საზოგადოება

რატომ მალავდნენ ოფიციალური პირები ჯემალ გოკიელის უცხოურ მიწვევებს და რის გამო მიიჩნევდა ის მუსიკოსობას მძიმე ხვედრად

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 58 წუთის წინ

გია გოკიელი
დაკოპირებულია

მაესტრო ჯემალ გოკიელს (1920-1991) 106 წელი შეუსრულდებოდა. ის მეოცე საუკუნის ქართული საორკესტრო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ლეგენდარული ევგენი მიქელაძის მოწაფემ მთელი ცხოვრება საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს მიუძღვნა, სადაც ათასზე მეტი კონცერტი გამართა და არაერთი ქართული კლასიკური ნაწარმოების პირველი შემსრულებელი გახდა. მისი იშვიათი ნიჭითა და ნამდვილი რომანტიზმით აღფრთოვანებული იყვნენ მსოფლიო დონის ვირტუოზები.

გია გოკიელი (შვილი): მიუხედავად იმისა, რომ მამა დიდი ხანია, ჩვენ გვერდით აღარ არის, ის მუდმივად ჩემს ფიქრებშია. იგი ჩემთვის, პირველ რიგში, მორალური კომპასია, ადამიანობის, პატიოსნების, სიყვარულის, უანგარობისა და სამყაროსადმი სწორი დამოკიდებულების მაგალითი.

მამა არ ყოფილა „ამქვეყნიური“ კაცი – მატერიალური კეთილდღეობისკენ არასდროს ისწრაფვოდა, ახასიათებდა გარკვეული დაბნეულობა და ნაკლებად პრაქტიკულიც იყო. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მისი ეს თვისებები ხშირად მაღიზიანებდა კიდეც და მათ მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად გავაცნობიერე, რომ ის, რაც მაშინ უცნაურობად მიმაჩნდა, რეალურად განსაკუთრებით ღირებული იყო. ის მთელი არსებით მუსიკაში იყო ჩაძირული.

– როგორ გახსენდებათ მომენტები, როცა ხედავდით, თუ როგორ აფასებდნენ, პატივს სცემდნენ და უყვარდათ მამა?

– ძალიან მეამაყებოდა, რომ მამა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი იყო. მას მუსიკალურ სფეროში უამრავი მეგობარი ჰყავდა და საზოგადოება დიდად აფასებდა. ბედნიერება მქონდა, პირადად გამეცნო იმ დროის სახელოვანი კომპოზიტორები – ჩვენ კომპოზიტორთა სახლში ვცხოვრობდით, ჩვენს მეზობლად კი საოცარი მუსიკოსები ბინადრობდნენ. მამას უახლოესი მეგობრები იყვნენ ოთარ გორდელი – არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და პიროვნება, რეზო ლაღიძე და სხვები.

კოლეგები მამაში, უპირველესად, სწორედ მის ადამიანობას აფასებდნენ. ის განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იყო გარშემო მყოფთა მიმართ და ყოველთვის მზად იყო, სხვების დასახმარებლად. მართლაც საოცრად კაცთმოყვარე ადამიანი გახლდათ. მას პატივს სცემდნენ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ პირველ რიგში, ის გამორჩეული პიროვნება იყო.

მამა აქტიურად თანამშრომლობდა კომპოზიტორთა კავშირთან, ეხმარებოდა ავტორებს და მათ ნაწარმოებებს ორკესტრირებას უკეთებდა. მრავალი კომპოზიციის პირველი შემსრულებელიც სწორედ ის იყო. მან უამრავი ნიჭიერი ადამიანი გამოიყვანა სცენაზე და გზა გაუკაფა ცხოვრებაში. მათ შორის იყვნენ ლიანა ისაკაძე, ელისო ვირსალაძე, ლია ლეონსკაია და სხვები, რომლებმაც პირველი ნაბიჯები სცენაზე სწორედ მამასთან ერთად გადადგეს და მას მერე მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

მამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პატარებთან მუშაობას. დღეს ჩემთან საუბრებში ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს მის მიმართ მადლიერებას ამის გამო. მამა, ასევე, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა – კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე მუშაობდა.

– ალბათ, თქვენს ოჯახში ხშირი იყო მუსიკალური საღამოები, განსაკუთრებული ადამიანების მონაწილეობით.

– ნამდვილად ასე იყო. საკმაოდ ხშირად იკრიბებოდნენ, თითქმის ყოველ საღამოს. ჩვენს მეზობლებს შორის ბევრი საინტერესო ადამიანი და გამოჩენილი მუსიკოსი იყო: სულხან ცინცაძე, ნოდარ გაბუნია, ნოდარ მამისაშვილი, ფელიქს ღლონტი, ანდრია ბალანჩივაძე, ვაჟა აზარაშვილი.

– როგორი იყო მისი პროფესიული წარმატებები?

– მამამ მთელი ცხოვრება საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს მიუძღვნა. ჩაატარა 1 000-ზე მეტი კონცერტი; აქედან პირველი – 1948 წელს, ხოლო ბოლო – 1991 წლის თებერვალში, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე. ჩემმა ბავშვობამაც სულ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზსა და მის კულისებში ჩაიარა.

„ჩალიჩა“ კაცი არ ყოფილა, ორკესტრის მთავარ დირიჟორად არასოდეს დაუნიშნავთ, თუმცა ორმოცდაათიან-სამოციან წლებში მაინც ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო პოდიუმზე. საზღვარგარეთ იშვიათად უშვებდნენ, სულ სამჯერ იყო – იუგოსლავიაში, პოლონეთსა და რუმინეთში. ალბათ იმიტომ, რომ კომუნისტურ პარტიაში არ შედიოდა და „გოსკონცერტში“ არ სწყალობდნენ. მერე გავიგეთ, რომ თურმე, ბევრი მოწვევა მოსდიოდა, მათ შორის დანიის სამეფო ორკესტრიდანაც, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა დაუმალეს. ამის მიუხედავად, საოცარ მუსიკოსებთან მოუწია სცენაზე გამოსვლა – როგორც საბჭოთა, ისე უცხოელ შემსრულებლებთან. თითოეული თავისი კონცერტის შემდეგ ჩანაწერს აკეთებდა დღიურებში და ყველა შემსრულებელს იწერდა – გინდა სკოლის პირველკლასელი ყოფილიყო და გინდა – რიხტერი. ამათგან ერთ-ერთმა, ამერიკელმა გრანტ იოჰანესენმა, საბჭოთა კავშირში გასტროლების შემდეგ ჩანაწერები გამოაქვეყნა ჟურნალ „ამერიკაში“, თუ არ ვცდები, 1967 წელს. მამაჩემისთვის დიდი სიურპრიზი და სიხარული იყო იმის წაკითხვა, თუ როგორ მოიხსენია იგი ამ პიანისტმა:

„...უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი ტურნეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება თბილისს უკავშირდება, სადაც ადგილობრივ ორკესტრთან ერთად გრიგის ყველასთვის საყვარელი და ბევრჯერ შესრულებული კონცერტი დავუკარი. 16 აპრილს, საღამოს 8 საათზე რეპეტიციას გავდიოდით... დირიჟორი გოკიელი არაჩვეულებრივად ნიჭიერია. თავისი არტისტული ინდივიდუალობით ის დღეს უკვე თითქმის გადაშენებულ, ნამდვილ რომანტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება. გრიგის კონცერტში მისმა აკომპანემენტმა და პარტიტურის ყველა ნიუანსისადმი ასეთმა ფაქიზმა დამოკიდებულებამ დამანახვა, თუ რამდენად დაუდევრები ვართ მუსიკოსები, როცა ბევრჯერ შესრულებულ ნაწარმოებებს ვუკრავთ. ეს ძველი კომპოზიციები მუსიკალური „შეშის მჭრელების“, დირიჟორებისა და სოლისტების მიერ ხშირად „ნაფოტებად იქცევა“. ჩვენს დროში იშვიათია შემსრულებელი, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს ამ პიესების არსს, გამოავლინოს მათი კეთილშობილება და მათში ახალი სიცოცხლე ჩაბეროს. უდიდესი სიხარულით ვიმუშავე ადამიანთან, რომელიც ცდილობდა, ამ გაცვეთილ ნაწარმოებში მშვენიერება აღედგინა. და მოხდა სასწაული: კომპოზიცია ისე აჟღერდა, თითქოს პირველად სრულდებოდა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გოკიელის მოსმენას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შევძლებთ!“

რა თქმა უნდა, არც ახლო და არც შორეულ მომავალში მამა შტატებში არ გაუშვეს.

– თქვენ როგორი ემოციებით გახსენდებათ მისი სცენაზე დგომა, აღტაცება და ოვაციები, რომლებსაც მსმენელი მის მიმართ არ იშურებდა?

– კონსერვატორია და ოპერის თეატრი, პრაქტიკულად, ჩემი სახლი იყო. ზაფხულობით მამას გასტროლებზეც დავყვებოდი, ამიტომ ეს გარემო ჩემთვის ჩვეული გახლდათ და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ყოველთვის მეშინოდა და ველოდებოდი, როდის დავინახავდი მამას სცენის კიდესთან, პოდიუმზე, სადირიჟორო პულტთან. ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მძაფრად სწორედ ის პანიკური შიში მახსოვს, რომ მამა სცენის კიდეზე მიდგმული პოდიუმიდან არ გადმოვარდნილიყო, რადგან მაშინ მეტალის ბარიერები ჯერ კიდევ არ იყო მოწყობილი. პროცესში თავდავიწყებით, მთელი არსებით იყო ხოლმე ჩართული და შიშისგან ზოგჯერ თვალებსაც კი ვხუჭავდი... ნეტა რა სირთულე იყო იმ დროს დირიჟორებისთვის მეტალის ბარიერის მოწყობა, ისე, როგორც ახლა აქვთ?! (იცინის).

– თქვენი ოცნება არ იყო იმ ადგილას დგომა და ცხოვრების ამ მიმართულებით წაყვანა?

– არა. მამა მიიჩნევდა, რომ მუსიკოსობა ძალიან მძიმე ხვედრია, ამიტომ არ უნდოდა, მეც ეს გზა ამერჩია. შეიძლება ითქვას, ყველაფერი გააკეთა საამისოდ, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. ისეთ მასწავლებელთან მიმიყვანა, რომელმაც საერთოდ ვერ ამანთო და ოთხწლიანი სწავლის შემდეგ მუსიკისთვის თავის დანებება მომინდა. ამას ახლა ძალიან ვნანობ. ბედნიერი ვიქნებოდი, ინსტრუმენტზე რომ ვუკრავდე ან მუსიკოსი ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი