მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ქართველი ქალი, რომელმაც სამეგრელოს ბედი საკუთარ მხრებზე იტვირთა
ავტორი: ეკატერინე პატარაია 12:00
„ეკატერინე ჭავჭავაძე ისტორიაში სადავო ფიგურაა. ჩვენ ხომ ყველაფერზე დავა გვიყვარს და ამ პიროვნებაზეც ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე გამსახურდია მას ისეთ გამორჩეულ დედოფლებს ადარებს, როგორებიც თამარ მეფე და ქეთევან წამებულია, მაგრამ მე ერთ მაგალითს მოვიყვან და ამით მიხვდებით მთავარ სათქმელს. შესაძლოა, ეკატერინე ჭავჭავაძეს ბევრი დადებითი ჰქონდა, ბევრი უარყოფითი ისევე, როგორც ყოველ ჩვენთაგანს (არავინაა იდეალური), მაგრამ ეს იყო ქალი, უფრო მეტი დადებითით. 1855 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე დაუპირისპირდა ოსმალეთის იმპერიის მთავარსარდალს, ომორ-ფაშას, რომელსაც გენერალისიმუსის ტიტული ჰქონდა. სამეგრელოში შემოვიდა და ზუგდიდი დაიკავა. შემდეგ კი გაიქცა, ისევე როგორც რუსული სამხედრო ნაწილები. უნდა აღვნიშნო, რომ მას თან მოჰყვებოდა ჟურნალ „თაიმსისა“ და სხვა გამოცემების ჟურნალისტები, ესე იგი, ისინი თურქეთის მხარეს იყვნენ. ლონდონში აგზავნიან კორესპონდენციებს, რა ნახეს ზუგდიდში, რა ნახეს ხობში... როდესაც მე ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მათი ეს კორესპონდენციები იქ ვნახე. აწერია – From Zugdidi... from Kchobi... და რას წერენ იცით? რომ დადიანების სასახლეში ჩვენ რა ავეჯიც ვნახეთ, რა ფუფუნების საგნებიც ვნახეთ და როგორი ყოფა-ცხოვრებაც ვნახეთ, ასეთი ნანახი გვაქვს ვერსალსა და ლუვრშიო. მოკლედ, დავუბრუნდები მთავარს. ეს თურქი გენერალი შემოვიდა და დაიკავა სამეგრელო. აი, ეს თითქოს ნაზი, თითქოს ფუფუნებაში აღზრდილი ქალი, თან, ამ დროს სატრფიალო ლექსებს რომ უწერს („ჰოი, საყურეო, გრძნებით ამრევო, ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს“...) ნიკოლოზ ბარათაშვილი, წინანდლის ვარდს უწოდებს ორბელიანი და ასე შემდეგ, ცხენზე შეჯდა, თავის მეგრულ ცხენოსანთა მილიციას წინ წარუძღვა და ეს თურქი გენერალმსიმუსი „წელში გადატეხა“. უკან მოუხედავად გააქცია, კუდით ქვა ასროლინა, ისე გააძევა სამეგრელოდან. ბევრი დედოფალი არ ახსოვს ისტორიას, რომელიც ასე, ცხენზე შეჯდება და თავის ხალხთან ერთად სანგრებში, კარვებში ღამეს გაათენებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაათავისუფლოს თავდამსხმელებისგან. აი, ამ თვალსაზრისით ამ ქალმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. მე ამას ძალიან ვაფასებ. გიორგი ერისთავის ასეთი მოგონება არსებობს, თუ სწორად მახსოვს, როდესაც ეკატერინე „ცარსკოე სელოში“ იყო, მას ჩააკითხა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძემ. ეკატერინე სასტუმრო ოთახიდან გავიდა, კარადიდან გამოიღო რვეული და ილიას წააკითხა. ამ რვეულში იყო ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, მათ შორის პოემა „ბედი ქართლისა“. ეს ლექსები რომ წაიკითხა, მთელი ღამე არ დაუძინა ილია ჭავჭავაძეს. ეკატერინე ჭავჭავაძე რომ არ ყოფილიყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩვენ არ გვეცოდინებოდა. საქართველოს მან შეუნარჩუნა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ამ ქალის ავ-კარგიანობა, ალბათ, არსებობს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი გადმოცემა მასზე, რაც ვფიქრობ, ღირშესანიშნავია. 1856 წელს ლონდონში გამომავალი ჟურნალი „თაიმსი“ მას სილამაზით განთქმულ დედოფალს უწოდებდა. „წინანდლის ვარდო“, – ასე მიმართა გრიგოლ ორბელიანმა იმ გოგონას, რომელიც უცხოს თუ შინაუარს არა მარტო მომხიბვლელი სილამაზით, არამედ მაღალი კულტურით, ნაკითხობით და განათლებით აცვიფრებდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის შუათანა ქალიშვილი – ეკატერინე, ბავშვობიდან ეზიარა ევროპულ კულტურასა და განათლებას, საოცრად კარგად ხატავდა და წერდა ლექსებს, თუმცა ადრეული ასაკიდანვე ის თავად გახდა საქართველოს პოეტების მუზა. როგორც უკვე აღვნიშნე, მას ეტრფოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ტატო მასზედ ორი წლით უმცროსი ყოფილა. ჭავჭავაძის ასული ცნობისმოყვარე, ნაკითხ-ჩაფიქრებულ გიმნაზიელთან მეგობრობდა. თანაუგრძნობდა კიდეც გულჩათხრობილ ჭაბუკს, თუმცა არჩევანი სულ სხვაზე შეაჩერა. 1839 წლის 18 მაისს ეკატერინე სამეგრელოს მთავრის ვაჟზე, დავით დადიანზე დაქორწინდა. გადედოფლების შემდეგ, მეუღლესთან ერთად, სამეგრელოს სამთავროს ძველი სისტემის რეფორმირებას შეუდგა. სწორედ ეკატერინე დედოფლის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური შედევრია დადიანების სასახლე. ეკატერინემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკა უანდერძა. დედის სურვილი უფლისწულმა ნიკომ აღასრულა. სამეგრელოში ცხოვრების პერიოდში ეკატერინემ ზუგდიდში ავსტრიიდან არტურ და ბერტა ფონ ზუტნერების ოჯახი შეიფარა. ბერტა ფონ ზუტნერმა საკუთარი თავი სამწერლო ასპარეზზე კავკასიაში გამოსცადა. სწორედ ამ გამოცდილების წყალობით ბერტა მსოფლიოში პირველი ქალი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების საქმეში მიიღო. ეკატერინე ჭავჭავაძე 1882 წელს, 66 წლის ასაკში, გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა. საქართელოს სამთავროს სახლის უკანასკნელი დედოფალი მარტვილის უძველესი მონასტრის მიწას მიაბარეს“. – გვიამბობს ისტორიკოსი გიორგი კალანდია.
***
1909 წელს 66 წლის ბერტა ფონ ზუტნერი გამოსცემს მოგონებების წიგნს და ქართულ არისტოკრატიაზე დაწერს: „ორბელიანების, წერეთლების, გრუზინსკების, დადიანების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეების გვარები ისევე ამაყად ჟღერენ იქ, საქართველოში, როგორც მონმორასების, მანჩესტერების, ბორგეზების, ლიხტენშტეინებისა და სხვათა გვარები ჩვენში“.
მოდი, სულ შორიდან დავიწყოთ ეკატერინე ჭავჭავაძისა და პირველი ნობელისტი ქალის გაცნობისა და ურთიერთობის ისტორია. ჯერ კიდევ გასათხოვარმა, სრულიად ახალგაზრდა ბერტამ 1864 წელს ჰამბურგში, გერმანიის სამკურნალო წყლებზე, ჰერ ფონ კენიგსვარტერის მეშვეობით გაიცნო ქართველი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე… ეკატერინე ჭავჭავაძე ბერტასთვის პირველი ქართველი იყო, ვისაც შეხვდა. შემდეგ კი დედოფალ ეკატერინეს გარემოცვაში, მისი ორი ვაჟისა და ქალიშვილის, სალომეს გარდა, ის ხანდახან ხედავდა კიდევ ორ ქართველ ბანოვანს. ერთ-ერთი კი ეკატერინე ჭავჭავაძეზე არანაკლებ სახელგანთქმული ქალბატონი, როგორც გრიგოლ ორბელიანი უწოდებდა, აღმოსავლეთის თვალი – მანანა ორბელიანი იყო, მეორე ბანოვანი კი – მანანას ქალიშვილი ტასო. ასეთი სტარტის შემდეგ გასაგებია, რატომაც ეტრფოდა ასე ქართველებს ავსტრიელი არისტოკრატი ბერტა გაცნობის დღიდან სიკვდილამდე. ზოგადი ტრფობაც რომ გვერდზე გადავდოთ, ბერტას ბიოგრაფიიდან ვერავინ ამოშლის იმ სიყვარულს, რაც მას ქართველ პრინცთან აკავშირებდა. ამაზე ქვემოთ… როგორც ბერტა თავის მემუარებში იხსენებს, მანანა ორბელიანი და ტასო ყოველთვის ლამაზ ქართულ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები. დედოფალი ეკატერინე კი ატარებდა vorty-ს ტუალეტებს და ატარებდა მათ „როგორც მართლა დიდი ქალბატონი, სრული „შიკით და ელეგანსით“. ბერტას გადმოცემით, დედოფალი ეკატერინე იყო დიდად ელეგანტური ბანოვანი. „...დაახლოებით 36-37 წლისა, ჯერ კიდევ წარმოსადეგად მშვენიერი, რომელიც ახალგაზრდობაში თვალისმომჭრელი სილამაზისა უნდა ყოფილიყო, ჭეშმარიტად ქართული ტიპის. ფრანგულად ლაპარაკობდა ისე, რომ ენაზე ჭავლი არ მოედებოდა, მაგრამ რუსულს – აქცენტით. თავის შვილებთან ის საუბრობდა უმთავრესად ქართულ ენაზედ“. ბერტა დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა – რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. „მრავალი წლის განმავლობაში მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ“. საცხოვრებლის შეცვლა ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად უწევდა. ზუგდიდის გარდა, იგი ხან ევროპაში ცხოვრობდა, ხან – პეტერბურგში, ხან – პარიზში. ზაფხულობით ჰამბურგის სამკურნალო წყლებზე ისვენებდა. ბერტას გადმოცემით, ეკატერინე ჭავჭავაძე ყოველ დილით 7 საათზე უკვე წყაროებზე იყო. „...შემდეგ ხშირად დაუვლიდა ხოლმე სათამაშო ოთახებს, მაგრამ არ თამაშობდა“. ბერტა თავის მემუარებში ერთ ასეთ სუპერ არისტოკრატიულ ვოიაჟსაც აღწერს კაზინოში. „ერთ ნაშუადღევს, კონცერტის დროს, ჩვენ ყველანი ვისხედით დედოფლისთვის ჩვეულ ადგილას. იმ დღეს ხმა დაირხა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე ჰამბურგში ჩამოვიდაო. მართლაც, უცებ დიდი მისვლა-მოსვლა შეიქმნა და ყოველი მხრიდან გაისმა ხმა – „იმპერატორი, იმპერატორი“. მალე ალექსანდრე მეორის მაღალი, ახოვანი ტანიც გამოჩნდა. დედოფალს რომ თვალი მოჰკრა, გამოემართა, დედოფალი წამოდგა, რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ წამდგარიყო, იმპერატორმა მას ხელი მიაშურა და ემთხვია. დანარჩენები საპატიო მანძილზე ვიყავით გაჩერებული, მაგრამ მცირე ლაპარაკის შემდეგ, მე გავიგონე, როგორ უთხრა ცოტა უფრო ხმამაღლა დედოფალს იმპერატორმა: „ხომ არ ისურვებდით, ცალი თვალით ზალებში შევიხედოთო“. მკლავი გაუყარა დედოფალს. ჩვენ უკან გავყევით. ალექსანდრე მეორემ „რულეტკის“ სათამაშო მაგიდასთან დედოფალს რამდენიმე ოქრო სთხოვა – ან ფული არ ჰქონდა თან, ან სწამდა, რომ ნასესხები იღბალს მოუტანდა. წითელზე დასვა, პირველი მოიგო, კიდევ ერთი-ორჯერ დასვა, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, ნეკი მოეკაკვა…“
როგორც შალვა ამირეჯიბი წერს, ბერტას მემუარების გამოსვლის შემდეგ, ვენაში ოხუნჯობდნენ, ყველა პრინცს, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია, თავის საქმროდ გვაცნობსო. თვითონ შალვა ამირეჯიბი სულაც არ ფიქრობდა ასე. თუ შალვა ამირეჯიბს ვერწმუნებით, ბერტას მემუარებში მართლა კონა ათ შაურად ყოფილან პრინცები, მაგრამ ბერტა სულაც არ ბერავდა ხელოვნურად მათ რიცხვს, პირიქით, ამცირებდა კიდეც. ამირეჯიბს არგუმენტიც კი აქვს ბერტას გასამართლებლად. „ბერტას საქმროდ არ ჰყავს მონათლული უგანათლებულესი ნიკო მინგრელსკი, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ საქორწილო გეგმებში გართულ და პატივმოყვარე ბერტასთვის არაფერი ყოფილიყო სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟი, 17-18 წლის ნიკო. ისინი თითქმის ტოლები იყვნენ, მაგრამ ბერტას ტაქტიც სწორედ აქ ჩანს, ის იყო დედოფალ ეკატერინესა და მისი შვილების ისეთი საყვარელი და ახლობელი ადამიანი, რომ კარგად ზრდილი და გულმართალი ბერტა ასეთ ტრაბახს არ მოჰყვებოდა. არ ტრაბახობს ბერტა არც სხვათა შემთხვევაში“, – ასკვნის შალვა ამირეჯიბი. საერთოდ, დედოფალ ეკატერინეს ბერტას ბედი ადარდებდა – არისტოკრატი გოგონას ბედი, რომელსაც მზითვი არ ჰქონდა. ნაწილობრივ იზრუნა კიდეც ამ მიმართულებით. „დედოფალი მიამბობდა თავის რომანტიკულ თავგადასავლებს და მეც მარიგებდა: „ბერტა, იშოვეთ ერთი კარგი საქმრო და გაბედნიერდით“. ერთ დღეს მითხრა, გამომყევით აქ, მე მინდა გაჩვენოთ, რა პირის სანახავს გიმზადებთ. წამიყვანა თავის ოთახში. პირისფარეშს განძეულობის ყუთი მოატანინა, მაჩვენა თავისი ნივთები, ბრილიანტების, თვალპატიოსანთა და თვალმარგალიტთა მთელი ასხმები. „ხედავთ ამას? ეს არის საქორწინო საჩუქარი, რომელსაც გიმზადებთ, მაგრამ უპირველესად საჭიროა იყოს საქმრო“.
ყველაზე პიკანტური აბზაცი: ბერტას მემუარებში საუბარია იმ თემაზე, რამაც ძალიან შეაშფოთა იმდროინდელი საქართველო. მაშინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი – ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის ჰაეროვანი სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს გაჰყვა ცოლადო. იყო ერთი მიეთ-მოეთი, ყველას უკვირდა. გრიგოლ ორბელიანსაც კი – „ეკატერინესგან მიკვირსო“. მალევე ყველამ ჭორებს მიათვალა ეს ამბავი, არადა, როგორც ბერტა თავის მემუარებში წერს, ეკატერინესთვის ბიარიცში მართლაც შეუთავაზებია ცოლობა ესპანეთის უშეძლებულეს დიდკაცს დიუკ დ’ოსსუნას. როგორც ბერტა იგონებს, ეკატერინემ ვერ გაბედა „ჰო“ ეთქვა… „ის უფრო თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდა“.
***
დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს რეგენტად დაამტკიცა, რადგან მემკვიდრე ჯერ არასრულწლოვანი იყო. მისი მმართვლობის პერიოდში სამეგრელოში რთული ვითარება იყო: ყირიმის ომი, ოსმალთა შემოსევა, რუსეთის იმპერიასთან დაძაბული ურთიერთობები, შიდა პოლიტიკური ბრძოლები. ეკატერინე ხშირად იღებდა მკაცრ გადაწყვეტილებებს. ოსმალებმა მისი შვილები მძევლებად წაიყვანეს. ყირიმის ომის დროს მისი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამდენიმე მისი შვილი ოსმალეთის მხარეს იყო და მათი დაბრუნება მხოლოდ რთული დიპლომატიური პროცესის შედეგად მოხერხდა. ეს ეპიზოდი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დრამატულ მოვლენად მიიჩნევა.
ეკატერინე ჭავჭავაძე, მართლაც, ყველაზე გავლენიანი ქართვლი ქალი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, იმ ეპოქაში, როდესაც სახელმწიფო საქმეებს, ძირითადად, კაცები უძღვებოდნენ, ეკატერინე რეალურად მონაწილეობდა სამთავროს მართვაში და მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ის ევროპაშიც განთქმული იყო და მოიხსენიებდნენ, როგორც კავკასიის ერთ-ერთი გამორჩეულ არისტოკრატ ქალს. ეს იყო ქალი, რომელმაც სამეგრელოს ბედი საკუთარ მხრებზე იტვირთა და ასე ატარა სიკვდილამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





