როგორ ამოგზაურებს ადამიანებს ნიკო კუხალეიშვილის ნახატები წარსულში და რას სწერენ მას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00 15.04
ნიკო კუხალეიშვილის რეალისტური მხატვრობა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. მის მიერ ტილოზე ასახული თბილისის არქიტექტურა ისტორიას აცოცხლებს და ბევრს საკუთარ წარსულში ამოგზაურებს.
ნიკო კუხალეიშვილი: ხატვის მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა. როგორც დედა ამბობს, სიარული რომ დავიწყე, ბავშვურად უკვე ვხატავდი. სკოლის ასაკში, ფაქტობრივად, გაუჩერებლად ვხატავდი. შემდეგ ემიგრაციაში სამწლიან სასწავლებელში შევედი, სადაც კარგი ბაზა მივიღე.
წლების განმავლობაში ხატვის ყველანაირი მიმართულება მოვსინჯე. ძერწვითაც დავინტერესდი, საკმაოდ დიდხანს სკულპტურებსა და ბარელიეფებს ვაკეთებდი.
2013 წელს დავიწყე ინტერიერში ბარელიეფების გაკეთება და უცხოეთში დიდ პროექტებზე ვმუშაობდი.
– საქართველოში არ დაბადებულხართ?
– კი, ზუგდიდში დავიბადე. ერთი წელი აფხაზეთშიც ვცხოვრობდით, სანამ ცნობილი მოვლენები დაიწყებოდა. შემდეგ მამას სამუშაოდ ემიგრაციაში მოუწია წასვლა და იქ ვიზრდებოდი. საქართველოში ძალიან ხშირად დავდიოდი, მხოლოდ ერთი პერიოდი მქონდა ჩავარდნა. ორჯერ დავაპირე აქ ცხოვრება, მაგრამ არ გამომივიდა. მხატვრისთვის ძალიან რთულია ახალ ადგილას დამკვიდრება, თუმცა, საბოლოოდ მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე და 2022 წლიდან საქართველოში ვცხოვრობ.
– საქართველოში ცხოვრებამ როგორი გავლენა მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე?
– მანამდე პეიზაჟისტი და პორტრეტისტი ვიყავი. არქიტექტურის ფერწერა, რასაც ჩემს შემოქმედებაში დღეს უკვე დიდი ადგილი უჭირავს, ჩემთვის ახალი ეტაპია და ეს სიახლე ზუსტად თბილისში ცხოვრებას უკავშირდება. თბილისში ვიგრძენი ისტორიული ანაბეჭდის მნიშვნელობა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა კარი – როგორც პორტალი, რომლის მეშვეობითაც ისტორიულ ადგილებში შედიხარ. ეს შეგრძნება ჩემში უკვე ძალიან ღრმად არის გამჯდარი. შესაბამისად, თბილისის არქიტექტურას ტურისტივით ვეღარ ვუყურებდი. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი თბილისში, რაც უფრო ხშირად ვათვალიერებდი ძველ შენობებს, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის ჩემზე. ადგილები, რომლებიც რესტავრირებული არ არის და ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს წინა ეპოქის სახე, განსაკუთრებით მიმზიდველია – იქ ქალაქის კოლორიტი და „ადამიანების ნაფეხურებია“ შემორჩენილი. მათ რომ ვუყურებ, მთელი არსებით ვგრძნობ, რომ უნდა დავხატო. ეს უბრალო კოპირება არ არის. მე ამაში დიდი კონცეფცია ჩავდე. ვფიქრობ, ადამიანი განსაზღვრავს ლოკაციას არამხოლოდ მაშინ, როცა იქ ცხოვრობს, არამედ სამომავლოდაც. როგორც რემარკი ამბობს, ადგილზე, სადაც ბედნიერი იყავი, ჰაერიც კი იმახსოვრებს შენს სუნთქვას – ეს ღრმა იდეაა. ამ იდეისა და შეგრძნებების დამსახურებით, ჩემს ფერწერაში გადმოვიდა თბილისის არქიტექტურა.
– თბილისის სერიის ნახატები მნახველებში, ალბათ, განსაკუთრებულ სითბოს იწვევს. უშუალოდ მუშაობის დროს რა ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ გამვლელებსაც აქვთ ხატვის პროცესის ხილვის შესაძლებლობა.
– ერთი პერიოდი ქალაქში ყურსასმენებით დავდიოდი და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს ძალიან მიშლიდა ხელს. ვერ ვპოულობდი შესაბამის კომპოზიციას და მუშაობის დროსაც, გონებას მირევდა. როცა ქუჩებში თავისუფლად დავდივარ, სიამოვნებით ვათვალიერებ მათ და განწყობებს მივყვები, ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ხდება. წარმოიდგინეთ, დილით რომ გავდივარ, არ ვიცი, რით დავბრუნდები სახლში. ეს ყველაზე ძვირფასი სიურპრიზია. როცა არ იცი, რას შექმნი, შინიდან თეთრი ტილოთი მიდიხარ და საღამოს შინ ისეთი ნამუშევრით ბრუნდები, რომ სიხარულით ხარ სავსე. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე: იყავი, როგორც „ფოთოლი ჰაერში“. არ უნდა იფიქრო, მარჯვნივ შეხვევა ჯობს თუ მარცხნივ, სად ნახავ უკეთეს კომპოზიციას. უბრალოდ, უნდა მიჰყვე ინტუიციას და სადაც გაგაჩერებს, იქ უნდა დადგე და საინტერესოს რასაც დაინახავ, ის დახატო. ეს მეთოდი მუშაობს. როცა ამ ფილოსოფიას მივყვები, მაშინ გამოდის კარგი ნამუშევრები. გონების ნაკარნახევი შაბლონებით არ უნდა იფიქრო, გრძნობებს უნდა მიჰყვე.
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ხატვის პროცესის შემსწრეები ხდებიან, ხატვას რომ ვიწყებ, მაშინ ნაკლებად ჩერდებიან, თუმცა, როცა ფორმები იკვეთება და ნახატი აღქმადი ხდება, ბევრი ინტერესდება, ტურისტები თუ ადგილობრივები ჩერდებიან და ფოტოებს იღებენ.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას – პეიზაჟს, შარშან დავიწყე ახალ სერიაზე მუშაობა. სამეგრელოში არის ძალიან საინტერესო ევკალიპტების ტყე.
ძალიან მინდოდა მისი დახატვა, მაგრამ უბრალოდ, რეალისტური პეიზაჟის დახატვა არ იყო ჩემი სურვილი. მინდოდა, ეს ადგილი ადამიანებს ჩემს ნამუშევრებში ახლებურად აღმოეჩინათ. მინდოდა ნახატზე ის შთაბეჭდილება, განწყობა და შეგრძნებები ამესახა, რომელიც მისი ხილვისას იბადება ადამიანში, თან ისე, რომ ფოტოს არ დამსგავსებოდა. ამისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ლოცვისთვის. ადრიანი დილიდან რამდენიმე საათი ვეძებდი ლოკაციას საუკეთესო კომპოზიციით. დიდი ტილო მქონდა წაღებული. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ჩემი გრძნობები სწორად გადმომეცა ტილოზე და მას არტეფაქტის სახე მივეცი.
– როგორ ემოციებს იწვევს თქვენი ნამუშევრები, რა შთაბეჭდილებებს გიზიარებენ მნახველები?
– ადგილები, რომლებიც ჩვენში რჩება, ნოსტალგიის სახით ცოცხლობს, მინდა, ჩემს ნამუშევრებში ამ ნოსტალგიის ემოციები იგრძნობოდეს. ბევრი ემიგრანტი გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი შეკვეთა მაქვს ისრაელიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, მათთვის ეს ნახატები განსაკუთრებით ემოციურია. „მე ვცხოვრობდი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე“, „მე ასათიანზე გავიზარდე“ და ასე შემდეგ, მომდის ხოლმე შეტყობინებები ჩემს ნახატებთან დაკავშირებით.
– რა დროს ანდომებთ თითოეული ნამუშევრის შესრულებას?
– სხვადასხვა დროა საჭირო. თუ მასტერკლასი მაქვს, მეტი დრო მჭირდება, რადგან პროცესში მოსწავლეებიც არიან ჩართული. როცა მხოლოდ მე ვხატავ, თუ დიდი ნამუშევარია და არქიტექტურა უნდა დავხატო, თითო ჯერზე 2-3 საათს ვმუშაობ და შეიძლება, ერთ ლოკაციაზე 2-3 ჯერ მომიწიოს მისვლა. ყველაზე დიდი ნამუშევარი, რომელიც გარეთ დავხატე, პეიზაჟია, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა, მაგრამ ისე სწრაფად ვმუშაობდი, ორ საათში დავასრულე. საკმაოდ სწრაფად ვმუშაობ. ყველაზე საინტერესო გამოწვევა, რომელსაც დღემდე მიკვირს, რომ ხელი მოვკიდე, ქორწილები იყო. ქორწილებში მეძახდნენ დასახატად და მივდიოდი, რადგან მინდოდა, გამეგო, რამდენად სწრაფად დავხატავდი ქორწილის პროცესს, სუფრასთან მსხდომ ხალხს. მინიმუმ ათი ადამიანი უნდა დამეხატა ყველაზე რთული ტექნიკით. ეს დიდი სტრესი იყო, თუმცა, ეს ჯანსაღი სტრესია, რომელიც ზრდის მხატვარს – ჩემი მიზანიც ეს იყო.
– რა თანხებში მერყეობს თქვენი ნამუშევრების ფასი და რამდენად წარმატებულად ხდება მათი რეალიზება?
– ჩემი ნამუშევრების ფასები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაქვს გამორჩეული ნამუშევრები, რომელიც საკმაოდ კარგ ფასად იყიდება. უფრო ხშირად უცხოელები ყიდულობენ, რადგან საკმაოდ პოპულარული „ინსტაგრამი“ მაქვს. ჩემს ინსტაგრამგვერდზე ნახავთ თბილისის ისტორიებს, ქუჩებსა და ნახატებს, რომელიც თბილისის არქიტექტურას ასახავს. მე თვითონ ვიღებ შესაბამის კადრებს და გამომწერებს ვუზიარებ. მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „ინსტაგრამია“ ჩემი მაღაზია. ნელ-ნელა ვცდილობ, „ფეისბუქიც“ აქტიური გავხადო.
რამდენიმე კვირის წინ, „ინსტაგრამზე“, ხელოვნების წრეებში ძალიან ცნობილმა ქალბატონმა ჩემი ვიდეოებისგან ძალიან კარგი ვიდეოკლიპი შექმნა, თავის „ინსტაგრამზე“ გააზიარა და მე ავტორად მომნიშნა. ჩემთვის ძალიან ღირებულია ასეთი გამოხმაურების მიღება Josie Lewis Art-ისგან. ამ ვიდეოში ის იყენებს ჩემი ნამუშევრების კადრებს (ჩემი შემოქმედებითი პროცესის ნაწყვეტებს). ხელოვნების მაგისტრისა და TEDx-ის სპიკერის მხრიდან დამოუკიდებელი ხელოვანის ასეთი აღიარება წინსვლისთვის ძალიან დიდი სტიმულია!
ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ რომში ერთ-ერთმა პოპულარული ჟურნალმა დაწერა ჩემ შესახებ.
ჩემს ვიდეოებს რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს. უამრავი ადამიანი მწერს: არგენტინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან... ერთი ქვეყანაც არ არის დარჩენილი, საიდანაც შეტყობინებები არ მომდის, უამრავი კომენტარია.
– როგორი კავშირი გაქვთ თქვენს ნამუშევრებთან და რას ნიშნავს თქვენთვის ხატვის პროცესი?
– ჩემს ნახატებთან ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს. ვფიქრობ, თუ თავი არ შეწირე არ გამოგივა... სიმართლე გითხრათ, როგორც მართლმადიდებელი ვფიქრობ ხოლმე, ზედმეტი ხომ არ არის ასეთი დამოკიდებულება-მეთქი, რადგან პირველ რიგში, ჩვენთვის ღმერთი უნდა იყოს და მერე ყველაფერი დანარჩენი. თუმცა, ფაქტია, რომ მხატვრობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და იმასაც გეტყვით, რომ ხატვის დროს ზოგჯერ ფიზიკურადაც ვიტანჯები. მაგალითად, იტალიაში რომ ვიყავი, დილის 7 საათზე წავედი სახატავად, ადგილზე რომ მივედი, წვიმდა, ვიდექი და წვიმაში ვხატავდი, ძლიერი ქარი იყო და ქოლგა არ მშველოდა. სამი ნამუშევარი დავხატე, მესამე რომ დავასრულე, უკვე გვიანი ღამე იყო. თუმცა ამას ხალხი ვერ ხედავს, მათ თვალწინ მხოლოდ შედეგია. ხატვის პროცესი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე არ შემიძლია გაჩერება. ხატვა რომ შევწყვიტო, შეიძლება, ცუდად გავხდე. ცხოვრებაა და ზოგჯერ არის პერიოდები, როცა ხატვას ვერ ვახერხებ. მაშინ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიხრჩობი... ამიტომაც ვამბობ, ხატვის გარეშე არ შემიძლია!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




