საზოგადოება

რა აკავშირებდა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ვახტანგ გორგასალთან და სად დაიკარგა მასზე დაწერილი ანდერძი

№15

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

პატრიარქი
დაკოპირებულია

კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ცაში გამოკიდებულ მთის ერთ პატარა სოფელში, რომელსაც იქაურები და უცხონიც სნოს უწოდებდნენ, ღვთის მოშიშნი, მორწმუნე ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. რვა შვილი ჰყავდათ – შვიდი ვაჟი და ერთი ქალი, უფლის ყოვლის მცნებითა და წესდებით, სათნოებასა და სიყვარულში აღზრდილნი. „ჩემი მშობლები მორწმუნე ადამიანები იყვნენ. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როცა იდევნებოდა ეკლესია, იხურებოდა ტაძრები და მონასტრები. მე მახსენდება, რამდენიმე სასულიერო პირი მოდიოდა ჩვენთან, ჩემი მშობლები მათ ასაზრდოებდნენ, მფარველობდნენ, უვლიდნენ. მე, ასევე, მახსოვს, ერთი რუსი მონაზონი ცხოვრობდა კიდეც ჩვენს სახლში. დედა პალადია ერქვა. ერთი პატარა ოთახი იყო მისთვის გამოყოფილი. ძალიან გვიყვარდა. კარგი ბავშვობა გვქონდა, მშვიდობიანი, რაღაცნაირი თბილი. ძალიან მშვიდი ატმოსფერო იყო სახლში. საღამოობით ვიკრიბებოდით. მამა ლოცვებს კითხულობდა ზეპირად, ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და შემდეგ დასაძინებლად მივდიოდით“.

გიორგი იმ მხარეში მოსახელე უძველესი გვარის, ღუდუშაურ-შიოლაშვილების შთამომავალი იყო. შრომისა და მიწის ყადრი კარგად იცოდა. საქონელიც მრავლად ჰყავდა და არც წვრილშვილის რჩენა უჭირდა. ჯერ სულ ყმაწვილმა, დუშელი კობაიძეების ქალი ითხოვა ცოლად, მასავით მშრომელი, გამრჯე და თავმდაბალი. გასული საუკუნის 30-იან წლებში ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ვლადიკავკაზში დასახლდა. სწორედ იქ, ვლადიკავკაზში, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს გიორგისა და ნატალიას მეშვიდე ვაჟი – ირაკლი, რომელიც წმიდა ნინოს ქართულ ეკლესიაში მონათლეს შობა დღეს. ნათლობის რიტუალი მაშინ ერთმა უბრალო მოძღვარმა, მომავალში არქიმანდრიტმა ტარას კანდელაკმა აღასრულა. სამი დღის ყრმის ნათლია კი მონაზონი ზოია დვალიშვილი გახლდათ. იმ ურწმენო და უღმერთო დროს, როცა ხალხს ტაძარში შესვლისაც კი ეშინოდა, გიორგის სარწმუნოებისთვის თავი ჰქონდა გადადებული და იქაური საეკლესიო ცხოვრების ყველა საქმეში იყო ჩახედული. თბილისშიც ხშირად ჩადიოდა. მაშინდელ პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, კალისტრატეს სტუმრობდა და ვლადიკავკაზის, ყაზბეგის სატკივარსა და გასაჭირზე უამბობდა. მისგანაც სათანდო რჩევა-დარიგებებს იღებდა. ნატალია, რომელიც მეუღლის მსგავსად, თავის უპირველეს მოვალეობად ღვთის სამსახურს მიიჩნევდა, გიორგის მუდამ გვერდით ედგა. „ნატალია კობაიძე, ეს იყო ძალიან სათნო, თბილი, უსიტყვო ადამიანი. საერთოდ, მამაჩემიც ძალიან უსიტყვო კაცი იყო. ცოტას ლაპარაკობდნენ, ბევრს ფიქრობდნენ და შრომობდნენ. დედაჩემს ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა. უფრო ეროვნული ადამიანი იყო, ეროვნულ გრძნობებს გვიღვივებდა. მე მახსოვს მისი დარიგება: რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, არასდროს არ უნდა დატოვოთ სამშობლო და უკეთესი ცხოვრებისათვის უცხოეთში არ უნდა წახვიდეთ. თქვენ უნდა ატაროთ ის უღელი, რასაც ჩვენი ერი ატარებსო“.

ვლადიკავკაზში, ქართველები ოსების, ჩეჩნების, ინგუშების, რუსების გვერდით ცხოვრობდნენ. იქაური ქართული სათვისტომოს სამშობლოსთან მაკავშირებელი ხიდი გიორგი შიოლაშვილის ოჯახი იყო.

„ყოვლად დაუშვებელი იყო სახლში რუსული ლაპარაკი. მხოლოდ ქართულად, მოხევურად ვლაპარაკობდით. ეს იყო ჩვენთვის აუცილებელი კანონი“. ზაფხულობით მთელი ოჯახი, მშობლიურ მხარეს, ისტორიულ ხევს უბრუნდებოდა, კავკასიონის მთავარ, გვერდითა ქედებითა და მათი განშტოებებით შექმნილ მშვენიერებას, თერგის შენაკადებით, სნოს ციხის ნაშრალით და უფრო მაღლა, ალპური მდელოებით დაგვირგვინებულს. სწორედ აქაურობასთან იყო დაკავშირებული ღუდუშაურების გვარისა და წინაპრების ისტორია. „ჩვენ, წარმოშობით ღუდუშაურები ვართ. ეს უძველესი ქართული გვარია. ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ ჩვენი წინაპარი იყო სნო, რომლის სახელიც დაერქვა შემდგომში ჩვენს სოფელს. მას ჰყავდა შვილი სახელად – ღუდუშა. ეს არის მეხუთე საუკუნე, ის დრო, როცა საქართველოს მეფეს, ვახტანგ გორგასალს ოსებმა და მოსტაცეს. ვახტანგ გორგასალმა გამოიხსნა თავის და. შეჩერდა სნოში, ჩვენს სოფელში, გაიცნო ეს პიროვნება – სნო. სნომ სთხოვა, რომ მეფეს მოენათლა მისი შვილი – ღუდუშა. ასე, რომ ჩვენი ნათლია არის მეფე ვახტანგ გორგასალი“. არანაკლებ საინტერესო გადმოცემა უკავშრდება შიოლაშვილების გვარის წარმოშობას. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ღუდუშაურთა ხეობის მფლობელი შიოლა, რომელიც ჩრდილოეთის საზღვარს იცავდა ყაზბეგიდან გუდამაყრამდე, ხევსურებს მოუკლავთ. „ძალიან საინტერესოა ამ მკვლელობის ისტორია. მკვლელი გაიქცა სნოს გვერდით, მეზობელ სოფელ ახალციხეში და მივიდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც დაკეტილი დახვდა. ასეთი ლექსიც არის: ლეგენდის თანახმად, ღვთიშობელმა არ შეუშვა ეს მკვლელი თავის ტაძარში და შევიდა პირველივე სახლში და სთხოვა დიასახლისს, შემიფარეთ, მე მოვკალი შიოლაო. ამ ქალბატონმა უთხრა: მერე ჩემთან როგორ მოხვედი, მე შიოლას და ვარო, მაგრამ რა ვქნა, რადგან ღმერთმა ჩემთან მოგიყვანა, მე ვალდებული ვარ, შეგიფაროო. გამოიტანა მანდილი და კარის წინ გაშალა. ეს იმას ნიშნავდა, რომ არავის არ ჰქონდა უფლება იმ სახლში შესულიყო. ეს ღუდუშაურები რომ დაედევნენ მკვლელს, გაიგეს, რომ შიოლას დის სახლშია, ნახეს ეს მანდილიც, არ დაარღვიეს მთის კანონი, რომელიც არსებობდა და სარკმლიდან ისრით განგმირეს. იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა შიოლას და, რომ არ გავიდა თავისი ძმის სატირლად. იქვე, მდინარე ჩამოდის, სნოს წყალი, მდინარის მეორე ნაპირას დაჯდა და იქ იტირა თავის ძმა. შემდეგ, როდესაც ქმარი დაბრუნდა მთიდან, უთხრა, რომ ჩვენმა მამისახლმა შეურაცხყოფა მოგვაყენა. უნდა წახვიდე და სისხლი აიღო, რადგან სტუმარი მოგვიკლეს სახლშიო და მოაკვლევინა თავისი ახლობელი, ბიძაშვილი, იმის შემდეგ შიოლას პირდაპირმა შთამომავლობამ მიიღო გვარად შიოლაშვილი. ასე, რომ ჩვენ გვაქვს ორი გვარი – ღუდუშაური და შიოლაშვილი“.

გიორგიმ შვილები რუსულ სკოლაში შეიყვანა, რადგან ვლადიკავკაზის ერთადერთი ქართული სკოლა მათი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის სავალზე იყო და ამ მანძილზე ბავშვების ყოველდღე ტარება გაჭირდებოდა. ოცდამეორე რუსულ სკოლაში, სადაც ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობდნენ, აღზრდის მკაცრი, ტრადიციული მეთოდები იყო გაბატონებული. „არაერთხელ მითქვამს, რომ მე არ მახსოვს, მასწავლებელი მოსულიყო და თავზე ხელი გადაესვა მოწაფისათვის. ძალიან ოფიციალური და მკაცრი დამოკიდებულება იყო მოსწავლეებისადმი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მაინცდამაინც ფრიადოსანი არ ვიყავი, მაგრამ ვსწავლობდი. ყველაზე მეტად ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, ხატვა მიყვარდა. მათემატიკა არ მიყვარდა. ჯერ ფანქრით ვხატავდი, მერე – აკვარელითა და ზეთით. მართალია, მხატვარი არ გამოვიდა ჩემგან, მაგრამ სულ ვხატავ. ხატვის დროს ვისვენებ, ამიტომ ვკიდებ ფუნჯს ხელს, თორემ მე მხატვარი არ ვარ“. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებული ფრესკები დიდუბისა და რუსთავის ეკლესიებს, მანგლისის საპატრიარქოს რეზიდენციას ამშვენებს. მის მიერ დაწერილი ხატები კი საპატრიარქოში და სხვადასხვა ეკლესიებში ასვენია, გარდა ამისა, მისი უწმიდესობა რამდენიმე საგალობლის ავტორია. „სასულიერო აკადემიაში მუსიკის ნოტებს გვასწავლიდნენ. ასე რომ, მე მესმის ნოტები და ვკითხულობ, მაგრამ მე ბავშვობიდან მქონდა კარგი მუსიკალური სმენა, როგორც ამბობდა ჩვენი პედაგოგი სემინარიაში, იდეალური სმენაც კი. ასე რომ, ალბათ, ეს მელოდია თვითონ ზეციდან მოდიოდა“.

მაშინ, როცა საბჭოთა იდეოლოგიურ სკოლაში სახარების სხენებაც არ შეიძლებოდა, გიორგი შინ დაბრუნებულ ბავშვებს ახალ აღთქმას არა მხოლოდ უკითხავდა, არამედ ფსალმუნებს ზეპირად ასწავლიდა. მამას განსაკუთრებულად უყვარდა 90-ე ფსალმუნი, რომლითაც თითქოს, ყველაზე უკეთ უსხნიდა შვილებს უფლის შემწეობის ძალას. გიორგის უმცროს ვაჟს, ირაკლის, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაუჩნდა ღვთის სამსახურში ჩადგომის სურვილი. „პირველი ასეთი სურვილი მე გამიჩნდა, როცა წავიკითხე (ბავშვობაში სულ პატარა რომ ვიყავი, ალბათ, 12 წლის) ეგვიპტელი დიდი მოღვაწეების ცხოვრება. მოგეხსენებათ, ბერობა წარმოიშვა ეგვიპტეში, ეგვიპტის უდაბნოებში. როგორც ცნობილია, ესენი იყვნენ ანტონ დიდი, პავლე თებაიდელი და სხვანი. აი, პირველი სურვილი იმ დროს გამიჩნდა – მეც მინდა, რომ ასეთი ვიყო-მეთქი. მერე იყო, ალბათ, ეს ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვქონდა სასულიერო პირებთან, ეკლესიის გახსნა... ჩემმა მშობლებმა ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. ერთი ეკლესია იყო ვლადიკავკაზში, წმიდა ილიას სახელობის, ეს ეკლესია კი, ღვთისმშობლის სახელობის, ჩვენს ქუჩაზე – მამაჩემმა შეაგროვა თანხა, იყიდეს კერძო სახლი და იქ მოაწყვეს. ამანაც იმოქმედა, რა თქმა უნდა“... მისი ეს მისწრაფება დღითიდღე მყარდებოდა, ძლიერდებოდა და ვინაიდან მშობლებისგან დამალული არაფერი ჰქონდა, პირველი მათ გაანდო გულისწადილი. „მამაჩემს ჰქონდა ასეთი სურვილი, რომ ერთ-ერთი მისი შვილი სასულიერო პირი გამოსულიყო. დედაჩემს მაინცდამაინც არ ჰქონდა ამის სურვილი. შეიძლება, დედაჩემს უნდოდა, სასულიერო პირი ვყოფილიყავი, მაგრამ ბერობა არ უნდოდა და უნდოდა ცოლ-შვილიანი მოძღვარი ვყოფილიყავი. მე თვითონაც ამას ვოცნებობდი. მინდოდა, საქართველოში, სადმე, სულ პატარა სოფელში ვყოფილიყავი ჩვეულებრივი მოძღვარი, მაგრამ უფალმა სხვანაირად ინება. ერთი საოცარი შემთხვევა იყო. ვლადიკავკაზში, ჩვენი სახლის მოპირდაპირედ იყო ბიძაჩემის სახლი, მამაჩემის ძმის. ძალიან ახლო ურთიერთობა იყო ჩვენ შორის, ბიძაჩემის ბავშვები და ჩვენ თითქმის ერთად ვიზრდებოდით. ბიძაჩემის ეზოში რაღაც პატარა შენობა შენდებოდა. მაშინ, ალბათ, ვიქნებოდი 10-12 წლის. მამაჩემმა მოითხოვა ცარიელი ბოთლი. აიღო ქაღალდი, დაწერა და გვითხრა (ეს მე უკვე დავიწყებული მქონდა და ჩემმა ბიძაშვილმა გამახსენა), რომ ირაკლი – ესე იგი, მე, ან რაფიელი – ჩემი ბიძაშვილი, აუცილებლად იქნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიო. არ ვიცი, ეს გამოცხადება ჰქონდა თუ ღვთისგან იყო შთაგონებული, დღესაც ვერ ვხსნი ამას. ეს ბოთლი მერე ერთ-ერთ კედელში ჩადეს ამ მშენებლობის დროს. ის სახლი გაყიდულია უკვე და ღმერთმა იცის, რა ბედი ეწია იმ ბოთლს“. იმ დღიდან რამდენიმე წელიწადში ირაკლიმ სკოლა დაამთავრა და შეუდგა გზას, რაც ღვთის ნებით მანამდე მამისთვის გაეცხადებინა რაღაც უხილავ ძალას. მოსკოვის სასულიერო სემინარიაში იმ ახალგაზრდა მღვდლის რჩევითა და სარეკომენდაციო წერილით ჩავიდა, რომელიც ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილის ხელშეწყობით გახსნილ ეკლესიაში მსახურობდა და მათი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.

ირაკლი შიოლაშვილმა 17 წლისამ შეაღო სასულიერო სემინარიის კარი და ათეისტური იდეოლოგიის ქვეყანაში ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რომელიც ეკლესია-ტაძრების ნანგრევებზე იყო აგებული და უამრავი უდანაშაულო სასულიერო პირის სიცოცხლე შეეწირა, დაიწყო მზადება იმ სფეროში სამოღვაწეოდ, რომელიც ყველაზე მეტად იდევნებოდა იმ დროისთვის არსებული რეჟიმისგან. „ჩვენ მაინცდამაინც რეჟიმზე არ ვფიქრობდით. სემინარიაში კი იგრძნობოდა, მაგალითად, სააქტო დარბაზში მთავრობის ხალხის პორტრეტები ეკიდა. ეკლესია ცდილობდა, მშვიდობიანი ურთიერთობა ყოფილიყო ეკლესიასა და მთავრობას შორის. მით უმეტეს, სტალინს ჰქონდა უკვე სულ სხვა შეხედულება ეკლესიაზე. ომის დროს სწორედ ეკლესიამ აჩვენა მას ერთგულება, ამიტომ სტალინმა სულ შეცვალა თავისი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. მაგალითად, როცა რუსეთის სამღვდელოება, პატრიარქი და მიტროპოლიტები იყვნენ სტალინთან მიღებაზე, მან თვითონ შესთავაზა, რომ გაეხსნათ სასულიერო სემინარიები და აკადემიები. სტალინის ბრძანებით იყო, რომ გახსნილიყო ეკლესიები. არსებობს დოკუმენტი, როცა სტალინს უფლებები ჰქონდა უკვე ხელში აღებული, მან გააუქმა ბრძანება – ის ბრძანება, რომელიც ლენინის დროს იყო გამოცემული, რომ რაც შეიძლება, მეტი სასულიერო პირი დახოცეთ ყველგანო. მახსოვს, სტუდენტი ვიყავი, როცა სტალინი გარდაიცვალა, როგორ შეგვკრიბეს ჩვენ ყველანი ერთად სააქტო დარბაზში. ყველა ტიროდა სტალინის გარდაცვალების გამო. შემდგომ პატრიარქების მიერ ბრძანება გამოიცა საქართველოშიც და რუსეთშიც, რომ ყველა ეკლესიაში პანაშვიდები უნდა შესრულებულიყო სტალინისთვის. მე გამიგონია ასე, რომ ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როცა რუსეთის პატრიარქმა, ერთ-ერთი მიღების დროს სტალინთან, ასეთი შეკითხვა დაუსვა: ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და როცა თქვენ აღესრულებით, როგორ უნდა მოხდეს თქვენი დაკრძალვაო. გაჩუმდა სტალინი, გაიარ-გამოიარა ოთახში და თქვა, რომ ყველაფერი ქრისტიანულად უნდა მოხდესო“.

მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ოთხი წელი სწავლობდა. საღვთისმეტყველო საგნების შემდეგ ყველზე მეტად ლოგიკა, ფილოსოფია და ანთროპოლოგია იტაცებდა. მაშინ სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას ქულების მიხედვით აფასებდნენ. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოდან ჩასულ ირაკლი შიოლაშვილს ჰქონდა. ამიტომ, ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში პირდაპირ, გამოცდების გარეშე, მიიღეს. საგამანათლებლო პროგრამა ერთი ორად გართულდა. ახალ საგნებს ბერძნული, ებრაული და ლათინური ენები დაემატა.

მაინც ყველაზე უკეთ სწავლობდა და ისევ პირველობას ინარჩუნებდა. სწორედ აკადემიაში სწავლისას, 1957 წელს გადაწყდა მისი ბერად აღკვეცის საკითხი. ნათლობის სახელი ირაკლი შეუცვალეს და საქართველოს მომავალ პატრიარქს ილია უწოდეს. მაშინ იგი 24 წლის იყო. „მე, ვსწავლობდი წმიდა სერგის სამების ლავრაში (დღესაც იქ არის მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია) და იქ მოღვაწეობდნენ ძალიან ცნობილი სასულიერო პირები, რომლებსაც ჯერ კიდევ მეფის დროს ჰქონდათ დამთავრებული სასულიერო სემინარიები, აკადემიები. რა თქმა უნდა, მათ დიდი გავლენა ჰქონდათ ჩვენზე, სტუდენტებზე. ჩემი ამხანაგებიდან ბევრმა გადაწყვიტა, რომ მთლიანად შეეწირა თავისი ცხოვრება ამ საეკლესიო ცხოვრებისათვის, უფლისათვის და სამშობლობლოსათვის“.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა გარემოში იმყოფებოდა, ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდებოდა, უპირველესი იყო მისთვის. საკვალიფიკაციო თემადაც ათონის ივერთა მონასტერი აირჩია. აკადემიაში ქართული ეკლესიის ისტორია ცალკე და ვრცლად არ ისწავლებოდა. არც საბერძნეთში ჩასვლის საშუალება იყო. ამიტომ, ადგილზე არსებული ლიტერატურის კვლევით უნდა შემოფარგლულიყო. თემა ბრწყინვალედ დაიცვა და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. აკადემიაში სწავლის დროს მოხდა მისი ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად კურთხევა. უწმიდესისა და უნეტარეისის მელქისედეკის თხოვნით, ეს რიტუალი რუსეთის პატრიარქმა ალექსი პირველმა შეასრულა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, პროფესორთა საბჭოს დადგენილებით მღვდელმონაზონი ილია საპროფესორო სტიპენდიანტად უნდა დარჩენილიყო აკადემიაში. „ეს იმას ნიშნავდა, რომ მე შემეძლო ამეღო სამეცნიერო თემა, გამეგრეძელებინა მეცნიერული მუშაობა. ამასთან ერთად, მე მეძლეოდა საათები სემინარიაში და აკადემიაში რომელიმე საგანი უნდა წამეკითხა. ეს დადგენილება დაამტკიცა რუსეთის პატრიარქმა. შემდეგ მე ჩამოვედი თბილისში უწმიდესთან და უნეტარესთან, ეფრემ მეორესთან და ვკითხე მას, ასეთი და ასეთი დადგენილებაა და თქვენ რას მირჩევთ-მეთქი. უწმიდესმა ასეთი გამოცდა მომიწყო: შენ როგორც გინდაო. მე სამშობლოში დაბრუნება მინდა-მეთქი, ვუთხარი. მართალია, რექტორი ნაწყენი დარჩა, მე ასეთი პატივი დაგდე და შენ კი წახვედიო, მაგრამ მერე მაინც შევრიგდით“.

მოსკოვში სწავლა-განათლებისთვის სულ რვა წელი დაჰყო და სამშობლოში დაბრუნდა. სად დაიწყებდა სამსახურს, უწმიდეს და უნეტარეს ეფრემ მეორეს უნდა გადაეწყვიტა. პირველად მცხეთაში, დედათა მონასტერში გააგზავნეს, სადაც მისი ნათლია, დედა ზოილე მსახურობდა. ორ თვეში ბათუმის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადაიყვანეს. „პირველი ჩემი სამოღვაწეო ადგილი იყო აჭარა, ბათუმი, მართლაც, აჭარა იყო ჩემი პირველი მრევლი და სიყვარული. ნამდვილი მრევლი ვიგრძენი სწორედ აჭარაში. ჩვენ გვეკრძალებოდა ასე თავისუფალდ მთიან აჭარაში სიარული, მაგრამ ხანდახან მაინც ვახერხებდით ამას. ინათლებოდნენ აჭარლები, თუმცა ძალიან ფრთხილად. მე მახსოვს, ღამე მოდიოდნენ ეკლესიაში. ერთხელ, ღამე წამიყვანეს სახლის კურთხევისთვის. შემდეგ ეს ოჯახი გახდა სამაგალითო, რომ სხვები ქრისტიანები გახდნენ. დღეს სასულიერო პირებიც კი არიან ამ ოჯახიდან. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი აჭარაში მოღვაწეობა. ეს ნამდვილად ღვთის განგება იყო, რომ პირველი ჩემი სამოღვაწეო ადგილი იყო აჭარა“.

დამოუკიდებლობის დაკარგვის დღიდან, 1921 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ხუთასზე მეტი სასულიერო პირი დახვრიტეს და სამასზე მეტი გადაასახლეს, მანამდე, არსებული ათას ხუთასი ეკლესიიდან და ოცდახუთი მონასტრიდან მოქმედი მხოლოდ ორმოცდათორმეტი ეკლესია და ორი მონასტერი დარჩა. სასულიერო პირთა რაოდენობა კი კატასტროფულად იყო შემცირებული და ერთ ასეულს თუ ითვლიდა. „ჩვენ, მოხუცებულები მივდივართ. შემცვლელი არავინ რჩება“, – წერდა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე და ყველა ღონეს ხმარობდა რომ როგორმე სასულიერო სასწავლებლის გახსნისთვის მიეღწია. ეს მაშინ, თითქმის გადაულახავ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. „ხრუშჩოვის ბრძანებით, რუსეთში დაიხურა ხუთი სემინარია. სულ რვა იყო. დარჩა ორი აკადემია და სამი სემინარია. დაიხურა ათასობით ტაძარი და მონასტერი. ჩვენთან, საქართველოში დასახური ეკლესიები უკვე აღარ იყო, მაგრამ იყო მცდელობა (ეს იყო ეფრემ მეორის პერიოდი), დაეხურათ მთაწმინდის მამა დავითის ტაძარი და დიდი წინააღმდეგობა გაუწია უწმიდესმა და უნეტარესმა. მკაცრად უპასუხა, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია და სანამ მე ცოცხალი ვარ, თქვენ ამას ვერ გააკეთებთო. ეს იყო ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მძიმე პერიოდი. შემდეგ, უწმიდესმა შეიტანა განცხადება მთავრობაში, ასეთი თხოვნით მიმართა მან მთავრობას, რომ ნება დაერთოთ საღვთისმეტყველო კურსების გახსნის. რა თქმა უნდა, თბილისი ამას ვერ გადაწყვეტდა. იფიქრეს, რომ კურსები ეს არაფერია, რადგან ავტოკეფალური ეკლესიაა და თხოულობენ, მივცეთო. მისცეს უფლება და ამ კურსების პირველი რექტორი მე ვიყავი. მერე ეს კურსები სემინარიად გარდაიქმნა“. სემინარიის რექტორი, ეპისკოპოსი ილია, ყველაზე ახალგაზრდა იყო მღვდელმთავართა შორის. აჭარაში მოღვაწეობის შემდეგ ის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მიავლინეს, სადაც 11 წელი დაჰყო. 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთორმეტე საეკლესიო კრებას ახალი პატრიარქი უნდა აერჩია. „საერთოდ, საქართველოს ეკლესიაში არსებობს დებულება, რომლის მიხედვითაც პატრიარქი წერს ანდერძს, თუ ამის სურვილი აქვს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოსაყდრედ უნდა დადგეს ესა და ეს სასულიერო პირი, მაგრამ შეუძლია, არც დატოვოს ასეთი ანდერძი. გარდაცვალების შემდეგ სინოდი იკრიბება ერთად, ხსნიან ამ ბარათს და იგებენ, ვინ არის მოსაყდრე. ჩემს შემთხვევაში ასეთი ანდერძი არ აღმოჩნდა. დაიკარგა, არ იყო თუ რა მოხდა, არვიცით. უწმიდესი და უნეტარესი დავით მეხუთე სულ ამბობდა, რომ ანდერძი არის დაწერილი შენზეო, მაგრამ სინამდვილეში არ აღმოჩნდა ანდერძი. მერე სინოდი შეიკრიბა და ამირჩიეს მოსაყდრედ. 40 დღის გლოვის შემდეგ, 1977 წელს, შედგა საეკლესიო კრება და... ეს იყო პარასკევი დღე, 23 რიცხვი, როცა მე ამირჩიეს. 25-ში კვირა დღე იყო და მაშინ შედგა ჩემი კუთხევა“.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი