როგორ გამოიყვანა ნიკა თვაურმა თავი უმძიმესი მდგომარეობიდან და რატომ უჭირს ხალხს მისი უსინათლობის დაჯერება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 52 წუთის წინ
მძიმე ტრავმის, ათწლიანი უმოქმედობისა და დაკარგული მხედველობის შემდეგ ნიკა თვაურმა საკუთარი ცხოვრების სრულიად თავიდან აწყობა შეძლო. დღეს ის წარმატებული პარაოლიმპიელი, ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი, ორი ოლიმპიადის მონაწილე, საერთაშორისო ლიცენზიის მქონე მწვრთნელი და ათასობით ადამიანის ინსპირაციის წყაროა.
ნიკა თვაური: 2000 წლის 1 იანვარს, 16 წლის ასაკში, ხელში საბრძოლო ნივთიერება ამიფეთქდა. უამრავი დაზიანება და ორივე თვალის ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამის შემდეგ იყო 10-მდე ოპერაცია და საავადმყოფოში გატარებული ძალიან დიდი დრო: საქართველოში, მოსკოვში, ამერიკაში, თუმცა უშედეგოდ... მხედველობა პერიოდულად უმჯობესდებოდა, მაგრამ მხოლოდ დროებით, ფაქტობრივად, ვერ ვხედავდი. ოპერაციების გამო ყველაფერი აკრძალული მქონდა. არ შეიძლებოდა ფიზიკური დატვირთვა, მკვეთრი მოძრაობები... მთელ სხეულზე ჭრილობები მქონდა. ფეხებზე 700 მდე ნაკერი მედო. საძინებელი – აბაზანა მხოლოდ ეს იყო ჩემი მოძრაობის არეალი.
– როგორი იყო შენი მენტალური ჯანმრთელობა ამ ყველაფრის ფონზე?
– მესმოდა, რომ ჩემი თავისთვის ცუდი არ უნდა გამეკეთებინა და უარეს მდგომარეობაში არ უნდა აღმოვჩენილიყავი. დეპრესიულ ფონზე სიგარეტის მოწევა, დალევა ან რამე ამდაგვარი არ დამიწყია. უბრალოდ, ვიჯექი... ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს უბრალოდ იჯდე. მაშინ არ იყო ინტერნეტი და თავის გართობის ამდენი საშუალება, მეც მთელი ის წლები ვიჯექი და ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა. 26 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ პიროვნებად შემდგარი არ ვიყავი. მეგობრებიდან ზოგმა სპორტული კარიერა აირჩია, ზოგმა – სხვადასხვა მიმართულებით სწავლა და ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს. ყველა საკუთარ გზას დაადგა. მე გზიდან გადავუხვიე და არაფერს ვაკეთებდი. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, სახლში კაქტუსივით ვიდებოდი – ყოველთვის მშობლების საზრუნავი და სარჩენი. მადლობა ღმერთს, რაც უკვე მომხდარი იყო, იმაზე მეტი არაფერი დამიშავებია საკუთარი თავისთვის. უბრალოდ, ძალიან ბევრი დრო დავკარგე – ათი წელი. ნამდვილად დამნაშავე ვარ იმის გამო, რომ მოქმედება უფრო ადრე არ დავიწყე. ამას თავისი მიზეზი აქვს – მაშინდელი მიდგომები. ასე მქონდა ნასწავლი: თუ ადამიანი ვერ ხედავს, უნდა დაელოდოს მომენტს, როცა მხედველობა აღუდგება ან იჯდეს და სხვებს დაელოდოს, რადგან დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებს. ეს წლების წინ იყო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დღესაც კი ადამიანები მიყურებენ და ვერ აღიქვამენ ჩემს მდგომარეობას. უკვირთ, კომენტარებს როგორ ვწერ სოციალურ ქსელში. ამ დროს მე კლდეზე ვცოცავ და ამასთან კომენტარების წერა რა მოსატანია?! ცურვა რომ დავიწყე და უკვე გარკვეული მიღწევები მქონდა, ზოგს ის აინტერესებდა, როგორ ვიპარსავდი წვერს. ეს რომ ჟურნალისტმა მკითხა, მსოფლიოზე ორჯერ მქონდა ბრინჯაოს მედალი მოპოვებული (იცინის).
– როგორ დაიწყო დიდი გამარჯვებები?
– 26 წლის ასაკში ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. უნდა ვცადო და რაც გამოვა, გამოვა-მეთქი, ვფიქრობდი. თუ ერთი წელი მიწერია ცხოვრება, ერთი წელი ვიცხოვრებ ხარისხიანად, თუ ხუთი, მაშინ ამდენი, რადგან ვხვდებოდი, რომ უმოქმედოდ ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. მეუბნებოდნენ, ძალიან ძლიერი ფსიქიკა გაქვს და კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგიურზე ჩააბარებო. მეც გადავწყვიტე უნივერსიტეტში მესწავლა. ამისთვის ბრაილის შრიფტის შესწავლა დამჭირდა და უსინათლოთა სკოლაში წავედით. ჯოჯოხეთის გარეუბანში არ იქნება ისეთი საშინელი ადგილი, როგორიც იქ დაგვხვდა და 15 წუთიც ვერ გავძელი. იქიდან წამოსულს თავში ერთი აზრი მიტრიალებდა – ჰენრი კუპრაშვილმა დარდანელი გადაცურა ხელ-ფეხშეკრულმა და მე მხედველობის გარეშე რატომ ვერ უნდა შევძლო ცურვა-მეთქი?! საბედნიეროდ, ჰენრი დაგვთანხმდა გვეცადა, მაგრამ აუზზე არ გვიშვებდნენ – უსინათლოსთვის როგორ შეიძლებაო?! ბოლოს, ჰენრის ხელწერილი დააწერინეს, რომ თუ რამე დამემართებოდა, მისი პასუხისმგებლობა იქნებოდა და დილის 5 საათზე შეგვიშვეს ცარიელ აუზზე. ახლა რომ ასეთი რამ მოხდეს, ერთი ამბავი მოჰყვება უფლებადამცველებისგან, მაგრამ მაშინ სხვა სიტუაცია იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვფიქრობდი, ნეტავ გადაიფიქრონ და უარი გვითხრან, აქედან არაფერი გამოვა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს. ჰენრიმ მკითხა, ცურვა იციო, კი, ბათუმში გავიზარდე-მეთქი, ვუპასუხე და ჩავეტყეპე წყალში. ეს რა ცურვააო, გაიკვირვა და იმწუთიდანვე დაიწყო ჩემი პროფესიონალური წვრთნა. ძალიან მომეწონა, რომ დათმობაზე არ წასულა. არ მოუცია ჩემთვის იმის ფიქრის საშუალება, რომ ყველაფერი მეპატიებოდა, რადგან მხედველობა არ მქონდა. მე მტრად აღვიქვამ ადამიანს, რომელიც სისუსტეს გპატიობს და გეუბნება, რომ არა უშავს. სიმართლე გითხრათ, ჰენრიმ პირველად რომ მითხრა, რაც შენ იცი, ეგ ცურვა არ არისო, ცოტა გამიკვირდა, როგორ მელაპარაკება ამ უსინათლო კაცს-მეთქი, მაგრამ იმწუთასვე მივხვდი, რომ ეს სწორი მიდგომა იყო.
– ძალიან ბევრი წარმატება მოვიდა საქართველოს თუ საერთაშორისო მასშტაბით...
– პირველივე შეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონატი იყო თურქეთში. ფედერაციიდან გამიშვეს პირველი ლედის – სანდრა რულოვსის ფონდის დახმარებით. სანდრა, ჰენრი და ჩემი მშობლები მამხნევებდნენ. მეტი არავინ იყო ჩემი მომკითხავი. 2011 წელი იყო. ფორმაც კი არ მქონდა. იქ მოვიგე პირველი ბრინჯაოს მედალი. ეს პარაოლიმპიური სპორტის ისტორიაში პირველი საპრიზო ადგილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მერე ეროვნულ ნაკრებში გადავედი, სადაც, ასევე, რეკორდსმენი ზურა ხომასურიძე გახდა ჩემი მწვრთნელი. თანაგუნდელებიც სულ რეკორდსმენები და ჩემპიონები მყავდნენ. მათი წარმატებები ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი და მართლაც, არაერთ წარმატებას მივაღწიე.
– მხედველობის აღდგენასთან დაკავშირებით იმედი არ არის?
– როგორც ამ სფეროში საუკეთესო, მსოფლიოში აღიარებულმა ექიმმა მითხრა, რისი შენარუნებაც ჩემს თვალში მოახერხა შუქის აღქმა და ფერების გარჩევაა. თვალში რომ სხვადასხვა ფერის სინათლე ჩამანათონ, ფერებს გავარჩევ. ჩემი ტვინი ამას აღიქვამს, მაგრამ მხედველობა არ მაქვს. მანვე მითხრა, თვალებზე ძალიან დიდი ტრავმა გაქვს მიღებული, გარდა ამისა, შეცდომით გაკეთებული ოპერაციების მიერ მოყენებული ზიანიც ისეთია, ამაზე მეტის გაკეთება გამორიცხულიაო. მომავალში, თუ რამე შეიცვლება, შეიცვალოს, მაგრამ მე ამას არ ველოდები, ანუ, ამის იმედად არ ვარ.
