როგორ გადაურჩა ტერენტი ყიფიანი ტყვეობაში სიკვდილს და რას საქმიანობდა პოეტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00
ტერენტი ყიფიანი დაიბადა 1918 წელს სენაკის რაიონში. აქვე დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო აბაშის რაიონში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
ტერენტი ყიფიანn 15 წლიდან წერდა ლექსებს. ქუთაისში სწავლისას მეგობრობდა გიორგი ნაფეტვარიძესთან და ლადო ასათიანთან. სწორედ ისინი გახლდნენ ტერენტი ყიფიანის პოეზიის პირველი შემფასებლები.
ტერენტი ყიფიანი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. ომში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებდა ქერჩის ნახევარკუნძულზე გამართულ საბრძოლო ოპერაციებში.
1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს 300 000 კაცი, მათ შორის ტერენტი ყიფიანი. ამავე წლის მაისის ბოლოს კი ვარშავის მახლობლად ტყეში აშენებულ ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ყოველ დღე 500-600 ადამიანი კვდებოდა.
გადარჩენის ერთადერთი გზა გერმანელთა მიერ შექმნილ ბატალიონში შესვლა იყო, რომელთაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეროვნების ტყვეებით ავსებდნენ. ამგვარ ბატალიონებს აღმოსავლეთის ფრონტზე უშვებნდენ, თუმცა ტყვეები ისევ საბჭოთა არმიის მხარეს გადადიოდნენ, ამიტომაც გერმანელებმა ტყვეები დასავლეთის ფრონტზეც გადაანაწილეს.
1942 წლის ოქტომბერში, ასეთი გადანაწილების შედეგად, ტერენტი ყიფიანი პოლონეთში, ქალაქ კრუშინაში აღმოჩნდა. აქ გაიგო, რომ ბერლინში გამოდიოდა გაზეთი „საქართველო“. 1942 წლიდან 1945 წლამდე ის ამ პერიოდული გამოცემის აქტიური თანამშრომელი იყო. ლექსებს აქვეყნებდა ხან ურდოელის, ხანაც ბარათელის ფსევდონიმით.
პოეტსა და გაზეთის გამომცემლებს შორის დროთა განმავლობაში ახლო პიროვნული ურთიერთობაც დამყარდა, რამაც ტერენტი ყიფიანის იქაურ ცხოვრებაში დადებითი როლი შეასრულა.
1942 წელს ბერლინში გამოცემულ ხუთ ლექსზე წერილი დაუწერია გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“.
1943-1944 წლებში ტერენტი ყიფიანი მუშაობდა საფრანგეთში, ბიბლიოთეკაში. პარალელურად, წერდა ლექსებს ფრონტზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
პოეტი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ლეგიონერში“, რომელიც საფრანგეთში გამოდიოდა. ის გამოსაქვეყნებლად საკუთარ ლექსებს გზავნიდა.
1945 წელს ბერლინში გამოიცა მისი კრებული „ლექსები“, ვახტანგ ურდოელის სახელით.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსების წერა ტერენტი ყიფიანმა მოწაფეობის წლებში დაიწყო, საკუთარ თავს იმდენად დიდ მოთხოვნებს უყენებდა, რომ გაზეთ „საქართველოში“ თანამშრომლობის დაწყებამდე არცერთი ლექსი არ ჰქონდა გამოქვეყნებული. მანამდე შექმნილი მისი ლექსები დაკარგულია, გარდა იმ რამდენიმე ტექსტისა, რომლებიც ავტორმა ზეპირად აღადგინა და ბერლინში 1943 წელს გამოცემულ პოეტურ კრებულში დაბეჭდა.
პოეტი სამშობლოში 1946 წლის მარტში დაბრუნდა. 1952 წელს ის დააპატიმრეს, როგორც ტყვეობაში ნამყოფი და დაახლოებით, ოთხი წელი სასჯელს რუსთავის კოლონიაში იხდიდა.
გათავისუფლების შემდეგ სენაკში დაბრუნდა და ორმოცი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგად.
გარდაიცვალა 1995 წელს. დაკრძალულია სენაკში.
პოეტი ამქვეყნიდან ისე წავიდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდგომ არათუ საკუთარი ლექსების წიგნად გამოცემა ვერ მოახერხა, არამედ თავისი ნაწარმოები რომელიმე პერიოდულ გამოცემაშიც კი არ გამოუქვეყნებია.
ტერენტი ყიფიანის ლექსების კრებული, მხოლოდ მისი დარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს გამოსცა მისმა ქალიშვილმა ნანი ყიფიანმა.
გამოყენებული მასალების წყარო: ნიკოლეიშვილი ავთანდილ. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ არმიაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი პოეტები // ქართული ემიგრაცია. litinstituti.ge; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





