როგორ მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება ოთარ დადეშქელიანმა და რით იყო საინტერესო მისი ცხოვრება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00
რუსეთში მოღვაწე მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, რეჟისორი ოთარ მიხეილის ძე დადეშქელიანი დაიბადა 1923 წელს რუსეთში. მისი დედა კაზაკი იყო, მამა – ემიგრანტი ქართველი თავადი.
ოთარმა ცეკვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. სწავლობდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, მონაწილეობდა კონკურსებში და ხშირად იღებდა პრიზებს. მისი ოჯახი ჯერ ნოვოჩერკასკში ცხოვრობდა, შემდეგ – როსტოვში, ბოლოს კი სტავროპოლში დაფუძნდა. ოთარის დედას ძალიან უყვარდა თეატრი და შვილი სპექტაკლებზე ხშირად დაჰყავდა.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ოთარ დადეშქელიანი სტავროპოლში წამყვანი მოცეკვავე გახდა. როდესაც ქალაქი გერმანელებმა აიღეს, ის დედასთან ერთად სოფელში იმალებოდა. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ კი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ომი რომ დამთავრდა, კვლავ თავის პროფესიას დაუბრუნდა. ჯერ სტავროპოლის ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ პიატიგორსკის მუსიკალური კომედიის თეატრში გადავიდა და სერიოზულად დაფიქრდა სწავლის გაგრძელების აუცილებლობაზე.
ოთარ დადეშქელიანმა 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება.
სხვადასხვა წლებში იყო ნიჟეგოროდის, ჩელიაბინსკის, მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრების მთავარი ბალეტმაისტერი. 1971 წლიდან – მთავარი რეჟისორიც.
1976 წელს ქორეოგრაფი გადავიდა გორკში, სადაც დაიკავა პუშკინის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირექტორის პოსტი. შემდეგ კი ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი და ბალეტმაისტერი გახდა.
1961 წელს მიენიჭა რსფსრ დამსახურებული არტისტის, 1970 წელს ბელორუსიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, 1977 წელს კი ბელორუსიის სახალხო არტისტის წოდება. ხელმძღვანელობდა ქალაქ გორკის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებს გერმანიაში, საფრანგეთში, მოსკოვში, კიევში, მაკედონიაში და სხვა.
2023 წელს ოთარ დადეშქელიანმა 100 წლის ასაკში იქორწინა ტატიანა უკოლოვაზე. ის მისი მესამე ცოლია. პირველი მეუღლე გახლდათ მინსკის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა კლარა მალიშევა. მოგვიანებით დასში ის შეცვალა ქალიშვილმა, ნათელამ. ბალეტს დაუკავშირა თავისი ცხოვრება მათმა ვაჟმა დენისმაც.
ქალაქ გორკის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობისას ოთარ დადეშქელიანს შეუყვარდა ოპერის მომღერალი ანტონინა ბოროდაევა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა სპექტაკლში „კარმენი“. მალე ქალი მისი მეორე ცოლი და ქალ-ვაჟის დედა გახდა. მათ ბედნიერი და მყარი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ 65 წლის ასაკში რეჟისორს ხანმოკლე რომანი ჰქონდა მასზე 25 წლით უმცროს, მხატვარ ტატიანა უკოლოვასთან, რომელთანაც ქალიშვილი, ოლგა, შეეძინა. ოთარი ქალიშვილს ფინანსურად ეხმარებოდა, პერიოდულად ხვდებოდა ბებია-ბაბუის თანდასწრებით, მაგრამ ტატიანასთან ურთიერთობა გაწყვიტა და მეორე ცოლისგან არ წამოსულა. წყვილმა სიყვარულსა და ჰარმონიაში კიდევ 35 წელი იცხოვრა.
2023 წლის გაზაფხულზე, რეჟისორის მეუღლე გარდაიცვალა, ნოემბერში კი მან ოფიციალურად იქორწინა ტატიანა უკოლოვაზე, რათა ცხოვრების დარჩენილი დღეები ერთად გაეტარებინათ. ეს დღე მათთან ერთად აღნიშნა ქალიშვილმაც. ოლგა, ასევე, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. ის საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანოა.
გამოყენებული მასალების წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; ვიკიპედია;.ambebi.ge/; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




