საზოგადოება

კახა ბასილია: შემიძლია, მტერს ისე ვესროლო, თვალიც არ დავახამხამო, მაგრამ ქათამს ვერ დავკლავ

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

კახა ბასილია
დაკოპირებულია

გიორგი ნემსაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის კახა ბასილია?

კახა ბასილია: (მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში) ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, შემდეგი პასუხი მექნება: ზარატუსტრას ჰკითხეს: ნამდვილი მამაკაცი ვინ არის და რა ფუნქცია აქვსო. მისი პასუხი კი ასე ჟღერდა: მამაკაცი ნამდვილი უნდა იყოს. პირველ რიგში – მეომარი, ხოლო მეორე – უყვარდეს სახიფათო თამაშებიო. ქალის ფუნქცია რა არისო? – იყოს სახიფათო თამაშიო.

მე მთელი ცხოვრება დავდივარ ბუსიდოს კოდექსით, რაც მეომრის გზას გულისხმობს. ეს არის იაპონელი სამურაის კოდექსი – იცხოვრე, როგორც მეომარმა. მათ ასეთი ანდაზა აქვთ (რომელიც ქართველებსაც ძალიან უხდება): ყველაზე კარგი ხე არის ალუბალი, ხოლო ყველაზე კარგი მამაკაცი – მეომარი. ჩვენ გენეტიკურად და ხასიათით ძალიან ვგავართ იაპონელებს. იაპონიაში მიცხოვრია და ვიცი. წარმოიდგინეთ, ღირსების გამო ადამიანი ხარაკირზე მიდიოდა. ცოტაა ისეთი ერი, რომელიც ქართველებივით ღირსებისთვის თავს გაწირავს. ეს არის ქართველი კაცის ნატურა – იყოს თავისი ქვეყნის ღირსეული მეომარი.

მოკლედ რომ ვთქვათ – მე ვარ მეომრის გზაზე მავალი ადამიანი.

– რამდენად ემოციური ხართ, გულჩვილობა თუ გახასიათებთ?

– გულჩვილობაც მახასიათებს. იყო მომენტი, როცა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მინისტრად დანიშნეს. მითხრა, ამოირჩიე, რა თანამდებობაზე გინდა ყოფნაო. ვუთხარი: „მაგდანას ლურჯას“ რომ ვუყურებ, ახლაც ცრემლები მომდის და როგორ წარმოგიდგენია, მე პოლიციაში რა უნდა გავაკეთო-მეთქი?!

კი, რა თქმა უნდა, შემიძლია, მტერს ისე ვესროლო, თვალიც არ დავიხამხამო, მაგრამ ქათამს ვერ დავკლავ – არ შემიძლია. სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ შევედით უკრაინის ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში, სადაც რუსებს ძაღლები ჰყავდათ მიბმული, ისინი რამდენიმე დღის ნაშიმშილარი იყვნენ. მათი ცოდვით მოვკვდი. ყველაფერი გადავდე და სანამ არ ვუმკურნალე და არ ვუპატრონე, იქაურობას არ მოვცილდი.

ომი რომ დაიწყო, მე კიევში აღმოვჩნდი – ბედისწერაა ყველაფერი. მაშინ 15 ჯიშიანი ძაღლი მყავდა შეფარებული, რადგან პატრონებმა ვერ წაიყვანეს და მიატოვეს. მერე ბუჩა რომ გავათავისუფლეთ, იქიდანაც წამოვიყვანეთ რამდენიმე. ეს გულჩვილობა, ალბათ, ბავშვობიდან, აღზრდის დამსახურებით მომყვება, მიუხედავად იმისა, რომ ეს, სამწუხაროდ, ჩემი მესამე ომია და ბევრი უბედურება მაქვს ნანახი, მაინც ასეთად ვრჩები. ბავშვები და ძაღლები ისაა, რასაც საკუთარ თავსაც შევწირავ.

– ბედნიერების ცრემლებით როდის გიტირიათ?

