როგორ აატირა ილიკო სუხიშვილმა სტალინი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 34 წუთის წინ
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრების ისტორია, ერთად თუ ცალ-ცალკე, ძალიან საინტერესოა. მათი სახელები თავიდანვე საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. თავიანთ შვილს, თენგიზ სუხიშვილს ყველაზე ძვირფასი, რაც დაუტოვეს, ეს სწორედ ანსამბლია – „ყველაფერი გააკეთე, რომ სუხიშვილების გვარი აფიშიდან არ ჩამოიხსნას“. ამჯერად უფროს ილიკო სუხიშვილზე გიამბობთ, რომლის ცხოვრებაც სულაც არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი.
„სხვათა შორის, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ სანამ ილიკოს პარტნიორი სცენაზე ნინო რამიშვილი გახდებოდა, მანამდე მას პარტნიორობას შურა თოიძე უწევდა, მაგრამ შურა თოიძე 17 წლის ასაკში გათხოვდა და მეუღლის თხოვნით, მას სცენასთან დამშვიდობება მოუწია.
ილიკო სუხიშვილი 1907 წელს სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ მუდამ აუარებელი საქმეა, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დასდგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან – გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა – სულ ფეხის წვერებზე დადიოდა. 10 წლის იყო, ცეკვით რომ დაიწყო ოჯახის რჩენა: გორკის ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს. ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა პატარა ბიჭს და დიდხანს, დიდხანს არ უშვებდა „სცენიდან“. მალე მიხვდა, რა გზასაც უნდა დასდგომოდა... 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის საცეკვაო სტუდია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიიღეს ქართული ცეკვის სოლისტად.
შემდგომში, როცა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს და დაოჯახდნენ, ქალბატონი ნინო ბევრ ამბავს იხსენებდა მეუღლეზე: „...სტალინი ასე ექცეოდა ილიკოს: პარტკომმა ბრძანა, ეს კომკავშირელია და არაფერს აკეთებსო. სტალინმა კი უპასუხა, ამან ასე იცეკვოს და კომკავშირში სხვა იმუშავებსო.”
ილიკო სუხიშვილმა ანსამბლის ჩამოყალიბება ომის გამო ვერ შეძლო. ის ომში არ წასულა, ამ წლებში ნინოსთან ერთად ჯარისკაცებისთვის ცეკვავდა. თანამოაზრეები უმალ შემოიკრიბა, მაგრამ წლების განმავლობაში ანსამბლის სტატუსი ვერ მოიპოვა – არც სარეპეტიციო ადგილი ჰქონდა, არც კოსტიუმები, არც ინსტრუმენტები, მაგრამ ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და სჯეროდა, რომ მისი დროც დადგებოდა…
ვარლამ შადურის კაბინეტში ილიკო სუხიშვილმა თვითონ იცეკვა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის პარტიები, თან მუსიკალურ აკომპანემენტსაც თვითონ აკეთებდა და თითოეული ცეკვის ისტორიასაც თავად ყვებოდა.
ნოვატორი
1928 წელს, თბილისში ავღანეთის მეფე და დედოფალი ჩამოსულან. საქართველოს საბჭოთა მთავრობას სტუმრების პატივსაცემად დარბაზობა და მეჯლისი გაუმართავს. ილიკო სუხიშვილი ფილმ „ელისოს“ გადასაღები მოედნიდან წაუყვანიათ – სტუმრებისთვის დუდუკების თანხლებით „ქართული“ უნდა ეცეკვა.
„მეჯლისზე მისულმა ვნახე, რომ იქ უკვე გახურებული ქეიფი იყო. ქართული მეჯლისი მაშინ არ ჰგავდა დიპლომატიურ დარბაზობას. მივხვდი, ზედმეტად აკადემიური ან ნაღდი ხალხური ცეკვა აქ ნაკლებად ივარგებდა. ამიტომ, „მთიულურის“ მოტივებზე აგებული და ჩემებური ილეთებით გამდიდრებული ქორეოგრაფიული ნომერი შევასრულე. ეს იყო ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე გადატანის პირველი ცდა“.
მოყვანილი ეპიზოდიდან ნათლად ჩანს, რომ ილიკოს „წმინდა“ ქართული ცეკვა კი არ შეუსრულებია, არამედ ის მისეული ილეთებით გაუმდიდრებია. ეს იდეა ძალზედ მოსწონებიათ ილიკოს და ნინო რამიშვილს და ამის შემდეგ მრავალი ქორეოგრაფიული ნომერი შეუსრულებიათ ხალხურ ცეკვაზე დაყრდნობით... ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული კულტურის წიაღში იღვწოდნენ და ქმნიდნენ უკვდავ ღირებულებებს. მათ ახალი სიცოცხლე შთაბერეს ქართულ ხალხურ ცეკვას და იმპროვიზებული ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე – „მეც და მოისეევიც ახალ ქორეოგრაფიულ ენას ვეძებდით. მაგრამ საცეკვაო ხელოვნებაში ჩვენთვის მთავარი იყო, არის და დარჩება ეროვნული ნიადაგი. ჩვენთან ერთად ამ პრინციპს ნინოც იზიარებდა“.
1942 წელს თბილისში ჯაზ-ორკესტრი შეიქმნა, რომელთან ერთადაც ილიკო და ნინო ასრულებდნენ გაქართულებულ ლათინო-ამერიკულ ცეკვებს. „მე და ნინო ჯაზ-ორკესტრთან ერთად გამოვდიოდით ესტრადაზე და ვასრულებდით „ქართულ“ ტანგოს და „ქართულ“ რუმბას, რომელიც დადგა გამოჩენილმა ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა“.
შემდგომში მაესტროს ერთი აზრი არ ასვენებდა – დაეარსებინა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი. „..მაგრამ მე არ მასვენებდა საქართველოში ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის შექმნის იდეა. ეს აზრი იმ დღიდან მქონდა, რაც 1935 წელს ლონდონში მსოფლიო ფესტივალზე ყოფნისას ძალიან ბევრი ანსამბლი ვნახე – რუმინეთის, ესპანეთის, ბულგარეთის და სხვა. მაშინ ვიფიქრე, თუკი ამ სახელმწიფოებს თავიანთი ეროვნული ცეკვის ანსამბლები ჰყავთ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ, როდესაც ასეთი მდიდარი ქორეოგრაფიული ფოლკლორი გვაქვს. უკვე ცხადად ვხედავდი ხალხური ცეკვებიდან ამოზრდილ, დახვეწილი ქორეოგრაფიული ნახაზის მქონე მინიატურებს, ცალკეულ ილეთებს და მომავალი პროგრამის მთავარ კონტურებს“. ქართული ცეკვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მაესტროს მიერ არის შექმნილი. განსაკუთრებით საინტერესოა „სამაიას“ შექმნის ისტორია. მოგონებების ამ ნაწილში ყველაზე კარგად ჩანს თუ რა დიდი შრომა და სიყვარულია ჩადებული ლეგენდარული ანსამბლის რეპერტუარის შექმნაში. „მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ რამდენიმე ცეკვა თავიდან უნდა შეგვექმნა. ეს ცეკვები გახლდათ: „მხედრული“, „ყარაჩოხელი“, „ჯეირანი“, „ხაბარდა“, „ლელო“, მასობრივი ფარიკაობა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ორი წყვილი ცეკვავდა, ჩვენთან კი 10 წყვილს უნდა შეესრულებინა. ამ ცეკვებს საქართველოში არც ცეკვავდნენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით, საკუთარი ფანტაზიით ვქმნიდით ახალ ქორეოგრაფიულ სურათებს. მახსოვს, პროგრამაში რაიმე ქალთა ცეკვის შეტანა გახდა საჭირო, რათა მამაკაცებს კონცერტის დროს კოსტიუმების გამოცვლა მოესწროთ. ბევრი ვიფიქრე და სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკები გამახსენდა. მე, ნინო და სოლიკო ვირსალაძე დილაადრიან მატარებელში ჩავსხედით და მცხეთაში გავემგზავრეთ. სვეტიცხოველში რომ შევედით და ფრესკებს დავაკვირდით, ვნახეთ, რომ ერთგან სამი ერთად მდგარი ქალია გამოსახული. მერე გამახსენდა დავიწყებული ცეკვის სახელწოდება – „სამაია“, რომელიც ივანე ჯავახიშვილს აქვს ნახსენები, თუმცა როგორ ცეკვავდნენ, კაცმა არ იცოდა. ვიფიქრე, იმ ფრესკების მიხედვით გამეკეთებინა პატარა ქორეოგრაფიული მინიატურა... თბილისში დავბრუნდით და იმავე დღეს ზაქარია ფალიაშვილის მუსიკაზე „აბესალომ და ეთერიდან“, სულ რაღაც ნახევარ საათში დავდგი ჩონჩხი. 2-3 დღეში ცეკვა უკვე მზად იყო...
...ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ჩვენი ანსამბლის თავგადასავალში, კაცმა ყველაფერი შეიძლება, დაინახოს: აღმაფრენაც და იმედგაცრუებაც, კატორღული შრომაც და ლხინიც... მაგრამ ჩემთვის და ნინოსთვის ყოველთვის მთავარი თვითონ ცეკვა იყო. ცეკვა კი სხვა არაფერია, თუ არა მუსიკის რიტმში მოძრაობის თანდაყოლილი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს.“
ნინო რამიშვილი იხსენებდა:
„ილიკომ გადაწყვიტა, ანსამბლი პარტიული ნომენკლატურის თვალიდან სასწრაფოდ მოეცილებინა და რესპუბლიკიდან დაუყოვნებლივ გაეყვანა. ამისთვის სადგურში ორი ვაგონი იქირავა და ისიც მოახერხა, რომ პირველივე მატარებლისთვის მიებათ. ილიკოს ანსამბლი მიჰყავდა იქ, სადაც შესაძლებელი იყო სახელმწიფო სტატუსისა და ძველი საქმიანი კავშირების გამოყენება, კონცერტის ჩატარება და, ავად თუ კარგად, არსებობა.”
ფეხზე წამომდგარი სტალინი
ცნობილია, რომ ილიკო სუხიშვილი ღვინოს არ სვამდა. სტალინს უთქვამს, ილიკომ არც მოლოტოვთან დალია, არც აქ სვამს, ამიტომ ორი ჭიქით დავაჯარიმოთო. ილიკომ ჭიქა აიღო და სტალინის სადღეგრძელოს თქმა დაიწყო. ბელადმა შეაჩერა და უთხრა, ჯერ შენი დედ-მამის დალიე, რადგან მათ რომ არ გაეჩინე, ახლა აქ არ იქნებოდიო. მერე კი სთხოვა, იცეკვეო. ილიკომ ნინო გამოიცეკვა. სტალინი ფეხზე წამომდგარი უყურებდა თურმე. შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლები მოიწმინდა და თქვა: „ახალგაზრდობაში მეც ვცეკვავდი, მაგრამ როგორა ხარ განათლებული, შე ღმერთძაღლო, ფეხებში“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





