საზოგადოება

როგორ დაიდგა წმიდა სამებამ თბილისში ტახტი ილია მეორის მეოხებით და რა დოკუმენტის წყალობით აგვცდებოდა ეგზარქოსების პერიოდი

№16

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

პატრიარქი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #15 (1320)

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილიას პატრიარქად კურთხევით, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის არსებულ გაუცხოებას ბოლო მოეღებოდა, დაკარგული ურთიერთობა აღდგებოდა და გამყარდებოდა. ამის პირველი ნიშანი ილია მეორის აღსაყდრების დღეს სვეტიცხოვლის გადაჭედილი ტაძარი და იქ მისული უამრავი ახალგაზრდა იყო. „საეკლესიო კრების დღიდან მე ვიგრძენი თანადგომა ჩვენი ახალგაზრდობის. სიონში იყო ეს საეკლესიო კრება, მერე ამბობდნენ ახალგაზრდები, რომ იმ დღეს ჩვენ, ყველა ვიყავით სიონის გარშემო და ვფიქრობდით, რა მოხდება. შესაძლებელი იყო იქ მკვლელობაც მომხდარიყო. მით უმეტეს, უკვე კურთხევის დღეს მთელი თბილისის ახალგაზრდობა იქ იყო, მცხეთაში“.

„მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ამ წმიდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა ღმერთმა“ – ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც პატრიარქმა კურთხევის შემდგომ წარმოთქვა. უამრავი პრობლემისა და სატკივარის ფონზე, დრო ბევრი არ ჰქონდა იმის მოსაფიქრებლად, ვის იმედად ყოფილიყო, საიდან დაეწყო. „რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, იმდენად მძიმე რომ... მთელს საქართველოში იყო სულ 52 მოქმედი ეკლესია. იყო მძიმე კიდევ იმ მხრივ, რომ რუსეთიდან ჩამოდიოდა სამღვდელოება და თხოულობდა აქ დარჩენას. ფაქტობრივად, პროცენტულად დიდი რაოდენობა იყო რუსი სამღვდელოების. ეს იმდენად რთული და მძიმე იყო, საქართველოს პატრიარქი რომ იწყებდა წირვა-ლოცვას, მას მოსავდნენ რუსი სტიქაროსნები. ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან აგზავნიდნენ სტიქაროსნებს, იმიტომ რომ ქართველები არ ყოფილიყვნენ. პირველი ასეთი, ზღვასავით ტალღა, იყო 25 დეკემბერს, როცა მთელი სვეტიცხოველი, ეზო და ქუჩები გაივსო ახალგაზრებით. ეს იყო უკვე იმედი. პირველი ჩემი სურვილი და მიზანი იყო ის, რომ გამთლიანებულიყო ერი ეკლესიასთან. ერს ეგრძნო, რომ ეს არის მათი ეკლესია. ეგრძნო ის, რომ ეკლესიას ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ერისთვის. მე თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა დავამყარე ჩვენს ინტელიგენციასთან და მინდა ვთქვა, რომ ინტელიგენციამაც იგრძნო ეს. ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მეცნერებს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვით ამ მძიმე პერიოდის დროს, როცა ათეისტური პრესის ქვეშ იყვნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ახერხებდნენ, რომ სტუდენტებისთვის გადაეცათ სულიერება, რწმენა და კულტურა“.

მაშინ, საკავშირო ხელისუფლება აქტიურად ერეოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც შეუძლებელი იყო. ისიც ბევრ რამეს განაპირობებდა, როგორ ურთიერთობას დაამყარებდი ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ვრცელდებოდა სასულიერო სფეროზეც. „საკავშირო ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი გეგმა, რომ ეკლესიაში რაც უფრო უარესი მდგომარეობა იქნება, სახელმწიფოსთვის – მით უკეთესი, მაგრამ თვითონ საქართველოს ხელისუფლებაში სხვა დამოკიდებულება იყო. მაშინ ბატონი ედუარდი იყო და მას კარგად ესმოდა ეკლესიის. ჩვენ არცერთი შეხვედრა არ გვქონია და არც ვიცნობდით ერთმანეთს. შორიდან ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, მაგრამ შინაგანი მხარდაჭერა იყო ადგილობრივი ხელისუფლებისგან, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება გრძნობდა ეკლესიის როლს, მნიშვნელობას წარსულში და დღესაც ასეა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“...

...მაგრამ პატრიარქისთვის მთავარი მაინც, ხალხში რწმენისა და ნდობის გაღვიძება, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნება იყო, ამიტომ პატრიარქის თაოსნობით, ნელ-ნელა დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. მოქმედ ეკლესიებში მგალობელთა გუნდები შეიქმნა, აღადგინეს ძველი საგალობლები, დაიწყო სამისიონერო საქმიანობა. მანამდე, საპატრიარქოს ეგიდით, საეკლესიო კალენდრები იბეჭდებოდა, ისიც შეზღუდული ტირაჟით, 1978 წლიდან კი გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, დაიბეჭდა საღვთისმეტყველო კრებულები, რომლებშიც თეოლოგიური საკითხების გვერდით გაჩნდა წერილები საქართველოს ეკლესიის შესახებ, გააქტიურდა ურთიერთობა უცხოეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პატრიარქის მსოფლიოს საეკლესიო საბჭოს პრეზიდენტად არჩევამ. ეკლესიის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ეროვნული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული და ვისთვისაც საბჭოთა სინამდვილეში სულიერების თავშესაფარი არ არსებობდა. გახშირდა ქადაგება პატრიოტულ თემებზე. განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, წმიდა ნინოს დღესასწაულები, წმიდანად შეირაცხა ილია ჭავჭავაძე. უწმიდესისა და უნეტარესის ღვაწლითა და თაოსნობით, მღვდელმთავრები ისტორიულ ეპარქიებში დაბრუნდნენ. ნელ-ნელა დაიწყო თხუთმეტივე ეკლესიის ამოქმედება, სადაც დიდ დღესასწაულებზე საქართველოს პატრიარქი თავად დაბრძანდებოდა. ხალხმა ეკლესიისკენ იწყო შემობრუნება, საგრძნობლად გაიზრდა მრევლი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ყურადღების მიღმა არ რჩებოდა ხელისუფლებას, რომლის იდეოლოგიური სამსახურები მკაცრ კონტროლს აწესებდნენ ყველაფერზე, რაც რელიგიას ეხებოდა. მიუხედავად ამისა, უწმიდესისა და უნეტარესის ძალისხმევით ისიც მოხერხდა, რომ 1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში სასულიერო აკადემია გაიხსნა. „მე მახსენდება წინა პატრიარქების სიტყვები, როცა სიონის სამრეკლოდან აგდებდნენ სიონის დიდ ზარს, იმ დღეს ყოფილა წმიდა სინოდის სხდომა და იმ სხდომაზეც კი მდგარა ეს საკითხი, რომ თბილისში გაიხსნას აკადემიაო. მერე იქ ვიღაცას უთქვამს, რომ რა დროს აკადემიაა, ზარს აგდებენ სამრეკლოდან და ხურავენ ტაძრებსა და მონასტრებსო. აი, ეს საკითხი სულ იდგა, განსაკუთრებით უწმიდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის დროს. თვითონ კალისტრატე ძალიან განათლებული პიროვნება იყო... მე შევიტანე ორი განცხადება: ერთი – მოსკოვში, მეორე – აქ, ჩვენთან თბილისში, რომ აუცილებელია სასულიერო აკადემიის გახსნა. ამ დროს რელიგიის საქმეთა რწმუნებული ბრძანდებოდა ანზორ წიკლაური, მოადგილე ჰყავდა ილია რურუა. მწერალი კაცი იყო, განათლებული, კულტურული. ილია რურუა მიამბოდა მერე: პატრიარქის თხოვნით, შემოვიდა ასეთი წერილი, კერძოდ, აკადემიის გახსნის შესახებ, ჩვენ დავსხედით, ვიმსჯელეთ, ვამბობდით, რომ ეს ჩვენი პატრიარქი სულ მთლად მოწყვეტილია რეალობას. არ ესმის რა მთავრობაა და რა დროა, როგორ შეიძლება, მათ აკადემიის გახსნა სთხოვოო. მერე მოვიხედეთ და ყველაფერი ისე შესრულდა ისე, როგორც თქვენ ითხოვდით. ეს სასწაული იყოო. მართლაც, მიმაჩნია, რომ ანზორ წიკლაურმა კარგად იმუშავა ამ ურთიერთობაში მოსკოვსა და თბილისს შორის. უარის თქმა არ შეეძლოთ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ მიზეზი, რატომ უნდა ეთქვათ უარი. მე დავასახელე, რომ აი, ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს, არსებობდა გელათის სასულიერო აკადემია, იყალთოს აკადემია, გრემის აკადემია... მერე საკითხი დადგა ასე: მოსკოვი ამბობდა, რომ თბილისია წინააღმდეგი, თბილისი ამბობდა, რომ მოსკოვია წინააღმდეგიო. ანზორ წიკლაურმა ყველაფერი თავის თავზე აიღო: მოსკოვს უთხრა, რომ თბილისი თანახმაა და თბილისს უთხრა, რომ მოსკოვია თანახმა და ასე მოხდა მოკლედ, აკადემიის გახსნა“. აკადემიის გახსნას, გარდა განათლებული სასულიერო პირების აღზრდისა, ჰქონდა მეორე მხარეც, რომელსაც პატრიარქი არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. მისი ხედვით სასწავლებელი სამეცნიერო კვლევით ცენტრად უნდა ქცეულიყო და ასეც მოხდა. აკადემიაში გაიხსნა საღვთისმეტყველო, თეოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა ფაკულტეტები. ეკლესიის მრევლი კიდევ უფრო გაიზარდა 80-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა იმპერიის ნგრევა დაიწყო და ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა.

9 აპრილს საქართველოს პატრიარქი, რომელიც ხალხის გვერდით იდგა, უამრავ მოკლულ ადამიანს შესცქეროდა. „მთავარი იყო ის, რომ მე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი იქ. ყველა ვგრძნობით, რომ რაღაც ტრაგიკული მოვლენა უნდა მომხდარიყო. მართალია მე მოვუწოდე ხალხს, რომ შესულიყვნენ ქაშუეთში, მაგრამ მე თვითონ არ მჯეროდა იმის, რომ რუსეთი მუქარას შეასრულებდა. ბევრი მოდიოდა და მეუბნებოდა იმის შემდეგ, როგორც კი თქვენ ბრძანეთ ქაშუეთში შედით, ჩვენც შევედითო. რაღაც ნაწილი წავიდა... მე მივმართე გამსახურდიას და სხვებს, ნუთუ სხვა გამოსავალი არ არის, ხომ ხედავთ რა ხდება-მეთქი. ჩვენ რა ვქნათო. ესე იგი, მათ მოიცილეს ეს პასუხისმგებლობა. ჯარი რომ წამოვიდა, ესენი უკვე აღარ იყვნენ, ყველანი წავიდნენ, არსად აღარ ჩანდნენ. მე ვუყურებდი ამას. ახალგაზრდობამ ალყა შემომარტყა, რომ სროლა თუ იქნებოდა, რაღაც არ მომხდარიყო. ძალიან მძიმე სურათი იყო და კიდევ უფრო ძალიან მძიმე იყო, როცა მიცვალებულები სიონში მოასვენეს. მაგიდები დავდგით და მაგიდებზე დაასვენეს. მერე პატრონები წაიყვანდნენ“.

„9 აპრილის ღამეს, საქართველომ იტვირთა და თავის თავზე აიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან, ალბათ, არ განმეორდება. ჩვენმა ქვეყანამ იხსნა სხვა ერები ასეთი განსაცდელისგან. ესეც ღვთისგან დაკისრებული მისია იყო და თუ ჩვენ, რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ“ – ასე შეაფასა 1989 წლის ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა აპრილის ტრაგიკული მოვლენები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის საბედისწერო ღამე მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი განსაცდელისა, რაც ქვეყანას დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე, თუნდაც მისი მოპოვების შემდეგ ელოდა. სწორედ იმ რთულ ვითარებაში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი მიდიოდა, გადაწყდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი – კონსტანტინეპოლთან წლების განმავლობაში მძიმე და დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა და 1990 წელს მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი მამამთავრის წოდება სცნო. „ჩვენი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა და ავბედობის გამო დაკარგული იყო ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ავტოკეფალიას. ჩვენ გვქონდა მრავალი წლის განმავლობაში დიდი, მძიმე საუბრები და კამათი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც არ სცნობდა საქართველოს ეკლესიას როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისას. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ იძულებული გახდა, ეღიარებინა, ჩვენ წარვუდგინეთ მას დოკუმენტები, ასევე, ჩვენი სხვადასხვა მიწერ-მოწერა უძველეს ეკლესიებთან, ასევე რომის პაპთან მიწერ-მოწერა, სადაც რომის პაპი აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და პატრიარქის წოდებას... ასე რომ, ეს საკითხი იქნა მიღწეული და მე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ეს დოკუმენტი რომ ყოფილიყო, ალბათ, ჩვენ აგვცდებოდა ეგზარქოსების პერიოდი და აღარ იქნებოდა ეს, რუსიფიკაციის მძიმე პერიოდი“.

„მას შემდეგ, რაც საქართველო გათავისუფლდა საბჭოთა დიქტატისა და იდეოლოგიური პრესისგან, სრულიად სხვა, გაცილებით მძიმე პრობლემები გაჩნდა. თავი იჩინა პოლიტიკურმა ამბიციებმა, შეურიგებლობამ. ჩამოვარდა შუღლი და მტრობა ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეკლესიასა და მის წინამძღოლს ერთობის, თანხმობის, მხარეთა მორიგებით მძიმე პასუხისმგებლობა უნდა ეკისრა. განა შეიძლება, ეკლესია დადგეს ორად გახლეჩილი ერის, რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერთ ნაწილს მეორეს გასანადგურებლად. ჩვენ წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევნის გაკეთების უფლება არ გვაქვს“, – ასე მიმართა პატრიარქმა 1991 წლის 25 დეკემბერს ქართველ ერს. უწმიდესის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვრცელდებოდა ხმები, თითქოს საპატრიარქო და სამღვდელოება მომხდარის მიმართ გულგრილი იყო და განზე იდგა, რასაც არაფერი ჰქონდა საერთო სინამდვილესთან. ეკლესიამ არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება, მაგრამ საპატრიარქოში გამართულმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო.

აფხაზეთისა და შიდა ქართლის კონფლიქტების დროსაც სამღვდელოება აქტიურ მონაწილეობას იღებდა მშვიდობის დამყარებაში. მისი უწმიდესობა მიმართვებს უგზავნიდა მსოფლიოსა და სხვადასხვა ქვეყნების პატრიარქებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, სადაც შეუფარავად ამხელდა რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტების ნამდვილ მიზეზებს. პატრიარქი ყოველთვის, მშვიდობიანობის დროსაც, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საგარეო ურთიერთიბებს არამხოლოდ მართლმადიდებელი სამყაროსათვის. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, უწმიდესის თაოსნობით გრძელდებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობის პროცესი. საუკუნის მიწურულს ეპარქიათა რაოდენობა ოცდაშვიდამდე გაიზარდა, მოქმედი ეკლესიებისა კი – შვიდასამდე. მთაზე, საიდანაც წმიდა ნინოს გზა იწყებოდა, სამონასტრო კომლექსის მშენებლობასა და იქვე, ფოკაში დედათა მონასტრის ამოქმედებას არა მხოლოდ რელიგიური, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. გაიხსნა რვა საუკუნის განმავლობაში დადუმებული გელათის აკადემია, სასულიერო სასწავლებლები. ოცდამეერთე საუკუნე კი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო. 2014 წლის 14 ოქტომბერს პრეზიდენტმა და კათალიკის-პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციურ შეთანხმებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სულ მალე კი, თბილისში წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დასრულდა. „სამების ტაძარი არის გვირგვინი არა მარტო ხუროთმოძღვრების, არამედ სრულიად საქართველოს ეკლესიის. მე ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ წმიდა სამებამ თბილისში დაიდგა თავისი ტახტი. არ მგონია, რომ სადმე, მსოფლიოში იყოს ასეთი ლამაზი წმიდა სამების ტაძარი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ეს ტაძარი ამთლიანებს მთელ ერს და იმედს აძლევს. როგროც ზოგიერთი ამბობს: აი, ამ ურთულეს და გაჭირვების პერიოდში ქართველმა ხალხმა ამის აშენება რომ შეძლო, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ამ ტაძრის გარშემო უნდა გავმთლიანდეთ და ამ ტაძარმა უნდა აგვიყვანოს ზეცამდე ან ზეცა ჩამოვიდეს ჩვენთან.“

„ჩემი პატრიარქობის პერიოდს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს, „მზიანი ღამე“. ერთი მხრივ – წყვდიადი და მწუხარება, მეორე მხრივ – უფლის მადლი, რომელსაც მე დღენიაგად ვგრძნობდი, მენდეთ. უფალი გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომაროებიდან, მშვიდობით გაგვატარებს იმ ბეწვის ხიდს, რომელზეც ვდგავართ“. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია მეორე).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი