საზოგადოება

როგორ მოიპოვა აღიარება ჯერმენ გვიშიანმა სხვადასხვა ქვეყანაში და რატომ ეწოდა მისი სახელი ასტეროიდს

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00

ჯერმენ გვიშიანი
დაკოპირებულია

ფილოსოფოსი ჯერმენ გვიშიანი დაიბადა 1928 წელს ახალციხეში. მისი მამა მიხეილ გვიშიანი სახელმწიფო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი იყო.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში.

ასპირანტურაში სწავლობდა პროფესორ ოიზერმანის ხელმძღვანელობით. 1961 წელს ჯერმენ გვიშიანმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე – „ამერიკული მენეჯმენტის სოციოლოგია“. 1962 წლიდან ის იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ წლებში – სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გახლდათ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

ჯერმენ გვიშიანი ასწავლიდა ფილოსოფიას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო ფილოსოფიის, სოციოლოგიის, მართვის თეორიისა და თანამედროვეობის გლობალური პრობლემების სისტემური ანალიზი.

1976-1992 წლებში გალხდათ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1992 წლიდან – საპატიო დირექტორი), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კომპლექსურ პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

იყო შვედეთის სამეფოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიისა და რომის კლუბის წევრი, გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზატორი, ლორდ ს. ცუკერმანთან და მ. ბანდისთან ერთად, ლაქსენბურგში (ავსტრია), სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

იგი გახლდათ პრაღის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის საპატიო დოქტორი, შვედეთის სამეფო საინჟინრო აკადემიისა და ფინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ჰელსინკის ეკონომიკის სკოლის საპატიო დოქტორი, მართვის ამერიკული აკადემიისა და მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის წევრი, ქალაქ ჰიუსტონის (ტეხასი, აშშ) საპატიო მოქალაქე და კეთილი ნების ელჩი.

მიღებული ჰქონდა: ძმები ვასილიევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია პოპულარული სამეცნიერო ფილმის „NTR-ის გზებზე“ შექმნაში მონაწილეობისთვის, შრომის წითელი დროშის ორდენი; ავსტრიის უმაღლესი ეროვნული ორდენი, დიდი ოქროს საპატიო ნიშანი ვარსკვლავით; საერთაშორისო პრემია „ოქროს მერკური“ და სხვ.

1998 წლის 8 აგვისტოს მისი სახელი – 6574 Gvishiani – ეწოდა ასტეროიდს, რომელიც 1976 წელს აღმოაჩინა ასტრონომმა ჩერნიხმა.

დაქორწინებული იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ალექსეი კოსიგინის, ქალიშვილზე – ლუდმილა ალექსეევნაზე. შეეძინათ შვილები: ტატიანა და ალექსეი. ეს უკანასკნელი არის ცნობილი გეოინფორმატიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური ცენტრის დირექტორი.

ჯერმენ გვიშიანი გარდაიცვალა 2003 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1; ვიკიპედია; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი