საზოგადოება

ტარიელ სუარი: ზედმიწევნით დაუნდობელი ვარ, არ შეიძლება, ადამიანი ასეთი სასტიკი იყოს

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 14.08

ტარიელ სუარი
დაკოპირებულია

ტარიელ სუარის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ტარიელ სუარი?

ტარიელ სუარი: მუსიკოსი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ისეთი, ადამი რომ ცხოვრობდა სამოთხეში.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– კი და ეს საქმე გიტარაზე დაკვრა იყო. ადრე ეს საშინლად მძულდა, მაგრამ ძალით ვაკეთებდი. ვერ ვიტანდი, ერთი სული მქონდა დამესვენა, მაგრამ არ ვნებდებოდი. მძულდა, გიტარას რომ ვხედავდი, მბურძგლავდა (იცინის). მერე მივეჩვიე, ამ ჭიდილში ჩემი ნაწილი გახდა. მართალი ყოფილა, სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო და ეს ნაბიჯი ძალიან შეუმჩნეველია.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?

– მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შემომრჩა ეს თვისება, მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს. ბავშვობიდან გულჩვილი ვიყავი და დღემდე ძალიან ადვილად მჯერა ადამიანების. მჯერა პატიოსანი გამოხედვის, ეჭვიც კი არ მეპარება მასში.

– ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ, რას გააკეთებდით?

– ყრუთა კავშირს გადავურიცხავდი თავიდან ბოლომდე.

– საკუთარი თავისთვის არაფერს გააკეთებდით?

– არა, რადგანაც არაფერი მჭირდება. მე ახლა სასტუმრო „ქისში“ ვცხოვრობ, რომლის 20 პროცენტიც ჩემს კუთვნილებაშია, ნაწილი იასია და ნაწილი – კიდევ ერთი ადამიანის. მე ამ სასტუმროში ორი საოცარი მზარეული მყავს. არ ვიცი, ამათ ხელში როგორ გავხდები (იცინის). მყავს სამი ზედმიწევნით სუფთა დამლაგებელი, სამი სანატრელი ადმინისტრატორი, ერთი ძალიან კარგი მენეჯერი და ერთი ძმაკაცი – ბარმენი. ჩვენთან უამრავი სტუმარი ჩამოდის. გერმანიიდან ჩამოდიან ვიზიტორები ჩემი მუსიკის მოსასმენად. მეტი ფიზიკურად არაფერი მჭირდება. ეგ კი არა, ახლა რომ კარნეგი ჰოლში შემომთავაზო კონცერტი, არ დაგიმალავთ და დამეზარება. შემიძლია, ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს და რაში უნდა დავხარჯო მოგებული მილიონები?!

მე ვიცი ყრუთა კავშირის პრობლემების შესახებ, ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს თანხა და ამიტომ მათ გადავურიცხავდი. შეიძლება, ნაწილი უსინათლოთა კავშირისთვის გადამერიცხა. იმიტომ არა, რომ ძალიან კეთილი ვარ, იმიტომ, რომ მე არ მჭირდება და შემაწუხებდა ეს ფული. მუსიკაზე მეტ სიმდიდრეს და ბედნიერებას ამ ეტაპისთვის მე ვერაფერი განმაცდევინებს.

– გინდათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– შესაძლებელია, ეს სურვილი გამჩენოდა უფროსი რომ მყავდეს. რადგან თვითონ ვერავის გავლენას ვერ ვგრძნობ, არც მაქვს სურვილი, სხვაზე მქონდეს გავლენა. რაც შეეხება პოპულარობას, ვფიქრობ, რაც მაქვს, ჩემთვის საკმარისია. მეტის სურვილი არ მაქვს, რადგან ვერ ვხედავ ამას ჩემთვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია. არც საზღვარგარეთ გავდივარ და საქართველოში, სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან მცნობენ, ძალიან დიდი სიყვარულით მეგებებიან და ეს ჩემთვის საკმარისია. არ მაქვს სურვილი, გარეთ გავდიოდე და მუხლმოდრეკილი ხალხი მოწიწებით თაყვანს მცემდეს (იცინის).

– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

– ალბათ, უფრო, ქალბატონებთან დაკავშირებულ რომანტიკულ ქმედებებს, რადგან ამან ბევრი დრო წამართვა. რა თქმა უნდა, არასერიოზულ ურთიერთობებს ვგულისხმობ. ქალბატონებსაც რომ თავი დავანებოთ, არასერიოზულ ურთიერთობებს საერთოდ დიდი დრო მიაქვს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის საკმარისი დრო აღარ გრჩება.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– იმდენი რამ მომიპარავს (იცინის). ახლახან სახელმწიფოს მოვპარე ერთი ლარი, სულ რამდენიმე დღის წინ. ტაქსიდან ძალიან სწრაფად ჩამოვედი და ტელეფონი და ჩანთა მასში დამრჩა. იძულებული გავხდი, ავტობუსში ჩუმად ავსულიყავი და გარკვეული მონაკვეთი უბილეთოდ გამევლო. შემრჩა (იცინის).

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ყველაზე უხერხულს ვერ მოვყვები, მაგრამ ერთ-ერთს გავიხსენებ: ჩემმა ყოფილმა მეგობარმა გოგომ მთხოვა, ფოტო გამეგზავნა მისთვის. ეს ფოტო შეცდომით კლასიკური გიტარის კონგრესის ჩატში ჩავაგდე. მეორე დღეს მეგობარი მწერს, ტარიელ, ეს რა არისო?! რომ დავხედე და მივხვდი, რაც დამემართა, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე (იცინის).

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– ვფიქრობ, რომ მე ყოველთვის სასტიკი ვარ. სამწუხაროდ, ასეა. არ შეიძლება, ასეთი სასტიკი იყოს ადამიანი, განსაკუთრებით საქართველოში. აქ დათმობებია საჭირო, ქართველები ვართ, მცირერიცხოვანი ერი და ერთმანეთის მიმართ რბილები უნდა ვიყოთ. მე ცოტა ხისტი ხასიათი მაქვს და სამწუხაროდ, ზედმიწევნით დაუნდობელი ვარ. ელემენტარულზეც კი შემიძლია, მკაცრი შენიშვნა მივცე მას, ვინც ამას იმსახურებს. ასეთი ვარ მასტერკლასებზე, თუნდაც ჩემს ძალიან წარჩინებულ მოსწავლეებთან. იმდენად მკაცრი ვარ ხოლმე, რომ მერე ჩანაწერში საკუთარი თავის ყურებაც კი აღარ მინდა. შემიძლია, ვთქვა, რომ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობ ჩემს თავზე. ურთიერთობებში – ნაკლებად, ვინც მიყვარს, მასთან ვერ ვიქნები სასტიკი, რადგან როდესაც შეყვარებული ვარ თავიდან ბოლომდე მეცლება ძალა და ძალიან რბილი ვხდები. იმდენად, რომ მერე მას შეუძლია ამით ისარგებლოს კიდეც და სხვათა შორის, ბევრი სარგებლობს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან სიყვარულს ვგრძნობ. ცნობადობას ვერ ჩავთვლი გამარჯვებად, მაგრამ სიყვარული ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

მარცხი კი რელიგიასთან დაკავშირებული ჩემი განუხორციელებელი სურვილია. ძალიან მინდა, რომ რელიგიური ვიყო. მინდა, ღმერთთან ახლოს ვიყო და აქ მუდმივ მარცხს განვიცდი, რაც წარმოუდგენელი ტკივილის მომნიჭებელია. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მარცხი. ახლა ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ უნდა ვიყო, წესით, ძალიან მაღალ სულიერ საფეხურზე უნდა ვიდგე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გზაზე მხოლოდ და მხოლოდ მარცხს განვიცდი.

– მაღალ სულიერ საფეხურში რა მდგომარეობა მოიაზრება?

– როდესაც მატერიალური არაფერი გაწუხებს. მაგალითად, არ გიზიდავენ ქალბატონები, მუსიკის მიმართაც კი არ გაქვს მოთხოვნილებები. რომ დაინახავ საოცრად შეპიწკინებულ გოჭს, ნერწყვიც კი არ მოგივა. როდესაც ხედავ ადამიანს, რომელმაც სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართაც ის სიყვარული გექნება, როგორიც სათნო ადამიანის მიმართ. ეს არის უმაღლესი სულიერი მდგომარეობა.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– როდესაც დედა საავადმყოფოში მოხვდა, თან ისეთ საავადმყოფოში, რომელშიც მე წვდომა არ მქონდა. ზოგადად, როდესაც საავადმყოფოებში მხედავენ, მცნობდნენ და იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება დედის მიმართ, რომ მე ვიყავი ყველაზე დიდი დამხმარე დედაჩემისთვის, მისთვის ჩემი ხელის მოკიდება და რჩევები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველგან გამონაკლისს უშვებდნენ. როდესაც დედა იმ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მე წვდომა არ მქონდა, ძალიან განვიცადე. ყველანაირად ჩამიკეტეს მასთან მისასვლელი გზა და გარდაიცვალა კიდეც. ყველაზე დიდი შიში სწორედ მაშინ დამეუფლა, როცა გავიაზრე, რომ ჩემ წინაშე კედელი აღიმართა, ვერც თვითონ უშველეს და არც მე მომცეს საშუალება, რომ დედისთვის დახმარება გამეწია. ის მოხდა, რისიც მეშინოდა. ეს ყველაზე ცუდი განცდა იყო, რაც კი მახსოვს. თითქოს, ჩემზე იყო აწყობილი დედაჩემის ჯანმრთელობა და მე მისი დახმარების საშუალება წამართვეს. როცა ამდენი შეგიძლია, არ აქვთ ადამიანებს უფლება, რომ შეგზღუდონ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მედიცინა ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. ადამიანებს ნდობა აქვთ დაკარგული ექიმებისა და საერთოდ, სამედიცინო სისტემის მიმართ.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ყველაზე მეტად ვამაყობ უმწეო ადამიანების მიერ დიდი შედეგების დადებით. ქართველებით ვამაყობ. ჩვენ არ გაქვს დიდი წარმატებები მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები. ავიღოთ ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩემპიონები ვერ გავხდით, ვამაყობ იმით, როგორც ვითამაშეთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ უდიდეს ქვეყნებს ვუწევდეთ კონკურენციას, არც დიდი რესურსები გვაქვს, ამიტომ თითოეული გამოგონება თუ დიდი წარმატება განსაკუთრებით დასაფასებელი და საამაყოა. შემიძლია, ვთქვა, მე ქართველი ხალხით ვამაყობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა