ქალი და კაცი

ამბობენ ...

№46

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.11, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, მამაკაცები ქვეყანას მართავენ, ქალები კი – მამაკაცებსო. მოკლედ, მოინდომეთ გაუგოთ საყვარელ მამაკაცს. როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მამაკაცმა მაინცდამაინც ის ერთი აირჩიოს?

ჩაიცვით შთაბეჭდილების მოსახდენად

თქვენ უნდა ჩაიცვათ რაიმე ისეთი, რაშიც თავს კომფორტულად, ლამაზად და სექსუალურად იგრძნობთ. ჩაიცვით ის, რაც თქვენს პიროვნებაზე ისაუბრებს. გამოაჩინეთ თქვენი მხრები და კისერი. ბევრი მამაკაცი ქალის მხრებსა და კისერს მიიჩნევს სხეულის ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ ნაწილებად. მამაკაცებით მანიპულირების საუკეთესო გზა ქალის სილამაზეა. და არ დაგავიწყდეთ, რომ ლამაზ ქალს უფრო მეტს პატიობენ.

ყველა მამაკაცის კრედოა, სამუდამოდ თავისუფალი იყოს ქალური პრეტენზიებისგან, ქალის ჩუმი ისტერიკებისა და მითითებებისგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს მან. მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება, სანამ ეს დედობრივ მზრუნველობაში არ გადავა.

საოცნებო ქალი ყურადღებიანი უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად. მას უნდა ჰქონდეს პატარ-პატარა ყურადღების გამომხატველი ნიშნები, რომლებიც მამაკაცს აგრძნობინებს, რამდენად მნიშვნელოვანია. უნდა ახსოვდეს, რა უყვარს მის მამაკაცს, რა სჭირდება და რა აწუხებს. თუ თქვენ ცდილობთ მამაკაცის შეცვლას, კარნახობთ საკუთარი ცხოვრების წესებს, უცვლით ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მანერას და აკრიტიკებთ მისი ინტერესების სფეროს, თუნდაც ეს მამაკაცისთვის სასიკეთოდ ხდებოდეს, თქვენი საქმე ცუდად არის. კაცის შინაგანი „მე“ მაშინვე განგაშს ატეხს და შემდეგ რაც მოხდება, თქვენ თავს დააბრალეთ.

ჭკვიანი ქალი მამაკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი კითხვებით შეხვდება: „კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ იმოქმედე!“ მამაკაცი არასდროს წავა იმ ქალისგან, რომელიც მხარში უდგას.

უპირველეს ყოვლისა

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია, სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყროს საკუთარ თავს. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია ჰარმონიული ურთიერთობის აგება, ვინაიდან გარშემო მყოფები ისევე გვექცევიან, როგორი დამოკიდებულებაც საკუთარი თავის მიმართ გვაქვს.

ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, თუ როგორ ადამიანებს ვიზიდავთ. არსებობს მამაკაცთა ტიპები, რომელთაც არ შეუძლიათ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობა. სანამ ქალი არ გააცნობიერებს, სად უშვებს შეცდომას და საკუთარი თავისა და მსგავსი კაცების მიმართ დამოკიდებულებას შინაგანად არ გადასინჯავს, მუდამ ერთ ადგილას იტრიალებს.

უფრო ხშირად შეუფერებელ კაცებს იზიდავენ ქალები, რომლებსაც შეიძლება, იდეალისტები, მაქსიმალისტები, მეტისმეტად რომანტიკული არსებები, იდეალურ, მგზნებარე, ყოვლისმომცველ სიყვარულზე მეოცნებენი ვუწოდოთ. როგორც წესი, ეს მამის მხრიდან სიყვარულის ნაკლებობით აიხსნება. როდესაც გაიზრდება, ასეთი გოგო ქვეცნობიერად მიისწრაფვის, ისეთ კაცებს აღუძრას სიყვარული, რომლებიც ამ გრძნობას ვერ მისცემენ და ყველაფერი ხელახლა მეორდება.

მამაკაცთა ტიპები, რომლებთანაც ურთიერთობის გაბმა სახიფათოა:

ცოლიანი კაცი

სიყვარულს გეფიცება, ახლოს ყოფნისას მზრუნველი და ნაზია, მაგრამ შენთან საუბრისას სულ საათზე იხედება, ყველასგან გმალავს, არ შეუძლია, უქმეებსა და დღესასწაულებზე შეგხვდეს, თანაც გეუბნება, რომ მხოლოდ შენ უყვარხარ. სინამდვილეში, ურთიერთობა სამს გაქვთ და არა თქვენ – ორს. მუდმივად რაღაცას დაგპირდება: რომ მალე მოვა, ცოლს გაეყრება და შენ შეგირთავს, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება… მომავალში. ეს მხოლოდ სიტყვებია და არა მოქმედება.

მიუწვდომელი კაცი

ის ჩინებულ კაცს ჰგავს, ვისთანაც თავს კარგად გრძნობ, თუ ერთად ერთობით, მაგრამ როგორც კი მისი დახმარება დაგჭირდება, რატომღაც გვერდით არ აღმოჩნდება, მიუწვდომელია. ყოველთვის აქვს საქმე, რომელიც შენზე მნიშვნელოვანია. ამასთან, ცოლიანი კაცის მსგავსად, იგი არ გაცნობს საკუთარ მეგობრებს, არ უყვება შენზე თავის მშობლებს (შენთვის მათ გაცნობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). როდესაც სჭირდები, გეძახის და შენ მის გვერდით ხარ, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, რომ თვითონაც შენ გვერდით იყოს.

არასაიმედო, უპასუხისმგებლო კაცი

მას სრულებით არ სჭირდება შენი გვერდით ყოფნა. უფრო სწორად, შენთან ყოფნა მხოლოდ ზოგჯერ სურს და არა ყოველდღე. ის ხომ თვითკმარია, ისედაც კარგად გრძნობს თავს. რაღაც დროს მისი თვითკმარობა შენთან ურთიერთობაში ისეთ ზღვარს მიაღწევს, რომ ზოგჯერაც კი ვერ იგრძნობს საჭიროებას, დრო დაგახარჯოს. მისთვის ხომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის მთავარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული