როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 17:38 10.09
ილარიონასშვილი
ილარიონასშვილი ძველი ქართული გვარსახელია, რომლის შესახებ წერილობითი ცნობები მეთოთხმეტე საუკუნიდან მოგვეპოვება. გვარის საფუძველია ქრისტიანული პიროვნული სახელი ილარიონი, ხოლო ფორმა „ილარიონასშვილი“ თავდაპირველად ილარიონის შთამომავალს აღნიშნავდა და შემდგომ საგვარეულო სახელად ჩამოყალიბდა.
მეთოთხმეტე საუკუნის საბუთებში იხსენიებიან გოგაი და მახარებელ ილარიონასშვილები, რომელთაც მამულის გამო დავა ჰქონდათ. საქმის გარჩევაში მონაწილეობდნენ პატრონი გიორგი, ალის მონასტრის წინამძღვარი და მოძღვარი. ეს ცნობა მნიშვნელოვანია, რადგან გვარის წარმომადგენლებს უკვე მეთოთხმეტე საუკუნეში მამულის მფლობელებად გვიჩვენებს.
ამავე საუკუნის მეორე ნახევრის საბუთებში ილარიონის შვილები საკირეში არიან დაფიქსირებული. ნაცვალა ილარონისაშვილი და მასთან დაკავშირებული ფოცხუერა შალვა ბოცოსძემ ალის მონასტერს შესწირა. სხვა საბუთით კი საკირეში მცხოვრები ილარიონის შვილები მამულით სარგის ბოცოსძემ ალის მონასტერს შესწირა. მათ მონასტრის სასარგებლოდ განსაზღვრული ფულადი და სამეურნეო ვალდებულებების შესრულება ეკისრებოდათ.
ამრიგად, ილარიონასშვილთა ისტორია წერილობითი წყაროებით მეთოთხმეტე საუკუნიდან დასტურდება და ძირითადად, ალის მონასტრის, საკირისა და ბოცოსძეთა ფეოდალური სამფლობელოების გარემოს უკავშირდება. ეს ცნობები ილარიონასშვილს შუა საუკუნეების ქართლში დადასტურებულ ერთ-ერთ ძველ ქართულ საგვარეულო სახელად წარმოაჩენს.
ამჟამად საქართველოში სულ 74 ილარიონაშვილი ცხოვრობს.
კაკაბაძე
კაკაბაძე ძველი და ფართოდ გავრცელებული ქართული გვარია, რომელიც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს – იმერეთის, ლეჩხუმისა და გურიის ისტორიულ სივრცეს უკავშირდება. გვარის ფუძედ მიიჩნევა ძველი პიროვნული სახელი „კაკაბა“, რომელიც თავის მხრივ ფრინველის სახელ „კაკაბს“ უკავშირდება.
კაკაბაძეთა შესახებ მნიშვნელოვანი წერილობითი ცნობები მეთექვსმეტე საუკუნიდან მოგვეპოვება. 1545 წელს კურსებში მცხოვრები კაკაბაძის ერთი კომლი იხსენიება გელათის წმიდა გიორგის ეკლესიის შეწირულებაში, რომელიც ბაგრატ მეფემ განაახლა. 1583 წლის საბუთში დიმში მცხოვრები სვიმონ კაკაბაძე ჩანს, რომელიც ლევან მეფემ გიორგი ღაღანიძეს უწყალობა. 1621 წლის აფხაზეთის საკათალიკოსო დავთარში კი ხონში მცხოვრები კაკაბაძეები არიან აღრიცხული. მათ შორის ნასყიდა კაკაბაძეს ღვინის, ღომის, თევზისა და სხვა პროდუქტების სახით განსაზღვრული ბეგარა ეკისრებოდა.
კაკაბაძეთა შორის სასულიერო პირებიც მრავლად გვხვდებიან. მეცხრამეტე საუკუნეში პეტრე გაბრიელის ძე კაკაბაძე კუხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო, ხოლო ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე ხონის წმიდა გიორგისა და მთავარანგელოზის ეკლესიებში მსახურობდა. მღვდელი დავით კაკაბაძე კი უკვე 1805 წლის სიგელში იხსენიება.
გვარმა საქართველოს არაერთი ცნობილი მოღვაწე შესძინა. მათ შორის გამორჩეულნი არიან დიდი ქართველი მხატვარი და გამომგონებელი დავით კაკაბაძე და ისტორიკოსი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე სარგის კაკაბაძე.
ამრიგად, კაკაბაძე მრავალსაუკუნოვანი ქართული გვარია, რომლის დოკუმენტური ისტორია, სულ მცირე, მეთექვსმეტე საუკუნიდან დასტურდება. ისტორიული საბუთები გვარის განსაკუთრებით მყარ კავშირს იმერეთთან – გელათის, ხონისა და დიმის არეალთან წარმოაჩენს. დღეს საქართველოში 3 345 კაკაბაძე ცხოვრობს.
ლანდია
ლანდია ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად სამეგრელოსა და რაჭას უკავშირდება. გვარის ფუძედ მიჩნეულია სიტყვა „ლანდი“ – აჩრდილი, ჩრდილი. სავარაუდოდ, თავდაპირველად „ლანდია“ პიროვნული მეტსახელი იყო, რომელიც შემდგომ საგვარეულო სახელად იქცა. გვარის მონათესავე ფორმად გვხვდება ლანდიაშვილი.
ლანდიათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული კერა რაჭაა, განსაკუთრებით სოფლები ბარი და სხვავა. მეცხრამეტე საუკუნის საეკლესიო წყაროები გვარის აქ მყარად დამკვიდრებას ადასტურებს. თადეოზ დავითის ძე ლანდია 1806-1844 წლებში ბარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო, სპირიდონ თადეოზის ძე ლანდია 1840-1890 წლებში სხვავაში მსახურობდა, ხოლო სამსონ სპირიდონის ძე ლანდია - ტოლასა და ბარში. სასულიერო პირებად ასევე, იხსენიებიან მელიტონ და ოქროპირ ლანდიები.
გვარის ცნობილი წარმომადგენელია ნიკოლოზ ლანდია (1919-1984) – ქართველი ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ასევე, ქეთევან ლანდია (1914-2001) — მსახიობი, ტელევიზიის ცნობილი დიქტორი და საქართველოს სახალხო არტისტი.
ამრიგად, ლანდია დასავლეთ საქართველოს ძველი გვარია, რომლის წარმოშობა მეგრულ ენობრივ სამყაროს უკავშირდება, ხოლო მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული განშტოება რაჭაში საუკუნეების განმავლობაში მყარად იყო დამკვიდრებული. სულ საქართველოში 56 ლანდია ცხოვრობს.
მანჯგალაძე
მანჯგალაძე ძველი ქართული გვარია, რომლის ისტორიული სამშობლო იმერეთია. მოგვიანებით გვარის ნაწილი სამეგრელოშიც გადასახლდა, განსაკუთრებით ზუმსა და ჩქვალერში. ისტორიულ წყაროებში გვხვდება გვარის ადგილობრივი ვარიანტებიც: მანჯგაია, მანჩხავა და მაჭარგალაია.
მანჯგალაძეები ისტორიულ საბუთებში მეთექვსმეტე საუკუნიდან იხსენიებიან. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გვარის ფუძე შესაძლოა, მეგრული სიტყვა „მანჯგალა“ იყოს, რაც „ჯგალიდან გამოსულს“ ან „ჯგალელს“ აღნიშნავს. ამ მოსაზრებას ამყარებს ტოპონიმიც – სამანჯგაირ (ქვაითი), რომელიც მანჯგალაძეების ძველ საცხოვრებელ უბანს აღნიშნავდა.
ისტორიულად მანჯგალაძეები აზნაურულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. გვარის წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სასულიერო მოღვაწეობით. ცნობილია ანდრია მანჯგალაძე, ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი (გარდაიცვალა – 1821), მოსე მანჯგალაძე, მისი ვაჟი სვიმონ მანჯგალაძე, აგრეთვე კოწია მანჯგალაძე, რომელიც 1908 წელს ილორის ოლქის მთავარხუცესი იყო. საეკლესიო წყაროებში იხსენიება, ასევე, ნიკოლოზ მანჯგალაძე (არძიანი), ლეძაძამის წმიდა გიორგის ეკლესიის დიაკვანი.
მანჯგალაძეების გვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული კულტურის ისტორიაშიც. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ეროსი მანჯგალაძე (1925-1982) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რომლის შემოქმედებამ ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა.
საქართველოში დღეს 1 589 მანჯგალაძე ცხოვრობს. ყველაზე მეტი გვარის წარმომადგენელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (531) და ქუთაისში (118) ცხოვრობს.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




