დავიწყებული საიდუმლო თუნყოველდღიური ელექსირი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.08

ანუ, ფლირტი გრძელვადიან ურთიერთობაში… ძალიან ბევრ წყვილს დროთა განმავლობაში ავიწყდება, რომ ფლირტი მხოლოდ გაცნობის ეტაპისთვის არაა განკუთვნილი, თითქოს ის მხოლოდ „დასაწყისის ჯადოსნური ფაზაა“ და შემდეგ ქრება. სინამდვილეში, ფლირტის დაკარგვა ხშირად ერთ-ერთი პირველი ნიშანია იმისა, რომ ურთიერთობა ჩვევაში ან, უბრალოდ, რუტინაში გადავიდა.
რატომ არის აუცილებელი ფლირტი
ემოციური კავშირის გახალისება – სიტყვებმა, მზერამ ან მოულოდნელმა კომპლიმენტმა შეიძლება, ათასჯერ ძლიერად იმოქმედოს წლების შემდეგაც, როცა ყოველდღიურობას უკვე ერთი და იგივე „არომატი“ აქვს.
მნიშვნელოვანია სხეულის ენის გახსენება – ფლირტი არ არის მხოლოდ სიტყვები. ის ჟესტია, ზრუნვა, იუმორი და ცოტა თამაში, რომელიც გვახსენებს, რომ ერთმანეთთან ყოფნა ჯერ კიდევ შეიძლება, მხიარული და მსუბუქი იყოს.
წყვილში ფლირტი აღადგენს ღიმილს, რომელიც პრობლემებმა და ცხოვრების სერიოზულობამ შესაძლოა, გადაფაროს. ეს არის თამაში, სადაც ორივე თანაბარ პირობებშია და თავისუფლად გამოხატავს სურვილებს, მიმზიდველობასა და ინტერესს.
როგორ დავუბრუნოთ ფლირტი ურთიერთობას?
* გააკეთეთ რაღაც მოულოდნელი;
* იხუმრეთ მეტი – მსუბუქად ირონიული, მაგრამ სიყვარულით სავსე იუმორი ფლირტის ყველაზე მიმზიდველი ფორმაა;
* დააფასეთ ერთმანეთი ხმამაღლა – სიტყვებით გამოთქმული სურვილები, არასოდეს არის ზედმეტი;
* მოუსმინეთ ისე, თითქოს პირველად ხვდებით – ინტერესი მეორე ადამიანის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ფორმაა ფლირტისა.
ცოლქმრული ფლირტი უკვე ნდობაზეა დამყარებული და სწორედ ამიტომ, გაცილებით მიმზიდველიცაა. ის ურთიერთობაში სიყვარულის, ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის შენარჩუნების ხერხია.
ფლირტი – მითები, რეალობა … რატომ გვჭირდება ის
ფლირტი – სიტყვა, რომელიც ზოგიერთში ღიმილს იწვევს, სხვებისთვის კი... ეჭვს, გაურკვევლობას ან ფრთხილ დაძაბულობას. მაგრამ რეალურად, ფლირტი არ არის მხოლოდ რომანტიკული ინტერაქციის დასაწყისი – ის ადამიანური კომუნიკაციის ერთ-ერთი უძველესი და ბუნებრივი ფორმაა.
მითი ¹1: ფლირტი აუცილებლად სექსუალურ ინტერესს ნიშნავს
ძალიან გავრცელებული სტერეოტიპია. სინამდვილეში, ფლირტი შეიძლება, იყოს, უბრალოდ, მსუბუქი, არაფორმალური, მხიარული კომუნიკაცია. ზოგჯერ ფლირტი მიზნად ისახავს არა რომანტიკულ მიზანს, არამედ ემოციურ კავშირს, კომპლიმენტის მიღებას ან დროებითი პოზიტიური ენერგიის გაზიარებას.
ფლირტი – ეს არის მზერა, ჟესტი, რომლის საშუალებითაც ვამყარებთ უფრო ღრმა და ინტუიციურ კონტაქტს ადამიანთან. ის გვახსენებს, რომ მოწონება ძალიან სასიამოვნოა და რომ მოწონება არ ნიშნავს ვალდებულებას.
მითი ¹2: ფლირტი მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს „შეეფერებათ“
ეს შეხედულება მცდარია და ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულებაა თვითგამოხატვის მიმართ. ფლირტი არ არის ღალატი, თუ მას ზღვარი აქვს და კეთილგანწყობითაა დამყარებული. ის ხშირად, უბრალოდ, სოციალური თამაშია – საკუთარი ხიბლის შეგრძნება, რომელსაც შეიძლება, მოჰყვეს ღიმილი და მეტი თავდაჯერება.
დიახ, ფლირტი შეიძლება, იყოს თავაზიანობა, ოდნავ მეტი ყურადღება და მსუბუქი იუმორი. ის აძლიერებს ჩვენს სოციალურ ჩართულობას და ასტიმულირებს თვითშეფასებას.
მითი ¹3: ფლირტი არასერიოზულ ადამიანებს ახასიათებთ
გავრცელებული წარმოდგენაა, რომ ფლირტი ზედაპირულობას, არასერიოზულობას ნიშნავს. სინამდვილეში, ფლირტი ხშირად კომუნიკაციის მაღალი ინტელექტუალური ფორმაა. ის საჭიროებს დაკვირვებას, ემპათიას და სწორი დროის შეგრძნებას.
ხშირად სწორედ ის ადამიანები ფლირტაობენ ბუნებრივად, ვინც კარგად აღიქვამს სხვების განწყობას. ასეთმა კომუნიკაციამ შეიძლება, თავდაჯერებულობისა და კომფორტის სივრცე შექმნას ორივე მხარისთვის.
რატომ გვჭირდება ფლირტი?
* ფლირტი გვახსენებს, რომ შეიძლება ვიყოთ მომხიბვლელები, თუნდაც, უბრალოდ, ჩვენი არსებობით;
•ფლირტი ასტიმულირებს ჰორმონებს, რომლებიც პოზიტიურ განწყობას ქმნიან (დოფამინი, ოქსიტოცინი);
•ფლირტი სოციალური თვითდამკვიდრების ერთ-ერთი გზაა – ყურადღების მიღება გვიმტკიცებს, რომ ვარსებობთ, რომ გვამჩნევენ;
• ბოლოს და ბოლოს... ფლირტი არის თამაში და ადამიანი, რომელიც აღარ თამაშობს, იწყებს მობერებას – ასაკის მიუხედავად.
ფლირტი არ არის ვალდებულება და არც საშიში ინსტრუმენტი. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი თავის ბუნებრივ ხიბლს, იუმორსა და სითბოს გამოხატავს. მთავარია, ვიცოდეთ ზომა, კონტექსტი და პატივისცემა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან