საზოგადოება

ვინ აღიარა ერეკლე ჯაბადარი ვირტუოზ შემსრულებლად და როგორ გააცნო მან ქართველ კომპოზიტორთა სკოლა ევროპას

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 09.08, 2023 წელი

ერეკლე ჯაბადარი
დაკოპირებულია

ერეკლე, იგივე, ირაკლი ჯაბადარი, 1892 წლის 17 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მისი მამა საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და რედაქტორ-გამომცემელი ალექსანდრე ჯაბადარი გახლდათ. დედა კი – მანანა რცხილაძე.

 

ერეკლე თბილისის მეორე სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი გამოავლინა. მშობლებმა თავიდანვე მიაქციეს ყურადღება ერეკლეს განსაკუთრებულ სმენას და სამუსიკო სკოლაში პატარაობიდანვე შეიყვანეს.

ალექსანდრე ჯაბადარს ექვსი ვაჟი ჰყავდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში მოსალოდნელი რევოლუციით აფორიაქებულმა მამამ ორი უფროსი ვაჟი, გიორგი და ერეკლე, ევროპაში გააგზავნა კლასიკური განათლების მისაღებად. გარდა ამისა, იმედოვნებდა, რომ მისი შვილები იქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ. ამიტომაც, 1902 წლიდან ისინი ბელგიაში ცხოვრობდნენ. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, მათ უმცროსი ძმები და დედაც შეუერთდნენ. ამ პერიოდში ბრიუსელში არსებობდა ქართველების მცირერიცხოვანი კოლონია და 13-14 წლის ერეკლე ჯაბადარმა, როგორც ლოტბარმა და პიანისტმა, ზუსტად ქართველთა სათვისტომოს საღამო-შეხვედრებზე მიიქცია მუსიკალური საზოგადოების ყურადღება.

მისგან განსაკუთრებით მოსწონდათ ქართული მელოდიების იმპროვიზაცია, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოსი 20-25 წუთის განმავლობაში ზეპირად უკრავდა. 1908 წელს ერეკლე უკვე ლოტბარობდა ქართველ სტუდენტთა გუნდს, რომელიც ქართულ და უცხოურ სიმღერებს ასრულებდა.

ერეკლე ჯაბადარი ბრიუსელის კონსერვატორიაში სწავლობდა. 1907 წელს, 16 წლის ასაკში, მან საერთო სათაურით – „სიჭაბუკე“ – დაწერა 4 რომანსი და გამოსცა კიდეც შვეიცარიაში ქართული პოეტური ტექსტებით. 1910 წელს ის უკვე ვენაში გადავიდა, სადაც თეორიულ ცოდნას იუმჯობესებდა და საშემსრულებლო ხელოვნებას ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ჰაიბერგერის ხელმძღვანელობით სრულყოფდა.

1913–1914 წლებში ერეკლე ჯაბადარი საქართველოში დაბრუნდა და შეეცადა, სამშობლოში აეწყო შემოქმედებითი ცხოვრება. დაიწყო წერა ქართულ პრესაში მუსიკასა და მის მნიშვნელობაზე. მაგალითად, 1914 წლის 6 აპრილის გაზეთ „თემში“ ის დაწვრილებით არჩევს სხვადასხვა მიმდინარეობებს, განიხილავს ქართულ მუსიკას, მაგრამ მაშინდელმა თვითმპყრობელურმა ხელისუფლებამ ერეკლეს ენთუზიაზმს ცივი წყალი გადაასხა. მძიმე კატარისა და ტუბერკულოზის მიუხედავად მას მეფის ჯარში გაწვევა დაუპირეს, ჯარში, რომლის სიძულვილიც მამამ ბავშვობიდანვე ჩაუნერგა. იმედგაცრუებული ერეკლე 1915 წელს ისევ საფრანგეთის ემიგრაციას აფარებს თავს. იგი პარიზში დასახლდა, თუმცა, რადგან მკურნალობა სჭირდებოდა, ნიცაშიც უწევდა ცხოვრება.

ქართველ კომპოზიტორთა და პიანისტთა სკოლა ევროპისთვის პირველად ერეკლე ჯაბადარის მეშვეობით გახდა ცნობილი. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დირიჟორების ხელმძღვანელობით სრულდებოდა ვენასა და პარიზში. როგორც პიანისტი, საკუთარ ნაწარმოებებს თავადაც ხშირად ასრულებდა ან უძღვებოდა ორკესტრს, როგორც დირიჟორი. აღიარებული იყო ვირტუოზულ შემსრულებლად არამარტო ფორტეპიანოზე, არამედ ჩელოზეც.

1913 წლის 7 მარტს ვენაში, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში, ოსკარ ნედბალის დირიჟორობით შესრულდა ერეკლე ჯაბადარის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის – „ქართული რაფსოდია“, რითაც სათავე დაედო ქართულ სიმფონიურ მუსიკას. რაფსოდიაში მოცემულია ქართული მრავალხმიანობის მუსიკალური ფრაზები, ასევე, ქალაქური მუსიკის აღმოსავლური ელემენტები და ეს ყველაფერი ევროპული კლასიკური მუსიკისთვის მახასიათებელი გამების, კონდენციების, მელიზმატიკის ფონზე.

ვენის ავტორიტეტული გაზეთი „ფრემდენ ბლატი“ 1913 წელს წერდა: „ჩვენ გავიცანით იშვიათი ტალანტის, ფრიად ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი ერეკლე ჯაბადარი. მის რაფსოდიაში სხარტადაა გადმოცემული ქართული ეროვნული მელოდიები. რაფსოდია გამოირჩევა მოტივთა ორიგინალობით და ტექნიკური შესრულებისა და საორკესტრო ეფექტების ზომიერი გამოყენებით”.

ამას მოჰყვა უამრავი ნაწარმოები სხვა ჟანრებიდანაც, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ახალგაზრდა კომპოზიტორს: საფორტეპიანო და სავიოლონჩელო კონცერტები; ვარიაციები ვიოლონჩელოსათვის; სიმფონიური სურათები „გველის პერანგი“ და „ინდაურები“; მონოლოგი ტენორისა და ორკესტრისათვის; ვოკალური ციკლიდან აღსანიშნავია „სულო ბოროტო“, „მერანი“, „ქართული ლეგენდა“, „თბილისური“, „რიჰარდ ჰოიბერგერის ხსოვნას“, „რანინა-რანუნი“, „განცდილი წუთები“ და ასე შემდეგ.

ერეკლე ჯაბადარს ეკუთვნის სამმოქმედებიანი ოპერა „გულნარა“, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორას” მიხედვით შექმნა. ოპერის ლიბრეტო თავად კომპოზიტორმა და მისმა მეუღლემ, უნგრელმა მანდილოსანმა, მარგარეტ ბარეზმა დაწერა. 1924 წელს ოპერა პარიზის გრანდოპერის რეპერტუარში შეიტანეს. დეკორაციები და კოსტიუმების ესკიზები მხატვარ ნატალია გონჩაროვამ შექმნა, მაგრამ ფინანსური სირთულეების გამო ოპერის დადგმა ვერ განხორციელდა.

ერეკლე ჯაბადარი, ასევე, გახლავთ ავტორი უნგრულ თემაზე შექმნილი დაუმთავრებელი ოპერისა – „ბაბე“.

ძმასთან, გიორგი ჯაბადართან, ერთად მან ფრანგულ ენაზე თარგმნა სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“.

ერეკლე ჯაბადარმა 1919 წელს პარიზში დააარსა „ქართული ბალეტი“, სადაც, ძირითადად, მისი ნაწარმოებები სრულდებოდა. ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზიდან ჩამოიტანა მისი საფორტეპიანო კონცერტის ჩანაწერი.

ერეკლე ჯაბადარის ნაწარმოებები საქართველოში ცნობილი გახდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. მისი „ქართული რაფსოდია“ პირველად საქართველოს რადიოთი გადაიცა. მისი პირველი ქართველი შემსრულებელი პიანისტი თინათინ გოგოლაშვილი გახლდათ, დირიჟორი კი – ლილე კილაძე.

ხელოვნების სამსახურში იდგნენ ერეკლე ჯაბადარის ძმებიც: რეჟისორი გიორგი ჯაბადარი სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ „ოდეონში“, ბერლინის „სამხატვრო თეატრში“; ვახტანგ ჯაბადარი მუსიკოსი გახლდათ; ილია – ქორეოგრაფი და იმპრესარიო; შოთა კი – ვიოლენჩელისტი და დირიჟორი.

ერეკლე ჯაბადარი 1937 წლის 18 აგვისტოს ნიცაში გარდაიცვალა. 1967 წელს გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ ის თბილისში გადმოასვენეს და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: wikipedia; migration.ge; radio1; მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; ცამციშვილი ამირან. კომპოზიტორი ერეკლე ჯაბადარი; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი