ვიკა ბუკია: ფიქრობენ, თუ ოჯახის წევრებს მიხსენებენ, ეს დამანგრევს და გამაღიზიანებს, არადა, არანაირი რეაქცია არ მაქვს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.07, 2023 წელი
ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიერ შექმნილი სატირული პერსონაჟი – მანანა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მანანას ვიდეოები, სადაც ის „ქართულ ოცნებას“ ასხამს ხოტბას, ზოგს ძალიან აღიზიანებს, ზოგს პირიქით – ძალიან ახალისებს.
ვიკა ბუკია: მანანა ძალიან სპონტანურად გაჩნდა. ჩემი მეგობარი სალომე არშბა იყენებდა ამ ფილტრს გადასარევად და ერთხელ მეც მოვსინჯე ჩემს თავზე, რა თქმა უნდა, „საშაყიროდ“, სერიოზულად როგორ შეიძლება, ამ გამოსახულების შეხედვა და მალევე მიმავიწყდა. შემდეგ რუსული კანონის მიღება-არმიღების თემები იყო აქტუალური, აქციები ახალი დასრულებული იყო, „ინსტაგრამზე“ შემთხვევით რომ წავაწყდი ისევ ამ ფილტრს და გამოვიყენე. ჩემი თავი რომ დავინახე, ძალიან მომინდა, ახლა უკვე ცნობილი მანანას ხმით და რუსული აქცენტით მეთქვა: „მე წამიკითხეს ეს რუსული კანონი და შიგნით სიტყვა რუსეთი არ წერია“. ეს იყო პირველი და ამას მოჰყვა შემდეგი ვიდეოები, რომელიც უცებ აიტაცეს. ჩემი აზრით, ძალიან უხდება ამ სახეს ეს რიტორიკა (იცინის). სახელი მანანა იმიტომ შევარჩიე, რომ ეს სახელი ჩვენი მშობლების 80 პროცენტს ჰქვია. სხვათა შორის, დედაჩემს მარინა ჰქვია და ნაწყენია, მეუბნება, ჩემი სახელი რატომ არ დაარქვი ამ პერსონაჟსო (იცინის). ბევრს ჰგონია, რომ მანანათი კონკრეტულ ადამიანს „ვაშაყირებ“ და არ არის ასე. მე საერთოდ არ მიყვარს კონკრეტული ადამიანის პაროდია, რა ვქნა, არ მეცინება ამ ჟანრზე, მაგრამ მანანა კონკრეტული არა, კრებითი სახეა. ეს არის საქართველოში, თბილისში, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ ნაწილში გაბატონებული ტრენდების შარჟი. მასში მოიაზრება საბჭოთა ნომენკლატურის ხალხი, განათლება რომ რუსეთში აქვთ მიღებული და ხოტბას ასხამენ მას, ყოველთვის კარგად რომ ცხოვრობდნენ, დაახლოებული იყვნენ მთავრობასთან, სარგებლობენ სხვადასხვა პრივილეგიით, არიან მდიდრები, ისევე, როგორც მათი მშობლები და ასე შემდეგ.
ბევრი მწერს, „ვაიმე, ჩემს მეზობელს ხომ არ აკეთებთ?“, „ბიცოლაჩემს ხომ არ იცნობთ და მას ხომ არ აშარჟებთ?“... პოლიტიკოსებიც ხშირად მეუბნებიან თავიანთ ნაცნობებზე, ალბათ, მას იცნობ და იმიტომ აშარჟებ ასეთ პერსონაჟსო. სინამდვილეში, მე ზოგადად ამ სახეებს ვიცნობ და რადგან ასეთი ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში არც ისე ცოტაა, ბევრმა აღმოაჩინა მასში თავისი ნაცნობი. მე მთელი საქართველოს მანანებს ვაკეთებ (იცინის). ცოტა ხნის წინ პარკში ვიჯექი, „დროება“ აკეთებდა სიუჟეტს ამ თემაზე და ზუსტად მანანებზე ლაპარაკის დროს, დაგვესხა თავს ნამდვილი მანანა (იცინის). მეუბნება, ათი წელი ვცხოვრობდი მოსკოვში და ახლა თქვენ გკითხავთ, სად და როგორ ვიფრინოო. შოკირებული ვიყავი, ვუყურებდი ამ ქალს და ჩემს თავს ვხედავდი (იცინის). პრაქტიკულად, ჩემი პერსონაჟი გამომეცხადა და ამ ჩხუბის დროს ვეუბნები, მე თქვენ გაკეთებთ ქალბატონო-მეთქი. ის მეჩხუბებოდა და მე ვაკვირდებოდი, რომ რაღაცები დამემახსოვრებინა და გამემეორებინა (იცინის).
– რეალურად, მანანა საკმაოდ მწვავე კრიტიკა და ირონიაა „ქართული ოცნების“ მისამართით. როგორ რეაგირებენ თვითონ, იყო პოლიტიკოსებისგან გამოხმაურება?
– როგორ არა, იყო. მათი მხარდამჭერები ხომ სულ მწერენ და მემუქრებიან (იცინის). არ ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას. მხარდამჭრებისგან „მოსულა“. სწყინთ, როცა მათ სათაყვანებელ ლიდერებს დავცინი და მესმის მათი. ნინო წილოსანმაც მომიძღვნა პოსტი. თქვა, რომ ქალთა დისკრიმინაციას ვეწევი, რაც ძალიან სასაცილო იყო. მანანა ნამდვილად ეწევა დისკრიმინაციას, მაგრამ მე – არა (იცინის). ზარებიც ხშირია. დეპუტატის სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ახლობელმა დამირეკა და მთხოვა, მასზე არ ჩამეწერა ვიდეო. თბილისში ხომ არაფერი იმალება და ვიცი, რომ სასტიკად არ უყვართ ჩემი მანანა. არადა, რას ერჩიან მათიანია (იცინის).
– მთელი ოჯახი „ქოცები“ იყავით, რამდენიმე წელია, მეუღლე ქოცებს განუდგა და ამის შემდეგ როგორ გახდით „ნაცებიო“, საკმაოდ ხშირად მსგავსი ტექსტებით გსაყვედურობენ.
– ხშირად არა, მაგრამ კი, ეგეთებსაც მიწერენ. ბუნებრივი ამბავია. ფიქრობენ, თუ ოჯახის წევრებს მიხსენებენ, ეს დამანგრევს და გამაღიზიანებს. არადა, არანაირი რეაქცია არ მაქვს. სინამდვილეში ჩემს ქმარს გულისხმობენ, თორემ ჩემი „ქოცობა“ არავის გაუგია (იცინის). ძალიან მშვიდად ვადევნებ თვალს ამ კომენტარებს. ბოტები პირიქით მწერენ, „ნაცოო“. მათი საქმე ეგაა – ეგეთები უნდა მოგწერონ. სინამდვილეში მართლა არასდროს ვყოფილვარ „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი და თუ მათ არ გულშემატკივრობ, ავტომატურად ნაციონალი ხარ, ასე გიყურებენ. უფრო სწორად; ასე უნდათ წარმოგაჩინონ. „ქოცობასთან“ დაკავშირებით ლევანზე ამბობენ, მაგრამ არ გვაღელევებს ეს თემა. ის პოლიტიკოსია, საჯარო სივრცეშია, მეც საჯარო სივრცეში ვსაქმიანობ და მესმის, რომ ასეთ დროს ათასი სისაძაგლე შეიძლება, დაგიწერონ. თუ საჯაროობაზე გაქვს პრეტენზია, ეს ყველაფერი მშვიდად უნდა იკითხო. ვინც მშვიდი ნერვებით ვერ კითხულობს, იმას არაფერი ესაქმება საჯარო სივრცეში.
– ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზული მუქარაც მიიღე...
– უკვე ვთქვი, რომ კრიტიკაზე არ მაქვს რეაქცია, შეუძლიათ, „მაშაყირონ“ კიდეც, როგორც მე „ვაშაყირებ“ სხვებს, ესეც მათი უფლებაა, მაგრამ როდესაც სიცოცხლის მოსპობით გემუქრებიან, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. თან, ძალიან კონკრეტული გზავნილები იყო – ვიცით შენი სადარბაზო, დაგხვდებით და ყელს გამოგჭრითო, მსგავსი შინაარსის გზავნილი მივიღე, მაგრამ ამაზეც კი მეუხერხულება ლაპარაკი ისეთები ხდება ჩემს კოლეგებთან მიმართებაში. საოცარი ზეწოლის ქვეშ არიან ჟურნალისტები. თავიდან უფრო დრამატულად ვუყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მართლა არაფერზე მაქვს რეაქცია. გამორიცხულია, მე ამ გზით შემაშინო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეაგირებას არ მოვახდენ იმის მიუხედავად, მეშინია თუ არა. მე მივმართე საგამოძიებო სამსახურს, მაგრამ როგორც თქვენ დაგირეკეს ამ საკითხზე, ისე – მე. გამოკითხვაზე ვიყავი, სარჩელიც დავწერე და იმის მიუხედავად, რომ უმარტივესი იყო იმ ადამიანის ვინაობის გარკვევა, ვისგანაც ეს მუქარა მივიღე, არ დაინტერესებულან. ან დაინტერესდნენ და ნახეს, რომ სახელისუფლებო ბოტია.
– ლევან გოგიჩაიშვილისა და ვიკა ბუკიას, პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ოჯახური ცხოვრება როგორია?
– ძალიან ჩვეულებრივი, ალბათ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. ორივე საჯარო სივრცეში ვართ და ის კიდევ უფრო მეტად, რაც რაღაც ტიპის დისკომფორტი არის, მაგრამ ვცდილობთ, პოლიტიკით არ დავიბინძუროთ ჩვენი ოჯახური გარემო. ყველაფერი გარეთ რჩება, ვცდილობთ, ოჯახში არ შემოვიტანოთ. უფრო ადრე, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები გვქონდა და ეს ჩვენ შორის ყოველთვის დიდი განხილვის თემა იყო. საქართველოში, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ცოლ-ქმარი აუცილებლად ერთნაირად უნდა ფიქრობდეს, რაც დიდი სისულელეა.
ლევანი ჩემზე ბევრად კონსერვატიულია, მე უფრო ლიბერალური შეხედულებები მაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ერთი შეხედულება და საერთო ფასეულებები გვაქვს. ბოლო დროს, პოლიტიკაზეც მეტი საერთო აზრი გაგვიჩნდა, მაგრამ მაინც ძალიან ვცდილობთ, ეს ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში დიდი დოზით არ იყოს. ეს ლევანის დამსახურება უფროა. ტელევიზორსაც კი არ ვრთავთ სახლში, მას არ უყვარს, მაგრამ როცა ისეთი მოვლენები ხდება, რომლითაც ყველანი მოცულები ვართ, მაშინ უამისობა არ გამოდის.
– ძალიან სიმბოლურად და რომანტიკულად დაწყებულა თქვენი ურთიერთობა მის დაბადების დღეზე.
– სიმბოლური იყო, მაგრამ სიტყვა რომანტიკული ძალიან შორს არის ჩვენგან, რომანტიზმი საერთოდ არ არის ჩვენ შორის (იცინის). ალბათ, ლევანი ყველაზე არარომანტიკული ადამიანია პლანეტაზე. მეც ეს მომწონს მასში. მეც ცოტა კომიკურად ვუყურებ რომანტიკულ ამბებს და ისიც. რომანტიკული არა, მაგრამ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია, ამას ყველა დეტალში ვგრძნობ. მზრუნველი და ძალიან კარგი მამაა, ჩვენი ყველა შვილისთვის, მათ შორის ჩემი შვილებისთვის პირველი ქორწინებიდან. მართლა იშვიათად კარგი მამაა, მაგრამ ყვავილების მორთმევა და რომანტიკული სიურპრიზები ის ამბებია, რომელზედაც ორივეს გვეცინება და არაფერში გვჭირდება (იცინის). მე კიდევ, ხანდახან მაინც, მაგალითად, დაბადების დღეზე ვეტყვი ხოლმე, ორი დღით ადრე რომ მჩუქნი რამეს, ბარემ დაბადების დღეს დაამთხვიე-მეთქი და ის ამისგანაც ძალიან შორს არის. გკითხავს, რა გინდა, რომ გიყიდოს და გიყიდის, მაგრამ საჩუქრის შეფუთვასა და ბალიშის ქვეშ დამალვა იქნება თუ რამე მსგავსი, ამაზე ორივე ბევრს ვხალისობთ.
– ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ოთხი შვილის დედა ხარ...
– მგონი აღარავის უკვირს. არასდროს მიფიქრია, რომ ოთხი შვილი მეყოლებოდა. მეოთხე შვილი ისე დაუგეგმავად გავაჩინე, რომ მართლა ყველანაირი სამედიცინო ლოგიკა დაირღვა (იცინის). უფროსი – ირინკა დიდია, 16 წლისაა და ახლა ამერიკაში მიდის. კონკურსში გაიმარჯვა და ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო. ძალიან გახარებული და ბედნიერი დედა ვარ. მარტივი არ არის ოთხი შვილის დედობა, მაგრამ საღამოს ბავშვები რომ დამესევიან ხოლმე, ძალიან სასიამოვნოა და ბედნიერი ვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან