როგორ აცნობს ქართულ მხატვრობას მარიამ სიმაშვილი მსოფლიოს და რაში ეხმარება მას მუსიკალური გენი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 56 წუთის წინ
მარიამ სიმაშვილი გახლავთ მხატვარი, რომელიც საკუთარ და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს მსოფლიოს აცნობს.
მარიამ სიმაშვილი: პროფესიით ექიმი პედიატრი ვარ. ხელოვნებასთან სიახლოვე ყოველთვის მსიამოვნებდა. თავდაპირველად ხატვა ჩემთვის ჰობი იყო და ბავშვობიდანვე დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ბოლო წლებში, მასთან ძალიან ინტენსიური კავშირი მაქვს. გვაქვს გალერეა, რომლის მეშვეობითაც ბევრს ვმოგზაურობთ, ქართველ ხელოვანებს ვაცნობთ სხვადასხვა ქვეყანას და ასევე, თითოეულ გამოფენაზე უშუალოდ ჩემს ნამუშევრებსაც წარმოვადგენ.
ჩემს ცხოვრებაში არ არის დღე, როცა მე არ ვხატავ. ამისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ. ეს ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა.
– მხატვრობა თქვენი გენეტიკური ნიჭია?
– ჩემი ოჯახი მუსიკალური ნიჭითაა გამორჩეული. მამაჩემი, ბაბუა მომღერლები გახლდნენ. მამა დამეღუპა. ის (გიორგი სიმაშვილი) ლოტბარი გახლდათ, მისი მამა მიხეილ სიმაშვილიც ლოტბარი იყო, ანდრო სიმაშვილი კი მამაჩემის ბიძა გახლავთ. სიმაშვილების გვარში ყველა მღერის. შესაბამისად, ქართული ხალხური სიმღერებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და სიახლოვე ბავშვობიდან მომყვება. სიახლოვე ხელოვნების ყველა სფეროს მიმართ მქონდა. ხატვას რაც შეეხება, ოჯახში ეს ნიჭი მე აღმომაჩნდა, თუმცა კახი ხუციშვილი არის მამის მხრიდან ჩემი ნათესავი, რომელიც არაერთი ქართული ფილმის მხატვარია.
– რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?
– ბავშვობიდან მომწონდა და მაინტერესებდა ყველაფერი, რაც შემოქმედებითობას და ხელსაქმეს უკავშირდებოდა. სკოლაშიც არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, დავუჯილდოვებივართ კიდეც. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინოზე ჩავაბარე. მოგეხსენებათ, რამდენად დიდ დროს მოითხოვს სწავლა და ეს პროფესია, ამიტომ ექვსწლიანი შუალედი მქონდა – ხელოვნებას მოვწყდი. დრო კოვიდის პერიოდმა გამომითავისუფლა. მან პრიორიტეტები გადამაფასებინა. იმ პერიოდში დავიწყე ინტენსიურად ხატვა და ჩემი ნახატების სოციალურ ქსელში განთავსება. ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა, ბევრი ნამუშევარი გაიყიდა. შემდეგ შევხვდი ადამიანს, რომელსაც გალერეა ჰქონდა და ერთად დავიწყეთ გალერეის საქმიანობის წარმართვა. ახლა ჩართული ვარ მსოფლიო ტურის პროექტში, რომლის ფარგლებშიც 30 ქვეყანა უნდა „დავფაროთ“. 14 ქვეყანაში უკვე გვქონდა საკმაოდ წარმატებული გამოფენა. წინ მთელი წლის გეგმა გვაქვს გაწერილი. გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება როგორც ჩემი, ისე სხვადასხვა ნაციონალობის მქონე და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ვეწევით ისე, როგორც შეგვიძლია.
– ამ ადამიანში მეუღლეს გულისხმობთ, რომელსაც გამოდის, ხელოვნებამ დაგაკავშირათ.
– დიახ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც შეიძინა ჩემი ნამუშევარი. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა გალერეა და შემდეგ გადავწყვიტეთ ერთობლივად დაგვეგეგმა სხვადასხვა პროექტი. ასე დაიწყო მსოფლიო ტური. დიახ, ჩვენ ხელოვნებამ დაგვაკავშირა.
– როგორ შეფასებებს იმსახურებს თქვენი ნახატები ქართველი თუ სხვა ეროვნების დამთავალიერებლისგან?
– საქართველოში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად ვაქვეყნებ ნამუშევრებს, დიდ მოწონებას იმსახურებს და ძალიან აქტიურად იყიდება. არაერთ ადამიანს აქვს ჩემი 20-მდე ნამუშევარი პირად კოლექციაში. მხატვრებსაც შეუძენიათ ჩემი ნამუშევარი, რადგან მითთვის ძალიან ახლო ინდივიდუალური ხედვა და იმავდროულად, განსხვავებული დაუნახავთ. საქართველოში ყველაზე კარგად ხდება ჩემი ნამუშევრების რეალიზება. მოსწონთ ჩემი ნამუშევრების ფერები, რომელიც საკმაოდ ექსპრესიულია. აქვე დავძენ, რომ მაქვს სინესთეზია, რაც ფერად სმენას ნიშნავს. ალბათ, ამას ჩემი მუსიკალური ბეგრაუნდი განაპირობებს. ბგერებსა და მუსიკას ფერებით აღვიქვამ. რაც მესმის, იქნება ეს სიტყვა, სიმღერა, ნოტი, გონებაში ფერად წარმომიდგება და ეს ძალიან მეხმარება ჩემი ემოციებისა და შეგრძნებების ფერებით გადმოცემაში. მიხარია, რომ მნახველებსაც შეუძლიათ ამის დანახვა და შეგრძნება. მათგან ძალიან საინტერესო უკუკავშირს ვხედავ.
– თქვით, რომ საზღვრებს გარეთ ცდილობთ ქართული კულტურის პოპულარიზებას. როგორია გამოხმაურებები?
– ეს გამოფენები მულტინაციონალურია და ძალიან საინტერესო. მნახველებს ძალიან მოსწონთ ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები, განსაკუთრებით, თუ ის კულტურულ და ქართულ თემატიკაზეა შესრულებული. სხვადასხვა ეროვნების მხატვრებს ხელოვნების ენა გვაერთიანებს. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. მე, როგორც გალერეის დირექტორი და ორგანიზატორი, ყოველთვის ვუწევ პოპულარიზებას როგორც საქართველოს, ასევე, თითოეული ქართველი მხატვრის ნამუშევარს.
– როგორი შეგრძნებები ახლავს ხატვის პროცესს?
– ცოტა ხნის წინ, ჰონკონგიდან საქართველოში ვბრუნდებოდით და დაუგეგმავად ინდოეთში მოგვიწია გაჩერება. 10 დღე არ მქონდა ხატვის საშუალება. ეს, დაახლოებით, იგივე შეგრძნებაა, როცა ძალიან გწყურია და წყალს ვერ ვსვამ. როგორც კი საქართველოში ჩამოვედი, მაშინვე ფუნჯი ავიღე ხელში. შეიძლება, ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყოვედღე უნდა ვხატო, ცოტა მაინც. მე ინტროვერტი ადამიანი ვარ და თუ ჩემს სათქმელს სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ფუნჯი, საღებავი და ტილო მეხმარება ემოციების გარეთ გამოტანასა და გათავისუფლებაში. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, პარალელურად, ხატვა აუცილებლად უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში.
– რა არის თქვენი ნამუშევრების ძირითადი სათქმელი, რას გადმოსცემენ ისინი? რისი ხატვა გიყვართ?
– უფრო მეტად აბსტრაქტულ სტილში ხატვა მიყვარს, მაგრამ პორტრეტების. ძირითადად, ქალბატონების აბსტრაქტული პორტრეტები მაქვს. არის ავტოპორტრეტებიც. ნებისმიერი ნამუშევარი მხატვრის სულის ნაწილია, მაგრამ პორტრეტებით ვცდილობ ჩემი ემოციებისა და შეგრძნებების გამოხატვას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოიცნო ამ პორტრეტებში საკუთარი თავი. ეს ძალიან მიხარია. შესაძლოა, ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ემოციურ დონეზე ყველანი ერთნი ვართ. ყველა ვგრძნობთ სიხარულს, ტკივილს, ბედნიერებას... ეს გვაერთიანებს. ამიტომაცაა სხვებისთვისაც ასე ახლობელი.
– კონკრეტული ნახატს თუ ჰქონია განსაკუთრებული ისტორია?
– ეს ცოტა სევდიანი ამბავია. 2025 წელი საავადმყოფოში გავატარე. მამას ანევრიზმა აღმოაჩნდა. თუ საავადმყოფოში არა, მაშინ გალერეაში ვიყავი და ვხატავდი. ზაფხულში მამა უკვე რეანიმაციაში იყო, ძალიან მძიმედ. მე ხატვა დავიწყე, რომელიც ჩემი დის ზარმა შემაწყვეტინა. მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. გარკვეული დროის შემდეგ გალერეაში რომ დავბრუნდი და ის ნახატი ვნახე, აღმოვაჩინე, რომ გაუცნობიერებლად, ქალი და მამაკაცი დამიხატავს აბსტრაქტულ სტილში, ეს იყო დედა და მამა. მამას სახე არ მაქვს დამთავრებული. ერთმანეთს ეხუტებიან, ძალიან თბილი ნამუშევარია. ეს ნახატი ძალიან ახლოსაა იმ სიტუაციასთან, რომელიც მაშინ მოხდა. ის ჩემთვის განსაკუთრებული ისტორიის მქონეა და სიყვარულით ვინახავ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





