საზოგადოება

როგორ ჩაერთო ნაპოლეონის ომებში ანტონ შალიკაშვილი და რით იყო გამორჩეული მისი ცხოვრება

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 53 წუთის წინ

შალიკაშვილი
დაკოპირებულია

ნაპოლეონის ომების ეპოქის სარდალს, გენერალ-მაიორ ანტონ სტეფანეს ძე ჩალიკოვს გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა. მისი წინაპარი, თავადი შალიკაშვილი, წარმოშობით სამცხიდან ყოფილა და მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთში წასულ ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის ამალაში ირიცხებოდა.

ანტონ შალიკაშვილი 1754 წელს დაიბადა. სამხედრო სამსახური 1774 წელს პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკში დაიწყო; 1788 წელს გადაიყვანეს როტმისტრად ჩერნიგოვის კარაბინერთა პოლკში; 1790 წელს მაიორის წოდება მიანიჭეს; 1791 წლიდან კი პეტერბურგის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა.

ანტონ ჩალიკოვი მონაწილეობდა 1789-1792 წლების ლაშქრობებში თურქების წინააღმდეგ და დაიჭრა კიდეც ფოქშანთან ბრძოლაში. 1796 წელს გადაიყვანეს სუმის ჰუსართა პოლკში; 1798 წელს დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად.

1792 წლის პოლონეთის მოვლენებისა და კოსტიუშკოს აჯანყების ჩახშობის მონაწილეც იყო.

ნაპოლეონის ომებში ანტონ ჩალიკოვი 1799 წელს ჩაერთო, როცა შვეიცარიაში, გენერალ ალექსანდრ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსთან ერთად იღებდა მონაწილეობას ლაშქრობაში. 1800 წლის 26 მარტს პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. 1802 წლის თებერვალ-მაისში სუმის პირველი ჰუსართა პოლკის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. 1805 წელს ის აუსტერლიცის ბრძოლაში მარცხენა ფეხში დაიჭრა. 1807 წელს ჰეილსბერგსა და ფრიდლანდთან იბრძოდა, მეთაურობდა სამეფო ულანთა პოლკს. იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

1806-1814 წლებში ანტონ ჩალიკოვი იყო გვარდიის ბრიგადის, გვარდიის საკავალერიო დივიზიის მეთაური. 1812 წელს გვარდიის კავალერიის მეორე ბრიგადას მეთაურობდა და თავი გამოიჩინა ვიტებსკთან, სმოლენსკთან, ბოროდინოსთან, ლიუცენთან, მონმირალთან, ლაიფციგთან და ევროპის ტერიტორიაზე გამართულ სხვა ბრძოლებში. განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენებით, ამავე დროს მიღებული აქვს ავსტრიის ლეოპოლდ მეორის სახელობის, ბავარიის მაქსიმილიან იოსების, პრუსიის წითელი არწივისა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენები.

ჟურნალისტი და მწერალი ბულგარინი თავის მოგონებებში ასე ახასიათებს ანტონ შალიკაშვილს: „უმამაცესი გენერალი ჩალიკოვი, საოცრად კეთილი, მხიარული და ღირსეული პიროვნება, მთელ არმიაში დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა“.

ანტონ ჩალიკოვ-შალიკაშვილი 1817 წლის 7 დეკემბრამდე ულანთა პოლკს მეთაურობდა, 1818 წლის 17 ივლისს კი დაინიშნა გვარდიის მსუბუქი საკავალერიო დივიზიის მეთაურად, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

ცნობილი მხატვრის ჯორჯ დოუს მიერ შესრულებული მისი პორტრეტი დღესაც ამშვენებს ზამთრის სასახლის ერთ-ერთ გალერეას.

გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი გარდაიცვალა 1821 წელს. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგთან ახლოს ერთ-ერთ მონასტერში, წმიდა სერგის სამების ლავრაში.

გამოყენებული მასალების წყარო: /sputnik-georgia.com ; ვიკიპედია. nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი