ამოუცნობი ფენომენი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 09.02

მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ან როგორ უნდა მოვქცეულიყავით კონკრეტულ შემთხვევაში. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია, ავხსნათ ურთიერთობის ფსიქოლოგიის არსი და ახალი ურთიერთობის დაწყებისას შევეცადოთ, განვსაზღვროთ ის რისკფაქტორები, რომლებიც წინა შემთხვევაში არ გავითვალისწინეთ.
მამაკაცი – ეს არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ურთიერთობაში ცდილობს, იყოს მაქსიმალურად დომინანტი. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში. როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება, უარი თქვას მასზე, გამოდის, ურთიერთობისგან მას გარკვეული მოლოდინებიც აქვს. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და ამას სულ არ თანხმდებოდეთ, მაგრამ ეს მან არ უნდა იგრძნოს! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს. თუმცა, გააჩნია შემთხვევასაც, ყველა ინდივიდუალურია.
ნუ შეეცდებით მამაკაცების ჩარჩოებში მოქცევას, თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ და იმავდროულად, ძალიან დაძაბავთ ურთიერთობას. მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად, მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ, რომ ის მართავს, თუმცა არ უთხრათ, რომ თქვენ ხართ კისერი და მიმართულებას სწორედ თქვენ აძლევთ.
ურთიერთობის ფსიქოლოგია, პირველ რიგში, დაფუძნებულია, ერთმანეთის გაგებასა და საერთო ინტერესების გაზიარებაზე. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებელია, შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!
რაც შეეხებათ ქალებს, ქალები ძალიან ნაზი და სუსტი არსებები არიან. თუ მამაკაცის შემთხვევაში ეს უფრო ინსტინქტებსა და სითამამეში გამოიხატება, ქალების შემთხვევაში აქ მთავარ როლს ემოცია განსაზღვრავს.
ქალისათვის აუცილებელია, მამაკაცის ცხოვრებაში საჭიროდ იგრძნოს თავი. ის ძალიან ემოციურია, ეს ემოციები კი სიყვარულზე, საჭიროების განცდასა და მისი როლის მნიშვნელობაზე გადის. მამაკაცებო! აგრძნობინეთ თქვენს საყვარელ ქალს, რომ ის თქვენთვის ერთადერთია, რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ და ის ძალიან საჭიროა თქვენი ცხოვრებისათვის!
სუსტი წერტილი
მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, გაცილებით მოწყვლადნი არიან, განსაკუთრებით – თანამედროვე ეპოქაში, როცა ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არცთუ ისე ბევრია. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა – ერთგვარი პიტერ პენი, რომელიც უარს არ იტყვის ქალებით თამაშზე. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმის ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს – ეს ხომ მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს! სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახის წევრებს, ფულის შოვნის უნარს... თუმცა ეს სია შეიძლება, უსასრულოდ გავაგრძელოთ.
საქმე ის არის, რომ მამაკაცები, თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით, სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია.
სიბრალული, თანაგრძნობა და სხვა ამგვარი გრძნობები, რომლებიც მშვენიერ სქესს ზოგჯერ სიყვარულის სინონიმებად მიაჩნია, მამაკაცურ ბუნებას არ ახასიათებს. არ სურს, თავად გამოჩნდეს უბადრუკი და სუსტი. მამაკაცს არც ისე კარგად აქვს განვითარებული თანაგრძნობის უნარი და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვას ეს შეუძლია.
რჩევა ქალბატონებს: მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, თანაც მდგომარეობიდან მხოლოდ პოზიტიური გამოსავალი შესთავაზეთ.
მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვართ, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. მათ, საერთოდ, უჭირთ საკუთარი გრძნობების ანალიზი, მათ ინსტინქტი, იმპულსი ამოძრავებთ. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ. რჩევა ქალბატონებს: ნუ ჩაითრევთ მამაკაცს სენტიმენტალურ, ცხოვრებისეულ საუბრებში. კაცები ვერ იტანენ უმიზნო ფლირტს. ამიტომ ცდილობენ, მოქმედებაზე, რაც შეიძლება, მალე გადავიდნენ. თუ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა და თამაში იყო, მისგან დანდობას ნუ ელით. უარის შემთხვევაში ის შეეცდება, ქალს ყველა მიწიერ მანკიერებაში დასდოს ბრალი, რათა თავი დაირწმუნოს, რომ დანაკარგი არც ისე დიდია. თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობები არ გაქვთ, ჯობს, განზე გადგეთ და ეს რაც შეიძლება მალე აგრძნობინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან