საზოგადოება

რა სიზმარი აუხდა აკაკი ხორავას და რატომ არ დაკრძალეს მეუღლე მის გვერდით

№37

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

აკაკი ხორავა
დაკოპირებულია

აკაკი ხორავა – ადამიანი, რომელიც დიდთანაც და პატარასთანაც თავმდაბალი, უბრალო, ხალისიანი, მქუხარე, ახალგაზრდების გულშემატკივარი და უდიდესი არტისტი იყო. მას მრავალი მეგობარი ჰყავდა: საფრანგეთში – პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე, გერმანიაში – ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი. უამრავი მეგობარი – ალბანეთსა და რუსეთში. აკაკი ხორავას ოჯახურ გარემოში ნახავდით პიკასოსა და ფერნან ლეჟეს ნამუშევრებს, რომლებიც თავად ავტორებმა აჩუქეს.

ერთხელ, ხორავა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა, ჟერარ ფილიპმა ჰკითხა: „ბატონო ხორავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ, რა არის საჭირო, რომ თქვენ ქვეყანაში დეპუტატი გახდე?“ ხორავამ გაიღიმა და უპასუხა: „აი, მაგალითად, ისეთი მსახიობი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს დეპუტატი“. მეორე დღეს პარიზის გაზეთებში მთელ გვერდზე დიაგონალით, ტექსტის ზევით დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი: „აკაკი ხორავამ ჟერარ ფილიპს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა შესთავაზა!“

მშვიდობით, პირველო არტისტო!

1954 წელს ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა. კინოვარსკვლავები რაჯ კაპური და ნარგიზი „ოტელოს“ სანახავად რუსთაველის თეატრს ეწვივნენ, რაც აუწერელ სენსაციად იქცა. სპექტაკლს კინოფირზე იღებდნენ. რაჯ კაპური და ნარგიზი აცრემლებულები, ისე ეხვეოდნენ მსახიობებს, რომ ხორავას შავმა გრიმმა ისინი მავრებს დაამსგავსა.

მოსკოვში მეოცე საუკუნის აღიარებული მსახიობი ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. ხორავასა და მის თანმხლებთ – გიგა ლორთქიფანიძესა და ნათელა ურუშაძეს ბილეთები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ, გზას ფეხით გაუდგნენ. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი: Хорава! Хорава! Хорава идет! უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო. საღამოს შემდეგ კაჩალოვმა თქვა: „შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა… ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს“.

როცა აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა ასე დასრულდა: „მშვიდობით, ანზორ! მშვიდობით, ოძელაშვილო! მშვიდობით, კარლ მოორ! მშვიდობით, დიდო ხელმწიფევ! მშვიდობით, ოიდიპოს! მშვიდობით, გმირო ოტელო! მშვიდობით პირველო არტისტო!“

თბილისი ფეხზე დადგა

„აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძესა და სანდრო ახმეტელს არა მარტო თეატრი აკავშირებდათ, არამედ, რაღაც მისტიკით, პირად ცხოვრებაშიც ერთი ბედი გაიზიარეს, სამივე მათგანს ვაჟი დაეღუპა. თუმცა, როცა ახმეტელის ვაჟს ტრაგედია შეემთხვა, სანდრო უკვე დახვრეტილი იყო, – ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გუბაზ მეგრელიძე და დიდი მსახიობის, ხორავას პირადი ტრაგედიის შესახებ გვესაუბრება: აკაკი ხორავაზე ამბობდნენ, გარდაცვლილი შვილი სახლში ესვენა, თვითონ კი საღამოს თეატრში მივიდა და სპექტაკლში ითამაშაო. ხალხში გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე აკაკი ხორავას შვილობილი, მეუღლის – ნინა ალექსი-მესხიშვილის – ძმისშვილი, ლალი ალექსი-მესხიშვილი კითხვას სვამდა: ვინმეს სამი წლის ბავშვი რომ გარდაეცვალოს, მეორე დღეს ის სამუშაოზე წავა? შვილის გარდაცვალების შემდეგ აკაკი ხორავა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მას სპექტაკლში თამაშის თავი არ ჰქონდა. ეს მოხდა 1930 წელს, აკაკი ხორავას ბავშვი – პატარა თემური, მაშინ 3 წლის იყო. რასაც ახლა გიამბობთ, ესეც ლალი მესხიშვილისგან ვიცი. რამდენიმე თვით ადრე აკაკი ხორავას სიზმარი უნახავს, მეუღლისთვის უთქვამს: ნინა, მარმარილოს კოლონებიანი დარბაზიდან ბნელ სარდაფში ჩავდიოდი, გულზე დიდი ტკივილი მქონდაო. გავიდა რამდენიმე თვე, პატარა თემური აგარაკზე წაიყვანეს. ორიოდ კვირაში ცუდად გახდა, ჩამოიყვანეს საავადმყოფოში. ბრმანაწლავი ჰქონდა გახეთქილი, სისხლი მოწამლული. დაეხვივნენ ექიმები. დედის მხრიდან ეს ბავშვი ცნობილი ექიმის, სარდიონ-ალექსი მესხიშვილის შთამომავალი იყო. მთელი თბილისი ფეხზე დადგა, იბრძოდნენ ამ ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად, მათ შორის იყო ხორავას მეგობარი სანდრო ახმეტელიც. თან ახმეტელი ამ ბავშვის ნათლიაც იყო. თავის მოგონებებში ხორავა წერდა, ახმეტელი მთავრობაში წავიდა და მომაკვდავი ბავშვისათვის წამალი მომიტანაო.

უდიდესი ტრაგედია

ვერ უშველეს. ეს საავადმყოფო დღევანდელ მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობდა. თურმე, ხორავას მეუღლე – ნინა სარდიონოვნა (ასე ეძახდნენ) სახლში წამოსულა ბავშვისთვის საცვლების წასაღებად. თემური ამ დროს გარდაიცვალა, მამის ხელში. ჯერ კიდევ თბილი, ახალგარდაცვლილი პატარა ბავშვის სხეული ხორავამ გულზე მიიკრა და სახლში წაიყვანა. როცა კარი გააღო, მეუღლეს დაუძახა: ნინა, ია ტამ ბილ. ნინა სარდიონოვნამ მეუღლე და გულზე მიკრული ბავშვი რომ დაინახა, დაიბნა, რას წარმოიდგენდა, რომ მის ქმარს ხელში გარდაცვლილი ბავშვი ჰყავდა. გდე ბილ? ჰკითხა ნინამ. ხორავამ სიზმარი გაახსენა, კოლონებიანი დარბაზიდან ბნელ სარდაფში რომ ჩავდიოდი, ის სარდაფი საავადმყოფოს მორგი აღმოჩნდა, საიდანაც ჩვენი შვილი წამოვიყვანეო. პატარა თემური ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხორავა ყოველდღე სასაფლაოზე დადიოდა, ამ ცხოვრებისაკენ ის ახმეტელმა მოაბრუნა. ამბობენ, რომ ხორავა შვილზე ლაპარაკს გაურბოდა, მაგრამ მამობრივი სიყვარული ცოლის ნათესავებს გაუნაწილა: ლალი ალექსი-მესხიშვილს, ნიკო და ლალი ბაქრაძეებს. როდესაც ხორავა გარდაიცვალა, ქალბატონმა ლალიმ, საწოლის გვერდით, ტუმბოს უჯრაში პატარა თემურის სათამაშო იპოვა. დიდი მსახიობი ნუგეშს თავისი შვილის სათამაშოში პოულობდა. ალბათ, ამიტომაც იყო, ხორავამ ასე შთამბეჭდავად რომ ითამაშა შვილმოკლული მამის როლი კინოსურათში „გიორგი სააკაძე“ და ივანე მრისხანე – „დიდ ხელმწიფეში“. პატარა თემურის გვერდით დაკრძალულია მისი დედა – ხორავას მეუღლე, ნინო სარდიონის ასული ალექსი-მესხიშვილი. როცა გარდაიცვალა, მოსაზრება იყო, რომ მეუღლის გვერდით მთაწმინდაზე დაეკრძალათ, მაგრამ მას დაბარებული ჰქონდა, რომ სამუდამო განსასვენებელი შვილის გვერდით ჰქონოდა.“

ხორავას გულისთვის

აკაკი ხორავას გამორჩეული ამბავი მის 70 წლის იუბილეს უკავშირდება. 1965 წელს მთელი საქართველო მსახიობის 70 წლის იუბილეს ზეიმობდა. ერთ-ერთი დიდი ღონისძიება ფოთში უნდა ჩატარებულიყო. მასში რუსთაველის თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ. ისინი თვითმფრინავით უნდა ჩასულიყვნენ ქუთაისამდე და შემდეგ კი – მანქანით ფოთამდე. თვითმფრინავში 3 ადგილი აღმოჩნდა თავისუფალი, მსახიობი კი 4 იყო. მფრინავმა კატეგორიული უარი განაცხადა, ბორტზე ერთი კაცით მეტი აეყვანა. საქმეში თბილისის აეროპორტის დირექტორის მოადგილე ჩაერთო. ის თვითმფრინავში ავიდა და მგზავრებს სთხოვა საგანგებო მდგომარეობის გამო, ვინმეს კუთვნილი ადგილი დაეთმო, მას შემდეგი რეისით ქუთაისში აუცილებლად გადააფრენდნენ… მგზავრებში ჩოჩქოლი ატყდა… ამ დროს ფეხზე წამოდგა ლამაზი და ახოვანი ვაჟკაცი და დაიძახა: „ბატონი აკაკი ხორავას გულისთვის, სკამს კი არა სულს დავთმობ!“, ჩანთას ხელი დაავლო და თვითმფრინავი დატოვა. როდესაც მსახიობებს გვერდით ჩაუარა, მადლობაც არ ათქმევინა, ხელი აუწია და ომახიანად შესძახა – „დღეგრძელობა აკაკი ხორავას!“

სკანდალი

მსახიობი აკაკი ხორავა და რეჟისორი სანდრო ახმეტელი უახლოესი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მეტიც – ახმეტელი ხორავას მეჯვარე იყო. ამიტომ ჭირში თუ ლხინში ერთმანეთს გვერდში ედგნენ.

ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ხორავას და ახმეტელს ურთიერთობა მაინც დაეძაბათ. ბაქოში გასტროლის დროს აკაკი ხორავამ, სომეხ მეგობართან ერთად, რამდენიმე ჭიქა კონიაკი დალია. მისი პარტნიორი სპექტაკლ „ლამარაში“ ახმეტელის მეუღლე, მსახიობი თამარ წულუკიძე იყო. მან სცენაზე ალკოჰოლის სუნი იგრძნო და მეუღლეს უთხრა. ამის გამო ახმეტელმა ხორავა დასიდან გაუშვა, მაგრამ ნახევარ წელიწადში უკან დაბრუნებას დაჰპირდა. ეს შემთხვევა ახმეტელის წინააღმდეგ გამოიყენეს და რეჟისორი თეატრიდან დაითხოვეს…

აკაკი ხორავა კი წერს: „ვცხოვრობდით სასტუმროში. იქვე ვსაუზმობდით და ვსადილობდით. ერთ დილას ჩაის დასალევად სასტუმროს რესტორანში შევედი. იქ ყოველდღიურად იჯდა ხოლმე ცნობილი სომეხი მსახიობი აბელიანი. იგი ხშირად ესწრებოდა ჩვენს წარმოდგენებს და კმაყოფილებაც ეტყობოდა. რომ დამინახა, თავის მაგიდასთან მიმიწვია. მეც უარი ვერ ვუთხარი – მაინტერესებდა ამ დიდი მსახიობის გაცნობა და მასთან გასაუბრება. შევყევით საუბარს და თანაც, პატარ-პატარა სასმისებით კონიაკს ვსვამდით. ლაპარაკი საინტერესოდ გაიმართა. ყვებოდა თავის ახალგაზრდობაზე, იგონებდა ქართველ, სომეხ და უცხო ქვეყნების მსახიობებს, საუბრობდა ამა თუ იმ როლის შესრულებაზე. ამ საუბარს ისე შევყევი, რომ ვერც კი შევნიშნე, კონიაკი როგორ მომეკიდა. მალე სადილობის დროც მოვიდა. იმ საღამოს იჩოს ვთამაშობდი. გამოვემშვიდობე. ვატყობ, მთვრალი ვარ. ყველამ იცოდა, რომ შექმნილი ვითარების გამო თეატრში მთვრალი მისვლა ჩემსა და ახმეტელს შორის დიდ სკანდალს გამოიწვევდა“. ამ სიტყვებში ის უკვე დაძაბულ პირად ურთიერთობებს გულისხმობს. შესაძლოა, მას სხვა მოტივიც აქვს მხედველობაში, მაგრამ უდავოა, რომ ვითარების გამწვავებამ პირველივე შესაძლებლობისთანავე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. შემდეგ განაგრძობს: „წარმოდგენის დაწყებამდე დიდი დრო იყო. პირი დავიბანე, სიმთვრალე რომ გამსვლოდა, მთელი ერთი საათი ქალაქში დავდიოდი. ერთი საათი წაძინებაც მოვასწარი და თეატრში თავის დროზე სრულიად ფხიზელი გამოვცხადდი. რასაკვირველია, ახმეტელი დაარწმუნეს, რომ მთვრალი მივედი… წარმოდგენა ჩვეულებრივად ჩატარდა. მე სრულიად ფხიზელი, ისევე მსუბუქად დავდიოდი სცენაზე და ხელზე წამოწოლილს ვატარებდი ლამარას ძალზე დაქანებულ დეკორაციაზე“.

ვფიქრობთ, ახმეტელის ასეთი მკაცრი და პრინციპული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. 1. თავის დროზე, როდესაც ახმეტელს მეუღლედ თამარ წულუკიძე მოჰყავდა, დასში წინააღმდეგი გამოვიდა ხორავა და თქვა, რომ ეს ქალი კოლექტივში განხეთქილებას შეიტანსო! 2. ახმეტელი ძალიან იყო განაწყენებული, როდესაც თეატრი საგასტროლოდ საზღვარგარეთ არ გაუშვეს და სეზონის გახსნაც ამ მიზეზით დაგვიანდა. 3. თეატრის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახმეტელის ხელისუფლებასთან დაპირისპირება. 4. საპირველმაისო დემონსტრაციის შემდეგ, ვლ. ჯიქიას ბინის აივნიდან ლ. ბერიასთვის შეგინება. 5. თეატრში არსებული შიდა დაპირისპირებები და აკაკი ხორავასთან (როგორც თავად აღნიშნავს) უთანხმოება. ყოველივე ამან თეატრში მძაფრი ატმოსფერო შექმნა და ბაქოს ინციდენტად ამოხეთქა.

ბერიას კაბინეტში

წინა საიუბილეო დღეებში თეატრში გამართულ კრებაზე სანდრო ახმეტელმა მწვავედ გააკრიტიკა ლავრენტი ბერია და მთავრობა იმის გამო, რომ ჯილდოს სახით მსახიობებს გამოუყვეს მხოლოდ ორკვირიანი შვებულების თანხა. თვითონ კი იმედი ჰქონდა და დასსაც ჰპირდებოდა ერთი თვის პრემიას. ამის გამო სანდრო ახმეტელმა განაცხადა: „ამ ფულს უკან მივუგდებ. ჩვენ მათხოვრები არ ვართ და მოწყალებას არ ვთხოულობთ“. კოლექტივსაც მოუწოდა, ფული არ აეღოთ. ამ აზრს სხვებიც ეთანხმებოდნენ. გამოითქვა მოსაზრება, რომ მთავრობის მიერ ასეთი შეფასების გამო მუშაობისთვის თავი დაენებებინათ. საწინააღმდეგო მოსაზრება აკაკი ხორავამ გამოხატა. მისი თქმით, მთავრობა თეატრს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და იუბილეს წინ მათ არ ჰქონდათ უფლება, პირადი ინტერესები საზოგადოებრივ ვალდებულებებზე მაღლა დაეყენებინათ. მუშაობა კი ისევ დაძაბულად უნდა განეგრძოთ. ამის შემდეგ კრება დაიხურა. მეორე დღეს საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის – ლავრენტი ბერიას კაბინეტში კრების მონაწილეები გამოიძახეს. შეხვედრას საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე – გერმანე მგალობლიშვილიც ესწრებოდა. ლავრენტი ბერიამ თქვა, რომ ქვეყანა დიდი ეკონომიკური ამოცანების წინაშე იდგა და ხელისუფლებას მეტი ფული არ ჰქონდა. თანაც დასძინა: მდიდრები ვიქნებით – უკეთ დაგასაჩუქრებთ. ჩვენ გვეგონა, რომ მოკრძალებული საჩუქარი მუშაობისთვის კიდევ უფრო გაგამხნევებდათ. სანამ მუშაობთ, აკეთეთ ის, რაც თეატრისგან ჩვენ გვინდა. ყველა ჩუმად იყო. მხოლოდ აკაკი ხორავამ აღნიშნა, რომ თეატრიდან წასვლა საპრემიერო თანხის სიმცირით კი არა, მსახიობთა მატერიალური მდგომარეობით იყო განპირობებული. ამაზე ბერია ახმეტელს მიუბრუნდა – ეს ჩემთვის სიახლეა. როცა თეატრის საქმეებზე გეკითხებოდით, კოლექტივის გაჭირვებაზე არასდროს გითქვამს. ყოველთვის ამბობდი – კარგად ვცხოვრობთო. სანდრო ახმეტელი კი დასს ეუბნებოდა – მთავრობაში ჩვენს გასაჭირზე ყოველთვის ვამბობ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი