ვინ იყო ანტონ ბაინდურაშვილი და როგორ გახდა ის ავსტრიელი ორმოცდაათიანელების დიაკვანი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00
ავსტრიის ორმოცდაათიანელთა თემის აქტიური წევრი, ანტონ ბაინდურაშვილი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უცხოეთში დარჩა. ანტონი 1906 წლის 29 იანვარს, საქართველოში დაიბადა. თავდაპირველად ის სოფელ განათლების საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც მასწავლებლებს მისი განსაკუთრებული ნიჭიერება აოცებდათ. მიუხედავად წარმატებული სწავლისა, მძიმე სოციალური პირობების გამო, მან უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება დიდხანს ვერ მოახერხა. ტექნიკური განათლება საკუთარ რაიონში მიიღო და ადგილობრივ კოლმეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. როდესაც ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე შეიტანა, თუმცა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს.
ფრონტზე წასვლამდე ანტონმა ოჯახის შექმნა მოასწრო. 1932 წელს მან ცოლად შეირთო 16 წლის თამარ გრიგალაშვილი. მათ ოთხი შვილი შეეძინათ.
1942 წელს, ქერჩის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლებისას, ანტონ ბაინდურაშვილი ტყვედ ჩავარდა და უკრაინის ქალაქ შეპეტოვკის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა. ბანაკის პირობები გაუსაძლისი იყო – შიმშილის, ყინვის, წყურვილისა და ეპიდემიების გამო დღეში ასამდე ადამიანი იღუპებოდა. ანტონს გაუმართლა: რუსულად წერა-კითხვის კარგად ცოდნის გამო ის, კიდევ რამდენიმე ქართველთან ერთად, ტყვეთა აღრიცხვისა და სიების შესადგენად გაიყვანეს. საბოლოოდ კი საკუთარ ნაწილს დაუბრუნდა. ომის მიწურულს, 1945 წელს, ანტონი პრაღიდან ზალცბურგში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარში ხელოსნად დასაქმდა. შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ის მუდმივ ლოცვასა და ბიბლიის შესწავლაში ხედავდა და იესო ქრისტეს ერთგულ მიმდევრად იქცა.
1948 წელს ანტონმა გაიცნო მქადაგებელი, რომელმაც იგი ზალცბურგის თავისუფალი ქრისტიანული საზოგადოების ოფისში მიიყვანა. სწორედ ამ გზით დაუკავშირდა ის პროტესტანტულ, კერძოდ კი, ორმოცდაათიანელთა, რელიგიურ მიმდინარეობას. 1949 წელს ანტონ ბაინდურაშვილმა მდინარე ზალცახზე წყლით ნათლობა მიიღო მაშინდელი ავსტრიის ორმოცდაათიანელთა თემის წინამძღოლის, რაიდლისგან, რის შემდეგაც საეკლესიო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. პიროვნული თვისებების გამო ანტონი თემმა მალე დიაკვნად აკურთხა. თანამორწმუნეები მას ახასიათებდნენ, როგორც ღვთისადმი სრულად მიძღვნილ მსახურს და მრევლში მას ძმა ანტონს უწოდებდნენ.
ეკლესიის რეკომენდაციით, ანტონი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში დასაქმდა, სადაც თავისი პროფესიონალიზმის წყალობით, მალე ხელმძღვანელი პოზიციაც დაიკავა. სასულიერო მოვალეობის პარალელურად, ის აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა: აგროვებდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თბილ საბნებს, თეთრეულსა და მედიკამენტებს, რის შემდეგაც ხურჯინით დაჰქონდა ეს ტვირთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ღარიბებს, ქვრივებსა და ობლებს უსასყიდლოდ ურიგებდა.
ანტონ ბაინდურაშვილმა ზალცბურგში სამუდამოდ დარჩენა ერთი მარტივი მიზეზით გადაწყვიტა – ამ მხარის მთიანი ლანდშაფტი და ბუნება მას ძალიან აგონებდა მშობლიურ საქართველოს. 1950-იანი წლების მიწურულს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და სამშობლოსთან კონტაქტის დამყარება შესაძლებელი გახდა. პირველი წერილი და რამდენიმე ფოტო ანტონმა ოჯახს 1959 წელს გამოუგზავნა. ამის შემდეგ ის რეგულარულად სწერდა ახლობლებს და ამანათებსაც უგზავნიდა. 1976 წელს მან შვილებს საშობაო მიწვევა გაუგზავნა და ჯუმბერი და ლუიზა მამას ზალცბურგში ერთი თვით ეწვივნენ.
ანტონის ცხოვრების მთავარ მიზანს სახარების გავრცელება წარმოადგენდა. საეკლესიო მისიით ის ხშირად მოგზაურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სკანდინავიის ქვეყნებში, საიდანაც სასულიერო ლიტერატურა ჩაჰქონდა, მათ ფოტოასლებს აკეთებდა და მორწმუნეებს შორის ავრცელებდა.
მისი დიდი ოცნება ბიბლიის სიღრმისეული შესწავლა იყო, თუმცა მისთვის მხოლოდ რუსულ და გერმანულ ენებზე გამოცემული წიგნები იყო ხელმისაწვდომი. 1970 წლის ერთ-ერთ წერილში იგი ოჯახს სთხოვს, როგორმე ქართული სახარება მიაწოდონ. ანტონს განზრახული ჰქონდა, ახალი აღთქმა თანამედროვე ქართულ ენაზე ეთარგმნა, რადგან მიიჩნევდა, რომ ძველი საეკლესიო ენა რიგითი მკითხველისთვის რთულად გასაგები იყო.
1971-1973 წლებში ანტონმა მჭიდრო მეგობრობა დაამყარა სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, პოლიგლოტ ბორის არაპოვიჩთან, რომელიც დაინტერესებული იყო ბიბლიის თარგმნით საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე. ბორის არაპოვიჩი და ანტონ ბაინდურაშვილი იერუსალიმში ერთად მუშაობდნენ ბიბლიის ქართული ვერსიის მომზადებაზე. იგი მთარგმნელებს ტექსტების გადამოწმებაში ეხმარებოდა. მისი იქ ყოფნა და მუდმივი ლოცვა მთარგმნელობითი ჯგუფისთვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, რაც სამუშაო პროცესს აჩქარებდა. ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნის ძირითადი სამუშაო გერშონ წიწუაშვილმა ითავა. მოგვიანებით იერუსალიმში ძველი აღთქმა და ფსალმუნებიც თარგმნეს. ამ პერიოდში ანტონი ხაიფას მახლობლად დასახლდა და ყოველდღიურად მონაწილეობდა ძველი აღთქმის ტექსტების კორექტირებაში. ბორის არაპოვიჩის აღიარებით, ანტონმა თავისი მორალური მხარდაჭერით, ლოცვებითა და მუდმივი გამხნევებით ბევრად უფრო დიდი საქმე გააკეთა, ვიდრე უშუალოდ ტექსტებზე მუშაობით.
ანტონ ბაინდურაშვილი 1985 წლის თებერვალში, ზალცბურგში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1989-1990 წლებში, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა ისრაელში მომზადებული ქართული ბიბლია 200-ათასიანი ტირაჟით გამოსცა.
გამოყენებული მასალების წყარო: ხონელიძე ლელა. ანტონ ბაინდურაშვილი; კუჭუხიძე ილია. ანტონ ბაინდურაშვილი // სამშობლო; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





