საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 17:26

გვარები
დაკოპირებულია

ინანაშვილი

ინანაშვილი ძველი ქართული გვარია, რომლის წერილობითი ისტორია სულ მცირე მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებიდან დასტურდება. გვარის ფუძე, სავარაუდოდ, პიროვნული სახელი ინანა უნდა იყოს, რომლისგანაც პატრონიმული ფორმით „ინანასშვილი“, მოგვიანებით კი „ინანაშვილი“ ჩამოყალიბდა. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ორივე ფორმა – ინანასშვილი და ინანაშვილი.

ერთ-ერთი ადრეული წარმომადგენელია თეოსელი ამილბარა ინანაშვილი, რომელიც მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების საბუთის ფრაგმენტში მოწმედ იხსენიება. მეთხუთმეტე საუკუნის პირველი ნახევრის, 1412–1442 წლების საბუთში კი ძალისელი ინანაშვილის სამოსახლო მოხსენიებულია იმ მიწის საზღვრად, რომელიც მეფე ალექსანდრემ შიომღვიმის მონასტერს შესწირა. ეს ცნობა გვარის ძალისის მხარეში ადრეულ დამკვიდრებას ადასტურებს.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ინანაშვილები უკვე ქართლის სხვადასხვა სოფელში ჩანან. სასირეთში ცხოვრობდა ბასილა ინანაშვილი, რეხაში – ბერუკა ინანასშვილი, ხოლო საბუთებში გვხვდებიან თევდორა და თევდორე ინანაშვილებიც, რომლებიც მიწისა და მამულის გარიგებებში მოწმეებად მონაწილეობდნენ.

განსაკუთრებით საინტერესოა ოთია ინანასშვილი, მძორეთში მცხოვრები მეკვლე და ზაალ ბარათაშვილის ყმა. საბუთებიდან ჩანს, რომ მას ჰყავდა ძმები – გოგია, ივანა, თანდილა და მოშია. მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში ოთია აქტიურად იძენდა მიწებს სხვადასხვა პირისგან, რაც ინანაშვილთა სამეურნეო მდგომარეობისა და მიწათმფლობელობაში მონაწილეობის მნიშვნელოვან სურათს გვაძლევს.

ამრიგად, ინანაშვილთა გვარი ქართულ წერილობით წყაროებში მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებიდან ჩანს, ხოლო მომდევნო საუკუნეებში მისი წარმომადგენლები დადასტურებული არიან ძალისში, თეოსში, სასირეთში, რეხასა და მძორეთში. მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტური მასალა ინანაშვილს ძველ ქართლურ გვართა შორის ადგილის მიკუთვნების საფუძველს გვაძლევს.

სულ საქართველოში 95 ინანაშვილი ცხოვრობს.

კაკალაშვილი

კაკალაშვილი ძველი ქართული გვარია, რომლის ფუძედ საკუთარი სახელი „კაკალა“ მიიჩნევა. ამავე ფუძეს უკავშირდება გვარები კაკალაძე და კაკალია.

გვარის შესახებ მნიშვნელოვანი წერილობითი ცნობა 1671 წლიდან მოგვეპოვება. ბაადურ ციციშვილის მიერ გამოფიცული სამწევრისული მიწების ნუსხაში კაკალაშვილი ორჯერ იხსენიება – მას ეჭირა ფარეშის ძმის ნაქონი სამი დღის მიწა და ასევე ელიკას კუთვნილი სამი დღის მიწა. ეს ცნობები გვარის წარმომადგენლებს მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის მიწათმფლობელურ ურთიერთობებში გვიჩვენებს.

მოგვიანებით კაკალაშვილები თონეთშიც ჩანან. ერთ-ერთ საეკლესიო ჩანაწერში გიორგი კაკალაშვილი ნათლობის მონაწილედ იხსენიება, ხოლო 1843 წელს დიდ თონეთში გვხვდება ბადალა ლაპიაშვილი, იგივე კაკალაშვილი. გვარის წარმომადგენლები კახეთშიც იყვნენ დამკვიდრებული – ლაზარე კაკალაშვილი 1819 წელს მატანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის, ხოლო 1830 წელს ბახტრიონის ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 613 კაკალაშვილი ცხოვრობდა: თბილისში – 301, კასპში – 64, გურჯაანში – 52, დანარჩენები კი – საქართველოს სხვა ადგილებში.

ლასურია

ლასურია ძველი დასავლურ-ქართული, ძირითადად, მეგრული წარმოშობის გვარია, რომლის ისტორიული გავრცელების მთავარი არეალი სამეგრელო და აფხაზეთია. გვარის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია მას ეთნონიმ „ლასხს“ უკავშირებს; „-ურ“ ქართულში წარმომავლობისა და კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსია. ლასხები ძველ ქართველურ ტომებთან დაკავშირებულ ეთნონიმად განიხილებიან.

ლასურიათა შესახებ მნიშვნელოვანი წერილობითი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან გვაქვს. 1621 წლის აფხაზეთის საკათალიკოსო დავთარში ხოირში მცხოვრები ლასურიები იხსენიებიან. მათ ეკისრებოდათ საეკლესიო ბეგარა და სხვადასხვა ვალდებულება – ყურძნის კრეფა, ლაშქრობა, სამსახური და სამეჯინიბოდ თივის მიწოდება. სახელობით არის მოხსენიებული უსკუამა ლასურია. მეჩვიდმეტე საუკუნის სხვა საბუთში ლასურიები თელებშიც გვხვდებიან.

მეცხრამეტე საუკუნეში გვარი ფართოდ ჩანს აფხაზეთში. 1830-იან წლებში ლასურიები ლიხნში, შერვაშიძეთა რეზიდენციის მოსახლეობაში არიან დაფიქსირებული, ხოლო 1854-1855 წლების აღწერით – კვიტოულშიც. გვარის წარმომადგენლები მოგვიანებით აგუბედიაშიც ცხოვრობდნენ.

გვარის ცნობილი წარმომადგენელია მუშნი ლასურია (1938-2021) — პოეტი, მთარგმნელი და ფილოლოგი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ აფხაზურ ენაზე თარგმნა.

ამრიგად, ლასურია ძველი დასავლურ-ქართული გვარია, რომლის დოკუმენტური ისტორია სულ მცირე XVII საუკუნიდან დასტურდება და განსაკუთრებით მჭიდროდ სამეგრელოსა და ისტორიული აფხაზეთის სივრცეს უკავშირდება.

ამჟამად საქართველოში სულ 46 ლასურია ცხოვრობს.

მამულაიშვილი

მამულაიშვილი ძველი დასავლურ-ქართული გვარია, რომლის ფუძედ საკუთარი სახელი „მამულა“ მიიჩნევა. გვარის ისტორიული გავრცელების ძირითადი არეალი გურია და აჭარაა. წყაროებში გვხვდება ფორმა „მამულაშვილი“ და სხვა მონათესავე ფორმებიც, თუმცა მათი ერთი საგვარეულოდ მიჩნევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით გენეალოგიურ დასაბუთებას მოითხოვს.

მამულაიშვილთა შესახებ განსაკუთრებით საინტერესო ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულისა და მეთვრამეტე საუკუნის გურიის ფეოდალურ ისტორიას უკავშირდება. საბუთებში იხსენიება გიორგი მამულაიშვილი – ციხისთავი, რომელსაც სახელოდ გურიანთა ჰქონია. მის სახლიკაცებად დასახელებული არიან ნიკოლოზ და პაატა მამულაიშვილები. გიორგი და მისი ნათესავები ნაკაშიძეებთან ხანგრძლივ სამამულო და პირად დავებში მონაწილეობდნენ. ეს ცნობები აჩვენებს, რომ საგვარეულოს ცალკეულ წარმომადგენლებს გურიის სამთავროს ადმინისტრაციულ სისტემაში მნიშვნელოვანი მდგომარეობა ეკავათ.

მოგვიანებით მამულაიშვილთა გვარმა არაერთი ცნობილი პიროვნება წარმოშვა. არსენ მამულაიშვილი იყო ცნობილი ქართველი მწერლის – ლალიონის – ნამდვილი სახელი და გვარი. ასევე ცნობილია გურიის რევოლუციური მოძრაობისა და ფირალობის ისტორიასთან დაკავშირებული კიკია (იასონ) მამულაიშვილი (1881-1914).

ამრიგად, მამულაიშვილი ძველი გურული საგვარეულოა, რომლის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები გურიის სამთავროს ფეოდალურ და სამოხელეო სისტემას უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა გვარის წარმომადგენლის ციხისთავის თანამდებობაზე ყოფნა და გურიანთის სახელოს ფლობა, რაც მამულაიშვილთა ერთი შტოს გამორჩეულ სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

დღეს სულ საქართველოში 210 მამულაიშვილი ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი