ქალი და კაცი

ბედნიერი ურთიერთობის ანაბანა

№10

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.03, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმოყვარეობის გაღვიძება, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და გამოიყენებთ მათ, თქვენს ურთიერთობას დრო და ყოველდღიურობა ვერაფერს დააკლებს.

თვალებით კონტაქტი

მზერა ყოველთვის გაცილებით სრულყოფილად გამოხატავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, ვიდრე საათობით საუბარი. ამიტომ, როცა ვინმე მოგწონთ, პირველ რიგში, ეს აგრძნობინეთ მზერით. საქმე ისაა, რომ როცა ვინმე დაჟინებით გიყურებთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს. სწორედ ამიტომ თვალებში ცქერა ყველაზე ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოსახატავად, ასე შეძლებთ, სასურველ ადამიანს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენ მიმართ. მამაკაცების უმეტესობას ეუხერხულება პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, თქვენ კი მზერით შეგიძლიათ, წაახალისოთ ის.

ყოველთვის მოუსმინეთ ყურადღებით

სულაც არ არის აუცილებელი, რომ მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრით მოხიბლული დარჩეთ, აქ მთავარია, დაინახოს თქვენი ყურადღება და ინტერესი დეტალების მიმართაც კი. მოსმენის ხელოვნებას ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მისი განვითარება, თუ ჯანსაღი ურთიერთობა გსურთ. იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ყურადღებით უსმენთ – ოდნავ დააქნიეთ თავი, როცა ეთანხმებით, ასევე ჟესტით მიანიშნეთ, რომ თანაუგრძნობთ. მოკლედ, აქტიურად გამოიყენეთ სხეულის ენა.

იყავით საქმიანი და ცოტათი მიუწვდომელი

აგრძნობინეთ, რომ მის გარდა სხვა გეგმებიც გაქვთ. არც ის იქნება კარგი, თუ ყოველ ჯერზე დააიგნორირებთ მის ზარებსა თუ ტექსტურ შეტყობინებებს. ასეთ შემთხვევაში, იგი ნელ-ნელა დაკარგავს ინტერესს თქვენ მიმართ და იპოვის ვინმე სხვას, ვისთანაც ასე არ გაუჭირდება კომუნიკაციის დამყარება. ზოგჯერ შეგიძლიათ, დაუგვიანოთ პასუხის გაცემა მესიჯზე ან მაშინვე არ უპასუხოთ სატელეფონო ზარს – მცირე დოზებით ამის კეთება თქვენ შეგძენთ საქმიანი და დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯს მის თვალში.

ნუ გაუზიარებთ ყველაფერს. უმჯობესია, ისაუბროთ ნაკლებად და დააკვირდეთ მეტად.

ქალები ბევრს ლაპარაკობენ და მეტწილად საკუთარ პირად ცხოვრებაზე. მაშინ, როცა კაცებს სულაც არ აღაფრთოვანებთ ქალების ეს თვისება. ნუ გამოფენთ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალს. ნაცვლად ამისა, ისაუბრეთ ორივე თქვენგანისთვის საინტერესო თემაზე, რაიმე ზოგად საკითხზე – ცხოვრებაზე, ჰობიზე, პრობლემებზე, სპორტზე, პოლიტიკაზე. შეხედულებები სხვადასხვა თემაზე გაცილებით ღირებულ ინფორმაციას მოგაწვდით ერთმანეთის შესახებ, ვიდრე თქვენი ინდივიდუალიზმის სიტყვიერი აღწერა.

ნუ გამოხატავთ შთაბეჭდილებებს გადაჭარბებული ფორმებით

თუ თქვენი ინტერესის ობიექტით მუდმივად აღფრთოვანებული ხართ და ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე აგრძნობინებთ, ის დაკარგავს აზარტს და მოტივაციას თქვენ მოსანადირებლად. არ აჩვენოთ საკუთარი აღტაცება, უბრალოდ, დაუფასეთ და იყავით მადლიერი. არც ისაა საჭირო გამუდმებით უმეოროთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან რთულია, რადგან ყოველთვის იყავით განებივრებული ყურადღებით. ამან ის შეიძლება დათრგუნოს და საერთოდ ჩაიქნიოს ხელი.

მრავალფეროვანი ინტერესები

თუ თქვენ არ გაქვთ თემა, რაზედაც მთელი გატაცებით შეგიძლიათ, ილაპარაკოთ, გამოდის, რომ თქვენ არ გაქვთ ჰობი. თქვენ კარგავთ საკუთარ ინდივიდუალურ ქარიზმას. მოკლედ, არ ხართ საკმარისად საინტერესო და თქვენთან ურთიერთობა მამაკაცს ადრე თუ გვიან მობეზრდება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მოფიქრებული, რა გააკეთოთ თავისუფალ დროს, გირჩევთ, დაიწყოთ რამე სასარგებლო აქტივობა. მთავარი წესი აქ ისაა, რომ იყოთ გულწრფელი და ნამდვილი – არ უნდა ივარჯიშოთ იოგა, თუ ეს არ ჯდება თქვენს გემოვნებაში, არ სცადოთ ცურვა, თუ არანორმალურად გეშინიათ წყლის. თქვენი ჰობი თქვენივე ინდივიდუალიზმთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

საკმაოდ დიდი გამოწვევაა, დააინტერესო მამაკაცი, თანაც ისე, რომ მას არასოდეს გაუქრეს ეს ინტერესი. ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდებათ, არის საკუთარი თავის პოვნა და ინდივიდუალიზმის განვითარება. თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, ნამდვილად მოახერხებთ ბედნიერი ურთიერთობის აშენებას თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი