ვის მიიჩნევდა ბესარიონ ჟღენტი საქართველოში პირველ ქალად და როგორ გადაურჩა ის დაპატიმრებას
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00
როგორ იხსენებს ეთერ გუგუშვილი მეუღლეს, ბესო ჟღენტს, რომელთანაც დიდი ასაკობრივი სხვაობა ჰქონდა – 22 წელი. ერთად კი ოცდაერთი წელი იცხოვრეს. ეთერ გუგუშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ქართული თეატრმცოდნეობისა და თეატრალურ სისტემაში. ბესარიონ ჟღენტი – საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი. ჩვენ დღეს ამ ორი ძალიან საინტერესო ადამიანის ოჯახურ და საქმიან ეპიზოდებზე ვისაუბრებთ.
ყველაფერი ხდება
ეთერ გუგუშვილი: „ბესო ჟღენტს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობდი, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენი სახლები ერთმანეთს გაჰყურებდნენ. სამამულო ომის წლებში ხშირად არ გვქონდა შუქი. ბესო ჟღენტს შუქი მუდამ ჰქონდა, რომელიც დაშვებულ ფარდებში ატანდა. ჩემი მოხუცი ბებია შურით იტყოდა: „რა თქმა უნდა, ბესო ჟღენტს ექნება შუქი, ჩვენ კი...“ ასეთი შუქმოსილი შემოვიდა ის პირველად ჩემს ცხოვრებაში. მე მუდამ ვკითხულობდი მის სტატიებს, ხოლო ომის შემდეგ, როცა მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ბებია მიგზავნიდა გაზეთებიდან ამოჭრილ ბესოს სტატიებს. საყოველთაოდ აღიარებული ბესო ჟღენტი ჩემთვის მიუწვდომელი იყო. დავბრუნდი თბილისში და თავად დავიწყე სტატიების ბეჭდვა პრესაში.
ერთმანეთი 1955 წლის დეკემბერში გავიცანით. „ზარია ვოსტოკაში“ მიდიოდა ჩემი წერილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე – „ტარიელ გოლუა“. წინა საღამოს მივედი რედაქციაში და იქ შევხვდი ბატონ ბესარიონს. ერთმანეთი სოფიო გველესიანმა, გაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგემ, გაგვაცნო. ამისრულდა დიდი ხნის სურვილი – უფრო ახლოს გამეცნო ჩემი სახელგანთქმული მეზობელი. საუბარი მოკლე იყო. ბესომ რომ გაიგო, სტატია ცხარე, კრიტიკული ტონით იყო დაწერილი, მირჩია: „თქვენ ახალგაზრდა, დამწყები კრიტიკოსი ბრძანდებით, არ გირჩევთ თეატრზე ასეთ თავდასხმას. თქვით ყველაფერი, რაც გაღელვებთ, მაგრამ უფრო რბილად, რომ არ გაანაწყენოთ ხალხი.“ არ მივიღე გამოჩენილი კრიტიკოსის რჩევა. ჩემი სტატია, მართლაც, ზედმეტად ცხარე გამოდგა. თეატრმა ვერ აიტანა წაყენებული ბრალდება (ისიც უცნობი რეცენზენტისგან) და გადაწყვიტა, მოეწყო დისპუტი, რომელიც შედგა რუსთაველის თეატრის დიდ და გადაჭედილ დარბაზში. მომხსენებელი იყო თავად ბესო ჟღენტი! მაშინ, რედაქციაში, ვერ შევბედე მეკითხა, თავად რა აზრის იყო სპექტაკლზე. ახლა ორმაგად ვღელავდი, ვიცოდი, რომ მსჯელობის მთავარი საგანი ჩემი სტატია იქნებოდა. ასეც მოხდა: ყველა გამომსვლელი მიტევდა მე და არა – მომხსენებელს, რომელსაც სპექტაკლის მიმართ, დაახლოებით, ისეთივე კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც მე. მას დაეხმარა გამოცდილება, ოსტატობა და ტაქტი, მოექცია თავისი აზრები კოლექტივისთვის უფრო მისაღებ ფორმაში. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მწარედ გამლახეს. დისპუტის დამთავრების შემდეგ ბესო მომიახლოვდა და მეგობრულად მითხრა: გულს ნუ გაიტეხთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საჭიროა სულიერი სიმტკიცე. წავიდეთ! თეატრიდან ერთად გამოვედით. – თქვენ საით? მკითხა მან. ვუპასუხე, რომ ვცხოვრობ მის პირდაპირ და ერთი გზა გვაქვს. – ოჰ, გამოდის, რომ ჩვენ არა მხოლოდ აზრები, არამედ გზებიც საერთო გვქონია, – თქვა და გაიღიმა. ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი გზა და ამ გზიდან აღარ გადაგვიხვევია, ბოლომდე ხელიხელგადაჭდობილებმა ვიარეთ.
მინდა, მოკლედ შევეხო მისი ყოფის იმ შტრიხებს, რომლებიც შესაძლებელია, შეუმჩნეველი იყო ფართო წრეებისთვის, მაგრამ რომელთა გარეშე ძნელია პიროვნების შეცნობა. ბესოს ყველა იცნობდა, როგორც მებრძოლ კრიტიკოსს, მკაცრს, ზოგჯერ დაუნდობელს, მუდამ თამამად რომ მიდიოდა წინ. მასში კი უჩვეულოდ და ჰარმონიულად თანაცხოვრობდა ორი ადამიანი – შეურიგებელი ლიტერატურულ ბრძოლებში და საოცრად კეთილი და გულჩვილი ადამიანებთან ურთიერთობაში, თავის მოწინააღმდეგეებთანაც კი. მას უყვარდა ღია ბრძოლა და ვერ იტანდა ფარულს, „კულისებს მიღმა“. არასოდეს ცუდს არ ჩაიხვევდა გულში, სამაგიეროდ, რა უსაზღვროდ გრძნობდა სიკეთეს! მთელი სიცოცხლის განმავლობაში, გულით ატარებდა მადლიერების გრძნობას კოტე მარჯანიშვილის მიმართ, იმ ყურადღებისა და ალერსისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ჯერ სრულიად ახალგაზრდა, ახალფეხადგმული ლიტერატორისადმი. ბესო მუდამ გაკვირვებით ამბობდა: „რას პოულობდა საერთოს ჩემთან, სიმონთან (ჩიქოვანთან), სხვა ჩვენს თანატოლებთან. ეს გენიოსი ჩვენს შორის იყო, როგორც ტოლი ტოლებთან, არაფრით რომ არ გაგრძნობინებდა თავის აღმატებას. ამის დავიწყება შეუძლებელია!“ ბესოს ყოველთვის ახსოვდა ირაკლი აბაშიძის მხარდაჭერა არა სიტყვით, არამედ, საქმით, მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს მომენტში. ხშირად იგონებდა მადლიერებით თავის მეგობარს – ნატო ვაჩნაძეს, რომელიც არ მოშორებია მწუხარების ჟამს, როცა მისი პირველი მეუღლე, თამარ ცინცაძე გარდაიცვალა და აქვე ნაღვლიანად დასძენდა: ვინ იფიქრებდა, რომ სულ რაღაც ერთ თვეში თვითონ ნატოც გაქრებოდაო. სათუთ ყურადღებას იჩენდა თავისი წასული მეგობრების ოჯახების მიმართ, არ ივიწყებდა მათ და მზრუნველობას არ აკლებდა.
ბესოს დიდი ოჯახი ჰქონდა, იცინოდა: ნამდვილი დირიჟორი ვარ, ჩემს ორკესტრში კეთილხმოვანებას ვამყარებო. მართლაც ასე იყო. ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ: მისი პირველი ცოლის მშობლები, დედაჩემი, სამი შვილი – ნინო, გოგი (პირველი ქორწინებიდან) და ირინა. სიდედრების სახელების გამო – ოლღა და ტატიანა. ბესო ხუმრობდა ხოლმე: „ჩემი „ონეგინისეული“ სიდედრები!“ უყვარდა და პატივს სცემდა მათ, ისინიც იმითვე პასუხობდნენ. ოჯახში მოდიოდნენ მისი და ჩემი მრავალრიცხოვანი ნათესავები, აგრეთვე, პირველი ცოლის ნათესავები. ყველანი მეგობრულად და მშვიდობიანად ვცხოვრობდით. დილა ჩვენს ოჯახში მთხოვნელების მოსვლით იწყებოდა. დასავლეთ საქართველოდან მატარებლები ადრიანად შემოდიოდნენ თბილისში და დილის 7 საათიდან მოდიოდნენ ადამიანები ბესოსთან, როგორც მწერალთან, როგორც დეპუტატთან. სხვადასხვაგვარი იყო მათი თხოვნა და ის ყველასთვის პოულობდა კეთილ სიტყვებს და რაც მთავარია, ეხმარებოდა არსებითად. ძალიან ბევრს შრომობდა, სახლშიც ღამის ორ-სამ საათამდე იჯდა თავის კაბინეტში და კითხულობდა ყველაფერს – წიგნებს, გაზეთებს, ჟურნალებს. საკუთარი თავისთვის ბევრ რამეს ვერ ასწრებდა...
მისი უკანასკნელი და ყველაზე დიდი წიგნი გარდაცვალების წელს გამოიცა. ამ წიგნისთვის წინასიტყვაობის დაწერაც კი ვერ მოასწრო. მოჩვენებითი იყო ის ფაქტი, რომ ბესო ყველაფერს ადვილად სწვდებოდა საოცარი მეხსიერების წყალობით, რითაც ასე აცვიფრებდა ხალხს. მეხსიერებასაც სჭირდებოდა წვრთნა. ამას მიაღწია წლების განმავლობაში ყოველდღიური, დაუღალავი მუშაობით თავის თავზე.
ერთხელ გასაოცარი ფაქტის მოწმე გავხდი. დილა იყო, ფოსტალიონმა მოიტანა წერილი მოსკოვიდან. მეგობრებს გამოეგზავნათ ბორის პასტერნაკის ახალი, ჯერ დაუბეჭდავი ლექსი. ბესომ მთხოვა, ლექსი ხმამაღლა წამეკითხა. ისმენდა ყურადღებით, აღტაცებაში მოვიდა, უსაზღვროდ უყვარდა პასტერნაკი და უცებ, სულ ერთი მოსმენის შემდეგ გაიმეორა თავიდან ბოლომდე ზეპირად, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე! გაოგნებული დავრჩი.
ბესო იყო მეტად თავმდაბალი. არავის შეაწუხებდა თავისი კეთილდღეობისათვის. ცხოვრობდა ზომიერად და პატიოსნად. საოცრად დაირცხვენდა, როცა შეაქებდნენ. ხშირად იტყოდა: ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მიგრძნია თავი ისე უხერხულად, როგორც საკუთარ იუბილეზეო. პირველად თავის სიცოცხლეში იჯდა გაჩუმებული, დაბნეული და სხვები ლაპარაკობდნენ. ასეთივე თავშეკავებული იყო თავისი საბედისწერო ავადმყოფობის დროს. ბავშვივით უხაროდა, მის მიმართ ყურადღებას რომ იგრძნობდა. არავის აწუხებდა, სულით არ ეცემოდა, ოხუნჯობდა, ყველას სევდიანი ღიმილით ხვდებოდა. აღსასრულამდე სამი დღით ადრე მოვიდა ვერიკო ანჯაფარიძე. ბესომ უზომოდ გაიხარა მისი მოსვლით. ვერიკოსთან იყო დაკავშირებული ახალგაზრდობის უმშვენიერესი წლები და მთელი ცხოვრება. გულისამაჩუყებელი იყო მათი შეხვედრა. ორივე გრძნობდა, რომ ეს იყო სამუდამო განშორება.
– ვერიკო, პირველი ქალი ხარ საქართველოში! ბესოს ხშირად უყვარდა ამის თქმა და ახლაც გაუმეორა.
– ნუ ხუმრობ, – უთხრა ვერიკომ.
– რა დროს ხუმრობაა, ეს ხომ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა, სიმართლეს გეუბნები, – უპასუხა ბესომ.
მეორე დღეს დილით მოვიდა ეგნატე ფიფია, არა როგორც ექიმი, არამედ როგორც მეგობარი. ფაქტობრივად, გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ხვდებოდა, რომ აღსასრული მოახლოვდა. მე არაფერი მითხრა. იმდენად აღელვებული წავიდა, რომ ქუდიც კი დარჩა.
გარდაცვალების წინა დღით ბესო გვარიანად გრძნობდა თავს. შეუძლებელი იყო იმის გაფიქრება, რომ ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყო... მძიმე ღამის შემდეგ, დილით გაახილა თვალები, ნათელი მზერით შემოგვხედა მე, გოგისა და დედაჩემს. შემდეგ ოდნავ ასწია ხელი და უხმოდ დაგვიქნია, თითქოს დაგვემშვიდობა. მერე ეს ხელი ჩემს ხელს დაადო და მაგრად მომიჭირა, ისევ გამომშვიდობების ნიშნად. ათი წუთის შემდეგ, სრულ 9 საათზე, 1978 წლის 18 ოქტომბერს ის აღარ იყო.“
ეს იყო ნაბიჯი...
ეთერ გუგუშვილი გახლდათ ის ქალბატონი, საკმაოდ მკაცრი და შეუპოვარი, რომელმაც ეპოქა მართა თეატრალურ ინსტიტუტში. იყო ჯერ თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი, შემდეგ – რექტორი. ეს ნიშნავდა, რომ საბჭოთა და გარდამავალ პერიოდში ქართული თეატრალური განათლების დიდი ნაწილი მის ხელში გადიოდა – კადრები, სტრუქტურა, სასწავლო კურსები, პრაქტიკულად, მან ჩამოაყალიბა რამდენიმე თაობის თეატრალური სივრცე. აღსანიშნავია ისიც, რომ კინო-ტელე ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სწორედ ქალბატონი ეთერი იყო. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც თეატრალური ინსტიტუტი უფრო სახელოვნებო ცენტრად იქცა.
ეთერ გუგუშვილი კომუნისტური პარტიის სიით არჩეული უზაენაესი საბჭოს წევრი გახლდათ, მაგრამ 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია, როცა საბჭოთა სისტემის წიაღიდან მოსულმა ფიგურამ ისტორიულ გარდატეხაზე დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
ეთერ გუგუშვილს დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომები ქართულ თეატრზე, ბუმბერაზ მსახიობებზე ანუ, იგი მხოლოდ თანამდებობის პირი არ ყოფილა. მთელი ცხოვრება თანდათანობით იგი ქმნიდა ქართული თეატრის ისტორიის ინტელქტუალურ არქივსაც.
ბერიას თვალთახედვაში
პერიოდულად იხსენებენ ერთ თემას მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით. მწერალთა კავშირში სხდომაზე ლავრენტი ბერია მივიდა, თავისი გამოსვლა დაიწყო და უცებ ამბობს: „ამხანაგო ჟღენტი, მე თქვენ გხედავთ!.. (მას, გარეგნობის გამო, ყველგან შეამჩნევდით). ბატონი ბესო კუთხეში, გვერდშექცევით მჯდარა. ბერიამ გააგრძელა: თქვენ ხომ იზიარებთ საერთო აზრს?.. უკლებლივ ყველამ (მანამდე მამას ხელი არაფერზე არ მოუწერია - ბესარიონ ჟღენტის ქალიშვილი), მთელმა მწერალთა კავშირმა მოაწერა ხელი განკარგულებას, მამაჩემის ჩათვლით, ოღონდ ეს მოხდა მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ. საუბედუროდ, ასეთი დრო იყო... ამის მერე, მივიდა სახლში და მეუღლეს – თამარს, ჩემოდანი ჩაალაგებინა, რადგან ყოველ წუთს ელოდა დაპატიმრებას, რადგან ბერიამ ცუდად დაადგა თვალი. ახლოვდებოდა შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღი, საკავშირო დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო და ირაკლი აბაშიძეს უთქვამს: ჩვენ გვყავს ერთადერთი კაცი, ვინც რუსულად ისევე თავისუფლად საუბრობს, როგორც ქართულად – ეს ბესო ჟღენტია და ის უნდა გამოვიდეს მოხსენებითო. მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტის გამო გადაურჩა ბესარიონ ჯღენტი დაპატიმრებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





