საზოგადოება

რა სირთულეების გადალახვა უხდება ნინო ქათამაძეს ყოველდღიურად და როგორ ცვლის ის გარშემო მყოფების აზრს შშმ პირებზე

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 51 წუთის წინ

ნინო ქათამაძე
დაკოპირებულია

ნინო ქათამაძის ცხოვრება უდიდესი ნებისყოფის, დაუღალავი ბრძოლისა და პროფესიული წარმატების შთამაგონებელი მაგალითია. 4 წლის ასაკში დასმული მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, მან შეძლო ყველა საზოგადოებრივი თუ ფიზიკური ბარიერის გადალახვა და სამაგალითო პედაგოგი გახდა.

– ქალბატონო ნინო, სად დაიბადეთ და როგორი იყო თქვენი ბავშვობის წლები?

– ქალაქ ტყიბულში დავიბადე. ჩემი ბავშვობა საკმაოდ რთული იყო, მოგეხსენებათ, მაშინ ტერმინი „შშმ პირი“ საერთოდ არ არსებობდა. იმ პერიოდში ასეთ ადამიანებს „ინვალიდებად“ მოიხსენიებდნენ და ისინი საზოგადოებისგან უფრო იზოლირებულნი იყვნენ. ოთხი წლის ვიყავი, როცა კუნთების მოდუნების დიაგნოზი დამისვეს. ეს მდგომარეობა ნელ-ნელა ყველა კუნთს ადუნებს. დღეს კარგად ვიაზრებ, რამდენად რთული იყო იმ დროს ახალგაზრდა მშობლებისთვის ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. საზოგადოებაში ასეთი ბავშვების მიმღებლობა ძალიან დაბალი გახლდათ, გარემოს ადაპტირებაზე კი აღარაფერს ვამბობ. საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ რადიკალური იყო. ეს დამოკიდებულება დღესაც იგრძნობა, თუმცა დღეს უფრო მეტად გადაჭარბებული ემპათიაა – სიბრალულის მზერით უყურებენ ადამიანს, თითქოს მისთვის ყველაფერი დასრულებული და ყველა კარი ჩაკეტილი იყოს ან მხოლოდ ზრუნვის ობიექტად აღიქვამენ.

როცა წამოვიზარდე, ყველაფერი გავიაზრე. მუდმივად ვგრძნობდი უფლის გვერდში დგომას. ბავშვობიდან, შეძლებისდაგვარად, მაზიარებელი ვარ. უფლის რწმენამ გამაძლიერა და ვიგრძენი, რომ ჩემი გასაკეთებელი მე უნდა გამეკეთებინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზოგი ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც იყო, ამიტომ ვცდილობდი, გავძლიერებულიყავი და ხელი ჩამეჭიდა იმისთვის, რაც უფალმა მომცა. ბავშვობიდანვე გავაცნობიერე, რომ განათლება იქნებოდა ჩემი მთავარი ბერკეტი სოციუმში თავის დასამკვიდრებლად.

სკოლა წარჩინებით დავამთავრე. პედაგოგებში ძალიან გამიმართლა – მაღალი ცნობიერების მასწავლებლები მყავდა და განსხვავებულობა არასდროს მიგრძნია. ეტლით არ გადავადგილდებოდი, თუმცა სიარული ძალიან მიჭირდა. ამ დაავადებას ასე სჩვევია: ჯერ ნელ-ნელა დადიხარ, მერე კი საერთოდ აღარ შეგიძლია გადაადგილება. გვერდით ყოველთვის მეგობარი მყავდა, რომ ხელი მოეკიდა.

– მშობლების როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ დროს სწორი პოზიციის დაჭერა რთული იქნებოდა. როგორ გაართვეს თავი?

– ბედნიერი ვარ მათ გამო, თავიდანვე ამაღლებული ცნობიერება ჰქონდათ. ერთი და მყავს და არც ოჯახში მიგრძნია ოდესმე, რომ განსხვავებული ვიყავი. ბუნებით ამაყი ადამიანი ვარ – როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი მდგომარეობა იმდროინდელი აზროვნებით „ნაკლად“ აღიქმებოდა, ვცდილობდი, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, რომ არავის ჩამოვრჩენოდი. მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ.

სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა. ტყიბული მაღალმთიანი ზონაა, ზამთარში დიდი თოვლი მოდიოდა და მომზადება ჭირდა, ამიტომ დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით. ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი გავხდი. მთელი ჩემი ცხოვრება ღვთის სასწაულია. მეგობრები საოცრად დამიდგნენ გვერდით. ჩემი მშობლები მხოლოდ სანახავად და საკვების მოსამარაგებლად ჩამოდიოდნენ, დანარჩენში კი მეგობრები მეხმარებოდნენ. სხვათა შორის, სიარული კი მიჭირდა, მაგრამ უნივერსიტეტში ერთი დღეც არ გამიცდენია. სწავლა წითელ დიპლომზე დავასრულე და მაგისტრის ხარისხიც მოვიპოვე.

– ალბათ, შემდეგი სირთულის წინაშე სამსახურთან დაკავშირებით დადექით...

– დასაქმებასთან დაკავშირებით მართლაც სრულიად ახალი ფურცელი გადაიშალა. არცერთი სკოლა არ იყო ადაპტირებული – მხოლოდ პანდუსის დონეზე ადაპტირებას არ ვგულისხმობ (სამწუხაროდ, დღესაც ფიქრობენ, რომ გარემოს მისაწვდომობა მხოლოდ პანდუსით შემოიფარგლება). ამიტომ, ჩემი ცოდნა რომ არ დამეკარგა, კერძო რეპეტიტორობა დავიწყე.

პირველივე წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: სამი აბიტურიენტი მყავდა, მთელი ჩემი ენერგია და უნარები ჩავდე მათში და სამივემ მაღალი ქულებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და მოტივაცია გახლდათ. უკვე 27 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და კერძო პრაქტიკა მაქვს.

ერთ-ერთ კერძო სკოლაში ორწლიანი სტაჟირებაც გავიარე, სადაც პედკოლექტივის მხრიდან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება იყო, თუმცა გარემო არც იქ გახლდათ ადაპტირებული. ამის გამო გაკვეთილებს პირველ სართულზე, სამასწავლებლოში ვატარებდი.

– თქვენს „ფეისბუქგვერდზე“ მოსწავლეების არაერთი სამადლობელი პოსტი შევნიშნე, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორია თქვენი პრიორიტეტები მოსწავლეებთან ურთიერთობაში? ვფიქრობ, ეს მშრალ პედაგოგიურ საქმიანობას საგრძნობლად სცდება...

– ბავშვებს ძალიან უყვართ „ნინო მასწი“. ვფიქრობ, საგნის შეყვარებასთან ერთად, მათ ცნობიერებასაც ვამაღლებ. მე შშმ აქტივისტიც ვარ და ჩემი მთავარი მიზანი იყო, ვყოფილიყავი შშმ პედაგოგი, რათა საზოგადოების დამოკიდებულება შემეცვალა. მოგეხსენებათ, შშმ პირებს, უმეტეს შემთხვევაში, ნაკლები განათლება აქვთ, ვერ აკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და უფრო მეტად ზრუნვის ობიექტებად რჩებიან. დროთა განავლობაში ბავშვების შეხედულებები იცვლებოდა – ბოლოს ყველაზე ძლიერ ქალად აღმიქვამდნენ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აქტუალური შოთა რუსთაველის აფორიზმია, რომელსაც მოსწავლეებს ვასწავლი: „მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად“ – ყველაფერი უნდა დაიმსახურო და იბრძოლო. სულ ოთარაანთ ქვრივის სიტყვებს ვუმეორებ: „თუ წუთისოფელს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“.

ყველამ იცის, რომ საკმაოდ მკაცრი ვარ – გაკვეთილის გაცდენა ან უსწავლელად მოსვლა გამორიცხულია. ცოტა „მანიპულატორიც“ ვარ – პირდაპირ ვეუბნები ბავშვებს: „ჩემთან თუ მოხვალ, უნდა ისწავლო და შედეგზე უნდა გავიდეთ, ტყუილად ნუ გამაწვალებთ”- ჩემს გაკვეთილზე უსწავლელი მოსვლა ან გაცდენა ჩემი დაუფასებლობაა. რა თქმა უნდა, დიქტატორობას არ ვგულისხმობ, ყველაფერს თავისი ნორმა აქვს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ. ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ნაწარმოებების მეშვეობით არაჩვეულებრივად ვასწავლი. თემის ასახსნელად პირად ისტორიებსაც ხშირად ვიყენებ. ჩემს მოსწავლეებს ვუნერგავ, რომ შეუძლებელი არაფერია და სიტყვა „არ შემიძლიას“ თქმა არაფერში გამოგვადგება – თუ მოინდომებენ, ეტაპობრივად ყველაფერი გამოვა. ტრაგედიად არაფერი უნდა აქციონ, მთავარია, დაცემულმა წამოდგომა შეძლო.

წლის ბოლოს ბავშვები ექსკურსიაზე მიმყავს ხოლმე, მათ შორის წინა წლების მოსწავლეებიც, რომ დამეგობრდნენ და მეგობრობაზე მხოლოდ ნაწარმოებებიდან არ ვესაუბრო. არცერთი წელი არ ჩამიგდია. ერთხელ ყაზბეგშიც მყავდნენ აყვანილი. ერთმა ბერმა თავზე ხელი დამადო და მკითხა – ხომ არაფრის გეშინიაო, რადგან ეგონა, იქ ვინმემ ამიყვანა. როცა ვუთხარი, ეს 50 ბავშვი აქ მე ამოვიყვანე-მეთქი, თვალები ცრემლებით აევსო, დამლოცა და მითხრა: მაშინ მე კი არა, შენ უნდა დამლოცოო.

კიდევ ერთი მიზანი მაქვს: როცა ბავშვები ჩემთან ერთად მოდიან მაღალ მთებში, ერთხელაც არ ვკითხულობთ, შევძლებთ თუ არა ასვლას. ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ და არც კი სჭირდებათ თქმა, როდის რა მოიმოქმედონ – ავტომატურად და ბუნებრივად გამოსდით, როგორ მოჰკიდონ ხელი ეტლს და როგორ გადავლახოთ ბარიერები. მათი ცნობიერება საგრძნობლად იზრდება და ჩემგან სულ სხვანაირები მიდიან.

ერთი შემთხვევა მქონდა: მშობელმა მითხრა – ჩემი შვილი „ქუჩის“ გზაზე დგას და, ნინო მასწავლებელო, რომც ვერ ჩააბაროს, გეხვეწები, შენი „სკოლა“ გაატარეო. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.

– ალბათ, თქვენი ეს მიდგომები ყველასთვის არის იმის მაგალითი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლა არ არსებობს. დროსთან ერთად როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება?

– მოგეხსენებათ, შშმ პირთა უფლებები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიდა – ქველმოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომებიდან უფლებათა დაცვის ჩარჩოში გადავიდა. დღევანდელი ხედვით, საზოგადოების თანასწორ წევრებად ვართ აღიარებულნი, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და ცნობიერების ამაღლების მიუხედავად, შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და აქტუალური საკითხია.

გადაადგილება დღემდე ძალიან რთულია. ყველა სიახლეს პოზიტიურად ვხვდები. თქვენ წარმოიდგინეთ, ადაპტირებული ავტობუსების მძღოლების ტრენერიც კი ვარ, რადგან მათ ხშირად არ იციან, როგორ მოიქცნენ. რამდენჯერ ყოფილა, მძღოლს ტრანსპორტი ბორდიურთან ბოლომდე არ მოუყენებია, რაც ჩემთვის სერიოზული ბარიერია. ერთ-ერთი მძღოლი მეუბნება: „მე დაგეხმარებით, მე აგიყვანთო“. შეიძლება, უხეშად გამომივიდა, მაგრამ ვუთხარი: ბატონო, მე აყვანა არ მჭირდება; თქვენ ჩაჯექით ავტობუსში, ბორდიურთან მოაახლოვეთ ტრანსპორტი და მე თავად ამოვალ-მეთქი.

ეს ჩემი მხრიდან პრინციპულობა კი არ არის, უბრალოდ, თამამი ვარ და კომპლექსები არ მაწუხებს. თუმცა უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვინც დეპრესიაშია და მსგავსი წინააღმდეგობების გამო გარეთ საერთოდ არ გამოდის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადაპტირებული ტრანსპორტის სწორად გამოყენება. ერთმა მძღოლმა მითხრა, რა უმადურობაა, ხომ გითხარი, დაგეხმარები-მეთქი. ვუპასუხე: ბატონო, როდესაც თქვენი ტრანსპორტით მომემსახურებით, აუცილებლად გეტყვით მადლობას, ეს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, სადაც ასვლის თანაბარი უფლება გვაქვს-მეთქი. ამიტომ იქ დახმარება კი არა, სწორად მოქმედებაა საჭირო, რომ ბარიერი არავის შეექმნას.

ძალიან ბევრი მსგავსი პრობლემა გვხვდება, დასაქმებაზე აღარაფერს ვამბობ. ბევრი რამ იცვლება უკეთესობისკენ, თუმცა ძალიან ნელა. საზოგადოების მხრიდან სიბრალულით გამოხედვა ჯერ კიდევ აქტუალურია. იცით, როგორი „სასტიკი“ კომპლიმენტი მიმიღია? ერთმა მამაკაცმა მითხრა: „რა ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით და ვინ დაგწყევლათო?!“

მიუხედავად ამ პრობლემებისა, არასდროს ვწუწუნებ. პირიქით, სხვები მოდიან ჩემთან გულის გადასაშლელად და რჩევებს იღებენ. ხშირად ვეტყვი ხოლმე: ჩემთან ამას როგორ ამბობთ-მეთქი და მერე მეთანხმებიან, მართლა რაზე ვწუწუნებთო. ადამიანები ისეთ რამეებს აქცევენ ტრაგედიად, რაც ნამდვილად არ არის სამყაროს დასასრული.

ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ეს მდგომარეობა მძიმე ტვირთი არ არის – რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ოჯახი გვერდით მიდგას. გულწრფელად რომ გითხრათ, მიყვარს, როცა ლამაზად გამოვიყურები, მინდა, ყოველთვის ფორმაში ვიყო და ვცდილობ, ქალური ხიბლი არ დავკარგო. ამ ყველაფრის მიღმა დედა დგას. ეს მარტივი არ არის, თუმცა ჩემი ერთადერთი დაც გვერდით მიდგას და მაქსიმალურად ვცდილობთ, აქტიურები ვიყოთ.

ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. იყო მომენტი, როცა საზღვარგარეთ წასვლა შემეძლო. ჩემი დიაგნოზით, კუნთოვანი დისტროფიით, საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა – უმეტესობა წავიდა, ბევრიც გარდაიცვალა, რადგან მუდმივი რეაბილიტაცია გვჭირდება. სწორედ ამან ამაღელვა და მთელი გულითა და მონდომებით ვიდექი დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების გვერდით. მედიცინა წინ მიდის, მწვერვალებს იპყრობს და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. მე 50 წლის ვარ და დღესაც მჯერა, რომ ხვალ ფეხზე წამოვდგები. რწმენა არასდროს დამიკარგავს. შემართება და ბრძოლისუნარიანობა რთულ დღეებს არ გამორიცხავს, მაგრამ საკუთარ თავს ვებრძოდი. რომ ჩავკეტილიყავი და ბარიერები არ გადამელახა, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავაზარალებდი. ამას ყოველდღე ვუმეორებ ჩემს თავს: არავინ მოვა შენს გადასარჩენად, თუ თვითონ არ იბრძოლე. ეს ბრძოლა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მიმდინარეობს. შენ უნდა დაანახვო საკუთარი ძალა და შესაძლებლობები საზოგადოებას, თორემ შენთან თვითონ არავინ მოვა.

23 წლის ვიყავი, ექიმთან კონსულტაციაზე რომ მივედი. მაშინ ეტლში არ ვიჯექი. კლინიკასთან ჩავიკეცე და ეტლი გამოიყვანეს. მის დანახვაზე ისტერიკაში ჩავვარდი. მამამ 23 წლის გოგო ხელში ამიყვანა და ასე მიმიყვანა ექიმთან, ეტლი კი გააყვანინა. ექიმმა მითხრა: შენ კიდევ კარგად ხარ, გაგიმართლა, შენი დიაგნოზის მქონე ადამიანები 30 წლამდე ცოცხლობენო. ჩემი მშობლების მდგომარეობა წარმოგიდგენიათ?!

მე მაშინ უფრო გავძლიერდი. იმ მომენტში ისტერიკული სიცილი დავიწყე და მშობლებს ვუთხარი: არ ინერვიულოთ, ძალიან დიდხანს ვიცოცხლებ-მეთქი. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, რომ ეტლში დავჯდებოდი და მას ჩემს ტრანსპორტად ვაქცევდი. სიამაყის ცრემლებს, რომლებიც საზოგადოების გამოხედვით იყო გამოწვეული, უკან ვაბრუნებდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი