ძლიერ ქალს მხოლოდ სიყვარული არ ჰყოფნის
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.08

ძლიერ ქალს უყვარს ძლიერად. ხანდახან – ყველაფრის ფასად, მაგრამ სიყვარული მისთვის არ არის ერთადერთი საჭიროება. ძლიერ ქალს სჭირდება თანასწორობა პარტნიორულ ურთიერთობაში.
ის არ არის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სითბო დააკმაყოფილებს. მას სჭირდება ხედვა, მიზანი, მიმართულება. სჭირდება კაცი, რომელიც არ გარბის, როცა ქალი ბევრ კითხვას სვამს ან დიდი გეგმები აქვს.
მისთვის სიყვარული ვერ იქნება საკმარისი, თუ ის დიალოგში არ არის ინტელექტუალურად თანასწორი.
ძლიერი ქალი აზროვნებს, ეჭვობს, იკვლევს, სწავლობს...
მისთვის მისაღები და სასურველია ადამიანი, ვისთან ერთადაც შეეძლება, იყოს მოაზროვნე და არა უბრალოდ შეყვარებული.
ის არ ითხოვს, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდეს. არამედ ითხოვს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც გააძლიერებს. რა თქმა უნდა, მას სჭირდება გრძნობა, მაგრამ უფრო მეტად სჭირდება იმის განცდა, რომ მის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.
დიახ, ძლიერ ქალს უყვარს, მაგრამ თან, ხვდება, რომ სიყვარულს სხვა, უფრო ღრმა ფესვებიც უნდა ჰქონდეს.
ის ელოდება კაცს, ვინც არ იტყვის მხოლოდ „მიყვარხარ“, არამედ ჰკითხავს: „რას გინდათ რომ მიაღწიო? როგორ შემიძლია, ვიყო შენს გვერდით ისე, რომ შენც არ დაკარგო საკუთარი თავი, არამედ იყო ის, ვინც ხარ “.
როგორი მამაკაცი სჭირდება გვერდით ძლიერ ქალს
ძლიერი ქალი – ეს არ ნიშნავს უხეშს ან ყველაფრის უარმყოფელს. ეს ნიშნავს ქალს, რომელმაც ისწავლა საკუთარ თავზე ზრუნვა, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრებაში დამოუკიდებლად სვლა. თუმცა, ისიც ადამიანია და გვერდით ნამდვილად სჭირდება მამაკაცი, ვისთანაც არ მოუწევს საკუთარი ძალის მტკიცება.
როგორი უნდა იყოს ეს მამაკაცი?
სტაბილური და ემოციურად განვითარებული – ძლიერი ქალისთვის ყველაზე მიმზიდველი ის კაცია, ვისაც არ აშინებს ქალის სიძლიერე. ვინც არ ცდილობს კონკურენციას, არ ცდილობს გაჩუმებას. ვისაც შეუძლია მოსმენა, სხვისი გაგება, თან არ კარგავს საკუთარ იდენტობას.
ვისაც არ ეშინია თანაბარი ურთიერთობის – ვინც არ ფიქრობს, რომ მამაკაცმა „უნდა მართოს“, არამედ ქმნის სივრცეს, სადაც ორივეს აზრს აქვს მნიშვნელობა. ძლიერი ქალი პატივს სცემს სანდო და შემდგარ პიროვნებას.
შთამაგონებელი და ცნობისმოყვარე – რომელიც თავადაც ვითარდება. არ ეჭვიანობს პარტნიორის მიღწევებზე, არ მიიჩნევს ქალის წარმატებას საფრთხედ. პირიქით — ენთუზიაზმით უსმენს და გულწრფელად ზეიმობს მის გამარჯვებებს.
სხვა ენაზე არ ლაპარაკობს და გულით გრძნობს – ძლიერ ქალს არ სჭირდება მანიპულატორი. მას სჭირდება ის, ვინც მარტივად და გულწრფელად გამოხატავს გრძნობებს. ვინც არ ფიქრობს, რომ სისუსტე სირცხვილია.
ძლიერი ქალის გვერდით ყოფნა – ეს არ არის კონკურსი. ეს პარტნიორობაა და ამ პარტნიორობაში მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ ღრმა შინაგანი სიმშვიდით.
გავთავისუფლდეთ ემოციური დამოკიდებულებისგან
ემოციური დამოკიდებულება სიყვარულს მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს. როცა გიყვარს – სუნთქავ, ქმნი, იზრდები; როცა ემოციურად ხარ დამოკიდებული – კარგავ საკუთარ თავს, სიმშვიდესა და თავისუფლებას.
ემოციური დამოკიდებულება მაშინ ჩნდება, როცა მთელი ემოციური რესურსის აგება სხვაზე გვიწევს. მისი განწყობა განსაზღვრავს ჩვენს დღეს, მისი გადაწყვეტილებები – ჩვენს მომავალს. ამ ურთიერთობაში არ არსებობს თანაბარი ძალები, მხოლოდ ჩაჭიდება და შიშია. შიში იმისა, რომ მარტოდ დავრჩებით, რომ ვერ გავუმკლავდებით და რომ „ის“ უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი ალტერნატივა.
როგორ ამოვიცნოთ ემოციური დამოკიდებულება?
სიმპტომები:
• გიჭირს გადაწყვეტილებების მიღება მის გარეშე;
• მუდამ ელოდები შეტყობინებას მისგან, ზარს ან მოწონებას;
• შენი თვითშეფასება მის რეაქციებზეა მიბმული;
• ხშირად ივიწყებ საკუთარ საჭიროებებს და პირველ ადგილზე მას აყენებ.
ნაბიჯი თავისუფლებისკენ:
• აღიარება – როცა ვაღიარებთ, რომ დამოკიდებული ვართ, უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ გათავისუფლებასთან;
• ფოკუსის დაბრუნება საკუთარ თავზე – რა გიყვარს შენ? როდის ხარ მშვიდად? რაზე ოცნებობ?
• დახმარება – სპეციალისტთან საუბარი დაგეხმარება გრძნობების გადახალისებაში და საკუთარი ფასეულობების ხელახლა აღმოჩენაში;
• ფიზიკური და ემოციური დისტანცირება. დრო და სივრცე ის იარაღებია, რომლებიც ძალას ართმევს დამოკიდებულებას;
• გაძლიერება და დაბრუნება საკუთარ თავთან – ჰობი, მეგობრები, საქმე – ყველაფერი, რაც შენი დამოუკიდებლობის განცდას აღადგენს.
დამოკიდებულება დროებითია, თუ მზად ხარ მასთან გამკლავებისთვის. სიყვარული კი მაშინ მოდის, როცა ამოსუნთქვა შეგიძლია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან