რატომ დააქორწინა მარო თარხნიშვილი მამამ თავის მოგვარეზე და ვინ ესროლა მის 13 წლის ქალიშვილს ტყვია
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
მარო თარხნიშვილი – პირველი ლოტბარი ქართველი ქალი. მოგონებების წერა გვიან დაიწყო, ისიც უფროსი მეგობრის, ცნობილი მსახიობის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, რჩევით. „სამწუხაროდ, 50 წლისა რომ გავხდი, მერე შევუდექი მოგონებების წერას: ელისაბედ ჩერქეზიშვილმა დამარიგა, შენ კარგი ხმა გაქვს, დიდხანს იმღერებ და რაც კარგი რამ გადაგხდეს მუშაობის ირგვლივ, დაწერე და შეინახეო“, – ვკითხულობთ მოგონებებში. კარგი, მართლაც, ბევრი გადახდა, მაგრამ ცუდიც არაერთხელ შეხვდა ცხოვრების გზაზე. მოგონებები ერთად შეიკრა და როგორც წიგნის შემდგენელი ნინო ბადაშვილი ამბობს, ცუდზე საუბრისგან მომღერალი მაქსიმალურად იკავებს თავს, ამის მიზეზი კი ის სასტიკი ეპოქა უნდა იყოს, რომელმაც მარო თარხნიშვილის ოჯახსაც დაამჩნია სისხლიანი კვალი. თარხნიშვილები, იგივე თარხან-მოურავები, გიორგი სააკაძის შთამომავლები არიან. მარო თარხნიშვილს სამი ძმა ჰყავდა, მაგრამ სამივე ავადმყოფობით დაიღუპა და ოჯახს გვარის გამგრძელებელი ვაჟი არ დარჩა. მაროს მამას, ივანეს, გადაუწყვეტია, უმცროსი ქალიშვილი იმავე გვარის კაცისთვის მიეთხოვებინა, თუმცა ჩვენ დღეს მარო თარხნიშვილის ცხოვრების სხვა ეპიზოდებზე გიამბობთ.
დიდი დანაკარგი
„სრულიად მოულოდნელად, 13 მარტს, დილით 9 საათზე, სამსახურში რომ უნდა წასულიყო ჩემი მეუღლე, სერგეი სოლომონის ძე ნადარეიშვილი, რომელიც არ ავადმყოფობდა, გარდაიცვალა გულის ინფარქტით. 17 მარტს მივაბარეთ მიწას. ოჯახი მთლიანათ ხომ დამწუხარებულნი ვიყავით, მე კი განსაკუთრებით, გულის დაავადება და სისხლის მაღალი წნევაც დამემართა. 22 მარტს, ესე იგი ხუთი დღის მწუხარეს ქალს დამინიშნეს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსმა ისიდორე დოლიძემ ანსამბლის გასინჯვა, ვინაიდგან ახალი დანიშნული იყო იმ თანამდებობაზედ; არ გამიწიეს ანგარიში ჩემი მწუხარებისა. ჯერ თვალები ისევ დასიებული მქონდა ტირილითა და ცრემლით, აუცილებლად უნდა გაისინჯოს თარხნიშვილის ანსამბლი და ფოცხვერაშვილის მეჩონგურე ანსამბლი. მე არც ფიზიკურად და არც მორალურად არ მქონდა საშუალება სცენაზედ გასვლისა. ამისთვის ჩემს ქალიშვილს თამარს უნდა ეხელმძღვანელა და ემღერა კიდეც სოლოები, როგორც ჩემს მოადგილე დირიჟორს. რუსთაველის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ორი გუნდის გასინჯვა: ფოცხვერაშვილისა და ჩემი მრავალი ათეული წლის ნამუშავარი გუნდის გასინჯვა. ჩემი გუნდი, მოგეხსენებათ, რომ მამაკაცები მეტი რაოდენობით იყვნენ, ქალები კი – ერთი მესამედი, სულ 40 კაცის შემადგენლობიდან. მათი ხელმძღვანელობა მეტად ძნელი იყო, რადგანაც მაშინვე გულმა მიგრძნო, ცუდ საქმეს მიმზადებდნენ ბოროტი ხალხი. უაკომპანიმენტოდ მიდის სიმღერები, დამოკიდებულია დირიჟორის „ტონის მიცემაზედ“. ვშიშობდი, ასეთ ნერვიულ მდგომარეობაში თამარს მარცხი არ დამართოდა იმ კონცერტის გასინჯვის დღეს. იძულებულად ჩავთვალე ჩემი თავი, თეატრში მოფარებულად მივსულიყავი და მენახა ანსამბლის წევრები, გამეფრთხილებინა, ყურადღებით ყოფილიყვნენ დირიჟორის მიმართ და როგორც გამოცდილი მომღერლები, ერთმანეთი გაეტანათ. რომ დამინახეს გუნდის წევრებმა შავი ტრაურში ჩამოფარებული, საშინლად ცუდად იმოქმედა მათზედ, მითხრეს, რატომ მობრძანდით, ქალბატონო მარო, სიტყვას გაძლევთ, მაგენის ჯიბრზედ, ამაღამ ისე ვიმღერებთ, როგორც არასდროსო. გავიდა გუნდი სცენაზედ და მშვენივრად შესრულდა სიმღერები. კომისია ტაშს უკრავდა ყოველ სიმღერაზედ. მე მგონია, ასეთ დროს, როგორც ჩემი ოჯახი იყო დამწუხარებული, არც ერთი ერი არ მოიქცეოდა დამსახურებული ოჯახის მიმართ ისე, როგორც მე მომექცა ხელოვნების სამმართველო (კულტურის სამინისტრო). მე არ ვიცოდი, რომ იმ წლის დეკემბერში ცეკას მდივანს, შადურს, წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკებული ჩემი მრავალი ათეული წლების ნაამაგარი გუნდის დაშლა, რადგანაც ხელს უშლიდა სახელმწიფო ანსამბლ შალვა მშველიძის შემოსავლებს. მე როდესაც გონს მოვედი, მწუხარე, თვალცრემლიანი, საავადმყოფოში, „ლეჩკობინატში“ ვიწექი გულის შეტევით, რომ დავკარგე საყვარელი ქმარი და 1910 წლიდან არანაკლებ ნაამაგარი გუნდი. შევეკითხე მოსკოვს, რა მიზეზით დაშალეს ამდენი ხნის ცნობილი ხალხურის მომღერალი გუნდი-მეთქი და მივიღე პასუხი მოსკოვის ცენტრალური კომიტეტიდან, რომ ჩემი ანსამბლის დაშლისა მოსკოვთან არ არის შეთანხმებულიო! ეს მოხდა ადგილობრივი ინტრიგის საფუძველზედ. სავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მიმიწვია საქართველოს სარეწაო საბჭოს ორგანიზაციამ ანსამბლის ჩამოსაყალიბებლად. ძალიან ჩავარდნილი იყო იმათ კლუბში საგუნდო მუშაობა. დავთანხმდი, რადგან ჩემი ნატკენი გული ჩემი საყვარელი საქმითვე ცოტათ მაინც მომებრუნებინა, თუმცა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის სახელმწიფო ანსამბლის შემდეგ თვითმოქმედებაში გადასვლა იმჟამად ჩემი მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, მაგრამ მაინც, როგორც ზემოთ ვწერ, ისევ ჩემს საყვარელ საქმეში ჩავკლავდი ჩემს დარდებს და დავიწყე 1950 წლის 1 იანვრიდან მუშაობა სარეწაო საბჭოში. ამჟამად, იმ ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ, კულტურის ცენტრალური სახლი ეკუთვნის ადგილმრეწველობას და მე ისევ იქ ვმუშაობ ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელად და მონაწილედ. მოხარული ვარ, რომ მე არ ჩამოვშორდი ხელოვნებას და ჩემი ერთგული შრომისათვის მივაღწიე მაღალ წოდებას – სსრ სახალხო არტისტის.
ქვების სროლით
1946 წელი ორთაჭალა. ორთაჭალის ბაღის დირექტორმა ალექსანდრე გოგუამ მიმიწვია ჩემი გუნდით. იმ დროს ძალიან, ძალიან ცუდად იღებდნენ ახალგაზრდობას, ვინც არ უნდა მისულიყო კონცერტის ჩასატარებლად, თითქმის ყველას უყვიროდნენ და ქვების სროლით უმასპინძლებოდნენ. პირველ დუდუკს დაუმიზნეს და ტუჩებში მაარტყეს ქვა, მოცეკვავე ქალს ფეხის კოჭში სისხლი ადინეს. დადგა ჩემი რიგი. ჩემმა ადმინისტრატორმა – ჟორა დაფქვიაშვილმა გამოაცხადა: დღეს თქვენ გესტუმრათ თქვენთვის საყვარელი მომღერალი მარიამ თარხნიშვილი, თავისი გუნდითო. იმედია, წესრიგს თქვენ თვითონ დაიცავთ, რომ მომღერალმა უფრო მეტად გასიამოვნოთო. აიწია ფარდა და ტაშითა და ვაშას ძახილით შეგვხვდა მრავალნაციონალური მაყურებელი. პირველი განყოფილების დამთავრებისთანავე შემოდის ბაღის დირექტორი ამხანაგი გოგუა და გვილოცავს, ასე კარგადა და მშვიდად მოგისმინათ ხალხმა. მიკვირს, როგორ მოაჯადოვეთო, ამათი შიშით ვეღარავინ მოდის კონცერტის ჩასატარებლადო, რომ ქვებით არ გაუმასპინძლდენო.
სიკვდილს გადარჩენილი შვილი
გასტროლები მოსკოვში. 1929 წელს აპრილის 29 მაისი. მაისის შესახვედრ სადღესასწაულო კონცერტებზედ დიდი მოთხოვნილება ჰქონდა ჩემზედ და ჩემს გუნდზედ. შვიდ დაწესებულებას შეუთანხმდა ჩემი ნებართვით ფილარმონია. ასე რომ, ოთხ ადგილზედ გუნდს უნდა ჩაეტარებინა კონცერტი ჩემი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, სამ ადგილზედ კი, ცალკე ნომრად – პიანინოს აკომპონიმენტზედ კომპოზიტორების ნაწარმოებები. მე რომ უნდა გავიდე სცენაზედ, ვემზადები, ნოტები მიჭირავს ხელში, მსახიობები ჩუმად ჩურჩულებენ: ტყვიით დაიჭრა ჩვენი მსახიობის შვილიო. მე თან მახლდა ჩემი უმცროსი ქალიშვილი ნუნუ, 13 წლისა. მე რომ ყური მოვკარი იმათ ლაპარაკს, თუმცა მარიდებდნენ, გულმა ჩქარი ცემა დამიწყო, დავყარე მაგიდაზედ ნოტები და გავვარდი. თურმე, იქავე მდგარა სცენის წინ, ხის ქვეშ და კონცერტს უყურებს. საზაფხულო ბაღში მიმდინარეობდა „ოსოავიაქიმიის“ კონცერტები. ელბაქიძის დაღმართს რომ ჩავივლით, წიგნთა პალატა რომ არის ამჟამად, მაშინ მანდ იყო ბაღი, საზაფხულო ესტრადა, „კრუჟოკს“ უძახოდნენ მაშინ იმ ბაღს. იქიდან წითელარმიელები ჰაერში ისროდნენ თოფებს. ერთ მათგანს ტყვია ჰქონია თოფში, ისე კი „ხალასტოით“ იყო სადღესასწაულო სროლა. რადგან ახლოს იყო, სადაც ჩვენ ვიყავით, ის ტყვია გადმოვარდა და ბავშვს მოხვდა გულში, ნახევარ სანტიმეტრით ვერ დაუწია გულს, რადგან შორიდან იყო გასროლილი. მე რომ გამოვედი, ბავშვი მენახა, სად იყო, ვეღარ ვნახე, გამისკდა გული და გავრბივარ, არ ვიცი, სად. მეუბნებიან ხალხი: ხნიერი ქალი იყოვო, შავი ჟაკეტი ეცვაო. ალბათ, გულს მიმაგრებდნენ-მეთქი, რაკი ბავშვი ვეღარ ვნახე. ამასობაში, წაუყვანიათ საავადმყოფოში და მე გავედი ქუჩაში. მივდივარ, არ ვიცი სადა. მე და კლუბის გამგე წავედით. სასწრაფოში პირველი დახმარება გაუკეთებიათ ჩემი პატარა გოგოსთვის და ნასილკით მიჰყავთ ზემო სართულში. ყვირის: დედიკო!.. დედიკო!.. მიშველეო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა იმ დროს: მივრბივარ კიბეებზე და თან სცენის კაბა მედება ფეხებში. აიყვანეს, ავედი მეც და მოვიდა პროფესორი საშა მაჭავარიანი, მაშინვე დააწვინეს საოპერაციო მაგიდაზედ და ამოუღეს ტყვია გულიდან. დამშვიდდა ბავშვი. შეიყვანეს ორსაწოლიან ოთახში. ვთხოვე, დავრჩენილიყავი მასთან, მაგრამ პროფესორმა რომ შემხედა სასცენოდ გამოწყობილს მეუბნება: წადი, გენაცვალე, ჩემო მარო, შენ საქმეს მიხედე, ნურაფრისა გეშინიანო. მაგას რომ უჭირდეს, მე თითონ გაუთევდი ღამესო. შენ, ჩვენო საყვარელო ბულბულო, წადი, არხეინად იგალობე. ხვალ გაგატან მაგასაც სახლშიო. კარგი, წავალ, რადგან თქვენ ასე მირჩევთ-მეთქი. გავისტუმრეთ ბატონი პროფესორი და იმ ღამეს ჩემს გოგოსთან „კრაოტის“ ბოლოზე გავათიე. ეძინა დინჯად. გათენდა, გადმომხედა: დედიკო, შენ ჩემთანა ხარ? რა თქმა უნდა-მეთქი. გუნდი მიცდიდა ორთაჭალაში. როგორც იყო, დაუკავშირდნენ ჩვენები, რომ ესეთი დაემართა, რომ სახელოსნო კლუბში შემთხვევით გადმოსროლილი ტყვიით დაიჭრა მისი შვილიო. ხალხი, რომლებიც დიდი სურვილით უცდიდნენ კონცერტს და გუნდსაც იქ ხედავდნენ, რომ მისულები იყვნენ, თურმე, საშინლად შეწუხდნენ. უჩუმრად დაიშალნენ.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




