საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 21:00

გვარები
დაკოპირებულია

ლალაშვილი

ლალაშვილი (ლალასშვილი) – ძველი ქართული გვარია, რომელიც წარმოიშვა სახელ „ლალასგან“ და პატრონიმულ ფორმას წარმოადგენს. გვარი დოკუმენტურად ფიქსირდება უკვე მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში მიწის ნასყიდობისა და საზღვრის აღწერის საბუთებში, რაც მიუთითებს, რომ ლალაშვილები მონაწილეობდნენ ქონებრივ და სამართლებრივ ურთიერთობებში. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს გვარი უკვე მრავალშტოიანად არის წარმოდგენილი (ტინისხიდი და სხვა ადგილები), ხოლო ერთ-ერთი შტო ქსნის საერისთავოდან გადაასახლეს, რაც იმდროინდელ მიგრაციულ პროცესებს ასახავს. ფორმები „ლალასშვილი“ და „ლალაშვილი“ ერთსა და იმავე გვარს აღნიშნავს. გვარის ისტორია რამდენიმე საუკუნეს მოიცავს და მყარად არის დაკავშირებული მიწათმფლობელურ და ფეოდალურ გარემოსთან.

დღეს ლალაშვილები შედარებით მცირერიცხოვანი გვარია, დაახლოებით, 206 წარმომადგენელი.

ლოთიკაშვილი

ლოთიკაშვილი ტიპური ქართლური გვარია, რომელიც აღმოსავლეთ ქართულ გვარ-სახელთა სისტემას სრულად შეესაბამება. მისი ფუძეა „ლოთი“ – პიროვნული მეტსახელი ან სახელის მოკლე ფორმა, რომელსაც დამატებული აქვს კნინობითი ელემენტი (-კა) და პატრონიმიული სუფიქსი -აშვილი. ამგვარად, გვარი ნიშნავს „ლოთიკას შთამომავალს“.

გვარი დოკუმენტურად უკვე მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს ფიქსირდება. 1681 წლის საბუთში პაპუნა ლოთიკაშვილი მიწის ნასყიდობის საქმეში ერთ-ერთ მხარედ არის მოხსენიებული, რაც მიუთითებს, რომ გვარი იმ დროისთვის უკვე იყო დამკვიდრებული და ეკონომიკურ-სამართლებრივ ცხოვრებაში ჩართული.

ისტორიულად ლოთიკაშვილების ძირითადი კერები ქართლის რეგიონს უკავშირდება – არაგვისპირს, გორს, დუშეთსა და წეროვანს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გვარის აღმოსავლურ წარმომავლობას და მის მყარ კავშირს ქართლურ სოციალურ გარემოსთან.

სულ საქართველოში 105 ლოთიკაშვილი ცხოვრობს.

მაჭუტაძე

გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ-ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნის სასისხლო სიგელში.

მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება მეთექვსმეტე საუკუნეში. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს თანამდებობას – სახლთუხუცესობას. ამავე საუკუნეში მაჭუტაძეთა სახლი სასულიერო სფეროშიც დაწინაურდა. აფხაზეთის კათალიკოსად იოსებ მაჭუტაძე ზის. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების მიჯნაზე შემოქმედის მთავარეპისკოპოსად ბესარიონ მაჭუტაძე ზის.

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო ხანში მაჭუტაძეთა სახლის ზოგი წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოშიც მოღვაწეობენ.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მაჭუტაძეებს სახლთუხუცესის თანამდებობის გარდა ლანჩხუთის მოურაობაც უკავიათ. გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს მაჭუტაძეთა სათავადოც ადმინისტრაციულად გაუქმდა. მაჭუტაძეთა აზნაურები: სურგულაძეები, ხალვაშები, სარჯველაძეები, მგელაძეები, ნიკოლაიშვილები, ჟორდანიები, ებრალიძეები.

დღეს საქართველოში 315 მაჭუტაძე ცხოვრობს.

მალაციძე

მალაციძე ძველი ქართული გვარია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში ფიქსირდება და პატრონიმულ ფორმას წარმოადგენს (-ძე სუფიქსით). გვარი დოკუმენტურად დადასტურებულია უკვე მეთექვსმეტე საუკუნიდან. 1527–1558 წლების ჩანაწერებში მოხსენიებულია მალაცისძე ესტატე და იმედა, რაც ადასტურებს გვარის ადრეულ არსებობას და მონაწილეობას საგვარეულო მამულების განაწილებაში. მეჩვიდმეტე საუკუნეში მალაციძეები ხშირად ფიგურირებენ სამართლებრივ აქტებში – მიწის ნასყიდობისა და დავების საბუთებში (1661, 1676, 1677, 1678, 1690, 1693 წლები), სადაც ისინი მოწმეებად ან მხარეებად არიან წარმოდგენილი. ეს მიუთითებს მათ ჩართულობაზე ქონებრივ ურთიერთობებში და გარკვეულ სოციალურ სტატუსზე. ცნობილია მალაციძე მახარა, რომელიც 1640–1678 წლებში იხსენიება და რომლის მამული როსტომ მეფემ თუხარელს გადასცა – ეს ფაქტი ასახავს იმდროინდელ პოლიტიკურ და მიწათმფლობელურ პროცესებს. ამრიგად, მალაციძეები წარმოადგენენ მეთექვმეტე საუკუნიდან დადასტურებულ ქართულ საგვარეულოს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიწათმფლობელურ და სამართლებრივ ცხოვრებაში და მყარად იყო ჩართული ფეოდალურ საზოგადოებაში.

დღეს საქართველოში 422 მალაციძე ცხოვრობს.

კაკაურიძე

კაკაურიძე ერთ-ერთი ძირძველი ქართული გვარია, რომელიც წერილობით წყაროებში უკვე მეთექვსმეტე საუკუნიდან ფიქსირდება. 1570 წლის გელათის მონასტრის ბეგრის ნუსხაში მიქელ და მახარობელ კაკაურიძეების მოხსენიება გვიჩვენებს, რომ გვარი იმ დროისთვის უკვე ჩართული იყო იმერეთის საეკლესიო-სამეურნეო ცხოვრებაში და წარმოადგენდა სტაბილურ ეკონომიკურ ერთეულს.

გვარის ფუძეა ძველი ქართული პიროვნული სახელი „კაკა“, ხოლო სუფიქსები (-ური, -იძე) მიუთითებს მის როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ გავრცელებაზე. ეს გარემოება ადასტურებს, რომ კაკაურიძეთა გვარმა დროთა განმავლობაში განიცადა გეოგრაფიული გაფართოება და სხვადასხვა რეგიონში დამკვიდრდა. ისტორიულად კაკაურიძეები ფიქსირდებიან იმერეთში, განსაკუთრებით წყალწითელას ხეობაში, თუმცა მათი შტოები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ისინი არ მიეკუთვნებოდნენ თავადაზნაურობას, მაგრამ იყვნენ თავისუფალი მიწათმფლობელები და ეკლესიისადმი ვალდებულნი, რაც მათ სოციალურ სტაბილურობასა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლზე მიუთითებს. სულ საქართველოში 2 071 კაკაურიძე ცხოვრობს.

კაშია

კაშია ძირძველი ქართული გვარია, რომელიც სათავეს დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლში – სვანეთ–იმერეთის გარდამავალ სივრცეში იღებს და მეჩვიდმეტე საუკუნიდან დოკუმენტურად ფიქსირდება. მოგვიანებით კაშიები იმერეთის სოფლებში მკვიდრდებიან და აქტიურად ერთვებიან როგორც სამეურნეო, ისე საეკლესიო ცხოვრებაში – გვარში მრავლად არიან მღვდლები და მედავითნეები, რაც მათ განათლებასა და საზოგადოებრივ ავტორიტეტზე მიუთითებს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში კაშიები მონაწილეობენ როგორც საზოგადოებრივ, ისე სამხედრო პროცესებში, ხოლო მათი წარმომადგენლები აქტიურ როლს ასრულებენ განათლებისა და ეროვნული ცნობიერების გავრცელებაში. კაშიები არიან სვანეთ–იმერეთის სივრცეში ჩამოყალიბებული ეკლესიური ტრადიციითა და საზოგადოებრივი აქტივობით გამორჩეული ქართული საგვარეულო.

სულ საქართველოში 876 კაშია ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი