საზოგადოება

რა უწინასწარმეტყველეს ჩვილობაში რევაზ ლაღიძეს და ვის ეგონა მისი მუსიკა ხალხური

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 54 წუთის წინ

რევაზ ლაღიძე
დაკოპირებულია

რევაზ ლაღიძეს არ აკლდა ჯილოდები, პრემიები, ვინაიდან „რევაზ ლაღიძის პიროვნება ისეთი ხალასი და დიდებულია, როგორიც მისი შემოქმედება, ვაჟკაცი და უებრო მეგობარი, ზოგჯერ – ბავშვივით გულუბრყვილო და გაოცებული, პრინციპული და ადამიანური ურთიერთობის ზედმიწევნით მცოდნე, ჩვენი მადლიანი სუფრის სწორუპოვარი თამადა და ბეჭისდამთლელი – ასეთს ვიცნობ მთელი ცხოვრება და აწი რაღა შემიცვლის აზრს მასზედ. რომ მკითხონ, ვინ არის შენი კერპი მუსიკაში და ადამიანობაში, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები – რევაზ ლაღიძე! ერთი მთლიანი პიროვნებაა“ – ასე აფასებდა თავის მეგობარს გოგი ცაბაძე. მე კი, ჩემის მხრივ დავამატებდი: ბევრი ადამიანი და ბევრი რამ მიეცემა დავიწყებას, მაგრამ შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს რევაზ ლაღიძის მზიან მუსიკას. მართლაც, ძალიან ცოტა თუ გამხდარა ქართველი ხალხის სიყვარულის ღირსი. მათ შორისაა რევაზ ლაღიძე – ჭეშმარიტად ეროვნული, უაღრესად ნათელი, ზედმიწევნით ადამიანური მუსიკის ავტორი.

ექიმის წინასწარმეტყველება

რევაზ ლაღიძე ჭიპლარშემოხვეული დაიბადა, ძლივს გადაარჩინეს. ექიმმა, რომელიც მშობიარეს თავზე ედგა, თქვა, ნუ დარდობთ, ეს ბავშვი არა მხოლოდ ბაღდათს, მთელ ქვეყანას ასახელებსო. მშობლების დასამშვიდებლად ნათქვამი ეს სიტყვები შემდეგ ნამდვილად ახდა. მისთვის ყველაზე ახლობელი ჟანრი საესტრადო სიმღერა გახდა, რომელიც აკადემიურ ხარისხში აიყვანა. ამბობდა, სიმღერა ნოტებით არასოდეს მისწავლია, ნოტით სიმღერას ვერ ისწავლიო. როცა მუშაობდა, იკარგებოდა ხოლმე. ბუნებაში გადიოდა და სახლში დაბრუნებული შედევრებს წერდა. დაკეტილ კარში მუშაობა არ უყვარდა. დაასრულებდა თუ არა ნაწარმოებს, ახლობლებს, მეზობლებს მოიწვევდა და წარუდგენდა. თავისი გულღიაობით, იმიჯით ძალიან ჰგავდა იოსებ ნონეშვილს. ორივენი ბავშვებივით გულწრფელები იყვნენ, ყველას უღიმოდნენ, მათში ქედმაღლობის მისხალიც კი არ იყო.

მუსიკა ფილმებისთვის

რევაზ ლაღიძე თავს დასტრიალებდა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“. 1960-1962 წლებში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ქრონიკულ-დოკუმენტური და მეცნიერულ-პოპულარული ფილმების მუსიკალური რედაქტორია. ის ყველგან იყო, სადაც მისი მუსიკით ფილმს იღებდნენ. ქართული ფილმების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის სიმღერებია, რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით მღერიან ქართველი შემსრულებლები. აღსანიშნავია კინოფილმები: „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ხევისბერი გოჩა“, ,,ხევსურული ბალადა”, ,,კეთილი ადამიანები”, ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, ,,შეწყვეტილი სიმღერა”, ,,წუთისოფელი” და სხვა, სულ 30-ზე მეტი ფილმი. ქმნიდა მუსიკას სპექტაკლებისათვისაც... ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მუსიკის კათედრას ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი იყო.

მზგნებარე მონადირე

რევაზ ლაღიძე არა მარტო შემოქმედებით, მთელი თავისი არსებით იყო ჯანმრთელი სიცოცხლის მოყვარული და მომღერალი. მისი გატაცებები ნადირობით – ეს იყო ბუნებასთან დიდი სიახლოვე. გაშლილი ბადით მშობლიური მდინარეებიდან თევზებთან ერთად თითქოს იდუმალი ხმები მარგალიტებივით ამოჰყავდა. საქართველოს ყველა კუთხეში ჰყავდა თავისი „დოსტები“, სახელგანთქმული მონადირეები და მეთევზეები. მის რომანტიკულ არსებაში ბუნება მღეროდა და ისიც ბუნების კილოზე სიმღერას ეშურებოდა. მისი მუსიკა საქართველოს ჰგავდა. რევაზ ლაღიძეს იცნობდნენ, როგორც მგზნებარე მონადირესა და მებადურს, მაგრამ თოფითა და ბადით იგი დროს უფრო კლავდა, ვიდრე ფრინველს, თევზსა თუ ნადირს. მონადირეობა საბაბი იყო იმისა, რომ ფეხით შემოევლო სათაყვანებელი საქართველოს ველ-მინდვრები, მისი მთა-ბარი, დამტკბარიყო მშობლიური მიწა-წყლის სიდიადითა და ბარაქით. უნდა გენახათ, როგორ ესიყვარულებოდა ყოველ ბუჩქს, ხეს, წყაროს. სამშობლოს მშვენიერებით აღფრთოვანებულ შემოქმედს უზომოდ უყვარდა მეგობრებთან ერთად ნადირობა, რადგან მიაჩნდა, რომ ტყე, თავისი იდუმალებით, თავისი საოცრებით, შემოქმედებისთვის ყოველთვის არის შთაგონების წყარო.

უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო. ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ. ვერ იტანდა სიმარტოვეს, ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში და ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა.

რევაზ ლაღიძეს ღმერთმა არგუნა, სიცოცხლეშივე მოსწრებოდა დიდ აღიარებას არა მარტო მის ქვეყანაში, საზღვარგარეთაც. მისმა კოლეგებმა აღიარეს ის ქართული სიმღერის კლასიკოსად. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, ერთეულთა ხვედრია. ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს, თავისი დაძაბული და მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, უმღერდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა.

ის ყველგან იყო

„რევაზ ლაღიძე ყველგან იყო – ყველა ჭირსა და ყველა სასიკეთო საქმეში. ერთი შეხედვით, სადღაც მიყუჟულიყო ის დიდი და გრანდიოზული, ის ხალასი და ჭეშმარიტი, ის ნათელი და მშვენიერი, რომელსაც ხელოვნების მუზა ერქვა და რომელსაც მთელი არსებით მორჩილებდა დიდი ხელოვანი. 1967 წელს საქართველოს კომკავშირის რესპუბლიკური პრემიის პირველი ლაურეატები გავხდით რევაზ ლაღიძე, თამაზ მელივა, ელდარ შენგელაია, მერაბ ელიოზიშვილი, დიმიტრი ერისთავი და მე. სოლიდური თანხაც მივიღეთ, თითოეულმა 2 500 მანეთი. ჯიბედატენილები მივდივართ, მდიდრები, გახარებულები და დაფასებულები. რატომღაც გადავწყვიტეთ, ორი დღის შემდეგ გვექეიფა – შაბათს… სასტუმრო ,,თბილისს“ რომ გავუსწორდით, ბატონმა რეზომ მოულოდნელად შესძახა: შაბათი არ ვიცი, ეს ფული დამახარჯინეთ, თორემ ასე სახლში ვერ შევალო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, შევგრიალდით რესტორან ,,თბილისში“. რეზო ლაღიძე თამადად დადგა, პირიდან თაფლი და შაქარი ამოსდიოდა… იქიდან რომ გამოვედით, ერთმანეთს ვერ ვცნობდით, მარტო ბატონი რეზო გვცნობდა, ჩვენი საყვარელი რევაზ ლაღიძე“. – იხსნებდა ჯანსუღ ჩარკვიანი.

ადანდალი დანდალი

გიორგი ნატროშვილი, მწერალი, კრიტიკოსი: „მახსენდება ერთი შეხვედრა კომპოზიტორთან. ეს იყო სუფრაზე, ოქროყანის ზემოთ, რესტორანში. სუფრაზე თავი მოიყარეს მწერლებმა, მუსიკოსებმა, მეცნიერებმა, ჟურნალისტებმა და, ცხადია, ყურადღების ცენტრში ყველასთვის საყვარელი რევაზ ლაღიძე იყო. ტკბილ საუბარს დროდადრო გვაწყვეტინებდა დამკვრელთა დასტა, რომელიც უფრო ხშირად, გასაგებია, რომ რევაზ ლაღიძის სიმღერებს მიმართავდა. კოჯრის ნიავზე ნაზად ესალბუნებოდა დამსწრეთა სმენას მათი ჰანგი და აი, უცებ შესავალი ტაქტების შემდეგ დაიწყეს:

,,დალოცვილი კახური მაგ ტუჩების ფერია,

ღვინოს დავლევ, წყალს – არა, შენ გაკოცებ, სხვას არა,

ადანდალი დანდალი”.

ყველა სულგანაბული უსმენდა მომაჯადოვებელ მელოდიას. სიმღერა რომ დამთავრდა, ერთმა ცნობილმა მწერალმა (გვარს არ დავასახელებ) რევაზ ლაღიძეს მიმართა: ,,ბატონო რეზო, ნუ მიწყენ შენი ჭირიმე, თქვენი დაწერილი სიმღერა ვის არ დაატყვევებს, მაგრამ ხალხის გენია მაინც სულ სხვა არის, ამ წუთს რომ მოვისმინეთ!” ყველას გაეცინა. იმ მწერალმა არ იცოდა, რომ ის ხმატკბილი მელოდია სწორედ რევაზ ლაღიძეს ეკუთვნოდა. გაწბილებულმა მწერალმა სიტყვა თავიდან ითხოვა და რევაზის სადღეგრძელო მეორედ წარმოთქვა.“

„ლელა“

მედეა ამირანაშვილი, მომღერალი: „რევაზ ლაღიძე ჩვენი სახელოვანი ერის უდიდესი წარმომადგენელია. ბედნიერი წლები იყო ჩემთვის, როცა მასთან ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა „ლელაზე“ ვმუშაობდით. ერთ საღამოს ზურაბ ანჯაფარიძეს, ვახტანგ ფალიაშვილს და მე მოგვასმენინა ნაწყვეტები თავისი ახალი ოპერიდან. თანაც გაგვაფრთხილა, რომ წამყვანი პარტიების შესრულება დავით გამრეკელისათვის და ჩვენთვის ჰქონდა გათვალისწინებული. ავადმყოფობის გამო დავითმა ვერ შეძლო ამ ოპერაში სიმღერა, მაგრამ გელას პარტია წარმატებით შეასრულა ახალგაზრდა მომღერალმა, ჯემალ მდივანმა. დაიწყო რეპეტიციები. ბატონი რეზო ძალიან ექსპანსიური პიროვნება იყო. არ აკმაყოფილებდა რეპეტიციები თეატრში და მივყავდით თავის სახლში და ვაგრძელებდით ოპერის ყველა წვრილმანის განხილვას…

რეპეტიციების დროს გარდამეცვალა დედა. ლელას არიის ემოციური ხასიათი საოცრად დაუახლოვდა ჩემს პირად სევდას. იმ დღიდან ლელას არია ჩემთვის უსაყვარლესი გახდა. მე მას მუდმივად ვასრულებ საკონცერტო გამოსვლებში. დღესაც თითქოს ყურში მესმის ბატონი რეზოს გამამხნევებელი ხმა: ,,მედიკო, შენსავით ლელას არიას მაინც ვერავინ მღერისო.“

ბალადა ვაზზე

„რაც დრო გადის, უფრო მეტად ვგრძნობ, რამოდენა შემოქმედთან მიხდებოდა თანამშრომლობა. ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ რევაზ ლაღიძე ჩემთვის წერდა სიმღერებს. ალბათ, კიდევ რამდენიმე ათეულმა წელიწადმა უნდა განვლოს, რომ საქართველო მოევლინოს მისი მსგავსი კომპოზიტორი. ეს ბობოქარი კაცი თავის განცდებს ფაზად გადმოსცემდა, როგორც მუსიკაში, ასევე ცხოვრებაში. მინდა მოვიგონო ისტორია, თუ როგორ შეიქმნა „ბალადა ვაზზე“. ავტორი დიდხანს ეძებდა ამ სიმღერის შემსრულებელს. კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის რჩევით, ბატონმა რეზომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. შინ დამიბარა, მომასმენინა მუსიკა. დაიწყო რეპეტიციები… მე ჩვეული განცდითა და ლირიზმით წავიღიღინე მელოდია… არ მოეწონა… ვთხოვე, ეჩვენებინა, როგორ მემღერა. მე თითქოს დღესაც მესმის – ,,ვაზო ლამაზო, ფესვო ნაკურთხო“. „ფესვო“ – აქ ისეთი მახვილი გააკეთა, ჩემთვის ნათელი გახდა ნაწარმოების ხასიათი. რეპეტიციები გრძელდებოდა… სიმღერას მაინც აკლდა რაღაც. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, როდესაც დაღლილობა შემამჩნია, ქალაქგარეთ გასვლა შემომთავაზა. გზაზე მიხსნიდა, რომ მისთვის ბუნებასთან კავშირი შემოქმედებითი აღმაფრენის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. რამდენიმე წუთში დიღომში, ულამაზეს ბუნებაში, აღმოვჩნდით. ჩიტების საოცარი გალობა ატკბობდა სმენას… რამდენიმე დღეში, პირველსავე რეპეტიციაზე, დილის თერთმეტ საათზე ჯანსულ კახიძის დირიჟორობით ჩავწერეთ „ბალადა ვაზზე“. 2 საათზე კი მოსკოვში გავფრინდი. ერთი კვირის შემდეგ, იქიდან რომ დავბრუნდი, სიმღერა უკვე პოპულარული დამხვდა. რევაზ ლაღიძის ყველა ნაწარმოები გათავისებული მაქვს, განსაკუთრებით მიყვარს ,,აყვავილდა ნუში“, ,,წუთისოფელი“. ეს სიმღერები განსაკუთრებული ძალით მოქმედებენ ჩემზე, სინაზითა და სევდით მავსებენ.“ – იხსენებს ნანი ბრეგვაძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი