრით, ქალი, რომელიც საკუთარ თავს იცნობს, უფრო მშვიდი, უფრო თავდაჯერებული და ხშირად უფრო ბედნიერიც ხდება. და სწორედ ასეთ ურთიერთობაში შეიძლება დაიწყოს ნამდვილი დიალოგიც ორ დამოუკიდებელ ადამიანს შორის.
მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალი, რომელიც საკუთარ თავს პოულობს, ყოველთვის ცოტა სხვანაირი ხდება. ის აღარ არის მხოლოდ სხვისი მოლოდინების შემსრულებელი. ის იქცევა იმ ადამიანად, რომელსაც საკუთარი ხმა და მოსაზრება აქვს. და სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ყველაზე დიდი ცვლილებები ოჯახში მაშინ იწყება, როცა ქალი პირველად ამბობს: „მე ასე მინდა“. და ამას, ოჯახის წევრები გაგებით უნდა მოეკიდონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





