საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

გვარები
დაკოპირებულია

კიტია

კიტია აზნაურული გვარია ოდიშში (სამეგრელოში). ისტორიული წყაროების მიხედვით, მუხურას ნუსხაში მოხსენიებულია კიტიათა ხუთი კომლი აზნაური: კაცია, დემეტრე, გავაშელ, ამუღაბარ, ელჯარ და პირნათე კიტიები. დოკუმენტის მიხედვით, კიტიათა ეს ხუთი კომლი აზნაური იყო და მათ, პურის ჭამისა და ლაშქრობის გარდა, ეკისრებოდათ დამატებითი ვალდებულებებიც – საჭიროების შემთხვევაში უნდა მიეშველებინათ თავიანთი გლეხები და ხარები სადრის სახასო მიწების დასამუშავებლად. ეს ცნობები მიუთითებს, რომ კიტიები ოდიშში ადგილობრივი აზნაურობის ფენას ეკუთვნოდნენ და მონაწილეობდნენ როგორც სამხედრო სამსახურში, ისე სამეურნეო ვალდებულებების შესრულებაში.

დღეს საქართველოში 565 კიტია ცხოვრობს.

ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძეთა გვარი ისტორიულ წყაროებში პირველად მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში იხსენიება. საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება, სავარაუდოდ, მეთექვსმეტე საუკუნეში მოხდა. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ლორთქიფანიძეები იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვან ძალად იქცნენ და ჩხეიძეებთან ერთად პირველობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ისტორიული ცნობებით, იმერეთის მეფეებმა ლორთქიფანიძეები წამოსწიეს ჩხეიძეთა ძალაუფლების დასაბალანსებლად. ამ ბრძოლაში ლორთქიფანიძეთა საგვარეულომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან მათი პოლიტიკური გავლენა შემცირდა, რადგან მათი საგვარეულო სახელოები სხვა ძლიერმა საგვარეულოებმა – აბაშიძეებმა და წულუკიძეებმა – დაიკავეს. მიუხედავად ამისა, სოლომონ მეორის მეფობის პერიოდში (1789-1810) ლორთქიფანიძეებმა კვლავ მნიშვნელოვანი თანამდებობები მიიღეს, მათ შორის საჯავახოსა და საპაიჭაოს მოურავობა. ლორთქიფანიძეთა აზნაურთა შორის ცნობილია საგვარეულოები: ნიქაბერიძეები, ყიფიანები, მხეიძეები და მესხები. დღეს საქართველოში 3 367 ლორთქიფანიძე ცხოვრობს.

ლოლუა

ლოლუა ქართული გვარია, რომელიც ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. გვარის სახელწოდება სავარაუდოდ, მომდინარეობს ლოლუ მეტსახელისაგან. ისტორიულ ცნობებში ლოლუები მოხსენიებულნი არიან როგორც აზნაურნი, რომლებიც ქურთის გვარისგან წარმოშობილნი – ლოლასშვილები იყვნენ. გადმოცემის მიხედვით, მათ აზნაურობა მეფემ უბოძა. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ლოლუები ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ლიხნში (დღევანდელი გუდაუთის რაიონი) და ასევე, შქაშწყარის მხარეში (ოჩამჩირის რაიონი). ცნობილია, რომ მათი ნაწილი ქრისტიანობაზე მოექცა 1834 წელს. ლოლუათა გვარი მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში.

სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში ლოლუას გვარის, დაახლოებით, 700-ზე მეტი ადამიანია.

მაღრაძე

მაღრაძე ძველი აზნაურული გვარია, რომელიც ისტორიულ წყაროებში განსაკუთრებით იმერეთში გვხვდება. მეთექვსმეტე საუკუნის საბუთში მაღრაძე მოხსენიებულია ულუმბის ღმრთისმშობლის მონასტრისათვის შეწირული მამულის ნუსხაში, სადაც მას ეკისრებოდა მონასტრისათვის აღაპის გადახდა. მეჩვიდმეტე საუკუნის წყაროებში იხსენიება ბაამან (ზაამან) მაღრაძე, რომელსაც ჰყავდა ძმები გივი და მამუკა, ხოლო შთამომავლებს შორის მოიხსენიებიან დავით, ქია, სამადავლე და სეხნია. ბაამან მაღრაძე მონაწილეობდა სხვადასხვა სამართლებრივ და სამამულე საქმეებში, მათ შორის ციციშვილებთან მიწის დავაშიც, რომლის შედეგადაც მიიღო მამული თაგვეთზე. ამავე გვარის წარმომადგენლები – იესე და მამუკა მაღრაძეები – სხვადასხვა საბუთში მოწმეებად და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ფიგურირებენ. 1798 წლის სიგელში დედოფალი დარეჯანი წყალობის წიგნით ადასტურებს, რომ აზნაურიშვილ ბეჟან მაღრაძეს უბოძა მამული და მისი საკუთრება, რაც გვარის აზნაურულ სტატუსს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მოგვიანებით მაღრაძეების გვარი ჩაიწერა რუსეთის იმპერიის აზნაურთა საგვარეულო წიგნშიც. დღეს საქართველოში 3 588 მაღრაძე ცხოვრობს.

მიქელაძე

მიქელაძეთა გვარის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი წარმომადგენელია მანგასარ მიქელაძე. იგი პირველად იხსენიება 1326 წლის სიგელში. უფრო გვიან 1488 წელს იმერთა მეფის, ალექსანდრეს დარბაისელთა შორის გვხვდება, ყელგრძელი მიქელაძე, მიქელაძეთა შესახებ იოანე ბატონიშვილის ქართველ თავადაზნაურთა გვარების „აღწერაში“ ვკითხულობთ: „ამათ გვარნი მოვიდნენ იმერეთს და მიიღო მეფემ თავადობის გვარითვე მიქელაძედ და ამათნი მდაბალნი სახლკაცნი მიქელაშვილებად აზნაურებად. აწ ცხოვრობენ მიქელაძეები თავადნი იმერეთს, ხოლო მიქელაშვილები აზნაურად – ქართლსა“.

მიქელაძეების როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად თვალსაჩინოა. ისინი სოლომონ მეორესთან მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იან წლებიდან არიან კეთილგანწყობაში. 1798 წელს სოლომონმა დავით მიქელაძეს „ორწყალშუა“ ადგილმამული უბოძა. სოლომონის მეფობაში უნდა ჰქონდეს მიღებული მდივანბეგობაც ამ საგვარეულოს წარმომადგენელს დავით მიქელაძეს.

იმერეთში რუსული მმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით მიქელაძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა.

მიქელაძეთა აზნაურები იყვნენ: ქაჯაიები, კახიანები და მიქელაძეები.

დღეს საქართველოსი 9 474 მიქელაძე ცხოვრობს

მეძმარიაშვილი

მეძმარიაშვილები ისტორიული ქართული გვარია, რომლის ფესვები მეჩვიდმეტე საუკუნის იმერეთში იკვეთება. გვარი თავიდანვე დაკავშირებულია აზნაურობასთან, ადმინისტრაციულ და საეკლესიო საქმიანობასთან.

ისტორიული წყაროებით, 1664 წელს გიორგი მეძმარიაშვილი მოხსენიებულია საეკლესიო აქტში მოწმედ, რაც მის მაღალ სოციალურ სტატუსზე მიუთითებს. ის ასევე ატარებს მოურავის წოდებას, რაც ადასტურებს გვარის წარმომადგენელთა მონაწილეობას ადგილობრივ მმართველობაში. მეძმარიაშვილები მრავალშტოიან აზნაურულ საგვარეულოდ ყალიბდებიან და დროთა განმავლობაში აქტიურად ერთვებიან ეკლესიურ ცხოვრებაში – გვარის წარმომადგენლები მსახურობენ მღვდლებად და მონაზვნებად.

რუსეთის იმპერიის პერიოდში ისინი ჩნდებიან სამხედრო და სამოქალაქო სამსახურში, ხოლო თანამედროვე ეპოქაში გვარი კვლავ აქტიურად არის წარმოდგენილი საზოგადოებრივ და სამეცნიერო სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელგუჯა მეძმარიაშვილი – ქართველი მეცნიერი და კოსმოსური ტექნიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მეძმარიაშვილი - გვარია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს ღირსებას, ცოდნასა და მსახურების ტრადიციას.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი