საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№30

ავტორი: „თბილისელები“ 19:00

გვარები
დაკოპირებულია

იანვარაშვილი

იანვარაშვილი ძველი ქართული პატრონიმული გვარია, რომელიც მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – „იანვარა“. სახელწოდება „იანვარა“, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იანვრის თვესთან და ქართულ სახელდების ტრადიციაში იმ პირებს არქმევდნენ, რომლებიც იანვარში იყვნენ დაბადებულნი.

იანვარაშვილები ისტორიულ წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან ფიქსირდებიან. 1527–1558 წლებში რკონში მცხოვრები იანვარაშვილები – როინი და გოშფარა – მოხსენიებულნი არიან ჯავახიშვილების გაყრის საბუთებში. მოგვიანებით, 1568 წლის გელათის საბუთში იხსენიება ღმერთისაი იანვარაშვილი, ჩუნეშის მცხოვრები, რომელიც მეფე გიორგის მიერ გელათის მონასტრისთვის შეწირულ გლეხთა შორის იყო. 1633-1658 წლებში საბუზარაში მცხოვრები ხარატი გიორგი იანვარაშვილი ბარათაშვილთა მამულების განაწილების დოკუმენტშიც ფიგურირებს.

ისტორიული ცნობები მიუთითებს, რომ იანვარაშვილები ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში იყვნენ გავრცელებულნი, განსაკუთრებით შიდა ქართლსა და კახეთში. გვარის ერთ-ერთ ძველ კერად მიიჩნევა ხოვლე (კასპის მუნიციპალიტეტი), საიდანაც გვარის მრავალი შტო გავრცელდა მიმდებარე სოფლებში.

იანვარაშვილთა გვარს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი ჰყავს. მათ შორისაა ბარბალე (ვარვარა) იანვარაშვილი (1908-2000) — ქართველი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი, ასევე ცნობილი მოჭიდავე კულა იანვარაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ამირან იანვარაშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწეები და სპორტსმენები.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 186 იანვარაშვილი ცხოვრობს.

ინჯგია

ინჯგია ძველი მეგრული გვარია, რომლის ფუძედ მიჩნეულია კოლხური სიტყვა „ინჯგა“, რაც ერთჯერად ჭამას, ერთ ჯერზე მიღებულ საზრდოს ნიშნავს. მკვლევართა აზრით, გვარი წარმოშობილია მეტსახელისაგან, რომელიც შემდგომ საგვარეულო სახელად ჩამოყალიბდა.

ინჯგიების ძირითადი კერა ისტორიულად სამეგრელოა. დღესაც ყველაზე მეტად გვხვდებიან მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო მათი ერთი ნაწილი აფხაზეთის ისტორიულ ქართულ სოფლებშიც ცხოვრობდა.

პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტებში მოხსენიებულნი არიან აკაკი კვიკვიეს ძე ინჯგია, 219-ე ქვეითი სათადარიგო ბატალიონის რიგითი (1916), და მიხეილ ინჯგია, 203-ე სოხუმის ქვეითი პოლკის უნტერ-ოფიცერი, რომელიც გერმანიაში ტყვედ აღმოჩნდა.

საქართველოს გვარების სტატისტიკის მიხედვით, ინჯგიას გვარი 631 სულს ითვლის, მათგან 216 მარტვილში, 182 სენაკში და 72 თბილისში ცხოვრობს.

მამისაშვილი

მამისაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულ წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდება. ყველაზე ადრეული ცნობებით, 1527-1558 წლებში სკრაში მცხოვრები მამისაშვილი ჯავახიშვილთა მამულების გაყოფის საბუთებში იხსენიება. მეჩვიდმეტე საუკუნეში გვარის წარმომადგენლები არაერთ სამართლებრივ, სამამულო და საეკლესიო დოკუმენტში ჩანან ცხირეთში, თუხარელსა და ქართლის სხვა სოფლებში.

მამისაშვილები იყვნენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები – გლეხები, მამულის მფლობელები, მოწმეები და სასულიერო პირები. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მღვდელი შიო მამისაშვილი, რომელიც 1661 წლის იოსებ ტფილელის სიგელში იხსენიება. მოგვიანებით გვარის წარმომადგენლები მსახურობდნენ ძეგვის, გრემისხევის, ანანურის, შუაფხოსა და სხვა ეკლესიებში. მათ შორის ცნობილნი არიან მღვდლები გიორგი, კირილე, ნიკოლოზი, მათე და იოანე მამისაშვილები.

გვარის წარმომადგენლები სამხედრო სამსახურშიც გვხვდებიან. პირველი მსოფლიო ომის დროს ილია პავლეს ძე მამისაშვილი, 47-ე უკრაინული ქვეითი პოლკის რიგითი, წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვრით დაჯილდოვდა.

მამისაშვილები ისტორიულად, ძირითადად, ქართლსა და მთიულეთ-ფშავ-ხევსურეთის არეალში იყვნენ განსახლებულნი. მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ ეს გვარი ქართული ისტორიული საგვარეულოების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის წარმომადგენლებიც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ როგორც საეკლესიო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სულ საქართველოში 1 184 მამისაშვილი ცხოვრობს.

მამიაშვილი

მამიაშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც ისტორიულ წყაროებში მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდება. 1558 წლის საბუთებში მამიაშვილები მოხსენიებულნი არიან პიტინისხევის მცხოვრებლებად და ქუთაისის საყდრის ყმებად, რომელთაც სხვადასხვა საეკლესიო ვალდებულება ეკისრებოდათ. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების დოკუმენტებში გვარის წარმომადგენლები არაერთხელ იხსენიებიან ქართლისა და იმერეთის ტერიტორიებზე, როგორც მამულის მფლობელები, მოწმეები და საეკლესიო საზოგადოების წევრები.

1584 წლის საბუთში ჩერნალში მცხოვრები მამიაშვილი გელათის წმიდა გიორგის ეკლესიისთვის შეწირულობასთან დაკავშირებით იხსენიება. მოგვიანებით, მეჩვიდმეტე საუკუნის სხვადასხვა სამართლებრივ აქტში გვხვდებიან ბერი, გიორგი, დავით, პაპუა და პაპუნა მამიაშვილები.

სასულიერო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მამიაშვილებსა და მამაიაშვილებს. მეცხრამეტე საუკუნეში ვაქირის წმიდა თომა მოციქულის ეკლესიაში მსახურობდნენ მღვდლები გიორგი და იოსებ მამაიაშვილები, ხოლო მოგვიანებით — დიაკონი იორდანე მამაიაშვილი. ეკლესიის მსახურთა შორის იხსენიება, აგრეთვე, გლახა მამაიაშვილი.

მამიაშვილები, ძირითადად, ქართლში იყვნენ გავრცელებულნი, თუმცა მათი კვალი იმერეთსა და კახეთშიც ჩანს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მასალა ადასტურებს, რომ ეს გვარი ქართული ისტორიული საგვარეულოების ძველ ფენას მიეკუთვნება და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საეკლესიო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სულ საქართველოში 488 მამიაშვილი ცხოვრობს

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი