როგორ იქცა მამუკა ორბელიანი ლეგენდარულ მოჯირითედ და რას წერდა გრიგოლ ორბელიანი მის ოჯახზე
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00
მამუკა (რუსულ წყაროებში მაკარ) თამაზის ძე ორბელიანის დაბადების თარიღად 1800 წელი მიიჩნევა. ის გენერალ-მაიორ თამაზ ორბელიანისა და ქეთევან ქობულაშვილის ოჯახში მეორე ვაჟი იყო. ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი ალექსანდრე (პუპლია) ორბელიანი მას ახასიათებდა, როგორც ფიცხი ბუნების, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანს, რის გამოც გარშემო მყოფები ერიდებოდნენ. სწორედ ამ თვისებების გამო შეარქვეს მას მეტსახელი „ბუილა“ (კამეჩი). ამასთანავე, ისეთი გამორჩეული მოჯირითე და იმდენად სახელოვანი ვაჟკაცი გახლდათ, რომ მის სიმამაცეზე ლეგენდებსაც კი თხზავდნენ.
განათლება თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიიღო. სამხედრო კარიერა 1816 წელს ერევნის კარაბინერთა პოლკში დაიწყო, 1822 წლიდან კი ჩრდილოკავკასიელ მთიელებთან ბრძოლებში ჩაერთო. 1825 წელს მას პოდპორუჩიკის წოდება მიენიჭა.
მამუკა ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ-ირანის (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) ომებში, სადაც თავი განსაკუთრებით ისახელა ყარსთან, ახალქალაქთან, ახალციხესა და აწყურთან გამართულ შეტაკებებში.
1829 წელს მილიციაში გაწვევის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობის გამო პასუხისგებაში მისცეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ გაამართლა. ამ ინციდენტის შემდეგ სამოქალაქო ასპარეზზე გადაინაცვლა და ელისავეტოპოლის (განჯის) მაზრის მეთაურად დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მისი სახელი სკანდალში გაეხვია. შემთხვევა ეხებოდა ფოსტის გაძარცვას, რასაც ოფიციალურად ყაჩაღებს მიაწერდნენ, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული ხმების თანახმად, დანაშაული თავად მამუკამ ჩაიდინა და ბრალი სხვებს გადააბრალა. ხანგრძლივი სასამართლო პროცესი საბოლოოდ, მისი თანამდებობიდან დათხოვნითა და არმიაში დაბრუნებით დასრულდა.
1850 წლის 6 ოქტომბერს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. ყირიმის ომის (1853-1856) პერიოდში იბრძოდა ამიერკავკასიის ფრონტზე, თავდაპირველად – ი.ორბელიანის დაქვემდებარებაში, 1855 წლიდან კი უშუალოდ ყირიმის ასპარეზზე, სადაც ჯერ პარტიზანულ გაერთიანებას, მოგვიანებით კი სპეციალურ „მფრინავ რაზმს“ სარდლობდა.
1856 წელს, გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების შემდეგ, სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
მამუკას მეუღლე გახლდათ ქეთევან გიორგის ასული ქსნის ერისთავი. წყვილს 15 შვილი შეეძინა. მათგან აღსანიშნავია: შტაბს-როტმისტრი დავითი, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში, მასკარადზე რეპინსკისთან მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის გამო სასამართლოს წინაშე აგო პასუხი; პორუჩიკი ნიკოლოზი; კავალერიის გენერალი ივანე და მაიორი კონსტანტინე.
ორბელიანებს გამორჩეული სილამაზის ქალიშვილები ჰყავდათ – ალექსანდრა (დაღესტნის ოლქის უფროსის, ლევან მელიქიშვილის მეუღლე) და ბარბარე (გუნიბის აღების მონაწილის, იოსებ თარხან-მოურავის მეუღლე). გრიგოლ ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძისადმი მიწერილ 1858 წლის 28 მაისის წერილში აღფრთოვანებით მოიხსენიებს ინსტიტუტიდან ახლად გამოსულ, ულამაზეს მამუკას ასულს. 1859 წლის 16 თებერვალს კი მასვე სწერს ბარბარესა (ბაბოს) და ყაზიყუმუხის ახალი ხანის, იოსებ თარხანოვის დანიშვნის ამბავს.
მამუკას ძმა, დიმიტრი ორბელიანი, გენერალ-ლეიტენანტი და აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მესამე მარშალი იყო.
მამუკა ორბელიანის საბრძოლო დამსახურებები მრავალი ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორის: წმიდა ანას მე-4 ხარისხისა და მე-2 ხარისხის (საიმპერატორო გვირგვინით) ორდენებით; წმიდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის (ბაფთით) და მე-3 ხარისხის ორდენებით; წმიდა სტანისლავის მე-2 ხარისხის და წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენებით, აგრეთვე, ოქროს ხმალი წარწერით „სიმამაცისთვის“.
მამუკა ორბელიანი გარდაიცვალა 1871 წლის 29 ოქტომბერს. მისი ნეშტი თბილისის სიონის ტაძარში განისვენებს.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; nobility.pro/ge; .nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





