საზოგადოება

რატომ იცვლიდა გალაკტიონი ხმას და ვის დაუკოცნა მან ხელები

№41

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

გალაკტიონი
დაკოპირებულია

ყველასთვის ცნობილია, რომ გალაკტიონი დღიურებს წერდა. ამ დღიურებში, ღიად თუ დაშიფრულად, მან გადმოსცა ყველაფერი – თავისი გრძნობები, სულიერი მდგომარეობა, ურთიერთობები კოლეგებთან, ნაცნობებთან, მეზობლებთან, ცოლებთან... გადმოსცა თავისი ემოციები, სამუშაო პროცესი, ყოფა – ყველაფერი ის, რაც ძლიერ აწუხებდა. მისი ჩანაწერების რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ გიზიარებთ მისი პირადი ცხოვრების ეპიზოდსაც. აქვე გეტყვით, რომ 1914 წლის 10 იანვრის ჩანაწერის დასაწყისში ასეთი მინაწერი აქვს: „ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა“. საინტერესოა, რას გულისხმობს ეს ფრაზა. იქნებ მისი ილუზიები, ირეალური წარმოდგენები სადღაც გაჩერდა და იწყება მიწიერი, მის გარშემო რეალური მოვლენების აღქმა და გაანალიზება. მაშ, ასე:

ვინ იყვნენ გალაკტიონის ცოლები? რამდენი კანონიერი მეუღლე ჰყავდა გალაკტიონს?

გალაკტიონ ტაბიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, როცა თავის ბიძაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან ერთად ქუჩაში მიმავალმა გაიცნო ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლე ოლღა ოკუჯავა. ოლღა ოკუჯავა მოგვიანებით დაწერს, რომ იგი მაშინვე მიხვდა, რომ ეს სიყვარული მისთვის ტანჯვად გადაიქცეოდა. მათი სიყვარული მართლაც ტრაგიკული აღმოჩნდა. 1920-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწყო. თავდაპირველად, დააპატიმრეს ოლღას ბოლშევიკი ძმა, მიხეილ ოკუჯავა, 1929 წელს კი ოლღა უზბეკეთში გადაასახლეს. 1937 წელს ის ისევ გადაასახლეს, ხოლო 1941 წელს „ხალხის მტრად“ შერაცხული ოლღა ოკუჯავა მედვედევოს ტყეში დახვრიტეს. ყოველივე ამან მორალურად გატეხა გალაკტიონი, მას დეპრესია დაეწყო. მათი სიყვარული იყო უცნაური და ამოუცნობი, ტრაგიკული და ამასთან ამაღლებული. ოლღა გადასახლებიდან წერილებს სწერდა გალაკტიონს და გალაკტიონიც არ უგვიანებდა მანამ, სანამ ოლია დარიუსი არ ჩაუსახლდა სახლში.

ვინ იყო ეს ქალი? ის იყო გამომცემლობის თანამშრომელი, ბუღალტერ-ეკონომისტი, რომელიც, როგორც ჩანს, გულგრილი არ იყო გალაკტიონის მიმართ. 1939 წელს, როცა ოლღა ოკუჯავა გადაასახლეს, გალაკტიონს გრიპი შეეყარა, მთელი ხუთი თვე იავადმყოფა, მძიმედ იგრძნო თავი. ამ შემთხვევით ისარგებლა ოლია დარიუსმა და გალაკტიონის სახლში გადავიდა. ექიმთან წაიყვანა, მერე სახლი დაულაგა, უპატრონა... პლევრიტი თუ ნევრალგია? დიაგნოზი ვერ დააზუსტეს, საბოლოოდ გალაკტიონი გამოჯანმრთელდა, თუმცა ოლია იურიევნა გალაკტიონისგან აღარ წავიდა. გალაკტიონს ამ პერიოდში ოლღა ოკუჯავასთან მიმოწერა აუკრძალეს. ოლია დარიუსი თავისი სახელით უგზავნიდა მის კანონიერ ცოლს წერილებს, თუმცა, როგორც გალაკტიონი 1941 წლის 12 მარტით დათარიღებულ დღიურში წერს, მას აღარ შეეძლო ოლია დარიუსის ატანა და მასთან ცხოვრება. ცოტა ხანში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. „…მე მეტი აღარ შემიძლია. უკანასკნელ ჩემს ძალ-ღონეს (ვგრძნობ, რომ ყველაფერი მან ამოსწოვა...) მას ვერ შევსწირავ... მე მისთვის საწველი ფური ვარ... ეს ფიქრი არ მაძლევს მოსვენებას. მაგრად წავიჩხუბეთ...” – წერს გალაკტიონი.

ამის მერე გალაკტიონი გაიცნობს დახვრეტილი გენერლის, ებანოიძის მეუღლეს, ნინო კვირიკაძეს, ორშვილიან ქალს და ათჯერ ნააბორტალს, როგორც შემდგომ პოეტი თავად აღნიშნავს დღიურებში. ისინი ერთად 17 წელი ცხოვრობდნენ ანუ გალაკტიონის ტრაგედიამდე.

ნინო კვირიკაძე გალაკტიონმა ჯერ კიდევ 1916 წელს გაიცნო, ძალიან მოსწონებია, მაგრამ ნინო 1918 წელს ცოლად გაჰყვა დავით ებანოიძეს. გენერალი დავით ებანოიძე 1937 წელს დახვრიტეს და ნინო კვირიკაძე დაქვრივდა, გენერლისგან დარჩა ორი შვილი – ქალ-ვაჟი. ამ ფაქტიდან 4 წელში გალაკტიონსაც დაუხვრიტეს პირველი ცოლი. ოლღას დახვრეტიდან 2 წელიწადში, 1943 წელს, გალაკტიონმა ცოლად შეირთო ნინო კვირიკაძე. მათ ერთად 17 წელი იცხოვრეს. შვილი არ ეყოლათ. ნინო კვირიკაძე სახელმწიფოს ხარჯებით დაკრძალეს, როგორც გალაკტიონის ოფიციალური მეუღლე.

გალაკტიონის დღიური – უთარიღო

„ჯგუფმა პირველი ტური წააგო. ოლგა იურიევნა იძულებული იყო, სკანდალურად გაქცეულიყო ჩემი ბინიდან და მასზე დაყრდნობილნი (ი. აბაშიძე და სხვები) პირში ჩალაგამოვლებულები დარჩენ. საჭირო იყო სხვა გზას დასდგომოდენ.

მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანთან სცხოვრობს ნინო, რომელიც ხმას ავრცელებს, რომ ჩემი „მერი“ დაწერილია მასზე (ამაზე შორს ხულიგნობა ვერ წავა). ამ გარემოებას ჩაავლეს მათ ხელი და მოსთხოვეს, შემოჭრილიყო იგი ჩემს ბინაში ჩემთან საცხოვრებლად. ავანტიურისტმა ქალმა ეს მოახერხა. ის პირდაპირ შემოიჭრა ჩემთან და ვერას გზით შემდეგ ვერ მოვიცილე. მას გაუკეთებია ათი აბორტი, ჰყავს ქალ-ვაჟი: დუთუ და ნუნუ. ორივე თავზე მე მომახვია. დუთუმ ჩემი სადილის წიგნაკი წაიღო და ამით სარგებლობს სამი წელიწადი, ნუნუ კიდევ სულ ჩვენთანაა სადილ-ვახშმად და ლუკმას მგლეჯს პირიდან. ეგ კიდევ არაფერი. სახლი სულ დააცალიერეს: რა ფეხსაცმელები, საცვლები, კოსტიუმები და უამრავი სხვა რამ წვრილმანი ჩემის სახლიდან გალალეს. ჩემის სახელით ნინას ძმას მიწა აუღია და ამუშავებს – ბაღდადში.. აკადემიიდან წამოღებულ „პაიოკს“ ჯერ თავის სახლში წაიღებს და საღამოთი ჩემთან მოვა... საბანი და ბევრი სხვა რამ თავის ბინაში გადაუტანია ჩემი ავადმყოფობის დროს. არ ვიცი, როგორ შემეძლება ჩამოვთვალო ყოველივე, რა სისაძაგლესაც ეს ქალი სჩადის. გაიძახის, რომ დიდი სიყვარულის გამო მოვიდა ჩემთან, ნამდვილად კი სინდისზე ხელაღებული, ნამუსგარეცხილი, ყოვლად უსირცხვილო ადამიანია. საიდან ვიცი, რომ იგი მოგზავნილია ჯგუფის მიერ?..“

გალაკტიონი ყვება მესამე ცოლის – ნინო კვირიკაძის შესახებ:

,,ნაშუადღევიდან ნერვებს მიშლიდა ჩემი კნეინა (ნინო). ჩემს თავზე ვკვირობ, როგორ ვახერხებ მაინც რაიმეს გაკეთებას. ტრამვაიში ჩხუბი ამიტეხა იმის გამო, თუ როგორ გაბედა ვიღაცამ ურიგოდ ჩვენ წინ დადგომა. შემნახველ სალაროსთან ახმაურდა იმის გამო, თუ რატომ პირდაპირ არ წავალთო. უნივერმაღში – იმის გამო, რომ გამყიდველმა შეცდომით ლიმონათის მაგიერ ლუდი გახსნა: შეფუცხუნდა და სულ გაიქცა მაღაზიიდან. მერე გზაში დამეწია და აყვირდა: ასე, ბატონო, ამიერიდან შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის წავალო... და გაიქცა სადღაცა. მე მწერალთა კავშირისაკენ წავედი, გავიხედე: აკი, ისევ მობრუნებულა და ისევ ჩხუბი ამიტეხა: ამიერიდან შენ შენთვის და მე ჩემთვისო, და ისევ გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დამეწია, როცა ჩემს მთარგმნელს, გიორგი ცაგარელს ვესაუბრებოდი. მან სიტყვა ჩაურთო ჩემს შესახებ: ეჰ, თქვენ რა იცით, როგორი სუსტი და უგუნებოა გალაკტიონიო. მწერალთა კავშირში ვიღაც ქალი დამელაპარაკა. ახლა ამან გადარია: როგორ გელაპარაკებოდა, ვინ იყო, ყველაფერი შენი ბრალიაო. კინოში რომ წავიყვანე, ვიღაც სომეხს ისე უდგა, თითქო ეს-ესაა იდაყვით შეეხებაო, ლოჟაში რომ ვიჯექით, ისე უნამუსოდ დაჯდა, გეგონებოდა, სიბნელეში მის უკან მჯდომ კაცთან რომანის გამართვას ეპირებაო. მე ავდექი და ლოჟიდან გამოვედი. კნეინაც თან გამომყვა. ერთ ნაბიჯზე არ მტოვებს, რომ მარტო დავრჩე და ერთ წუთს არ უშვებს, რაიმე უსიამოვნება რომ არ მომაყენოს. პირდაპირ აუტანელია. მერე როგორ დროს?! მიშლის ხელს ყოვლად ცინიკურად, აღვირახსნილად. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ამნაირად ცხოვრება შეუძლებელია. რაიმე უნდა ვიღონო. სულო ცოდვილო, რამდენიმე ხნით კი დამშვიდდა, ეს მაშინ, ეს მაშინ, როცა ორასი გრამი კარაქი ვუყიდე...“

[გალაკტიონის დღიურიდან. 1948]

გალაკტიონის გერის, ნუნუ ებანოიძის მოგონებებიდან:

„გალაკტიონ ტაბიძე და დედაჩემი – ნინო კვირიკაძე, პირველად ერთმანეთს 1916 წელს შეხვდნენ. მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც გალაკტიონიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემთან (დედის ძმა) მეგობრობდა და ხშირად ხვდებოდა მას, დედას არ იცნობდა. მათი პირველი შეხვედრა ბაღდათში სწორედ ამ აღწერის დროს მოხდა. ნინოს დანახვისთანავე ფეხზე წამოჭრილა: „ეს ძვირფასი მტრედი ვინ მოფრენილაო“. ასე გაიცნეს ერთმანეთი დედამ და გალაკტიონმა. მათი შეხვედრა მოგვიანებითაც მოხდა. დედა ოციოდე წლის იქნებოდა და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ერთხელ, როცა „ქრისტინეს“ წარმოდგენა მიდიოდა, მოულოდნელად ზემოდან წითელი ვარდები ჩამოცვენილა სცენაზე. ხალხი აირია და წარმოდგენა ჩაიშალა. გაოცებული დედა ვერ მიხვდა, ვინ იყო ამის მიზეზი. სწორედ ამ დროს სცენაზე გალაკტიონი აჭრილა და ხელები დაუკოცნია ნინოსთვის. თურმე, ორი ბიჭი დაუქირავებია და ჭერში ჩამოკიდებული საქანელადან კალათით მიტანილ ვარდებს ისროდნენ. ამის შესახებ რაიონული გაზეთი წერდა: „დასაგმობია ხულიგნური გამოხტომა გალაკტიონ ტაბიძისა, რომელიც სცენაზე აუვარდა მსახიობ ქალს, ნინო კვირიკაძეს და წარმოდგენა ჩაშალა“. იმ წლებში გალაკტიონი ქუთაისში ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით ანებივრებდნენ ქალები. ახალგაზრდობაც ხშირად იკრიბებოდა თურმე ხანისწყლის პირას. მღეროდნენ, საუბრობდნენ. გალაკტიონი ამ გართობების სული და გული ყოფილა. ძალზე უყვარდა სიმღერა. თავადაც შესანიშნავი ბარიტონი იყო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას დედაჩემის თხოვნით წაუკითხავს „მთაწმინდის მთვარე“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი გზები გაიყარა. დედა თბილისში ჩამოვიდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. პროფესიით იურისტი გახლდათ, აქ ადვოკატად მუშაობდა. 1918 წელს ნინო კვირიკაძე მამაჩემის, დავით ებანოიძის მეუღლე გახდა. მამა, სამწუხაროდ, 1937 წელს დახვრიტეს. ასევე, რეპრესიებს შეეწირა გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავაც და აი, 27 წლის შემდეგ ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს...”

***

ვახტანგ ჯავახაძე: „35 წელია გალაკტიონზე ვფიქრობ… და იცით, რას ვნანობ? გალაკტიონთან, მისი სიცოცხლის ბოლო ორ წელს, შეხვედრები მქონდა, მისი წიგნი შევადგინე, რედაქტორი გახლდით. საშუალება მქონდა მასთან აქტიური საუბრები და კონტაქტი მქონოდა, მაგრამ არ ვიყავი თამამი რედაქტორი. 26 წლის გახლდით მაშინ, მერიდებოდა მისი. საკმარისი საუბრები გვქონდა, რაც წიგნის შედგენისთვის იყო საჭირო. გალაკტიონს უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მეტი ურთიერთობის შანსი მქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე. აი, ამას ვნანობ. არ მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი მასთან ურთიერთობას. ვიდრე 1959 წელს წიგნი „რჩეული“ გამოვიდოდა, გალაკტიონმა თავი მოიკლა. ვერ მოვასწარი, რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი... ბევრი კითხვა მაწვალებს – რატომ მოიკლა თავი, რატომ არ საუბრობდა თავისი ბუნებრივი ხმით და მუდამ რატომ ატარებდა „ნიღაბს“? ბევრი კითხვის ნიშნები დატოვა. ბოლომდე ვერ ამომიხსნია ეს კითხვები. ვერ შეატყობდით, მაგრამ ახლობლებმა იციან, რომ ზოგჯერ, თავის ბუნებრივ ხმას იბრუნებდა. ამის ფაქტები არსებობს და აქედან დაასკვნეს, რომ ის ხმა, რომლითაც ის საუბრობდა, თურმე, დაყენებული ყოფილა. როგორც მსახიობი იყენებს ხმას, ასე იყო ისიც.

გაუცხოებული იყო გალაკტიონი, არავისთან გულწრფელი არ იყო. ცოლიც კი გაუბრაზდა ერთხელ, ოლია, რომელმაც უთხრა, შენ არასდროს მოიხსნი მაგ წყეულ ნიღაბსო. ოლიამაც იცოდა, რომ მთელი ცხოვრება „ნიღაბს“ ატარებდა და გულწრფელი არ იყო, ცოლთანაც კი. სასიამოვნო ხმაზე არტისტულად საუბრობდა. დამიჩქარე წიგნი, ძამიკო და რომ გამოვა, მე ვიცი შენი პატივისცემაო, – მეუბნებოდა. მე მოგვიანებით, როცა გალაკტიონის დღიურები და არქივი შევისწავლე, მერე აღმოვაჩინე, რომ მისი ბუნებრივი ხმა შენახული ჰქონდა. ძველ ნაცნობს რომ ნახავდა, მაშინ თუ „წამოსცდებოდა“ თავისი ხმა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი