სად გადიოდა ქრისტინე გაბრიჭიძე სკოლაში მისასვლელად თოვლში ყოველდღე 4 კილომეტრს და როგორია მისი მრავალფეროვანი ცხოვრება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00
ქრისტინე გაბრიჭიძე პედაგოგია, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვას. მისი ცხოვრება საკმაოდ მრავაფეროვანი და საინტერესოა... მეტს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქრისტინე გაბრიჭიძე: 29 წლის ვარ, პედაგოგი, დაწყებითების მასწავლებელი. ვმუშაობ ცაგერის რაიონის სოფელ სურმუშის დაწყებით სკოლაში. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა, მასწავლებლობა ამიტომაც ავირჩიე, თუმცა, პატარებთან ურთიერთობა სასიამოვნოსთან ერთად, საკმაოდ რთულიცაა. სამწუხაროდ, ერთი არასწორი ნაბიჯით ან სიტყვით შეიძლება, ბავშვს ცხოვრება დაუნგრიო. არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს პროფესია ქმნის შემდეგ ყველა დანარჩენ პროფესიას, ამიტომ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.
სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან მოყოლებული, სხვადასხვა პროფესია მომწონდა. არქეოლოგიითაც ვიყავი დაინტერესებელი, რადგან ძიების პროცესი და სიახლეების აღმოჩენა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ამ და მასწავლებლის პროფესიას შორის ვაკეთებდი არჩევანს და საბოლოოდ, მაინც მასწავლებლობა ვარჩიე.
სწავლის დამთავრების შემდეგ, პირველი პერიოდი ქვის საწარმოში ვმუშაობდი დირექტორად, საბუღალტრო საქმეები მებარა. მანამდე, სტუდენტობის პარალელურად, ოთხი წელი კლინიკაში ვმუშაობდი ექთნის თანაშემწედ... ყველა სფერო მაინტერესებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ჩემს პროფესიას, მასწავლებლობას დავუბრუნდი.
– სკოლაში როდის დაიწყეთ მუშაობა და როგორ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად და სამუშაოდ სოფელში გადასვლა?
– სწავლის დასრულების შემდეგ მალე დავქორწინდი და ბავშვის მოლოდინში, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, მეუღლის დედ-მამასთან გადავსულიყავით საცხოვრებლად, რადგან თოთო ბავშვის აღზრდაში გამოუცდელები ვიყავით. ასე გადმოვედით სოფელ სურმუშში. ამასთან, მინდოდა, შვილი სუფთა ჰაერზე გამეზარდა, ბუნებასთან ჰქონოდა კავშირი და ნატურალური პროდუქტი მიეღო, რაც ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავიდან ვნერვიულობდი – მე თერჯოლის რაიონიდან ვარ, ჩემს სოფელს გოდოგანი ჰქვია, მაგრამ ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან რთული იყო ჩემთვის მთის სოფელში, რთულ პირობებში ცხოვრება. წარმოიდგინეთ, აქ ზამთარი ექვსი თვე გრძელდება, რთული კლიმატია და ასე შემდეგ. გამიჭირდა ქალაქთან მოწყვეტაც, ეს დიდი სიახლე იყო ჩემთვის. შეიძლება ითქვას, რომ მთაში თავიდან დავიწყე ცხოვრება. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვიდა. ჩემი შვილი წელიწად-ნახევრის იყო, როცა გავიგე, რომ სკოლაში ადგილი გათავისუფლდა. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მქონია, მაგრამ ყველა საჭირო საფეხურის გავლის შემდეგ, ამიყვანეს და შევუდექი ამ რთულ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პროფესიაა, მანამდე ამ პროფესიით არ მიმუშავია და ეს ჩემთვის უდიდეს სიხარულთან ერთად, დიდი გამოწვევა იყო.
– ამ გადაწყვეტილებით ფიზიკური გამოწვევის წინაშეც დადექით, სკოლამდე ყოველდღე რთული გზის გავლა გიწევთ, ამას როგორ გაუმკლავდით?
– მართლა რთული გზაა. ყველა მეუბნებოდა, სკოლაში სიარული გაგიჭირდებაო, მით უმეტეს, ჩემთვის, ამ გარემოსთვის შეუჩვეველი ადამიანისთვის, გადაადგილება, თან ამ სიშორეზე, ძალიან დამღლელი იყო. წარმოიდგინეთ, როგორია ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა ფეხით, თან ასეთ პირობებში? ზამთარში, დილით სახლიდან რომ გავდივარ ჯერ ისევ ბნელა, მთაა და გზაში მგლის გადაყრის საშიშროებაც არსებობს. სულ მეშინოდა, რომელიმე ცხოველი არ შემხვედროდა. ყოველდღიურად ფეხით დავდიოდი. კვირის ბოლოს იმდენად დაღლილი ვიყავი, ფეხზე დგომა მიჭირდა და შაბათ-კვირას ვცდილობდი, ძალები აღმედგინა. სახლში პატარა ბავშვი მყავდა, მას დედის ყურადღება სჭირდებოდა. ასე გაგრძელდა ორ წელზე მეტი. შემდეგ უკვე გაუსაძლისი გახდა მდგომარეობა, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მიჭირდა, მეშინოდა კიდეც. რამდენჯერ თოვლში გზა ჩემს მეუღლეს გაუკვალავს. აქ დიდი თოვლი იცის და ქარბუქი რომ ამოვარდება, მდგომარეობა ძალიან რთულდება.
– ალბათ, ბევრი სახიფათო სიტუაციაც იყო...
– დიახ, რამდენჯერ დიდი ხეები წაქცეულა და როდის დაგეცემა არ იცი. ამის რისკი დიდია. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახში მსჯელობა გვქონდა, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. ამ გზაზე მანქანა არ გამოდგებოდა, რადგან ნახევარი გზა დაგებული არ არის.
არადა, როგორღაც მდგომარეობა უნდა შემემსუბუქებინა. თავიდან ცხენის შეძენაზე ვფიქრობდით, მაგრამ ცოცხალ არსებას სხვანაირი მიხედვა სჭირდება და ჩემს საქმიანობასთან ერთად, გამიჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, კვადროციკლი გვეყიდა. ამ ექსტრემალურ ტრანსპორტთან შეხება არასდროს მქონია. ერთხელ ამოვბრუნდი, ერთხელ ღელეში ჩავვარდი, მაგრამ ჩემმა შეცდომებმა მასწავლა მართვა.
– რომ ხედავენ რამდენს აკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული სასწავლო დღე ნაყოფიერი იყოს, როგორი დამოკიდებულება აქვთ?
– ყველას ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს. მართლა არ ვზოგავ თავს. რამდენჯერ ცუდად ვყოფილვარ და მაინც არ გამიცდენია გაკვეთილები, სანამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მივსულვარ. მთავარია, ფეხზე წამოდგომა შემეძლოს. მოსახლეობისგანაც დიდი მხარდაჭერა მაქვს. ერთი სკოლა გვაქვს, ზარი ირეკება და ეს სოფელსაც ძალიან უხარია. ახლა ერთი მოსწავლე მყავს, წელს ჩემი შვილიც შემოდის სკოლაში და უკვე ორნი იქნებიან.
მეორე შვილზე ორსულად ვიყავი კვადროთი რომ დავდიოდი სკოლაში, არ ვიცოდი, გვიან გავიგე და მას შემდეგ ფეხით გავაგრძელე სიარული. დეკრეტის შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემს კვადროს, ჩაფხუტიც მივამატე და მას შემდეგ უფრო დაცული გადავაადგილდები.
ჩემი მოსწავლეც საოცრად მონდომებულია. მხოლოდ მე ხომ არა, მასაც ბრძოლა უწევს განათლების მისაღებად, სკოლამდე მისასვლელად. მათთან გამზადებული არაფერი მოდის, ამიტომ მონდომებაც მეტი აქვთ. მეც ვცდილობ, მოტივაცია ჰქონდეთ.
– ალბათ, ოჯახისგანაც განსაკუთრებული ხელშეწყობა გაქვთ.
– დიახ, ასეა. ბავშვებს ჩემი დედამთილი იტოვებს. უფროსი ხუთი წლისაა, უმცროსი – ხუთი თვის და სანამ ჩემს საქმეს არ დავამთავრებ, მისი იმედი მაქვს.
სიმართლე გითხრათ, ახლა ცოტა დაძაბული ვარ, რადგან ჩემი შვილიც სკოლაში შემოდის. კვადროციკლი, რომლითაც სკოლაში დავდივარ, პატარაა და მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია მისით გადაადგილება. ახლა მე და ჩემი მოსწავლე დავდივართ, მოსწავლე ჩემს მეზობლად ცხოვრობს. მომავალი წლიდან, ორი ბავშვის ტარება ამ კვადროთი არ გამოვა. არსებობს უფრო დიდი „ბაგები“, მაგრამ ეს დიდ თანხებსაც უკავშირდება, ამიტომ ვნერვიულობ... იმედია, რამე გამოვა.
– თქვენს კიდევ ერთ ინტერესზე, ხელნაკეთ ნივთებზეც მოგვიყევით...
– დიახ, ეს ჩემი ჰობია. ბუნებამ გააღვიძა ჩემში მათი შექმნის სურვილი. მოყვარულის დონეზე ვხატავ კიდეც. ამ საქმეს დიდი დრო სჭირდება და მცირეწლოვან შვილებთან ერთად არ გამომდის, თორემ მეტის გაკეთება შეიძლება. თუმცა, ჩემი სიამოვნებისთვის მაინც ვაკეთებ. ვწნი პატარა კალათებს, საკიდებს ვამზადებ, სამშვენისებს, სარკეებს და ასე შემდეგ. ჩემი ნამუშევრები მაგიდის გასალამაზებლად გამოფენებზეც გამიტანია.
ასევე, ჩვენ სამეწარმეო საქმიანობით ვართ დაკავებული. მე და ჩემი დედამთილი ერთად ვსაქმიანობით. ვამზადებთ ჩირეულს, ტყემალს, აჯიკას, ტყლაპს, მურაბას – ყველაფერს ლამაზად ვფუთავთ, დიზაინზეც ვზრუნავთ, სოციალურ ქსელებსაც ვმართავთ, გამოფენებშიც ვიღებთ მონაწილეობას. ფერმერთა ასოციაცია და სხვა ორგანიზაციები გვიწვევენ ღონისძიებებზე, იქნება ეს „გემოფესტი“, „ღვინის დღეები“, „მთის დღეები“ თუ სხვა.
– ამდენ რამეს როგორ ასწრებთ?
– სიმართლე გითხრათ, ყველას ეს უკვირს. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. კონფერენციებსაც ვესწრებით. ეს იმდენად ბევრის მომცემია, ვერ აღგიწერთ.
მასწავლებლობის შემდეგ ეს სფეროც ძალიან ნაყოფიერია, განათლების მიღების კუთხით. ტურისტებთან, ახალ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან ბევრ ინფორმაციას გვაძლევს.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გაჩერება არ ხდება. მე შევნელდები, ჩემი დედამთილი მაძლევს სტიმულს, თუ ის ნებდება – მე და ასე მივდივართ წინ. ბავშვებთან დამტოვებელი არ გვყავს, რადგან კაცებს თავიანთი საქმე აქვთ, მაგრამ რომ ვთხოვთ, გვერდში გვიდგანან ისე, როგორც გვჭირდება. ხშირად ბავშვებიც თან დაგვყავს. მარტივი არ არის, მაგრამ მონდომების შედეგად ყველაფერი გამოდის. სკოლა, ბავშვების აღზრდა, სოფლის მეურნეობა – ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ როცა დადებით შედეგს ხედავ, დიდი მოტივაცია გეძლევა და ჩვენც წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





