ქალი და კაცი

დეტალები და კონტექსტი

№45

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.11

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

დეტალების მიმართ ორიენტირებული ყოველთვის ქალია, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას კი კაცი აკეთებს. ესეც ბუნებრივი მომენტია. კომუნიკაციის დროს ქალი, მამაკაცისგან განსხვავებით, ნებისმიერ საუბარში ცდილობს, ქვეტექსტი დაინახოს ან ცდილობს, მიხვდეს, რას გულისხმობდა მოსაუბრე. მაგალითად, კაცმა თქვა: „თუ შეგიძლია, წყალი მომაწოდე.“ ქალმა შეიძლება, იფიქროს, „რატომ თქვა ეს“, „რა იყო ქვეტექსტი“... ამ დროს კი კაცისთვის არავითარი ქვეტექსტი არ არსებობდა – უბრალოდ, წყალი უნდოდა. ესეც გენეტიკური კომპონენტია. ქალს უწევს ჩვილთან კომუნიკაცია, ბავშვს ამ დროს ლაპარაკი არ შეუძლია – ქალი მომართულია გამოიცნოს, ბავშვს რა აწუხებს. ამიტომ, ქალი ინსტინქტურად მომართულია და საუბრის დროს ცდილობს, ჩაწვდეს ნათქვამის, გამოხატულის იქით კიდევ რაღაცას. ამ დროს კი კომუნიკაციაში პრობლემაა – კაცს არაფერი არ უგულისხმია, მან, უბრალოდ, თქვა ის, რაც თქვა. არის ასეთი დეტალიც: როდესაც კაცი სადმეა წასული, მაგალითად, ძმაკაცებთან ერთად, არ სიამოვნებს ბევრი ზარი – „როგორ ხარ?“, „სად ხარ?“… მამაკაცისთვის ეს შემაწუხებელია, რაღაც მომენტში კონტროლადაც აღიქმება. ქალისთვის კი პირიქით – ყურადღებად მოისაზრება და რომ არ დაურეკო, ეწყინება. აქედან გამომდინარე, ვიცით რა ეს მომენტი – კაცმა უნდა დაურეკოს, ქალმა კი – არა, – ეს იქნება ურთიერთობის სწორი ფორმა. ორივე სქესს აქვს თავისი ნიუანსები. კონფლიქტებს სწორედ ამ განსხვავებულობების სწორი შეცნობა აგაცილებთ თავიდან. ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის აწყობისთვის.

და ბოლოს...

ამბობენ, ქალსა და მამაკაცს განსხვავებულად უყვართ. როგორც ჩანს, ქალებს უფრო ხშირად და უფრო ღრმა გრძნობა ეუფლებათ. შეყვარებული ქალები ეიფორიულნი არიან, ყვირილი სურთ. მზად არიან, ადრე დაქორწინდნენ. შეუძლიათ, ცალმხრივად უყვარდეთ, რადგან ფიქრობენ, რომ სიყვარული საჩუქარია და მამაკაცებისგან განსხვავებით, პარტნიორის იდეალიზაციას ახდენენ. მაგრამ, ამავე დროს, პარტნიორთან დაშორებას მამაკაცები ბევრად უფრო მწვავედ განიცდიან. ასევე, თუ ყოველ მეორე ქალს, საშუალოდ, 20 პაემანი სჭირდება, რომ გადაწყვიტოს – უყვარს თუ არა, ყოველი მეოთხე მამაკაცი მე-4 შეხვედრაზე უკვე თავდავიწყებით არის შეყვარებული.

და, მთავარი – როგორ ვპოულობთ გულისსწორს? ანთროპოლოგ დევიდ გივენს მიაჩნია, რომ სიყვარულის უხილავი სიგნალები ჩვენი ტვინის პრიმიტიულ უბნებშია გაბნეული და, როგორც კი მიზიდულობის ობიექტი კონკრეტულ სამიზნედ იქცევა, სახის გამომეტყველებით, ღიმილით თუ მორცხვად დახრილი მზერით, განსაკუთრებული მანერულობით – შეხებით, თვალის თვალში გაყრით, უთვალავ სასიყვარულო იმპულსებს გავცემთ. დიახ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ პარტნიორს იმპულსურად, ინტუიციურად ვპოულობთ და შემდეგ თვეებს ვანდომებთ იმაზე ფიქრს, თუ რატომ გავაკეთეთ ასეთი არჩევანი? და აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ, შეგვიყვარდა…

როგორია თავდაჯერებული მამაკაცი

ყველას უნდა, საზოგადოებაში საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის იმიჯი დაიმკვიდროს. თავდაჯერებულობა მუდამ წარმატებისა და ძალის სინონიმი იყო. მაშ ასე, რაშია საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის ხიბლი? როგორია თავდაჯერებული მამაკაცი? ფსიქოლოგები თავდაჯერებული ადამიანის ექვს ნიშანს გამოყოფენ:

• საკუთარი გრძნობების დაუფარავად გამოხატვა და ურთიერთობისას სპონტანურობა;

• გრძნობების ვერბალური და არავერბალური გამოხატულების თანხვედრა;

• საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი აზრისა და სურვილების დაცვის უნარი;

• პასუხისმგებლობის ასაღებად მზადყოფნა და საკუთარი სახელით საუბრის შესაძლებლობა. ასეთი პიროვნება საუბრისას ამბობს „მე“ და არა „ჩვენ“. არ ცდილობს, ამოეფაროს გაურკვეველი ფრაზების ფასადს;

• კომპლიმენტების მიღებისა და გაცემის უნარი;

• უნარი, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის.

თუმცა, ეს ფსიქოლოგების აზრია. რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ქალები – მამაკაცის ხიბლის ყველაზე მკაცრი და ზუსტი შემფასებლები? სუსტი სქესის აზრით, იყო თავდაჯერებული, ნიშნავს:

• იყო გამბედავი;

• გქონდეს მყარი ცხოვრებისეული პოზიცია;

• გარემოებათა მიუხედავად, იყო მტკიცე და შეუპოვარი, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა;

• შეგეძლოს, ქალი მიიღო ისეთი, როგორიც არის;

• იყო დამოუკიდებელი;

• გქონდეს გარეგანი და შინაგანი კეთილშობილება;

• არ შეუშინდე ემოციებს;

• იყო გულღია;

• შეგეძლოს ოპტიმიზმის შენარჩუნება და სხვისთვის გადაცემა;

• უფრთხილდებოდე ოჯახსა და ოჯახურ ურთიერთობებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა