ქალი და კაცი

დამჯერი გოგო

№52

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.01

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თუ იდეალურ ქალს თამაშობ, შენს მამაკაცს ყველა სურვილს უსრულებ, ზოგჯერ ცოტას კი ჯიუტობ, ებუტები, მაგრამ პრინციპებს მალე თმობ, ურიგდები, ეუბნები, რომ გენატრება და ის შენთვის მთელი ცხოვრებაა – დამღუპველი თამაშის სცენარი აგირჩევია. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ მოიგოთ მამაკაცის გული და უფრო მეტიც – ჭკუა დააკარგვინოთ, თანაც სამუდამოდ!

რჩევა 1 – გახსოვდეთ, რომ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა დამოკიდებულია არა ქალის გარეგნობაზე, არამედ მის ხასიათზე. ძლიერ ქალებს არ უნდათ სხვისი სტანდარტებით ცხოვრება, რადგანაც მათ საკუთარი სტანდარტები აქვთ. მაგრამ სწორად უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს ძლიერი ქალი. გიფიქრიათ, ძლიერი, ლამაზი და დამოუკიდებელი ქალები რატომ არიან ხშირად მარტოსულები? იმიტომ რომ მათ ზედმეტად ემოციური ხასიათი აქვთ და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებენ მამაკაცის საქციელზე. ეცადეთ, ზოგჯერ მაინც მოახდინოთ თქვენი დაუცველობის დემონსტრირება.

რჩევა 2 – ოცნების ქალი „ტყავიდან არ ძვრება“ იმის გამო, რომ ვინმეს მოეწონოს. გაითვალისწინეთ, ქალი, რომელიც კაცს რეალურად უყვარს არ დაიწყებს მისთვის სამი სხვადასხვა კერძისგან შემდგარი სადილის მომზადებას, არც ფაიფურის სერვიზით გაუწყობს სუფრას. ყველაზე კარგ ვარიანტში მხოლოდ ერთ კერძს გაუმზადებს, იმასაც ერთჯერადი ჭურჭლით მიუტანს. დესერტად კი ნაყიდ რულეტის მიართმევს.

რჩევა 3 – როდესაც ქალი შუაღამეს მიემართება მამაკაცის სანახავად, მას მხოლოდ ერთი რამ აკლია – აბრა წარწერით: „უზრუნველვყოფთ ადგილზე მოტანის სერვისს”. არასოდეს გააკეთოთ ეს!

რჩევა 4 – ურთიერთობის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ შემდეგს – თუ მამაკაცი არ აპირებს თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს, ის არც მომავალში იზამს. ასეთი კაცი კი თქვენი ღირსი არაა, თქვენ მეტს იმსახურებთ.

რჩევა 5 – უთხარით მამაკაცს შემდეგი ფრაზები – მე კარგი ვარ, კმაყოფილი უნდა იყო, რომ ასეთი შეგხვდი. ყოველ საათში გაუმეორეთ საკუთარ თავს რომ მიმზიდველი ხართ, არასდროს იფიქროთ, რომ ცუდად გამოიყურებით.

რჩევა 6 – არასდროს ჰკითხოთ კაცს – „რატომ არ დამირეკე? მთელი კვირაა სად დაიკარგე?“ თუ თქვენ ისე მოიქცევით, რომ მისი გაუჩინარება არც კი შეგიმჩნევიათ, ის აუცილებლად გამოემართება თქვენკენ. არ დათანხმდეთ ყველაფერზე, არ აიკლოთ ყოველდღე ზარებითა და გრძელი მესიჯებით. არ გადაიქცეთ მის დედად. მართალია, ამბობენ, რომ ხშირად კაცს სურს ცოლი, რომელიც დედამისს ჰგავს, მაგრამ რეალურად კაცისთვის მოსაბეზრებელია ასეთ ქალთან ცხოვრება.

რჩევა 7 – არასდროს შეიცხადოთ კომპლიმენტი. პირიქით, ისე მიიღეთ, რომ ასეც უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ მამაკაცები ზუსტად ისე გექცევიან, როგორც თქვენ ექცევით საკუთარ თავს. ლამაზი ქალი მამაკაცს შეიძლება არც ისე მომხიბვლელი მოეჩვენოს, თუ ქალი საკუთარ სილამაზეში ეჭვს შეიტანს.

რჩევა 8 – შეიძლება, თქვენი ურთიერთობა სპონტანურად დაიწყოს, მამაკაცი ადვილად მოხიბლოთ, მაგრამ მისი შენარჩუნება ძნელია. თუ გინდათ, რომ მამაკაცი თქვენზე დამოკიდებული გახდეს – არ გახდეთ თავად მასზე დამოკიდებული. დაიკავეთ ოქროს შუალედი. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტად გაანებივრებთ, მით უფრო ნაკლებად დაგაფასებთ.

რჩევა 9 – აჩვენეთ, რომ მისი დაკარგვის არ გეშინიათ. მიხვდეს, რომ მის გამო ყველაფერს არ დათმობთ. თუ თქვენ მამაკაცს მოსწონს ქერა ქალები, არ შეიღებოთ თმა ამის გამო. ამით თქვენ აჩვენებთ, რომ რაღაცები მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.

სტაბილური ფსიქიკა

ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინებისა და ერთ პარტნიორთან სექსის გარანტია მხოლოდ ერთი რამაა – სტაბილური ფსიქიკა. არა დათმობა, არა კომპრომისები – ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან. როდესაც ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მას მთელი ცხოვრება შეუძლია, ერთ პარტნიორთან გაატაროს.

მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „დედიკოს კალთაში ზის“, მხოლოდ იმასთან მიდის, ვისი თვალებიც მას მოწონების სიგნალს უგზავნის. ჯანმრთელი მამაკაცი ბავშვივითაა. ის მიდის ქალთან, რომელიც მას უღიმის, თვალებში უყურებს.

ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევს, „ნევროტიკი“ კი – ურთიერთობებს საკუთარი თავის საზიანოდ. და ესაა მთავარი განსხვავება.

ქალმა ურთიერთობებში არასდროს უნდა მოითმინოს ის, რაც არ მოსწონს. ამის შესახებ მაშინვე უნდა თქვას და თუ მამაკაცი არ იცვლება, მას უნდა დაშორდეს.

მამაკაცებს, როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როცა ქალს თავისი ხასიათი აქვს.

გახსოვდეთ, თუ ერთი ადამიანი მეორეს მთელ სამყაროს უცვლის, ეს ნიშნავს, რომ თავისი სამყარო მას, უბრალოდ, არ გააჩნია.

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანმრთელ ადამიანსა და „ნევროტიკს“ შორის? ჯანმრთელი ადამიანიც იტანჯება, მაგრამ რეალური ისტორიების გამო, „ნევროტიკი“ კი – მოგონილი ისტორიების გამო. და თუ ტანჯვა არ ჰყოფნის, კაფკას, დოსტოევსკისა და ალკოჰოლს იშველიებს.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, მისი ქცევის გამართლების ძებნა არ ღირს. ვითარება, როდესაც მან „არ დაგირეკათ“, ჯანსაღი გოგონასთვის ურთიერთობების დასასრულს ნიშნავს, ხოლო არაჯანსაღისთვის – სიყვარულის დასაწყისს.

მოკრძალება და თავმდაბლობა თითქოს საქებარია, მაგრამ ქალისთვის ხელის შემშლელია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ დამღუპველიც. სწორედ დაკომპლექსების, საკუთარ თავში ეჭვებისა და დაბალი თვითშეფასების გამო გოგონა ცხოვრობს სექსისა და ურთიერთობების გარეშე არა იმიტომ, რომ ის შეუხედავია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ცუდად ექცევა.

და ბოლოს, ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ ურთიერთობებში ყოფნა – ეს ზრდასრული ადამიანის არჩევანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული