საზოგადოება

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – ძლიერი საგანმანათლებლო სივრცე წარმატებული მომავლისთვის

№30

ავტორი: „თბილისელები“ 18:46 02.08, 2024 წელი

ავიაცია
დაკოპირებულია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ისტორია 32 წლის წინ დაიწყო და მას საფუძველი ბატონმა სერგო ტეფნაძემ ჩაუყარა, წლების განმავლობაში იყო მუდმივი შრომა წარმატებისა და უწყვეტი განვითარებისთვის. დღეს უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოსა და სასწავლო პროცესს სთავაზობს, რომლის შესახებაც საავიაციო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბატონი დავით ტეფნაძე გვესაუბრა.

დავით ტეფნაძე: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 1992 წელს დაარსდა. ის თავდაპირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი იყო და მთავრობის განკარგულებით, 2005 წელს გახდა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ საავიაციო პერსონალის მომზადებას. რაც შემეხება მე, 2014 წლიდან ჩავერთე უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ვსწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ამავე მიმართულებით გავიარე მაგისტრატურა ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე, გავიარე როგორც მოყვარული პილოტის, ისე კომერციული პილოტის კურსები. უნივერსიტეტში თავდაპირველად აიტის სამსახურში დავიწყე მუშაობა, შემდეგ – ხარისხის სამსახურში, მოგვიანებით ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი გავხდი, ამჟამად კი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გახლავართ.

– უნივერსიტეტში რამდენი ფაკულტეტი გაქვთ?

– დღეის მდგომარეობით უნივერსიტეტში გვაქვს სამი ფაკულტეტი, ესენია: საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტები. ამ ფაკულტეტებზე 15-ზე მეტი პროგრამაა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ასევე, ვახორციელებთ პროფესიულ სასწავლო პროგრამებს და გვაქვს საერთაშორისო ტრენინგცენტრი, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები უწყვეტ რეჟიმში გადიან კვალიფიკაციის დადასტურების ან ამაღლების კურსებს.

– მოყვარული პილოტის კურსებზე მოგვიყევით...

– დიახ, გვაქვს მოყვარული პილოტის კურსები, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს კურსი გაიარა, მე ვიყავი. კურსი თავდაპირველად მოიცავს თეორიულ ნაწილს. შემდგომ კი გვაქვს 45-საათიანი პრაქტიკული ფრენები თვითმფრინავზე. ამ კურსის გავლის შემდეგომ ადამიანებს შეუძლიათ, იყოლიონ საკუთარი საჰაერო ხომალდი და იფრინონ ნებისმიერი მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებს აქვთ საშუალება, ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდნენ და დააკონვერტირონ ჩვენგან გაცემული მოწმობა, გაიარონ ეს პროცედურული ნაწილი და იფრინონ უპრობლემოდ.

– რომელია ყველაზე პოპულარული ფაკულტეტები?

– დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია საინჟინრო მიმართულება, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საჰაერო ხომალდებს ემსახურებიან. საქართველოში საჰაერო პარკი ძალიან სტაბილური ტემპით იზრდება, შესაბამისად კადრებზე ყოველთვის არის მოთხოვნა. მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დასაქმებულია და მეორე კურსელებსაც კი სთავაზობენ ხელფასიან სტაჟირებებს. სტაბილური მოთხოვნა გვაქვს მფრინავებზეც.

– როგორ ხდება სტუდენტების მიღება?

– საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ხდება სტანდარტულად – ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით, პროფესიულ პროგრამებზეც სტანდარტული გზით ვიღებთ სტუდენტებს. მფრინავები სპეციალური სამედიცინო პროფილის პოლიკლინიკაში გადიან სამედიცინო კომისიას, სადაც ხდება ადამიანის ყველა ორგანოს შემოწმება, ამიტომ ჩვენ ვურჩევთ ხოლმე აბიტურიენტებს, რომ ვიდრე ეროვნულ გამოცდებზე მონიშნავენ პილოტის პროგრამას, გაიარონ სამედიცინო შემოწმება, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ. პროფესიულ პროგრამებზე გვაქვს ორწლიანი სწავლება, საბაკალავროზე – სტანდარტულად, ოთხწლიანი.

– როგორია თქვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა?

– თელავში გვაქვს საფრენოსნო პრაქტიკული ბაზა – აეროპორტი „მიმინო“. უნდა აღინიშნოს, რომ წელს მთლიანად შევცვალეთ საჰაერო პარკი. ევროპულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენი საავიაციო სააგენტო სრულად იზიარებს ევროპულ კანონმდებლობას და ევროპული მოთხოვნილებების შესაბამისად გვაქვს სრულიად თანამედროვე საჰაერო პარკი, გვყავს ევროპის საუკეთესო საჰაერო საფრენოსნო სკოლების ანალოგი თანამედროვე იტალიური წარმოების საჰაერო ხომალდები. განახლების დროს ოთხი საჰაერო ხომალდი შევიძინეთ და უკვე სრულად გადავერთეთ ევროპული სტანდარტების მოთხოვნებზე. გარდა ამისა ერთი წელია, ვახორციელებთ USAID-ის საგრანტო პროგრამას, რომლითაც სრულად განახლდა ტექნიკური მიმართულების ლაბორატორიები, ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის სრული რეაბილიტაცია. ვამაყობთ, რომ რეგიონში და არა მხოლოდ, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბაზა გვაქვს.

– გაცვლითი პროგრამები თუ გაქვთ?

– ამ კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან ბევრ ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. დაახლოებით, ერთი თვის წინ ვიყავით ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანმანათლებლო გამოფენაზე, სადაც გაცვლითი და საერთო პროგრამების შემუშავების მიზნით კიდევ ახალი კონტრაქტები გავაფორმეთ. ყოველთვის ვაქტიურობთ, რათა ჩვენს სტუდენტებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები შევთავაზოთ.

– სწავლება რა ენაზე მიმდინარეობს?

– სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ უშუალოდ საფრენოსნო და საინჟინრო მიმართულებით პროფესიული საგნები ინგლისურ ენაზე ისწავლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. გვაქვს სრულად ინგლისური პროგრამებიც უცხოელი სტუდენტებისთვის –150–ზე მეტი უცხოელი სტუდენტი გვყავს 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

წელს განათლების სამინისტროდან უნივერსიტეტებმა მივიღეთ შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ბიზნესის ადმინიტრირების სამწლიანი პროგრამები, ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს სააკრედიტაციო განაცხადი და ვფიქრობთ, ჩვენს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს იანვრიდან უკვე შევთავაზებთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა