საზოგადოება

როლანდ ოქროპირიძე: ცუდია, როცა საკუთარი თავი გატყუებს

№2

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 18.01, 2021 წელი

როლანდ ოქროპირიძე
დაკოპირებულია

სახელი: როლანდი.
გვარი: ოქროპირიძე.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობიდან ბევრი რამ მახსენდება, განსაკუთრებით ის პერიოდი, როცა ჭიდაობაზე დავდიოდი, ძალიან მიყვარდა ეს სპორტი და ჩემი მასწავლებელი. როგორც მოყვარული, ისე ვვარჯიშობდი, თუმცა ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– მეზღვაური, რადგან მოგზაურობა მიყვარს, თუმცა იმ დროს, როცა სკოლა დავამთავრე, საზღვაო აკადემიაში ტექნიკური საგნები ბარდებოდა. გეომეტრია და ფიზიკა უნდა მცოდნოდა კარგად, მე კიდევ მიჭირდა. იმის საშუალებაც არ იყო, რომ რეპეტიტორებთან მოვმზადებულიყავი, თან, სკოლა გურჯაანში დავამთავრე და ჩემთვის ბათუმში გადასვლა არც ისე მარტივი იყო. ამიტომ ამ პროფესიაზე უარი ვთქვი. 
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– მეზღვაურობა რომ ვერ გამოვიდა, მერე ვიფიქრე, თეატრალურში ჩამებარებინა. ბავშვობიდან ეს სფეროც ძალიან მომწონდა, მამას მსახიობი მეგობრები ჰყავდა და რომ ვაკვირდებოდი ამ ადამიანებს, რაღაც განსხვავებულები იყვნენ, არა ისეთი, როგორიც ყველა. მსახიობს აქვს ამის შესაძლებლობა და ეს მხიბლავდა. ასევე, მამაც კარგად კითხულობდა ლექსებს.  ოღონდ, არა პროფესიულ დონეზე – მეგობრებთან. ჩვენს ოჯახში სულ მხიარულება იყო ხოლმე, რაც საოცრად მომწონდა. ამ ყველაფრის ფონზე გადავწყვიტე, ეს გზა ამერჩია და აქ მეპოვა ჩემი თავი.
– პროფესიული ჩვევა...
– რიტუალური ჩვევა არ მაქვს, უბრალოდ, ერთი, რაც პროფესიიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში მომყვება, არის ის, რომ ჩაძიება და ჩაკირკიტება ვიცი. თუ ახლობელი ადამიანი შემხვდება, ყველაფერს გამოვკითხავ ხოლმე. ეს ჩემი პროფესიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, რადგან რომელიმე პერსონაჟის კვლევის დროს რას, რატომ, როგორ – ამ სამ კითხვას უნდა ვუპასუხო.  ახლობლები მეუბნებიან ხოლმე, ნუ შეგვაწუხეო (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– ნდობაზე სასიამოვნო არაფერია.
– წარმატებული ადამიანი არის...
– თუ ხალხის სიყვარულს გრძნობ, ეს უკვე წარმატებაა.
– მწამს...
– ღმერთის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– გულთამხილველია და ყველაფრის შემძლე, ყველაზე ახლოს მდგომი, ერთგული, თბილი, ძლიერი. 
– ვრისკავ...
– ხშირად, მაგრამ ბოლობდე გარისკვა არ მიყვარს, თან, სიტუაციასა და მდგომარეობასაც გააჩნია.  
– მაკვირვებს...
– როცა ადამიანს კარგად ექცევი, ზრუნავ მასზე, სიკეთეს უკეთებ, მაგრამ ის ამას ვერ ხედავს, არ აფასებს და ცუდად იქცევა. როცა ვინმეს კარგს გაუკეთებ და ამას არ იმჩნევს, აი, ეს მაკვირვებს ძალიან.
– ვერიდები...
– უმადურობასა და სიძუნწეს.
– ბედისწერა...
– შენი ბედისწერა საკუთარი თავია. ყველა თავად ჭედავს თავის ბედს, დანარჩენში განგება უწყობს ხელს. რაც ადამიანს თვითონ უნდა, ღმერთიც იმას აძლევს, კარგი უნდა, კარგს იპოვის, ცუდი – ცუდს, ეს თავისი სურვილია. 
– სიყვარულია...
– ყოველი დღე, ყველაფერი, რაც  ამ დედამიწაზე კარგია.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– ბაღში დავდიოდი. ერთი გოგონა მიყვარდა ძალიან, რომელიც ჩემს ჯგუფელ ბიჭსაც უყვარდა. ერთ დღეს ეზოში ვიყავით ბავშვები გამოსულები, ია დავინახე ამოსული, მოვწყვიტე და მივეცი. საპასუხოდ კი ლოყაზე მაკოცა. 
– დრო და სიყვარული...
– დროსთან ერთად არაფერი ქრება. ადამიანი, რომელიც გიყვარდა, ისევ გიყვარს, უბრალოდ, არააქტიურ ფაზაში გადადის და თავის ადგილს პოულობს. როგორ უნდა მოგატყუოს შენმა თავმა, რომ გეგონა ერთ დროს გიყვარდა ადამიანი და ახლა – აღარ. ცუდია, როცა საკუთარი თავი გატყუებს.
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– ღალატის პატიება ძალიან რთულია, ასევე, მნიშვნელოვანი ტყუილის. 
– ვეჭვიანობ...
– ზომიერად, თუ საჭიროა – კი, თუ არა – არა. არ ვარ ეჭვიანი, თუ რამე ხდება, ისედაც ვგრძნობ, რადგან კარგი ინტუიცია მაქვს. ჩემთვის არასდროს  უღალატიათ.
– მეშინია...
– ჩემი თავი არ გამექცეს და არ დავკარგო. ისეთი რამეები არ გავაკეთო, საკუთარი თავის გაკონტროლება რომ ვერ შევძლო.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, ეს აუცილებელიც არის. დროულად ბოდიშის მოხდა ძალიან მნიშვნელოვანია.
– ვიტყუები, როცა...
– ძალიან აუცილებელია (იცინის). ზოგადად, არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ მიწევს.
– ვნანობ...
– ჩემს ცოდვებს, რაც ჩამიდენია – უფრო საკუთარი თავის მიმართ. 
– ვაგროვებ...
– ნივთებიდან  მიყვარს დანები, იარაღები და დოქები, მაგრამ კოლექციონერი არ ვარ. ვაგროვებ ადამიანებს ხასიათების მიხედვით, ეს საინტერესო პროცესია. 
– თავისუფლება არის...
– ისეთი რამის გაკეთება, რაც ვინმეს სარგებელს მოუტანს.
– სამაგიერო გადამიხდია...
– ჩხუბის დროს, ვიღაცას რაღაც რომ უკადრებია და  ვერ მიპატიებია, მაგრამ ისე სამაგიეროს გადახდა არ მიყვარს. თუ ვიღაცამ ცუდი გამიკეთეა, მე ვცდილობ, საპირისპირო გადავუხადო, კარგი დავანახვო. 
– ალკოჰოლი...
– ღვინო მიყვარს ძალიან. 
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– როცა პირველად მანქანა ვიყიდე, ჩემმა  მეგობარმა მითხრა:  იარე ნელა, სხვაც რომ მოდიოდეს ჩქარა, შენ  თუ ნელა მიდიხარ, მოახერხებ სიტუაციის კონტროლს და სულ დაცული იქნებიო. ეს მახსოვს სულ, როცა მანქანას და მოტოს ვმართავ.  
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ბევრ რამეს შევცვლიდი, თუმცა კმაყოფილი ვარ. რაც მაქვს, როგორც მაქვს, რასაც ვაკეთებ ჩემი ბედნისწერაა და ეს თავად შევქმენი, რა თქმა უნდა, განგების დახმარებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი