ქალი და კაცი

დრო გვეხმარება

№50

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:30 15.12, 2020 წელი

ქალი და მამაკაცი
დაკოპირებულია

ადამიანებს გვჯერა, რომ ურთიერთობა მშვენიერი და სამუდამოა, მაგრამ ბედნიერი და რომატიკული დასასრული მხოლოდ ფილმებშია.

რეალურ ცხოვრებაში სიყვარულს ცრემლიც ახლავს და როდესაც სიყვარული მთავრდება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ იდეალური სიყვარული და პარტნიორი არ არსებობს.

პირველივე ტანჯვის შემდეგ, როდესაც თავს უსუსურად მივიჩნევთ, სიყვარული სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება. იწყება ყველაზე მტკივნეული ფაზა. ეგოისტებად ვიქცევით – გრძნობები საკუთარი ტკივილის ჩასახშობად გვჭირდება და არა იმითვის, რომ სამუდამო ურთიერთობები ავაგოთ. ამიტომ ამ ეტაპზე მყარ კავშირებს კი არ ვამყარებთ, თავადაც არ ვიცით, რა გვსურს. შედეგად კი, სიყვარულის ილუზია მხოლოდ ცუდ ემოციებს გვიტოვებს. მაგრამ დრო გვეხმარება, ცხოვრება თანდათანობით უკეთესი ხდება, სულ ახალ მწვერვალებს ვაღწევთ და სულ უფრო ვზრუნავთ საკუთარ თავზე. და სრულიად მოულოდნელად მოდის ნამდვილი სიყვარული. ვიღებთ იმას, რაზეც არც კი ვოცნებობდით. და ვრწმუნდებით, რომ სიყვარული არსებობს!

სტაბილური და სერიოზული

ვის წინაშეა ვალდებული ქალი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, ანუ არ აქვს სტაბილური და სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან. განსაჯო ან შეიცოდო ადამიანი, რომელმაც თავად აირჩია საკუთარი ბედი, სისულელეა, მაგრამ ხანდახან, როცა შეყვარებული ქალის ისტორიას ისმენ, ძნელია, არ უთხრა სად და რა შეეშალა. უპირველესად, თუ ქალი საკუთარ თავს ატყუებს, მას უკვე სერიოზული პრობლემა აქვს.

უბედურება ისაა, რომ ზოგიერთმა ქალმა თავადაც არ იცის, რა სურს. მაგალითად, ცოლიან მამაკაცზე შეყვარებული ქალი ყოველთვის იტყუება, როცა ამბობს, რომ ეს არასერიოზულია. ცოლიან მამაკაცზე შეყვარებული ქალი ცოლს ყოველთვის კონკურენტად აღიქვამს. უმჯობესია, საერთოდ არ თქვას, რომ ცოლი მისთვის დაბრკოლება არ არის. შინაგანად ზუსტად იცის, რომ თავს იტყუებს. ის ვერ იტანს ცოლს და მას მხოლოდ ცუდს უსურვებს.

ხომ მოგისმენიათ მსგავსი ტექსტები – რომ ის ღმერთს არ უქნია ქალად, რა აცვია, თავს არ უვლის, ბავშვებს ცუდად ზრდის, ეგოისტია და ყველანაირად უვარგისი.

პრობლემების იგნორირება ვერასდროს იქნება მისი მოგვარების საშუალება. ზოგჯერ ეს, უბრალოდ, ნამდვილი ბრძოლაა მამაკაცისთვის, რასაც შესაძლოა, უბრალოდ, საშინელი იმედგაცრუება მოჰყვეს ან ცხოვრებისეული გამოცდილება და პიროვნული ზრდის ახალი საფეხური.

თბილი სიტყვების ენიდან

შეყვარებულები აუცილებლად ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე უნდა საუბრობდნენ, მათთვის სიყვარულის ენა მშობლიურივით უნდა იყოს.

როცა წყვილი ერთმანეთს შორდება, მიზეზი ხშირად არასწორი ურთიერთობებია. სიტუაციის გამოსწორება კი თავად უნდა დავიწყოთ, კონკრეტულად კი თბილი სიტყვების ენით.
ხშირად ოჯახური თანაცხოვრების დროს, დროთა განმავლობაში, კომპლიმენტები უკმაყოფილებასა და შენიშვნებში გადაიზრდება.

„მას არასდროს სცალია ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის“ – ეს ქალების უმეტესობისთვის დამახასიათებელი ფრაზაა. კაცების უმრავლესობა კი ამბობს, რომ ყველანაირად უზრუნველყოფს თავის ცოლ-შვილს, მთელი დღე მუშაობს, შინ გვიან, დაღლილი ბრუნდება და მაინც არ აფასებენ. ნუ დაიწყებთ საუბარს მეუღლესთან შენიშვნების ენით და ნურც მხოლოდ მის უარყოფით თვისებებს ახსენებთ. სითბოთი და შექებით მას თქვენს ყველა სურვილს შეასრულებინებთ. ასე რომ, ისწავლეთ სიყვარულის ენა და საყვარელ ადამიანს მხოლოდ ამ ენაზე ესაუბრეთ.
შეხებას, მოფერებას, ზოგადად, ფიზიკურ სიახლოვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის ურთიერთობაში, შეიძლება, ითქვას, რომ გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს. შეხების ენას უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია, დაგავიწყოთ ყველა პრობლემა და უბედნიერეს ადამიანად გაგრძნობინოთ თავი როგორც თქვენ, ისე თქვენს პარტნიორს.

ყველაფერი სიყვარულით გააკეთეთ, გახსოვდეთ, რომ ამას თქვენი რჩეულისთვის აკეთებთ და მაშინ არასდროს მიიღებთ საყვედურს, რომ სადილი თავის დროზე არ მოამზადეთ ან პერანგი არ დაახვედრეთ გარეცხილი.
სიყვარულს გამუდმებით კვება სჭირდება. სიახლე შეიტანეთ ურთიერთობაში და სასიამოვნოდ გააოცეთ თქვენი პარტნიორი. ის ყოველთვის განსაკუთრებულს და გამორჩეულს უნდა ხედავდეს თქვენში და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

იდეალური მამაკაცის თვისებები

უხსოვარ დროში, როცა მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ქალები ისხდნენ კერიის გარშემო და იდეალური მამაკაცის პორტრეტს ქმნიდნენ. ეს არარეალური პორტრეტი კი მათ თავიანთ ქალიშვილებს გადასცეს, იმათ – თავიანთ ქალიშვილებს და ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ რაღაც გენეტიკურ კოდად არ ჩაინერგა. ასე გაჩნდა სტერეოტიპები, რომლებიც მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ.

მაინც, როგორია ქალებისთვის იდიალური მამაკაცი? 🧐

✔️ ის ქალებზე საუბარს იწყებს ფრაზით – „მაგალითად, ჩემი ცოლი...”

✔️ არ მოსწონს მოდელები. მისთვის მთავარია ქალის შინაგანი სამყარო

✔️ როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს, არ ლოთობს და არც პირშუქად ზის მთელი საღამოს განმავლობაში, არამედ სიხარულით იღებს გამოწვევებს და ადვილად უმკლავდება

✔️ თუ გატაცებულია კოლექციონერობით, მაშინ ის, რასაც აგროვებს არ არის დიდი, არც ძვირი და არც მტვრიანი

✔️ არ უყვარს ფეხბურთი, ფლეისთეიშენი, ვიდეოთამაშები და არ ყრის ძირს წინდებს

✔️ ზეპირად ახსოვს ცოლის, მისი დაქალების, სიდედრის დაბადების დღეები, ზოდიაქოს ნიშნები, დაბადების დღე. იცის, რა ნუგბარი უყვარს მის მეორე ნახევარს, რა ზომის ფეხი აქვს, რამდენ შაქარს უმატებს ყავას და ისიც კი, რაც ქალმაც არ იცის საკუთარი თავის შესახებ

✔️ არის ხალისიანი, აქვს კარგი იუმორი

✔️ ის ყოველთვის პირველი აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა და არასდროს უყვირის ქალს

✔️ მუდამ მზად არის, წაიყვანოს თავისი ცოლი პარიზში.

P.S. გახსოვდეთ, ასეთი მამაკაცის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. მთელ ცხოვრებას ნუ გაატარებთ არარეალური იდეალის ძებნაში. მადლობელი იყავით, თუ თქვენი პარტნიორი რამდენიმე პუნქტს მაინც დააკმაყოფილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი