რატომ ეკრძალებოდათ ძველ რომში კაცებს შარვლისა და ჩექმების ჩაცმა
ავტორი: რევაზ ტომარაძე 17:28 10.09
ჩვენი წელთაღრიცხვის 397 წელს მიღებული კანონი რომაელ მოქალაქეებს ოფიციალურად უკრძალავდა შარვლისა და ჩექმების ტარებას. ეს აკრძალვა ორი იმპერატორის მიერ იყო გამოცემული, საზოგადოებრივად ორჯერ გამეორებული და მისი დარღვევა მკაცრად ისჯებოდა. მათ, ვინც გაბედავდა, არ დამორჩილებოდა ამ ბრძანებულებას, რომიდან სამუდამო გაძევება ემუქრებოდა.
საერთოდ რისთვის არსებობდა მსგავსი აკრძალვები?
როგორ გახდა შარვალი, ტანსაცმლის ესოდენ ჩვეულებრივი ელემენტი, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობის ობიექტი.
ამის გაგება რომის კულტურისა და პოლიტიკის განსაკუთრებულებებშია ჩამალული
რომაელები ტანსაცმლის ბერძნული სტილით ტარებას ამჯობინებდნენ. რას ნიშნავს ეს?
რომის სამეფოს ჩასახვის ეპოქაში ბევრი ბრძენი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი რომში იმყოფებოდა, როგორც თავიანთი სახელმწიფოს ელჩი, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს უნერგავდნენ თავიანთ კულტურას, რელიგიას და ცხოვრების წესს. შემდგომში, როდესაც რომაელებმა ბერძენთა დიდი ტერიტორია წარიტაცეს, ზოგიერთი ელინი მონადაც კი იქცა და რომაელ არისტოკრატთა სახლის მასწავლებელი გახდა. გარდა ამისა, ბერძნები სავაჭრო ფაქტორიებს ქმნიდნენ იტალიის სამხრეთში, ხოლო არქიტექტორები მასობრივად გადადიოდნენ რომის ქალაქებში გამოჩენილი მოქალაქეებისთვის სახლების დასაპროექტებლად.
ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ რომაელების მასობრივმა ნაწილმა გადაიღო ბერძნული ცხოვრების წესი და თავის ყაიდაზე გადააკეთა. რომის საგანმანათლებლო სისტემა ეფუძნებოდა ბერძენი მწერლების ნაწარმოებებს, ხოლო ბერძნული გავლენა გამჟღავნდა, ასევე, არქიტექტურაში, მითოლოგიაში, პოლიტიკაში, ენასა და ტანსაცმლის სტილშიც კი.
როგორც ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივი რომაელების ყოველდღიური ტანსაცმელი იყო უბრალო, სხეულის ირგვლივ მოფარდაგებული ან ბროშებით შემკული.
თითოეული კაცის გარდერობის ძირითადი ელემენტი იყო ტუნიკა, რომელიც უპირატესად მატყლისგან იყო დამზადებული. ეს იყო სახმარად მარჯვე და არაძვირფასი სამოსი, განკუთვნილი ყოველდღიური საჭიროებისთვის. მაგრამ რომის სტატუსიანი და შეძლებული მამაკაცები ატარებდნენ ტოგას – ქსოვილის დიდ ნაჭერს, სიგრძით, დაახლოებით, 5,5 მეტრს და სიგანით 1,8 მეტრს, რომელიც ფარდაგირდებოდა მხრებზე და ტრიალდებოდა სხეულზე უბრალო, თეთრი სელის ტუნიკის გარედან.
თანდათან ტოგა იქცა პრესტიჟის სიმბოლოდ და მისი მფლობელის მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებლად. რომის იმპერიის პერიოდში ტოგები განსხვავდებოდა ფერების მიხედვით, რაც აღნიშნავდა განსაზღვრული სოციალური ჯგუფის წევრობას.
* კანდიდა – ცარცის ხსნარში შეთეთრებულ ტოგას ატარებდნენ რომაელები, რომლებსაც სურდათ კონსულად გახდომა. აქედან წარმოიშვა სიტყვა „კანდიდატი“;
* პრეტექსტა – თეთრ ტოგას მეწამული არშიით ატარებდნენ კურულური მაგისტრატები (უმაღლესი თანამდებობის პირები ძველ რომში);
* სამგლოვიარო ტოგა – რუხი ფერის;
* პიქტა – მეწამული (ფერის) ტოგა, რომელსაც ატარებდნენ მხედართმთავრები, ტრიუმფატორები და იმპერატორები. რომის იმპერიის ეპოქაში მისი ტარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმპერატორებს. მაგრამ ბერძნები არასოდეს ატარებდნენ შარვალს. ასეთ სამოსს მოიხმარდნენ მომთაბარე ხალხები, ისეთები, როგორიც იყვნენ სკვითები და სარმატები, ასევე აღმოსავლეთ და შუა აზიის ტომები. შარვლით სიარული ბერძნებში ველურობასთან და ბარბაროსობასთან ასოცირდებოდა. ვიწრო შარვალს ეწოდებოდა „ანაქსარიდი“, ხოლო განიერს – „სარაბარა“, რომელსაც სკვითები იყენებდნენ. ბერძნები შარვალს უწოდებდნენ „ჰულაკოის“, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ტომრები“.
აკრძალვა შარვლისა და ჩექმების ტარებაზე
ორატორები რომში ოსტატურად სარგებლობდნენ რიტორიკით და უცხო ხალხებს წარმოსახავდნენ, როგორც აგრესიულებს და ჩამორჩენილებს. ისინი მიმართავდნენ ვიზუალურ წესს, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, რა ნიშანი მიჯნავს ბარბაროსებს ცივილიზებული რომაელებისგან, არა მარტო შეიარაღებისა და კანონების დონით, არამედ გარეგნული სახითაც და მათ შორის ტანსაცმლითაც.
რომში შარვალი, ტრადიციულ ტოგასთან შედარებით, სხვაგვარი, უცხოურის ნათელ სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
მაგრამ რომის იმპერიის საზღვრების გაფართოებიდან გამომდინარე და ახალი მიწების ინტეგრაციის შედეგად რომაელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს შარვლის, როგორც თავიანთი ყოველდღიური სამოსის ელემენტის, ჩაცმაც. დაპყრობილ ტომებთან ერთად რომაელებს გვერდიგვერდ უხდებოდათ ბრძოლა და პრაქტიკული, თბილი შარვალი და ჩექმები, რომლებითაც შემოსილი იყვნენ გერმანელები და გალები, ლეგიონერებისთვის უპირატესი არჩევანი გახდა, ისინი უკეთესად იცავდნენ სიცივისაგან, ვიდრე ბამბის ტუნიკები და ტრაცდიციული სანდლები.
მეოთხე საუკუნის ბოლოსთვის შარვლის ტარება იმდენად გავრცელდა რომაელ მამაკაცებს შორის, რომ იმპერატორები ჰონორიუსი და არკადიუსი (ამ დროს რომის იმპერია ორად იყო გაყოფილი) იძულებული გახდნენ, ოფიციალურად აეკრძალათ ქალაქში შარვლითა და ჩექმებით გამოჩენა.
ეს საიმპერატორო კანონი ფეოდოსიის კოდექსშიც კი იყო დაფიქსირებული და მისი დამრღვევი ისჯებოდა ქონების ჩამორთმევითა და რომიდან სამუდამო გაძევებით.
ბარბაროსული მოდის აკრძალვა იყო მცდელობა, შეენარჩნებინათ რომაული იდენტურობა და კულტურა იმ პირობებში, როდესაც იმპერია ხანგრძლივი გაფართოების შემდეგ კარგავდა თავის გამორჩეულ სახეს. მალე აკრძალულ ელემენტებს დაემატა გრძელი თმა და მდიდრული სამკაულები, რაც ბარბაროსებთან ასოცირდებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




