საზოგადოება

გიორგი გუგავა: ცხოვრებაში ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მიღწევა ადამიანად დარჩენაა

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

გიორგი გუგავა
დაკოპირებულია

გიორგი გუგავას " უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიორგი გუგავა?

გიორგი გუგავა: როგორც ბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა – „შეიცან თავი შენი“. საკუთარი თავის შეცნობა ყველაზე რთულია, თუმცა ადამიანი მუდმივად ამის მცდელობაში უნდა იყოს. ვფიქრობ, ამ ცხოვრებაში ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მიღწევა ადამიანად დარჩენაა და ვცდილობ, ადამიანი ვიყო.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ეს უფრო ბავშვობის წლებს განეკუთვნება. ზრდასრულ ასაკში ოცნებებს ბურუსი ეფარება. არ მიფიქრია ამაზე. ალბათ, ოცნებაა ის, რასაც ვემსახურები და რაც განსაკუთრებით სასურველია: ჩემი სამშობლოს, ოჯახის, ახლობლების კეთილდღეობა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– საკმაოდ ემოციური და გულჩვილი ვარ, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად ვაკონტროლო ეს ყოველივე. ჩვენ, ყველას, ჩვენი სისუსტეები გვაქვს და ბუნებრივია, არის გარკვეული მოვლენები და ქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე და შეუძლია, გარკვეული ემოციები გამოიწვიოს. ადამიანები ვართ ჩვენი უარყოფითი თუ დადებითი შუქრჩდილებით. ადამიანს გულჩვილობაც უნდა ახასიათებდეს, რადგან ეს შინაგანი მორალური კოდექსიდან მოდის.

– რაზე გიჩუყდებათ გული?

– ბევრ რამეს შეუძლია, გული ამიჩუყოს. განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში ვარ გულჩვილი. როდესაც ვიგებ, რომ ბავშვს შეიძლება, შიოდეს, რაღაც აკლდეს, ამ დროს გულგრილი ვერ ვიქნები. როგორც ეგზიუპერი ამბობს, ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და არ შეიძლება, ბავშვს ისეთი გარემოება ჰქონდეს, სადაც ის საკვების, სამოსის ან სიყვარულის დეფიციტს განიცდის. ეს დანაშაულად მიმაჩნია.

– როდის გიტირიათ ბედნიერებისა და ტკივილით გამოწვეული ცრემლით?

– ტკივილით გამოწვეული ცრემლით ვიტირე, როდესაც მშობლები გარდამეცვალნენ. განსაკუთრებული ტკივილი მომაყენა ჩემი უმცროსი ძმის გარდაცვალებამ. ეს სევდა ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდა. ცრემლით უფრო ტკივილსა და სევდას გამოვხატავ. სიხარულისა და ბედნიერების დროს კი ცრემლები ნაკლებად მახასიათებს, მაგრამ ალბათ, შვილების დაბადების მომენტში ვერ შევიკავე თავი, რადგან ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს, არ უყვარს სხვების თანდასწრებით ამ ემოციის გარეთ გამოშვება, ზოგი – პირიქით. თქვენ?

– ეს, ალბათ, ინდივიდუალურია. ზოგადად, საქართველოში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების მიხედვით, კაცისგან ცრემლის ჩვენება არც ისე მისაღებად ითვლება. ალბათ, ეს ჩვენი ისტორიული კონტექსტითაც არის განპირობებული. გადარჩენისა და იდენტობისთვის გვიწევდა მუდმივად ბრძოლა და ამ გზაზე მამაკაცს ცრემლი არ უნდა ეჩვენებინა, თუმცა, ჩვენ, ყველანი, პირველ რიგში, ადამიანები ვართ. ქალი იქნება თუ მამაკაცი, ორივეს ადამიანური ბუნება გვაქვს. სხვათა შორის, ტირილი ერთგვარი შვებაცაა ადამიანისთვის და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნაში გვეხმარება. ამიტომ, რადგან ქალბატონებს უფრო ახასიათებთ ტირილი, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

თუ იმ განსაკუთრებულ ტკივილს არ ჩავთვლით, რაც უკვე ვახსენე, ვცდილობ, საჯაროდ ემოციები ვაკონტროლო და მეც კაცების იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებსაც არ სურთ, ცრემლი სხვას ანახონ.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი ყოფილიყავით?

– კი, ბავშვობაში ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველო და მთელი მსოფლიო გაიცნობდა და ვთამაშობდი კიდეც ფეხბურთს. საერთოდ, ამის სურვილი და ამბიციის გარკვეული დოზა ყველა ადამიანშია, მაგრამ ამბიცია უნდა შეესაბამებოდეს შენს შესაძლებლობებს. მე არასდროს მქონია რეალობას მოკლებული ამბიციები. ვარ ის, ვინც ვარ, დანარჩენს კი ცხოვრება და ჩემ მიერ გაკეთებული საქმე გვიჩვენებს.

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად?

– შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ ადამიანი იზრდება მის მიერ გადადგმული მცდარი თუ სწორი ნაბიჯებით. შეცდომები, რომლებიც დამიშვია, გამიანალიზებია და ვცდილობ, მეორედ იგივე არ დამემართოს.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– უხერხული შემთხვევების მეტი რა ყოფილა, მაგრამ დაკონკრეტებას მოვერიდები, რადგან სხვების დასახელებაც მომიწევს და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად (იცინის). საერთოდ, ერთი უცნაურობა მახასიათებს, ექსტრემალური და კრიტიკული სიტუაციებიდან მე კომიკური მომენტები მამახსოვრდება. მძაფრი განცდები გვერდზე ინაცვლებს. ექსტრემალური ვითარება ხომ არაორდინარულ ქმედებებს მოითხოვს და მე ზუსტად ეს არაორდინარული და კომიკური მომენტები მრჩება მეხსიერებაში. სამწუხაროდ, საკმაოდ მძაფრ გარემოში გვიწევს ცხოვრება, მით უმეტეს, პროფესია, რომელშიც მე ვსაქმიანობ, საკმაოდ სტერესულია და ალბათ, ეს მეთოდი ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია ჩემი ფსიქიკისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერს კომიკურად ვერ შეხედავ, მაგრამ გარკვეულ მოველენებზე, ასოციაციურად, პირველ რიგში, კომიკური დეტალები მახსენდება ხოლმე.

– რა მიგაჩინათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მე ვფიქრობ, რომ ორივე მათგანი პირობით ხასიათს ატარებს. ფატალური არც მარცხი განმიცდია და არც გამარჯვება მქონია იმდენად გამორჩეული, რომ ჩემი ცხოვრების შუქურად ჩამეთვალა. ალბათ, ყველაფერი წინ არის, მაგრამ იმედია, მარცხი არ იქნება, თუმცა ჩვენი ცხოვრება ორივეს მოიცავს. მცირედი მუდმივად არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩემში განსაკუთრებული გარდატეხები მოეხდინოს.

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– არ ვარ სასტიკი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში არის ეს მოცემულობა, ადამიანობა ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ეს თვისებები დათრგუნო. სასტიკი არც გადაწყვეტილების მიღებისას ვყოფილვარ, არც ემოციის გავლენის ქვეშ და არც ექსტრემალურ მდგომარეობაში. ვცდილობ, ყველა სიტუაციაში ადამიანად დავრჩე. სისასტიკე ქვეცნობიერიდან ამოტყორცნილი პირველყოფილი ინსტინქტია, რომელიც უნდა დათრგუნო. ის სჩვევიათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ქერქი არ აქვთ საკმარისად განვითარებული და შემუშავებული არ აქვთ შემაკავებელი ზნეობრივი კოდექსები. არ ვიცი, რას მოიტანს ცხოვრება, მაგრამ ჩემი დევიზი ადამიანად დარჩენაა.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და ცოტა გულსატკენიც?

– როდესაც საჯარო პირი ხარ, უამრავ ჭორს ისმენ, ზოგი სასიამოვნოა, ზოგი – უსიამოვნო. იმწუთიერად შეიძლება შეშფოთდე, გული დაგწყდეს, აღშფოთდე, ხოლო თუ სასიამოვნოა, პირიქით, დადებითად იმოქმედოს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ეს უფრო წუთიერი ემოციაა და ასეთ რამეს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას.

ერთ კომიკურ სიტუაციას გავიხსენებ. ერთ-ერთ სუფრაზე ჩემს მეუღლეს, ადამიანი, რომელიც მაშინ ნახა პირველად, უმტკიცებდა, რომ კარგად იცნობს გუგავას და იცის, რომ დიდი რეზიდენცია მაქვს თბილისის ცენტრალურ უბანში. მაშინ მე და ჩემი მეუღლე ნაქირავებში ვცხოვრობდით. ეს ზუსტად იცითო, უკითხავს ჩემს მეუღლეს. როგორ არა, ნამყოფიც ვარო, მიუღია პასუხად. მე გიორგი გუგავას მეუღლე ვარ და კარგი იქნება, თუ მეც მიმასწავლით მისი რეზიდენციის მისამართსო, უთქვამს ბოლოს, რის შემდეგაც ამ ადამიანს ფერი შეცვლია (იცინის). არ ვიცი, კონკრეტულად მას რა რჯიდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მსგავსი ჭორების გავრცელებაში სპეცსამსახურების როლიც დიდია, ესეც არახალია და გასაკვირიც არაა.

– რისი გაკეთება გიყვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენი საქმიანობის მიღმა?

– ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემს შვილებთან ურთიერთობა, მით უმეტეს, უმცროსი მეორე კლასშია. პრობლემები ყველა ოჯახშია, ფინანსური თუ სხვა ტიპის, მაგრამ ოჯახის წევრებთან დროის გატარება ყველაზე ეფექტური ანტიდეპრესანტია. თავისუფალ დროს დიდ სიამოვნებას მანიჭებს ლიტერატურის კითხვა.

რაც შეეხება სახლის საქმეებს, ამით დიდად არ გამოვირჩევი და ხშირად ვხვდები ჩემი მეუღლის ქილიკის საგანი (იცინის).

– რა არის ის, რისი კეთებაც არ გიყვართ?

– ვცდილობ, არ გავაკეთო ისეთი რამ, რაც მე სწორად არ მიმაჩნია. შეიძლება, ყველაფერი წავაგო ცხოვრებაში, მაგრამ რაც სწორად არ მიმაჩნია, იმის გაკეთებას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– თუ ინსტინქტურ შიშებს არ ჩავთვლით, ყველაზე დიდი შიში მაშინ განვიცადე, როდესაც გავიაზრე, რომ შეიძლებოდა, უმცროსი ძმა აღარ მყოლოდა და ეს კატასტროფულად დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის. ამ შიშს ჰქონდა ჩემი გონება და ფსიქიკა დაპყრობილი. მას სიმსივნე ჰქონდა და სამწუხაროდ, ჩემი შიში გამართლდა.

– ყველაზე დიდი ფსიქიკური და სულიერი ტკივილი როდის განიცადეთ?

– მამაკაცებს აქვთ ხოლმე გარკვეული შეხლა-შემოხლა, მაგრამ განსაკუთრებული ტკივილი, რომელიც ჩემში წარუშლელ კვალს დატოვებდა, არ ყოფილა. სულიერი ტკივილი – კი ბატონო, როდესაც ადამიანი ემოციური ხარ, დიდ ტკივილს განიცდი – განიცდი ახლობლების დაკარგვისას, განიცდი უსამართლობასთან შეჯახებისას, მეგობრის თუ ახლობლისგან იმედგაცრუებისას, ასეთი ყოფილა ჩემს ცხოვრებაშიც.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– რომ ვარ ის, რაც ვარ. ვცდილობ, ვიყო თავისუფალი ადამიანი. ალბათ, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს, თავისუფლებაა. თავისუფლება არა იმ გაგებით, რაც მოგინდება, აკეთო, არამედ, ეს ნიშნავს გააზრებულ შემეცნებას იმისა, რომ შენ ხარ ადამიანი და უნდა დარჩე ადამიანად. თუ ამას ცხოვრების ბოლომდე შევძლებ, ჩემი გამარჯვებაც ეს იქნება და ვიტყვი, რომ შედგა ჩემი ცხოვრება და ღირდა სიცოცხლე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი