საზოგადოება

ზურაბ ცინცქილაძე: ქალი გამუდმებით ორსულად უნდა იყოს! როგორ და ვისგან – ეს თვითონ გადაწყვიტონ

№50

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 20.12, 2021 წელი

ზურაბ ცინცქილაძე
დაკოპირებულია

მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე არა მარტო ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით, გარგნობითაც გამოირჩევა, ამიტომ ქალების ყურადღება არასდროს აკლდა, თუმცა, როგორც ამბობს, ამის შესახებ ახლა იგებს. ის მთელი ცხოვრება დიდი სიყვარულის ერთგულია, რომელთანაც უკვე 50-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებს.

ზურაბ ცინცქილაძე: ადრე მეგონა, რომ სიყვარული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ გრძნობას გამოხატავდა და თურმე, ეს ძალიან ღრმა ცნება ყოფილა. მერე გავიგე ისიც, რომ ეს ღმერთის ერთ-ერთი სახელი ყოფილა 55-თაგან. ამ სიტყვის ფუძე არის ყუა, რაც გონიერებას ნიშნავს. გონიერების გამოხატულება არის ის, რომ შეგიყვარდება ადამიანს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი და მიდიხარ მასთან იმისთვის, რომ მომავალი შვა. სიყვარული არის სიბრძნე და გონიერება.

– პირველად რა ასაკში შეგიყვარდათ?

– ძალიან ადრეულ ასაკში. მაშინ მივხვდი, რომ ეს გრძნობა სიყვარულის ნიშნებს შეიცავდა. მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი, როცა ის ქალი დამესიზმრა. ახლა ვაცნობიერებ, რომ მასთან ერთად დავფრინავდი. რომ გამეღვიძა, უკვე სხვა ბავშვი ვიყავი და არა ის, ვინც ჩაძინებამდე (იცინის). სამწუხაროდ, არ ვიცოდი, იმას რა ესიზმრებოდა, ამას როგორ შევეკითხებოდი?! გამოხდა ხანი და ჩემი ყველა ოცნება თამრიკომ ამიხდინა. უკვე 50 წელია, ერთად ვართ, აუცილებლად გადავიხდი ოქროს ქორწილს. ვაპირებ, რომ ჩვენი ქორწინების 50 წლის იუბილეზე თამრიკოს თავიდან ვთხოვო ხელი. ეჭვი მაქვს, რომ უარს მეტყვის და ამის შიში მაქვს (იცინის).

– რატომ გგონიათ, რომ შეიძლება, უარი გითხრათ?

– დარწმუნებული არ უნდა იყო, რომ ყველა სურვილი აგიხდება, ცოტა ეჭვი უნდა გეპარებოდეს და მერე უნდა ცდილობდე, შენი საქციელით ის ეჭვი გააქარწყლო. ახლა ისე მოვიქცევი, რომ აუცილებლად დასტურს მომცემს (იცინის).

– სანამ ქალბატონი თამრიკო გამოჩნდებოდა, მანამდე თავგადასავლები გექნებოდათ...

– მე არ მქონია სასიყვარულო თავგადასავლები. როგორც ჩანს, ასეთი იყო ღვთის განგება, უფალმა დამაჯილდოვა იმით, რომ მთელი ცხოვრება გავატარე ადამიანთან, რომელიც შემიყვარდა იმ ასაკში, როცა ნამდვილად ვიცოდი სიყვარულის ფასი. ეს არის ჩემი მთავარი თავგადასავალი. საყმაწვილო ასაკში მას არც კი გაუგია ჩემი მისდამი დამოკიდებულების შესახებ. ეს იყო სულის ფორიაქი და წვრთნა. დღეს სასტიკი წინააღმდეგი ვარ, როცა ამბობენ, ჯერ გავიაროთ და ვნახოთ, იქნებ, ვერ ვეგუებით ერთმანეთსო.

– მათ თავიანთი ლოგიკა აქვთ, გკითხავენ: მერე რომ ვერ შევეგუოთ და დავშორდეთ ეს სჯობსო?

– რას ჰქვია მერე ვერ შევეგუოთ, ცხოველი ხომ არ ხარ, ინსტინქტებით რომ მოქმედებდე. როცა მიხვდები, რომ ეს ადამიანი შენთვის არის, მერე გადადგი ეს ნაბიჯი. ამას შინაგანი მდგომარეობა გაგრძნობინებს და მერე ცოტა ტვინსაც დაატანე ძალა. როცა ამ ქალთან, კაცთან და ცხოველთან ერთნაირი ლტოლვა გაქვს, ესე იგი, ეს სიყვარული არ არის, ლტოლვა სხვა არის. დაუკვირდი, შე დალოცვილო. ყმაწვილებო, ოცი წლის ასაკამდე ნუ შეირთავთ ცოლს და თუ ოცი წლის ასაკშიც მიხვდით, რომ არ გაქვთ იმდენი ჭკუა, ლტოლვა და სიყვარული ერთმანეთისგან გაარჩიოთ, ისევ მოიცადეთ, ჯერ ნუ შეირთავთ ცოლს. ახლა მე ცხრილი ვნახე, თუ ახალგაზრდები სამ და მეტ შვილს არ გააჩენენ, 30 წლის შემდეგ ქართველები უმცირესობაში მოვექცევით ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია. ვინ უნდა იფიქროს ამაზე თუ არა ჩვენ და ხელისუფლებამ?! წახალისებული უნდა იყოს მრავალშვილიანობა. შვილის ჩასახვა და გაჩენა ხომ საღმრთო საქმეა?! საღმრთო საქმე შეიძლება, ცოდვა იყოს? ამიტომ, ახალგაზრდებო, გააჩინეთ შვილები!

– ბევრისგან მსმენია, რომ შვილი უნდა, მაგრამ ოჯახი არა, რომ თავისუფალი ურთიერთობების საუკუნეა...

– ოჯახი რას ჰქვია? „ოჯახ“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს ბუხარს, სადაც ცეცხლი ანთია. ქართულად ამას კერა ჰქვია. კერა არის ცეცხლი, ცეცხლი არის მზის სიმბოლო მიწაზე, მზე მაცოცხლებელი ძალაა. გამოდის, ამბობენ, რა დროს კერააო? შვილს აჩენ, ესე იგი, ქმნი კერას, სადაც ცეცხლი უნდა ენთოს. ოჯახში რას გულისხმობენ? გააჩინეთ შვილები და გინდ ოჯახი დაარქვით, გინდ – კერა და გინდ – ერის გადასარჩენი პროექტი. ხელის მოწერა, ჯვრისწერა – ეს რიტუალებია და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იყო. ესე იგი, ეს უცვლადი ღირებულება არ არის. უცვლადი ღირებულება შვილის გაჩენაა. ადამიანი ღმერთმა გააჩინა ხატად და სახედ თავისა. ეს ნიშნავს, რომ რადგან ადამიანი ღმერთის სახეა, შეუძლია, თვითონაც გააჩინოს თავისნაირი. ასე წერია წმიდა წიგნში. იქ არ წერია, ხელი მოაწერეთ, ჯვარი დაიწერეთ, მერე საქორწინო მოგზაურობაში წადით, ხუთასკაციანი ქორწილი გადაიხადეთო. სხვადასხვა დროში სხვადასხვა რიტუალებს ქმნიან. კერის შესაქმნელად ადრე ქალი და კაცი შეთანმხდებოდნენ, ჩაჰკიდებდა მათ ხელს ხელისმომკიდე და ქალის ოჯახში კერაზე ცეცხლს სამჯერ შემოატარებდა, მერე ქალი გამოეთხოვებოდა თავის ოჯახს და მიდიოდა ვაჟის ოჯახში. იქაც კერას შემოუვლიდნენ სამჯერ და უკვე კანონიერი ცოლ-ქმარი იყვნენ. ეს იმდროინდელი რიტუალია. ახლა რიტუალებს თავი დავანებოთ და სასწრაფოდ გავაჩინოთ შვილები. ებრაელებმა, როცა დაინახეს, რომ მათი ერი ნადგურდებოდა, ქალს მისცეს უფლება, გვარი მისი ხაზით გაგრძელებულიყო. ამ გზით ქალს შეეძლო ნებისმიერთან გაეჩინა შვილი, ის იქნებოდა ქალის შვილი და აუცილებლად ებრაელი. ამიტომაც არის, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ებრაელობა მძლავრობს.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ქალი?

– ისევ იქ მივდივართ, ქალი მწიფობის ასაკში რომ შედის, გამუდმებით ორსულად უნდა იყოს. ახლა არ მკითხოთ, ვისგან უნდა იყოსო – ქალი გამუდმებით ორსულად უნდა იყოს, როგორ და ვისგან, ეს თვითონ გადაწყვიტონ. ახლა მეტყვით, ქალიშვილები გყავთ და რატომ არ ჰყავთ მათ ორ შვილზე მეტიო – რაც ვთქვი, ეს ჩემი სურვილია, მათ არ დამიჯერეს.

– კარგი გარეგნობა გაქვთ, წარმატებული კარიერა, გოგოებში ყოველთვის პოპულარული იქნებოდით.

– კი, ახლა მიტყდებიან ჩემი ასაკის გოგონები და ვეუბნები, მაშინ გეთქვათ, თქვე დალოცვილებო და გაგეჩინათ შვილები ჩემთვის-მეთქი (იცინის). მართლა ასე ვეუბნები. მაშინ შეიძლება, კი ვგრძნობდი, რომ მოვწონდი ვიღაცებს, მაგრამ მათი ღიმილი საკმარისი არ იყო იმ სითამამისთვის, რომ ის გამეკეთებინა, რასაც ვამბობ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი