როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები
ავტორი: „თბილისელები“ 20:00
მანჩხაშვილი
მანჩხაშვილი ძირძველი იმერულ-ხარაგაულური გვარია, რომლის ისტორიული ბუდე სოფელი ნუნისია. აქედან გავრცელდნენ მანჩხაშვილები ზვარეში, ტეზერში, ქვიშხეთსა და ახალციხეში, ხოლო მეოცე საუკუნეში მათი ნაწილი თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში გადასახლდა. გვარის ფუძე „მანჩხ“ ძველ ქართულსა და იმერულ მეტყველებაში გამჭრიახ, მჭვრეტელ ან ცელქ ადამიანს აღნიშნავდა.
გვარის უძველესი ფორმები – მაჩხაშვილი, მაჩახაშვილი და მაჩხაშიშვილი – წერილობით წყაროებში მეთხუთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებიდან ფიქსირდება. ისტორიული გადმოცემებისა და ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, მანჩხაშვილები ნუნისისა და მისი მიდამოების თავისუფალ გლეხთა ფენას ეკუთვნოდნენ, ფლობდნენ საკუთარ მიწებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მანჩხაშვილები გამოირჩეოდნენ შრომისმოყვარეობით, სოფლის მეურნეობითა და განათლებისადმი ინტერესით. 1940-1950-იან წლებში გვარის მრავალი წარმომადგენელი დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში გადავიდა.
1993 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 668 მანჩხაშვილი ცხოვრობდა, ხოლო დღეს მათი რაოდენობა 700-სს აღემატება.
კენჭოშვილი
კენჭოშვილი ძველი ქართული გვარია, რომელიც მომდინარეობს პიროვნული სახელიდან ან მეტსახელიდან – კენჭო. გვარის ფუძე უკავშირდება სიტყვა „კენჭს“, რომელიც სიმტკიცისა და გამძლეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. სუფიქსი - შვილი მიუთითებს აღმოსავლურ ქართულ წარმომავლობაზე და ნიშნავს „კენჭოს შთამომავალს“.
კენჭოშვილები დოკუმენტურად მეჩვიდმეტე საუკუნიდან ფიქსირდებიან. 1693 წელს მოხსენიებულია კენჭოშვილი სორაზანი მეტეხში, ხოლო 1699 წელს – კენჭოშვილი ქიტია, რომელმაც სავენახე მიწა შეიძინა. 1721 წლის ქვემო ქართლის აღწერაში იხსენიებიან კენჭოშვილი თამაზა და ბეჟანა, რომელთა ოჯახებს ლაშქარში კაცის გაყვანა ევალებოდათ. 1818 წელს კი გორში კენჭოშვილების ორი ოჯახი ცხოვრობდა.
მეცხრამეტე საუკუნიდან გვარი ფართოდ ვრცელდება იმერეთში, განსაკუთრებით ჭიათურისა და საჩხერის მხარეში. ისტორიულად კენჭოშვილები, ძირითადად, გლეხურ ფენას ეკუთვნოდნენ და მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მევენახეობასა და მესაქონლეობას, ხოლო მოგვიანებით მათი წარმომადგენლები ქალაქებში დასახლდნენ და სხვადასხვა პროფესიულ სფეროში დამკვიდრდნენ.
გვარის ცნობილ წარმომადგენელთა შორის აღსანიშნავია ირაკლი კენჭოშვილი, ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
დღეს საქართველოში 1 058 კენჭოშვილი ცხოვრობს.
ინალაიფა (ინალიშვილი)
ინალაიფა (ინალიშვილი) საქართველოსა და აფხაზეთის თავადური გვარია, რომელიც შერვაშიძეების (ჩაჩბების) საგვარეულოს განშტოებას წარმოადგენს. გვარის ფუძემდებლად მიიჩნევა ინალი შერვაშიძე, რომლის ასული რუსუდანი იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის მეუღლე იყო, რაც გვარს იმერეთის სამეფო კართან აკავშირებდა. ინალაიფები აფხაზეთის სამთავროს ერთ-ერთ უმაღლეს თავადურ საგვარეულოდ ითვლებოდნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათი ძირითადი სამფლობელოები ბზიფის მხარეში მდებარეობდა, ხოლო მოგვიანებით გვარის ზოგიერთი შტო აფხაზეთის სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში გვარის წარმომადგენლები საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაშიც გამოირჩეოდნენ. მათ შორის ცნობილია შალვა ინალ-იფა და ასტამურ ინალ-იფა (1886-1924).
ინალაიფები (ინალიშვილები) ქართულ-აფხაზური არისტოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგვარეულოა, რომლის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება როგორც შერვაშიძეებს, ისე იმერეთის სამეფოსა და აფხაზეთის სამთავროს.
დღეს საქართველოში 191 ინალიშვილი ცხოვრობს.
ინწკირველი
ინწკირველი გურული, ტოპონიმური წარმოშობის ქართული გვარია, რომელიც ისტორიულად ასკანის, აცანის, ბახვის, ვაკიჯვრის, ლიხაურისა და ნაგომრის მხარეებში იყო გავრცელებული. გვარის ისტორია განსაკუთრებით მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას.
მეცხრამეტე საუკუნეში ინწკირველები გურიის ერთ-ერთ ძლიერ სასულიერო საგვარეულოდ გვევლინებიან. 1840-1865 წლებში მოღვაწეობდა მღვდელი სვიმონ ინწკირველი, ხოლო შემდგომ ცნობილია ნიკიფორე, ნიკოლოზ, ნესტორ, პოლიკარპე და მოსე ინწკირველები, რომლებიც მღვდლებისა და მედავითნეების მოვალეობას ასრულებდნენ.
გვარის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამხედრო ტრადიციას. განსაკუთრებით გამოირჩევა ვიქტორ ინწკირველი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი, წმიდა ანას, წმიდა სტანისლავისა და წმიდა ვლადიმერის ორდენების კავალერი და გიორგის იარაღის მფლობელი. მისი სამხედრო კარიერა ინწკირველთა ერთ-ერთი შტოს აზნაურობაში აღზევების საფუძველი გახდა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 166 ინწკირველი, რომელთაგან 102 დაიღუპა, ხოლო 45 სხვადასხვა ორდენით დაჯილდოვდა.
ინწკირველთა გვარმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ეკლესიის, მეცნიერების, სამართლის, კულტურისა და სპორტის სფეროებში.
დღეს საქართველოში 840 ინწკირველი ცხოვრობს.
ლაგვილავა
ლაგვილავა ძველი მეგრული გვარია. მისი ფუძეა „ლაგვა“, რომელიც მეგრულსა და კუთხურ მეტყველებაში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება. მკვლევართა ნაწილი გვარს უკავშირებს მეტსახელს „ლაგვილა“, ხოლო ზოგიერთი მოსაზრებით ის შეიძლება, დაკავშირებული იყოს სიტყვა „ლაგვანთან“, დიდ ქვევრთან. ამდენად, ლაგვილავები წარმოშობით მეგრული საგვარეულოა, რომლის ფესვები სამეგრელოს ისტორიულ სივრცეში იკვეთება.
ისტორიულ წყაროებში ლაგვილავები მეცხრამეტე საუკუნიდან არაერთხელ იხსენიებიან. 1834 წელს სოფელ კვიტოულში მოხსენიებულნი არიან ხალუტიკ და ფუფუ ლაგვილავები, რომლებიც ქრისტიანობაზე მოექცნენ. 1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყების შემდეგ ტიკვა ჯუმაშის ძე და ივანე მახუტის ძე ლაგვილავები ხელისუფლებამ ციმბირში გადაასახლა აჯანყების მხარდაჭერისთვის. მოგვიანებით ტარას ლაგვილავა სამეგრელოსა და აფხაზეთში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად სახელდება.
ლაგვილავების საგვარეულო 3 075 სულს ითვლის, მათ შორის: ზუგდიდში – 1 238, ჩხოროწყუში – 396, თბილისში – 371. რაოდენობის მიხედვით ლაგვილავები საქართველოს ყველაზე გავრცელებულ გვართა შორის 201-ე ადგილზე არიან.
ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და
ვალერიან ხიმშიაშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