– როცა ჩემი შვილი გაჩნდა (ახლა წლისა და ოთხი თვის გახდება). კიდევ ერთ მომენტს გავიხსენებ: სადღაც სანგარში ვიყავი, მეუღლემ დამირეკა და მეუბნება: თავს გაუფრთხილდიო. ამ დროს მე სრულიად გამოუძინებელი და მშიერი ვპასუხებ. თავს გავუფრთხილდე? კი, ვიცი, რომ თავს უნდა გავუფრთხილდე… არა, რაღაც უნდა გითხრა – მალე მამა გახდებიო. იმ მომენტში ყველაფერი ერთად ვიგრძენი. ეს იყო მომენტი ცივ სანგარში, როცა ბედნიერების ცრემლები თავისთავად მცვიოდა და რომელიც არასდროს დამავიწყდა.

პირველად შვილის ხმა რომ გავიგე, მაშინაც განსაკუთრებული ემოციები ვიგრძენი, თან მშობიარობას ვესწრებოდი. ისეთი განცდაა… ჩემთვის ბოლომდე შეუცნობელი. ახალი სული იბადება – ეს კოსმოსური, ამოუცნობი განცდაა. ღმერთის, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწამდა, მაგრამ ამ ფაქტმა და ომმა გააასმაგა ჩემი რწმენა. მივხვდი, რომ არც დარვინი და არც მეცნიერება არაფერია – ისინი პატარა კაცუნები არიან ამ სამყაროსთან და უფალთან შედარებით, რაც ნამდვილად არსებობს.

– უბედურებისგან როდის იტირეთ?

– სამწუხაროდ, ომი ხომ იცით, რაც არის. ვერ დაიჯერებთ, ისეთი ამბები ხდება... ერთ ადამიანს ელაპარაკები და რამდენიმე წამში ყველაფერი იცვლება. ერთ სანგარში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი. მას რაღაც მოუნდა. ვუთხარი, შენ იყავი, დაღლილი ხარ, მე მოგიტან-მეთქი. წავედი და რამდენიმე წუთში, ზუსტად იმ ადგილას მოხდა აფეთქება და დაიღუპა – ნამდვილი თბილისელი ბიჭი…

მე აქ უამრავი მეგობარი დავკარგე. ომის დროს შეძენილი მეგობარი კიდევ სხვაა. შეიძლება, ერთი კვირა ან ერთი თვე იცნობდე, მაგრამ ძალიან უახლოვდები. თბილისში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებზეც, მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, იმდენი არ ვიცი, რასაც ერთ კვირასა თუ ერთ თვეში გაიგებ სანგარში მჯდომ მეგობარზე. აქ ნიღაბს ვერ მოირგებ. აქ ადამიანი ნამდვილია, რადგან ისიც კი არ იცი, ერთი წუთის შემდეგ რა მოხდება და საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. რამე რომ მოხდეს, პირველი დახმარება იმან უნდა აღმოგიჩინოს, ვინც გვერდით გყავს ან ის უნდა გახდეს სიტყვის მიმტანი შენი ახლობლებისთვის, რომ იცოდნენ, ბოლო წუთები როგორ გაატარე. გამორიცხულია ღამით ჩემი დაღუპული მეგობრები არ დამესიზმრონ და, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება მათი თვალები. აქ სულ სხვანაირი თვალები აქვთ ადამიანებს. ბოლო შემოხედვა გონებიდან არ ამოდის. ამაზე უარესი რა უნდა ნახოს ადამიანმა? მტერს არ ვუსურვებ ახლობელი მეგობრის ასე სიკვდილს – ეს ძალიან რთული განცდაა.

– ყველაზე დიდი ტკივილი, სულიერი თუ ფიზიკური, როდის განიცადეთ და რას უკავშირდებოდა?

– ფიზიკურ ტკივილებს საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას. ერთ რამეს კარგად მივხვდი – სხეული, რომელიც უფალმა მოგვცა, დროებითია, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი მაინც ახლობელი ადამიანის დაკარგვაა. ამას ვერ შლი, ვერ ივიწყებ. ეს იმას ჰგავს, გულში რომ ჩაგარტყამენ და არ შეხორცდება. ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ერთეულები იყვნენ ისეთები, 24 საათი ერთად რომ ვიყავით და გეგმებს ვსახავდით. იყო მეგობარი, რომელსაც თბილისიდან ვიცნობდი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში და ჩემს იმედზე იყო. არ იცოდა ომი. ავტომატი კი არა, მანამდე დანა არ სჭერია ხელში. ბედმა ისე არგუნა, რომ ჩემ თვალწინ მოკვდა. ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ეს სულიერი ტკივილი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველა ეტაპზე იყო რაღაც, რასაც ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევდი. მაგალითად, როცა მსოფლიოს, მანამდე კი იაპონიის ჩემპიონი გავხდი – ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობდი, ამაზე დიდი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი. ასეთივე მნიშვნელოვანი იყო, როცა ჩემი პირველი გამომუშავებული ფულით ახალი მანქანა ვიყიდე ან როცა საკუთარი ხელით სახლი ავაშენე.

მარცხიც ასეა – როცა დიდი ბიზნესი დავკარგე და ვფიქრობდი, უბედური დღეა-მეთქი. გავიდა დრო და მივხვდი, რომ არაფერიც არ ყოფილა: ფული როგორც დავკარგე, მერე ისე ვიშოვე. მანქანა მომპარეს, რომელიც იმდენად მიყვარდა, ვფიქრობდი, ჯობდა, მოვეკალი-მეთქი, მაგრამ ეს განცდაც დროებითი აღმოჩნდა. როცა საქართველოში ჩემი დევნა დაიწყეს და ჩემი შექმნილი ფედერაცია ვიღაცის ამბიციების გამო წამართვეს, ვიფიქრე, მორჩა ჩემი ცხოვრება-მეთქი, მაგრამ ხომ იცით, ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღება.

ჩამოვედი აქ, მოვიყვანე მშვენიერი მეუღლე, ბავშვიც მყავს და ჩემი საყვარელი საქმე მაქვს. ის, რაც დავკარგე – ქონება, ბიზნესი – ახალმა, უფრო კარგმა და საინტერესომ ჩაანაცვლა. როცა ადამიანი აქტიურია, კალმახივითაა. დარტყმას ყველა იღებს და ეცემა კიდეც, მთავარია, იმ დარტყმას როგორ გაუძლებ და წამოდგები.

საქართველოში რომ ყველაფერი ჩამომართვეს და გამომაძევეს, მეგონა, ეს დასასრული იყო. დასასრული კი არა, ახალი, საინტერესო ცხოვრების დასაწყისი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩემი წარმატება ისაა, რომ უცხო ქვეყანაში ჩამოვედი და წარმატებას მივაღწიე. შევქმენი ოჯახი და გავხდი ოჯახის ადამიანი, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩემი შვილის ნათლია უკრაინის მესამე პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკოა. ძალოვან სტრუქტურებში ხელჩართულ ბრძოლას ვასწავლი, პარალელურად კი, ბიზნესმენებისთვის სპეციალური პროგრამა შევიმუშავე. სემინარებს ვატარებ უკრაინაში, პოლონეთში, ესპანეთში... ჩემი მაგალითით ვაჩვენებ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია პასპორტში, დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებული – როგორ იცხოვრო, იკვებო, ივარჯიშო და მართო სტრესი. ამიტომ, ახლა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ: მყავს საყვარელი ოჯახი, შვილი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. რა თქმა უნდა, ტკივილიც ბევრია, ომია ბოლოს და ბოლოს, მაგრამ კარგის დანახვაც უნდა შეგვეძლოს.

– წლების შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– მეომრისთვის არ არსებობს გუშინ და ხვალ, მეომარი დღევანდელი დღით ცოცხლობს. ამიტომ, ყოველ დილით, ექვს საათზე ვდგები, ვმედიტირებ და სამყაროს მადლობას ვუხდი. მინდა, ყოველი დღე ისე ვიცხოვრო, თითქოს ბოლოა – მოვისიყვარულო ახლობლები, ვაპატიო, შევუნდო და სითბო დავტოვო. ადრეული სულელური გაბუტვები და აგრესია წარსულს ჩავაბარე. ისე მინდა წასვლა, რომ არც მტრის ვალი დამრჩეს და არც მოყვრის, ჩემი წყენა არავის ჰქონდეს გულში ჩადებული.

სიკვდილს იმდენჯერ ჩავხედე თვალებში, რომ ნამდვილად ვიცი, ამაზე წიგნსაც დავწერ. ქართულ ენაში სიტყვა „გარდაცვალება“ ყველაზე ზუსტი ფორმაა. მივხვდი ამ სიტყვის არსს და ვისურვებდი გარდავიცვალო და არა – მოვკვდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი