როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 21:00
იობაშვილი
იობაშვილი ძველი ქართული ქრისტიანული, პატრონიმული გვარია. გვარსახელის ფუძეა ბიბლიური საკუთარი სახელი იობ/იობა, ხოლო სუფიქსი -შვილი შთამომავლობას აღნიშნავს. ამავე ფუძიდანაა წარმოქმნილი იობიშვილი, იობაძე, იობიძე და სხვა გვარები.
იობაშვილთა ერთ-ერთი უძველესი კერა სამწევრისია. 1633-1658 წლების საბუთში იობაშვილი სწორედ სამწევრისის მამულთან დაკავშირებით იხსენიება. 1666 წელს იობაშვილს შალუაშვილის დღე-ნახევრის მიწა ეჭირა. 1684 წელს სამწევრისელი დემეტრა იობაშვილი მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმეა, მეჩვიდმეტე საუკუნის სხვა საბუთში კი მოწმედ ზაქარია იობაშვილი გვხვდება.
იობაშვილები რამდენჯერმე არიან მოხსენიებული 1721 წლის აღწერაში. იოანე ბატონიშვილის 1799 წლის თავად-აზნაურთა აღწერაში იობაშვილები ქართლის აზნაურთა შორისაც ფიქსირდებიან.
გვარის ისტორიული გავრცელების ადგილებია: სამწევრისი, ზოდი, ქორეთი, მრავალძალი, კისისხევი და სხვა დასახლებები. პირველი მსოფლიო ომის სამხედრო საბუთებში არაერთი იობაშვილი გვხვდება, მათ შორის გერონტი იობაშვილი, რომელიც მეოთხე ხარისხის წმიდა გიორგის მედლით – „მამაცობისათვის“ – იყო დაჯილდოებული.
თანამედროვე გენეალოგიურ-სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 860 იობაშვილი ცხოვრობს. გვარის ძირითადი ნაწილი საქართველოშია, მცირე რაოდენობა კი მის ფარგლებს გარეთაც გვხვდება.
კუპრაშვილი
კუპრაშვილი ძველი ქართული გვარია, რომლის ძირითადი ისტორიული კერა იმერეთია. გვარის ფუძეა ძველი ქართული საკუთარი სახელი კუპრა. ეს სახელი ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში დასტურდება გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. მისგანაა ნაწარმოები გვარები კუპრაშვილი, კუპრაძე, კუპრავა, კუპრეიშვილი და სხვა.
კუპრაშვილები ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიებიან. ამ პერიოდში ცნობილია გიორგი კუპრაშვილი, რომელიც ვენახის ნასყიდობის წიგნის მოწმე იყო და გოგია კუპრაშვილი – ცუცხვათში მცხოვრები გლეხი, რომელიც გიორგი მეფემ ოჯახითა და მამულით ვახტანგ აგიაშვილს უწყალობა. გვარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული კერა სწორედ ცუცხვათი და ოკრიბის მხარე იყო.
შემდგომ საუკუნეებში კუპრაშვილთა შორის მრავლად გვხვდებიან სასულიერო პირები. გელათის საარქივო მასალებში გვარის მრავალი წარმომადგენელია დაცული, მათ შორის გიორგი, გრიგოლ, დავით, დიონისე, ივანე, პეტრე და სხვა კუპრაშვილები.
სტატისტიკური მონაცემით, საქართველოში დაახლოებით 1 652 კუპრაშვილია აღრიცხული. გვარის ძირითადი ისტორიული გავრცელების არეალი იმერეთია.
ლაზარია
ლაზარია ძველი ქართული, მეგრული გვარია. გვარის წარმოშობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ერთი ვერსიით, ის ეთნონიმ „ლაზს“ უკავშირდება: ლაზ-არ-ია — „ლაზის ძე, ლაზის შთამომავალი“. მეორე მოსაზრებით კი გვარი ქრისტიანული საკუთარი სახელის — ლაზარესგან უნდა იყოს წარმოშობილი. ორივე ვერსია საყურადღებოა, თუმცა გვარის უძველესი წერილობითი ფორმების აღმოჩენამდე საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა ძნელია.
ლაზარიების ისტორიული განსახლების ძირითადი არეალი სამეგრელოა. გვარის წარმომადგენლები ფიქსირდებიან ზუგდიდის, გალის, სენაკისა და მარტვილის მხარეებში. ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ ადგილად შეშელეთიც არის დასახელებული.
პირველი მსოფლიო ომის სამხედრო საბუთებში რამდენიმე ლაზარია გვხვდება. ვიქტორ ლაზარია, გალიდან კურსკის, 125-ე პოლკში მსახურობდა და 1914 წელს ბრძოლაში დაიღუპა; ნესტორ ტიტეს ძე ლაზარია 1914 წელს დაიჭრა; ერასტ ლაზარია, ფოთის, 201-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცი, გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა; ლუკა ტიმოთეს ძე ლაზარია, სალხინოდან, სოხუმის, 203-ე ქვეით პოლკში მსახურობდა და 1914 წელს დაიჭრა. სამხედრო ჩანაწერებში გვხვდება მაქსიმ ჩიტას ძე ლაზარიაც, ზუგდიდის მაზრიდან.
გვარის წარმომადგენლები სასულიერო ცხოვრებაშიც ჩანან: სპირიდონ (მალხაზ) ლაზარია 2013 წელს ბერად აღიკვეცა, ხოლო ლაზარე ლაზარია ჭითაწყარის ღმრთისმშობლის ხარების ტაძრის მედავითნედ არის მოხსენიებული.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 217 ლაზარიაა აღრიცხული
მანდარია
მანდარია ძველი დასავლურ-ქართული გვარია, რომლის ისტორიული გავრცელების მთავარი არეალი სამეგრელო და ლეჩხუმია. გვარის წარმოშობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს: ერთ-ერთი ვერსიით, იგი პიროვნულ სახელ ან მეტსახელ მანდარი/მანდარას უკავშირდება, ხოლო საგვარეულო გადმოცემით, მანდარიები მარღანიების შტო-გვარად მიიჩნევიან. თქმულების მიხედვით, ორი ძმა მოსისხლეობის გამო ლეჩხუმში გადასულა, თუმცა ეს კავშირი დამატებით დოკუმენტურ დადასტურებას საჭიროებს.
ლეჩხუმში მანდარიები ფართოდ იყვნენ გავრცელებული ისუნდერში, მახურში, ოყურეშში, ღვირიშში, ჩხუტელსა და ცაგერის მხარის სხვა სოფლებში, ხოლო სამეგრელოში მათი მნიშვნელოვანი კერაა სოფელი ოდიში. გვართან აკავშირებენ ასევე, სოფელ მანდაეთის სახელწოდებას, რომლის წარმოშობას ზოგი მანდარიათა მრავალრიცხოვან დასახლებას უკავშირებს.
მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი წარმომადგენელია გრიგოლ მანდარია, დადიანის ყმა-მოურავი, რომელიც 1833 წელს აფხაზეთში სამსახურებრივი დავალების შესრულებისას დაიღუპა. ამავე საუკუნეში პეტრე ლევანის ძე მანდარია ლეჩხუმში მღვდლად მსახურობდა.
განსაკუთრებით საინტერესოა 1888 წლის საარქივო საქმე „დიდგვაროვანი გიგო მანდარიას შესახებ“, რაც გვარის ერთ-ერთი პრივილეგირებული ან აზნაურული შტოს არსებობის მნიშვნელოვან კვალად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ამის საფუძველზე მთელი მანდარიათა გვარის აზნაურად გამოცხადება არასწორი იქნებოდა.
მეოცე საუკუნეში გვარიდან გამოვიდა არაერთი სასულიერო პირი, მათ შორის არქიმანდრიტი მიქაელ მანდარია (1872-1943), სქიმ-მონაზონი ქეთევან მანდარია და სხვა მონაზვნები და სასულიერო პირები.
ამრიგად, მანდარიათა გვარი მრავალსაუკუნოვანი დასავლურ-ქართული საგვარეულოა, რომლის ისტორია განსაკუთრებით მჭიდროდ უკავშირდება სამეგრელოს, ლეჩხუმს, სასულიერო ცხოვრებასა და ცალკეული შტოების წოდებრივ განვითარებას.
სტატისტიკური მონაცემებით, ერთ პერიოდში საქართველოში 469 მანდარია ცხოვრობდა.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



