ქალი და კაცი

ასეთი მამაკაცებიც არიან...

№44

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.11

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არსებობენ ინფანტილური მამაკაცები. ინფანტილური მამაკაცი ითხოვს ყურადღებას, სიყვარულს, მზრუნველობას, სხვა დანარჩენი მას არ აღელვებს. მათ გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ამ დროს მუდამ ჭირვეულობენ, ისტერიკას მართავენ, გაურბიან პასუხისმგებლობას და ხშირად ცრუობენ. ინფანტილური მამაკაცისთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული, გაღიზიანებადობა, გულმავიწყობა, სიზარმაცე, პრობლემებისგან გაქცევა, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მშობლებზე ძლიერი მიჯაჭვულობა. ასეთი მამაკაცი მთელი ცხოვრება თამაშით ერთობა. ერთ-ერთი ამგვარი სათამაშო შეიძლება, იყოს ოჯახიც. თუ ის მობეზრდა, მამაკაცი მას დაუნანებლად მიატოვებს და სხვა გასართობს მოძებნის.

მას გულწრფელად სჯერა, რომ უნდა მოუარონ, აჭამონ, ჩააცვან, მის მაგივრად მოძებნონ დაკარგული ნივთები, ჩაუდონ ჯიბეში ცხვირსახოცი, დილით გააღვიძონ და ასე შემდეგ. ის ასეა მიჩვეული, მხოლოდ ასეთი მდგომარეობაა მისთვის ბუნებრივი.

ინფანტილური მამაკაცები ორ ტიპად იყოფიან. პირველი ტიპის ინფანტილები ტიპური დედიკოს ბიჭები არიან. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დედასთან – ბავშვივით. ეს მამაკაცები ქვეცნობიერად ეძებენ ქალებს, რომლებიც განახორციელებენ მათზე მკაცრ კონტროლს და პატრონაჟს, მოუვლიან და მოემსახურებიან, აჭმევენ, ასმევენ და მოეფერებიან. საინტერესოა, რომ ასეთი ინფანტილი სრულიადაც არ არის დამჯერი ბიჭუნა. ის გამუდმებით ჭირვეულობს და იბუტება, არასოდეს ასრულებს დანაპირებს და მუდამ ცრუობს.

ინფანტილები, რომლებიც მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან, მკვეთრად უარყოფენ საკუთარი ინფანტილურობის გამო შენიშვნებსა და საყვედურებს. მათ იმ ქალების ხარჯზე თვითდამკვიდრება სჩვევიათ, რომლებიც არ გამოირჩევიან არც სილამაზით, არც ნიჭით და ამიტომ მომთხოვნებიც არ არიან. სწორედ ასეთი კატეგორიის ქალებზე ნადირობენ ინფანტილური მამაკაცები.

რა უნდა ქნას იმ ქალმა, რომელიც ინფანტილურ მამაკაცს გადაეყარა?

ყველაზე სწორი იქნება, დროზე გავერკვეთ სიტუაციაში და გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა ასეთ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, „დედაშვილობანას“ თამაში ღრმა შინაგან კომფორტს არ გგვრით. ინფანტილური მამაკაცის გარდაქმნა შეუძლებელია, რადგან ყოველი მისი ცხოვრებისეული თუ ყოველდღიური ქცევა აღზრდის შედეგია. ეს ტვინში ჩადგმული პროგრამაა, რომლის გადაწერა, ან წაშლა შეუძლებელია.

შეარჩიე სიტყვები

მამაკაცებსაც სიამოვნებთ კომპლიმენტების მიღება. თუმცა, ყველა ქალს არ შეუძლია, სწორად შეარჩიოს სიტყვები. ეს მამაკაცებს უფრო ახასიათებთ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, შეადარონ თვალები ალმასებს, თმა – ზღვას და მის სურნელს და ასე შემდეგ. მართალია, მამაკაცების შემთხვევაში, სწორი კომპლიმენტის შერჩევა ცოტა რთულია, მაგრამ თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, საქმეს გაიიოლებთ.

პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რა არ უნდა უთხრათ მამაკაცს: „მუსი-პუსი“ „ბაჭია“, „პუპსიკ“ „პატარავ“ ან სხვა მსგავსი ზედმეტ სახელები გამაღიზიანებელია, მიუხედავად იმისა ექნებათ თუ არა მათ უარყოფითი რეაქცია ამაზე. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება, საყვარელ ადამიანთან დაგაშოროთ.

მამაკაცებს აღიზიანებთ ქალების ყოფილ პარტნიორებზე საუბრები. არ მოსწონთ შეკითხვა – გიყვარვარ? ასეთი დეტალების გაუთვალისწინებლობით შესაძლოა, ურთიერთობა უკან-უკან წავიდეს.

ნებისმიერი მამაკაცისთვის სასიამოვნოა, როდესაც მას თავს ძლიერად აგრძნობინებენ. შესაბამისად კომპლიმენტი – „როგორი ძლიერი ხარ“ – მამაკაცთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია.

„საყვარელო, ეს შესანიშნავი იყო“ – მსგავსი ტიპის კომპლიმენტი, მამაკაცს ბედნიერს გახდის. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაში ეტყვით, იქნება ეს საჩუქრის, სეირნობის, ვახშმის თუ ტელეფონზე საუბრის შემდეგ. ასეთი სიტყვებით, თქვენს მამაკაცს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებთ, რაც მას ურთიერთობისას დამატებით სტიმულს მისცემს. მამაკაცებისთვის კომპლიმენტების თქმა საუკეთესო ხერხია, რომ აიძულოთ მამაკაცი გააკეთოს ის, რაც გსურთ. „მე არ გაძალებ, მაგრამ შენ ამას სხვებზე უკეთ შეძლებ“ – შესანიშნავი კომპლიმენტია მამაკაცისთვის. ის შეუძლებელს შეძლებს ასეთი სიტყვების შემდეგ.

აუცილებლად გაიცინეთ მის ხუმრობებზე. იუმორის შეგრძნება თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ურთიერთობისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა