ვინ იყო პირველი ქართველი ჯამბაზი, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა და რა აკავშირებდა ლადო გუდიაშვილს ცირკთან
ავტორი: ეკატერინე პატარაია 45 წუთის წინ
საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის ან საერთოდ არ იცის, ვინ იყო პირველი ქართველი ჯამბაზი, როდესაც თბილისში ცირკი გაიხსნა. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, როგორ შეირჩნენ პირველად მსახიობები, რა წარმოდგენებს მართავდნენ ისინი... სანდრო თედიაშვილი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ცხინვალის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობი, 1941–1946 წლებში შორეული აღმოსავლეთის ფრონტის პირველი წითელდროშოვანი ანსამბლის მსახიობი, 1947–1952 წლებში – კვლავ ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასის მსახიობი და დირექტორის მოადგილე, შემდეგ – თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. ძირითადად, ასრულებდა სახასიათო როლებს. გამოირჩეოდა სცენური ნახაზის სიზუსტით, ემოციურობით, სასცენო მეტყველების ოსტატობითა და მიმიკით. 1958 წლიდან მუშაობდა ცირკში მსახიობად, 60-იანი წლებიდან კი – ქართული საცირკო კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საცირკო ხელოვნების განვითარებაში და მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯამბაზი კინტო
სანდრო თედიაშვილი: „1957 წელს წამოიჭრა საკითხი, საქართველოში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, ნაციონალური ცირკი დაარსებულიყო. ამის თაობაზე მოსკოვის „სოიუზგოსცირკიდან“ რეჟისორი ვიქტორ მირონოვი ჩამოვიდა. მაშინ კულტურის მინისტრი დავით ჩხიკვიშვილი იყო. მან მირონოვს უთხრა: საქართველოში არ გვყავს ცირკის მსახიობები და თუ თქვენი სამმართველო ნებას დაგვრთავს, მოსკოვიდან ჩამოვიყვანთ მსახიობებს, ესტრადიდან დავუმატებთ, სპორტემენებს ავიყვანთ და შევძლებთ, საცირკო კოლექტივი შევკრათო. მაშინ, ცირკის დირექტორი გრიგოლ ბენაძე იყო, რეჟისორი – ყანჩელი. ქვეყნისთვის ამ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეში ჩაერთნენ გამოჩენილი მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ლადო გუდიაშვილის წვლილი – ცირკისთვის მან შექმნა ესკიზები, ხალიჩები ქართული ორნამენტებით. მონაწილეობა მიიღეს კომპოზიტორებმა – თევდორაძემ, კვერნაძემ, ქორეოგრაფებმა – ჯანო ბაგრატიონმა, ანტონ ჩიხლაძემ, რეჟისორებმა – კოლია სანიშვილმა, გიგა ლორთქიფანიძემ. შეიქმნა სამხატვრო საბჭო, რომლის წევრებიც ეს ადამიანები იყვნენ. მოკლედ, ჩამოყალიბდა ქართული საცირკო კოლექტივი. წარმოიშვა წამყვანის პრობლემა – ჯამბაზის, რომელიც ასევე, ცალკეულ ნომრებს გამოაცხადებდა. მაშინ მირონოვმა თქვა, მე ჩამოვიყვან ჯამბაზს, მაგრამ ნაციონალური სახე დაირღვევაო. ამიტომ, დაავალეს ასეთი მსახიობი აქ მოეძებნა. ჩამოიარა ამ კაცმა თეატრები და ბოლოს, არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ჩვენთან, მოზრდ მაყურებელთა თეატრში, რამდენიმე სპექტაკლს დაესწრო. მოვეწონე. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. სამინისტროში გამომიძახეს. ვუთხარი: ცირკში საერთოდ არ დავდივარ და არ ვიცი, რაში გამოვდგები-მეთქი. მოკლედ, ამ საქმეს გავურბოდი იმიტომ რომ თეატრშიც მშვენივრად ვგრძნობდი თავს, ჩემი როლები მქონდა. მერე მითხრეს, ოღონდ წამობრძანდით და ყველანაირ პირობას შეგიქმნითო. დავთანხმდი. გადაწყდა, პირველ წარმოდგენაზე კინტოს როლში ვყოფილიყავი. პეტრე გრუზინსკიმ ტექსტი დაწერა. მუსიკაც შეირჩა, ჩამაცვეს შავი კოსტიუმი. პრემიერაც შედგა. გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობი ხარ, ცირკში აუცილებელია სპორტული მონაცემებიც გქონდეს. ბევრმა მსახიობმა სცადა „კლოუნობა“, მაგრამ ვერ გახდა.
წითელნათურიანი სახედარი
პირველი წარმოდგენა 1958 წლის 19 თებერვალს შედგა. ძალიან კარგად მახსოვს, წარმოდგენას უამრავი მაყურებელი დაესწრო, დარბაზი გადაჭედილი იყო. წარმოდგენა იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ მაყურებელი არენიდან აღარ გვიშვებდა. რამდენიმე წუთი ფეხზე იდგა და განუწყვეტლივ გვიკრავდა ტაშს. იმ პერიოდში მოსკოვშიც გავემგზავრეთ. მე ისევ კინტოს ფორმით გამოვდიოდი. არღანს ცენტრში დავდგამდი, ზედ ავხტებოდი და ისე ვესალმებოდი მაყურებელს. ამის შემდეგ ვიწყებდი სიმღერას „ჯან აიაჯან, ჯან აიაჯან“... მერე, იწყებოდა ქართული ცეცხლოვანი ცეკვა, აკრობატული ილეთებით. სხვა ქალაქებშიც გავდიოდით. შევამჩნიე, რომ ამ ჩემს კინტოს მაყურებელი ვერ იღებდა – არავითარი რეაქცია, ტაში. საგონებელში ჩავვარდი. თეატრში რომ ვიყავი, იქ სულ სხვა ამბავი იყო ჩემი გამოსვლა. არაფერი მესმოდა, რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც ჩავწვდი ცირკის სპეციფიკას, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მანამდე, მეგონა, რომ კინტო, შავ სამოსში სულ ეს იყო ყველაფერი. კომიკოსის სახე შავ კოსტიუმში მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა, ვერ იგებდა, რა ხდებოდა, ვინ იყო ეს კაცი, რა უნდოდა, იმიტომ რომ კინტო ხომ თბილისის კოლორიტია. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი კინტო გამომეცვალა ოღონდ ისე, რომ ნაციონალური სახე არ დამეკარგა. ყველა ბაძავდა დასვალეთ ევროპის გამოჩენილ კინოკომიკოსებს და მეც რომ მიმებაძა, ის ქართული ეშხი იკარგებოდა. ერთხელაც ტაშკენტში მოვხვდი. უზბეკებს, ყველას ერთნაირი ქუდი ეხურათ. ვიფიქრე, რა ვქნა ახლა? დავიხურე ნაბდის ქუდი, გავიკეთე აწკეპილი ულვაში, გრიმი. შეხვედე ჩემს სახეს – მომეწონა. მერე ავიღე ჭრელი პერანგი, ატლასის ლურჯი ფერის შარვალი, ჩავიცვი უშველებელი თეთრი წაღები, გამოვიცვალე დიქცია, ხმა. ამავე დროს, ჯამბაზი ენამახვილი და ჭკვიანიც უნდა ყოფილიყო, როგორც ბაზრის კინტო, თუმცა, ჩემი შინაგანი კულტურა შევინარჩუნე, მაგრამ ამაზე არ შევჩერდი. ჩვენებს ვუთხარი: თუ შეიძლება, ჩემთვის ერთი სახედარი შეიძინეთ-მეთქი. შეიძინეს. ავხედე-დავხედე ამ სახედარს, ვხედავ ძალიან დასაბანია. დავაბანინე. დავადგით ჩუქურთმიანი უნაგირი, კისერზე მრავალფეროვანი ჰალსტუხი ჩამოვკიდეთ, უშველებელი სათვალე გავუკეთე, ჩავაცვი ისეთივე თეთრი წაღები, რაც მე მეცვა, გავუკეთე ელექტროგაყვანილობა, რომელიც უნაგირის ქვეშ დავმალე – კუდის ბოლოს გავუკეთე წითელი ნათურა, რაც „სტოპ-სიგნალს“ ნიშნავდა, არენაზე რომ გამოვედი, აი, მაშინ ვიგრძენი, რომ ნაციონალური ჯამბაზი სანდრო თედიაშვილი ვიყავი...
კლოუნადა
...ეს არის ყველაზე რთული ხელოვნება. ცირკში ნებისმიერი ნომერი რომ ამოვარდეს ან ჩავარდეს, წარმოდგენა მაინც შედგება, მაგრამ „კლოუნის“ გარეშე არაფერი გამოვა. სიცილის საგანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და სერიოზული. ასეთი ტრადიციები იყო საქართველოში ძველად, მეფის მასხარის სახით, რომელიც ყოველგვარი თვალთამქცობის გარეშე, ამ ფორმით მეფეს სრულ ინფორმაიცას, სიმართლეს აწვდიდა და ამას სიცილ-კისკისით ეუბნებოდა. „კლოუნი“ მარტო „წითელი ბურთი ცხვირი“ არ არის. მას თავისი რეპერტუარი უნდა ჰქონდეს. მოსკოვში იყო სარეპერტუარო განყოფილება, მაგრამ მაინც არ იყო ის, რაც მე მინდოდა. თეატრში რაც ვითამაშე, იქიდან ვიღებდი მასალას და ყველაფერს ჩემი იმპროვიზაციით ვაკეთებდი. ასე რომ, საკუთარი თავის რეჟისორი ვიყავი. ჩემი „კლოუნი“ მართლაც ყოველთვის განსხვავდებოდა სხვებისგან.
საცირკო დუეტი მაყურებელთან
ერთხელ, ერევანში გამოვდიოდით. პირველ რიგში ვიღაც კაცი იჯდა მეუღლესთან ერთად. ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ მთელი ყურადღება მიიპყრო. ამაზე ცუდი რა არის, როცა მსახიობი ცდილობს, აჩვენოს თავისი შემოქმედება მაყურებელს და ამ დროს უყურადღებოდ რჩება. ხალხი გაიძახოდა: გააღვიძეთ ეს კაცი ან მოაშორეთ აქედანო. ცოლმა გააღვიძა, მაგრამ მეორე წუთას კიდევ უარესი ხვრივნვა ამოუშვა, ისეთი, რომ ყველასთვის შეუძლებელი გახდა მუშაობა. სასწრაფოდ ავვარდი მეორე სართულზე, სადაც ჩვენი საერთო საცხოვრებელი იყო, ავიღე საბანი, ბალიში გადავიკიდე მხარზე და ისე გამოვედი არენაზე. მაყურებელმა დამინახა და გაისუსა. ალბათ, ფიქრობდა, ახლა რას მოიმოქმედებს „კლოუნიო“. მივედი იმ ადგილას, სადაც ეს კაცი იჯდა და ეძინა და გავშალე ლოგინი. გავიხადე პერანგი გავიზმორე და ჩავწექი. ახლა ეს კაცი ბასით ხვრინავს, მე – ფალცეტით. გადავედით დუეტში. მშვენიერი ნომერი გამოვიდა. ხალხმა ტაში რომ დასცხოოო... მხოლოდ ამ ხმაურზე გაახილა იმ კაცმა ცალი თვალი, მერე მე გადმომხედა, დამაკვირდა, ეს ვინღააო. ერთი კარგად სომხურად შემიკურთხა და წავიდა. მეც გავყევი საბანში გახვეული და გასასვლელამდე მივაცილე. მესამე დღეს მეუბნებიან, ვიღაც კაცი გეძახისო. რომ დამინახა, გადამეხვია. სანდროჯან, ბოდიში, აი, გენაცვალე, მთვრალი ვიყავიო. ახლა კი წავედით, ჩემთან ვიქეიფოთო. მეც უარი ვეღარ ვუთხარი და ის დრო, სანამ სომხეთში ვიყავი, სულ პურმარილი გვქონდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





