როგორ ცდილობს ზვიად მიქაძე ნახატებში ადამიანების მეტამორფოზის გადმოცემას და რატომ აკვირდება ის მათი ფერფლიდან აღდგენის პროცესს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 00:30
ზვიად მიქაძის ნამუშევრები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მისი ნამუშევრების ფსიქოლოგიური შრეები სხვადასხვა ადამიანის მიერ შესაძლოა, სხვადასხვანაირად იქნას აღქმული, რაც მას განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს.
– ბატონო ზვიად, რა ასაკიდან დაინტერესდით მხატვრობით, არის თუ არა ეს გენეტიკური ნიჭი და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
– ბავშვობიდან ვხატავ. ექვსი წლიდან მოყოლებული, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჯერ ქუთაისში ვსწავლობდი სამხატვრო სკოლასა და ხელოვნების ლიცეუმში, შემდეგ კი თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და სამხატვრო აკადემიაში განვაგრძე სწავლა.
რაც შეეხება გენეტიკას, დედაჩემის მამა ხატავდა. მართალია, პროფესიონალურ დონეზე არა, მოყვარული იყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს გენეტიკური ნიჭია.
– რა ასაკში გადაწყვიტეთ, რომ ხატვა არ იყო უბრალო გატაცება და ის პროფესიად უნდა აგერჩიათ?
– სკოლის დამთავრების შემდეგ უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს. მაშინ, როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, დიდი ხანი არ მიფიქრია, მაშინვე გადავწყვიტე, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. მინდოდა, ხატვის ტექნიკა დამეხვეწა, საფუძვლები შემესწავლა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მანამდე უფრო სამოყვარულო დონეზე ვხატავდი.
– მანამ, სანამ ხატვას პროფესიად აირჩევდით, რისი ხატვა გიყვარდათ?
– საწყის ეტაპზე, უფრო ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ვხატავდი. ტექნიკას ვხვეწდი. მერე ადამიანის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა დავიწყე, რადგან ამ თემამ განსაკუთრებით დამაინტერესა.
საერთოდ ხატვას ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა. ძირითადად, ღამე ვხატავდი ხოლმე, სიმშვიდეში. მოგეხსენებათ, 90-იანი წლები, არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ფინანსური გასაჭირი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ხატვისთვის საჭირო დროს ყოველთვის გამოვნახავდი ხოლმე. როგორც გითხარით, ძირითადად, ღამის სიმშვიდე და სიმყუდროვე მიქმნიდა შესაბამის გარემოს. დავჯდებოდი და დილამდე ვხატავდი. მხოლოდ ბავშვობაში არა, პრინციპში ახლაც ასე ვარ – ღამის სიმშვიდეში უფრო მოდის მუზა. ასეთ დროს განსაკუთრებული განწყობა მეუფლება, რადგან ღამე მისტიკურ გარემოს ქმნის და ეს ხელოვანისთვის კარგი წინაპირობაა. თან ფონად კლასიკური მუსიკა უნდა იყოს ჩართული ან შეიძლება აუდიოწიგნს ვუსმენდე ჩემთვის საინტერესო თემაზე.
– ეს პროცესი რეალობას სცდება?
– ხატვის პროცესში ნახევრად მისტიკურ სამყაროში გადავდივარ, მაგრამ ვცდილობ, რეალობას არ მოვწყდე და ჩემი ფიქრების ადეკვატური ნახატი შევქმნა. ზოგჯერ „გაქცევებიც“ მაქვს, თითქოს, გავდივარ რეალობიდან, მაგრამ ძირითადად, ვახერხებ, რომ აქ და ახლა ვიყო.
– ადამიანის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორ გახდა თქვენი შემოქმედებისთვის საინტერესო?
– გადავწყვიტე, რომ ჩემი ნახატი არ ყოფილიყო კედლის დეკორაცია. მინდოდა, ნამუშევრისთვის ემოციურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა მიმეცა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მეტამორფოზის პროცესი – ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის ფარული დიალოგები. ბოლო წლებში, ძირითადად, ამ თემებზე ვმუშაობ. არ მინდა, დამთვალიერებელმა ჩემს ნამუშევარს ჩაუაროს და თქვას, რა ლამაზი ნახატი და რა კარგი შესრულებააო. მინდა, ის დავაფიქრო. არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ მე ამას ვცდილობ.
– ვფიქრობ, ეს უბრალო გადაწყვეტილება არ არის, ალბათ, ადამიანში რაღაც უნდა მოხდეს, რომ ამ სურვილმა აამოძრაოს. თქვენს შემთხვევაში რამ განაპირობა?
– ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი, ეს პირადული თემაა და ჩემთვის დავიტოვებ, თუმცა გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, სხვადასხვა ლიტერატურის კითხვისას, იქნება ეს ფილოსოფია თუ მხატვრული ტექსტები, მოტივაცია მეძლევა. მოტივაციაა ჩემი განვლილი ცხოვრებაც, ვინაიდან მოყოლებული 90-იანი წლებიდან დღემდე ადამიანებში არაერთხელ ვიხილე მეტამორფოზის პროცესი. ბევრი მინახავს ფერფლიდან აღმდგარი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორ გადმოდის ადამიანი სიბნელიდან სინათლეში, რა სულიერ ცვლილებებს განიცდის ის. ვცდილობ, ეს ყველაფერი ტილოზე გადმოვცე. ასევე, ვცდილობ, ტილოზე გადმოვცე ადამიანური კომპლექსები, რომელსაც ადამიანები ხშირად მალავენ. საერთო ჯამში, ადამიანი რომ ჩემს ნახატს შეხედავს, მინდა, რაღაც იგრძნოს, საკუთარ თავთან დააკავშიროს. იფიქროს, რომ ეს იმის ვიზუალური გამოხატულებაა, რაც თავადაც განუცდია.
– ხშირად არის განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსი ჩადო შემოქმედმა ნამუშევარში და რას კითხულობენ მნახველები. თქვენი მიზანი რა არის – გინდათ თქვენი კონკრეტული მესიჯი წაიკითხონ თუ ცდილობთ ფანტაზია გაუღვივოთ ადამიანებს?
– კონკრეტული სათაური ჩემს არცერთ ნახატს არ აქვს. მნახველების მიმართ ინტელექტუალურ პატივისცემას გამოვხატავ. მე კონკრეტულ მიმართულებას არ ვაძლევ, არ ვამბობ, რომ მასში ესა და ეს აზრი დევს.
მაგალითად, ერთ-ერთი ნახატი, რომელზეც თოჯინის წინ მდგომი კაცია გამოსახული, სახელწოდებით „დუმილის სიმძიმე“, ბევრ თემას აერთიანებს: იქნება ეს დაკარგული ბავშვობის თემა, კომპლექსები, პედოფილია, ტრანსგენდერის თემა... მე არ მინდა ჩემი ვერსია მოვახვიო თავს ვინმეს, მინდა, შინ ყველა თავის ვერსიით წავიდეს.
– როგორია ხოლმე შეფასებები, რა ემოციებს აღძრავს მნახველებში თქვენი ნამუშევრები?
– ძირითადად, მოსწონთ, თუმცა გარკვეული კითხვები უჩნდებათ და ამასთან დაკავშირებით ხშირად მწერენ. აინტერესებთ, რა აზრი ჩავდე ამა თუ იმ ნამუშევრში. ჩემი პასუხები ყოველთვის ზოგადია, ისევე როგორც ნახატების სათაურები. ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ მინდა, მაყურებელში აზროვნების აქტი შედგეს. ზოგადი სათაური, ასე თუ ისე, გარკვეულ მიმართულებას იძლევა, მაგრამ ყველა თავისებურად იგებს.
– შეკვეთებზეც მუშაობთ? ასევე, საინტერესოა, გაყიდვების მხრივ, როგორი სიტუაციაა საქართველოში?
– შეკვეთებზეც ვმუშაობდი, რომელთაც ძირითადად, უცხოეთიდან ვიღებდი. ახლა გაყიდვებზე ვარ ორიენტირებული. უცხოური საიტი მქონდა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გამიუქმდა და ახლა ვცდილობ, უცხოურ ბაზარზე ხელმეორედ გავიდე. საქართველოში გაყიდვები შედარებით პრობლემურია, რადგან ხალხს იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს, თითქოს შემოქმედებისთვის ნაკლებად სცალია. ეს მიმართულება ნელ-ნელა ვითარდება.
– როგორია თქვენი ცხოვრება ხელოვნების მიღმა, ოჯახი თუ გაქვთ?
– დიახ, მყავს მეუღლე და ქალიშვილი. ჩემი შვილიც ხატავს, ასევე, წერს – შემოქმედებითი ადამიანია. მას ინდივიდუალური სტილი აქვს. არ მინდა, გავლენა მოვახდინო, შესაბამისად, არ ვერევი. რაც შეეხება ცხოვრებას, ძირითადად, მხატვრობასა და ახლობლებთან ურთიერთობას ვუთმობ დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