– ამ რეალობის მიღებაშიც სპორტმა ითამაშა დიდი როლი?
– თუ ადამიანს სიცოცხლე აბარია, არ უნდა გაანიავოს, როგორც ნაგავი. რაც უფრო გარდაუვალია განსაცდელი, ვფიქრობ, მით უფრო ამაყად უნდა გვეჭიროს თავი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეებთან არ გვიწევს გამკლავება. მაგალითად, გუშინ რკინას შევეჯახე და ახლა ხელზე სილურჯე მაქვს. ზოგჯერ ტელეფონზე ერთი ფუნქციის შესასრულებლად, შეიძლება ორი დღე ველოდო სხვა ადამიანს დახმარებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ასეა და რას ვიზამ. მეგობრებიც მაკლდებიან, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავ, ისეთები რჩებიან, ვისთან ერთადაც აპოკალიფსსაც გადავიტან – ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანები. მე ვარ ადამიანი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე შეუშვეს აუზზე, რომელმაც ცურვა არ იცოდა, რომელსაც პირველ დღეს გული წაუვიდა, დღეს კი მწვრთნელის საერთაშორისო ლიცენზია მაქვს და ჩემთან ადამიანები ვარჯიშობენ. ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთან ვარჯიში შესაბამისი თანხა ღირს. ვამბობ ხოლმე, ჩემთან ცურვის სწავლა ადვილია, ჩემს მოსწავლეებს სხვა გზა არ აქვთ, უნდა ისწავლონ, რადგან მე ვერ ვხედავ-მეთქი (იცინის).
– დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის არის მოტივაცია თქვენი თითოეული ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხვდებით. როგორ დაიწყო თქვენი აქტიურობა ამ სივრცეში?
– ალბათ, როგორც ყველა, მეც „ფეისბუქით“ ვსარგებლობდი და ჩემს ვარჯიშებსა თუ გამარჯვებებზე ვპოსტავდი, რასაც ჩემი 200-მდე მეგობარი ნახულობდა. რაღაც მომენტში, ვიფიქრე, რადგან ცურვის სწავლა საკმაოდ ძვირია, მისი უცოდინრობის გამო კი, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი იღუპება, კარგი იქნებოდა, ჩამეწერა ინფორმაციული ვიდეოები, რაც ადამიანებს ცურვის სწავლაში დაეხმარებოდა. ასე დავიწყე ვიდეოგაკვეთილების გამოქვეყნება და სიმართლე გითხრათ, მაშინ საერთოდ არ მიფიქრია, რომ უსინათლო ვიყავი და შეიძლებოდა ამას რაიმე ტიპის გამოხმაურება მოჰყოლოდა. კომენტარებში მიწერდნენ, რისი სწავლა სურდათ და მეც შესაბამის გაკვეთილებს ვწერდი. ამასობაში, რამდენიმე ადამიანმა, ვინც მიცნობდა, კომენტარებში აღნიშნა, რომ მე მხედველობა არ მქონდა და ატყდა ერთი ამბავი, რას ჰქვია ვერ ხედავსო. დაიწყო ამ საკითხის განხილვა. შემდეგ ვიდეო ჩავწერე, ყველას ავუხსენი, რომ მართლა ვერ ვხედავდი. ზოგმა არ დაიჯერა, იმასაც მწერენ, აფერისტი ხარ, ღმერთმა მხედველობა მოგცა და იტყუებიო. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმა ქალბატონმა ისიც კი მომწერა, შენ გამო შეყვარებული დამშორდა. შენს ვიდეოებს უყურებდა, ძალიან „გაბლატავდა“, ვეღარ ვაკეთებინებდი იმას, რაც მინდოდა და ეს შენი ბრალიაო (იცინის). იმასაც ფიქრობენ, რომ რაღაც კადრებს ვამონტაჟებ, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნიათ ჩემგან გარკვეული ფიზიკური აქტივობების შესრულება. რა თქმა უნდა, ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი კუნთი ჩვენი ტვინია, რომელიც ყველაფერს მართავს. ცუდია რომ ვერ ვხედავ, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ვარ და მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ. შენ შენი გააკეთე და მერე რაც მოხდება, ის მოხდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





